№27 რატომ არ სცალია ქართულ მხარეს აფხაზი და ოსი „მეცნიერების“ ფალსიფიკაციაზე პასუხის გასაცემად და შეთქმულების რა ახალი ტალღა აამოქმედა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ
გალის რაიონის ქართველებზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას იერიში იერიშზე მიაქვს: თავდაპირველად აფხაზეთის „მოქალაქეობა“ აუკრძალეს, თუ არ დათმობდნენ საქართველოს მოქალაქეობას; ქართულ ენაზე სწავლაც; შემდეგ ძალით გაქართველებულ აფხაზებად მონათლეს და შესთავაზეს, „აფხაზურ“ ფესვებს დაუბრუნდითო (მხოლოდ სურვილი იყო საკმარისი); აღწერისას გრაფა „მეგრელიც“ გამოუყვეს და მეგრულენოვანი გაზეთიც გამოუცხვეს და ტელევიზიაც (მოტივით, რომ მტარვალმა ქართველებმა გააქართველეს მეგრელები). სულ ახლახან კი გადაწყვიტეს, რომ სირიიდან და იორდანიიდან რეპატრიანტები გალის რაიონში ჩაასახლონ და ოჩამჩირის რაიონში კი – საერთოდაც, ქართველების სახლებში. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომის შემდეგ ქართული სოფლები, უბრალოდ, ტრაქტორით მოასწორეს და არც დაუმალავთ ოს სეპარატისტებს (რუსული მედიისვე ცნობით), რომ მათი მიზანი ქართული კვალის ამოძირკვა იყო. როგორც ჩანს, ოსურ გზას აფხაზი სეპარატისტებიც გაჰყვნენ და, სავარაუდოდ, ისინიც გეგმავენ ქართული კვალის აფხაზეთიდან წაშლას. ბუნებრივია, ეს საქმე ოკუპანტის ხელის გარეშე ვერ განხორციელდება და რა თქმა უნდა, ვერც იდეა დაიბადებოდა. ამ არცთუ სასიამოვნო თემაზე პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
ვაჟა ბერიძე: ბუნებრივია, ეს არის ამ საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილი, რასაც რუსეთი უდგას სათავეში. დიდი ხანია, არსებობს, როგორც სავარაუდო რეზერვი, აფხაზური დიასპორის წარმომადგენელთა შემოყვანა სეპარატისტულ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ეს ახალი იდეა არ არის.
– რამდენიმე ათეული ოჯახი სირიიდან უკვე ცხოვრობს აფხაზეთში.
– დიახ, მაგრამ რუსეთი ამ პროცესს ცალსახად არ უჭერს მხარს, რადგან, თუ აფხაზეთში აფხაზი ეთნოსი გამრავლდა ან მეტი რაოდენობით დასახლდა, ეს ხელს შეუშლის რუსულ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიასა და აფხაზეთში. ამიტომ ადრე არ მიესალმებოდნენ ამ პროცესს.
– ქართველები და აფხაზები ერთობლივად ისევ მეტნი არიან, ვიდრე სომხები და რუსები. ეს არსებითი საკითხია, ამიტომაც ჩახსნეს ქართველები სეპარატისტული არჩევნებიდან.
– ასეთი მეთოდები ახასიათებს რუსეთს და დროდადრო სხვადასხვა კონფიგურაციას იძენს ხოლმე, მაგრამ ემიგრაციის აფხაზეთში დაბრუნება დღემდე გარკვეულ შეშფოთებას იწვევდა. ახლა ახალი განწყობებია, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოსკოვი იმედოვნებდა, რომ შეიცვლებოდა ქვეყნის პოლიტიკური კურსი, მაგრამ, რაკი თანდათანობით დარწმუნდნენ, რომ საქართველოში რუსული ორიენტაციის ბევრი მხარდამჭერი არ არის, სხვა კოზირების გამოყენება დაიწყეს. ეს რეაქცია საქართველო-„ნატოს“ ურთიერთობის გაღრმავებაზე ასადის რეჟიმის მიერ სოხუმისა და ცხინვალის ცნობით გამოიხატა. და რეპატრიანტთა ჩასახლებაც, რა თქმა უნდა, ახალი რუსული შეთქმულების გამოხატულებაა საქართველოს წინააღმდეგ.
– თუმცა თურქეთიდან აფხაზების შთამომავლების ჩამოსახლებას ეწინააღმდეგება რუსეთი და მისთვის პრიორიტეტია რეპატრიანტების სირიიდან დაბრუნება, იმიტომ რომ სირიას არ აქვს ინტერესები აფხაზეთში და მისი სიშორე განაპირობებს რუსეთისთვის სირიელი რეპატრიანტების მომხიბვლელობას?
– ბუნებრივია, განაპირობებს, მით უფრო, რომ ასადის რეჟიმი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ამ ეტაპზე რუსული ინტერესებისთვის აფხაზეთსა და კავკასიაში სირიელების აქტივობა სახიფათო არ არის, განსხვავებით თურქეთის აფხაზების აქტივობისა, რასაც თურქეთის გავლენის ზრდა მოჰყვება აფხაზეთში, რაც რუსეთისთვის საფრთხის შემცველია, მიუხედავად პუტინ-ერდოღანის პარტნიორობისა ამ ბოლო ეტაპზე. განსაკუთრებით უნდა გავიაზროთ, რომ ეს მალე მაინც ვერ განხორციელდება. ამ პროცესის ამოსავალია აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიის დეპოპულაცია, როდესაც ქართველების დიდი ნაწილი განიდევნა და თუმცა ნაწილი დაბრუნდა გალის რაიონში, დემოგრაფიული სიტუაცია აფხაზეთში, ფაქტობრივად, შეიცვალა. 1989 წლის აღწერის მონაცემებით, აფხაზეთში სულ 92 000-93 000 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც 200 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი და რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ აფხაზეთში ქართველების ჩასახლება იყო ქართველი კომუნისტების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ფაქტია, რომ საქართველოს კუთვნილ და ისტორიულ ტერიტორიაზე ქართველების გადანაცვლება ვერ ჩაითვლება ეთნიკურ ძალადობად.
– აქვე გავიხსენებ, რომ მეფის რუსეთში გამოდიოდა ცნობარი „კავკაზსკიი ვესტნიკ“, მისი მოძიება საჯარო ბიბლიოთეკაშიცაა შესაძლებელი, რომელშიც იბეჭდებოდა რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების რაოდენობა და იქაც კი მითითებულია, რომ აფხაზეთში მეოცე საუკუნის დასაწყისშიც აფხაზებზე მეტი ქართველი ცხოვრობდა. თუმცა აფხაზები ამ მონაცემებს არ ენდობიან, მიუხედავად იმისა, რომ მეფის რუსეთი მათ ქართველების სასარგებლოდ ნამდვილად არ გააყალბებდა.
– რა თქმა უნდა, ეს მონაცემები გაყალბებული არ არის, მაგრამ ფაქტი ასეთია: ეთნიკური აფხაზების რაოდენობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცირდება, მაშინ, როდესაც სტაბილურად მაღალია ეთნიკური სომხების რაოდენობა, ისინი კი ტრადიციულად არიან რუსული იმპერიული პოლიტიკის მოკავშირეები და ამიტომ ამას კრემლი საფრთხედ არ აღიქვამს. ხოლო ქართველების რაოდენობა შემცირდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჩათვლით, სულ 105 000 აფხაზია.
– თუმცა აფხაზების მონაცემებით, საკუთრივ აფხაზეთში 200 000-მდე არიან.
– ოფიციალური სტატისტიკით, ასეთი მონაცემებია რეალობაში, თვითონ აფხაზეთში 80 000-90 000 აფხაზი უნდა ვივარაუდოთ, მაშინ, როდესაც მსოფლიოში აფხაზი დიასპორა 400 000-მდე ადამიანს მოიცავს. ასეთ ვითარებაში ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის აღდგენის მოწოდება, ბუნებრივია და არ უნდა გაგვიკვირდეს. მეორე მხრივ, ამ პროცესში არის ბედის ირონია და ცინიზმი, ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის რუსეთის მიერ დაპყრობის პროცესში განიდევნა კავკასიური მოდგმის ხალხები და მათ შორის, აფხაზებიც, რომლებიც, ძირითადად, წავიდნენ სირიაში, იორდანიასა და თურქეთში და ახლა სწორედ რუსებმა უნდა შეუწყონ ხელი, მათ დაბრუნებას. ოღონდ ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი ამ პროცესს ხელს შეუწყობს და წაახალისებს, მაშინ, როდესაც ჩვენ, ქართველები, აფხაზურ დიასპორასთან აფხაზების კავშირურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგნი არ ვიქნებით და პრინციპში, თუ მათი ნაწილი სამკვიდრო ადგილებში დაბრუნებას მოინდომებს, ამას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ.
– მაგრამ ოჩამჩირის რაიონში ქართველების სახლებში უპირებენ ჩამოსახლებას?
– რა თქმა უნდა, ქართველების სახლებში არა. მას შემდეგ, რაც აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, რაც ეთნიკური წმენდის შედეგები იქნება ლიკვიდირებული და აფხაზეთში თავიანთ საკუთრებაში დაბრუნდებიან ქართველი და არაქართველი დევნილები, როდესაც საქართველო თავის ნაწილს, აფხაზეთს, მისცემს ფართო ავტონომიას, არ უნდა ვიყოთ წინააღმდეგები ეთნიკური აფხაზების აფხაზეთში დაბრუნების.
– მაგრამ ეს ხომ იდეალური ვერსიაა?
– იდეალური ვერსია ყოველთვის შეიძლება, გახდეს რეალური, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვიქნებით მართლები და ქართველების ძალა ის არის, რომ ჩვენ მართლები ვართ ჩვენს დამპყრობლებთან, ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს სახელმწიფოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან და იმ ორ ხალხთან, რომლებსაც ვთავაზობთ ყველაზე ფართო ავტონომიას საქართველოს შემადგენლობაში. ნაწილი გამკიცხავს, რომ ამ კონტექსტში ვახსენებ სამხრეთელ ოსებს, მაგრამ იგივე უფლებები, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ აფხაზებს, უნდა ჰქონდეთ სამხრეთელ ოსებსაც და გვაქვს კოზირი. როდესაც ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების არსებობა განპირობებულია რუსული, კრემლის, პუტინის პოლიტიკით, ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით, სამწუხაროდ, ჩვენ და არა ჩვენი საგარეო პოლიტიკური უწყება, მოსკოვს კრემლს, პუტინსა და ლავროვს, რომ ჩვენ აფხაზებსა და ოსებს უზრუნველვყოფთ ავტონომიის ყველაზე ფართო ფორმით ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში, იმაზე მეტი უფლებებით, ვიდრე ნებისმიერ ავტონომიას აქვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
– კრემლის მიზნები და წახალისებები გვერდით გადავდოთ: თავად ჩვენი სეპარატისტები მოხიბლულნი არიან თავიანთი დამოუკიდებლებით, გაუტკბათ სახელმწიფოებრიობანას თამაში და „იუჟნაია ოსეტიას“ „პრ.“-ს საიტზე იმასაც კი ვკითხულობთ, რომ მათზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა და ათასწლეულის დასაწყისში ცხინვალი იყო გაცხოველებული ვაჭრობის ქალაქი; აფხაზებს თავი ქრისტიანობის მეაკვნეებად მოაქვთ, თუმცა მათი უმეტესობა დღესაც წარმართია და მიიჩნევენ, რომ აქვთ შავი ზღვისთვის სახელის გადარქმევის უფლება. მესმის, რომ ეს ფანტაზიებია, მაგრამ იმ საზოგადოებებში მიღებული ფანტაზიებია. ამ მენტალობას რა შეცვლის?
– მე ვფიქრობ, რომ ყველა ასპექტი უნდა მივიღოთ მხედველობაში. ყველა ეთნიკური კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით და რუსეთის მონაწილეობითაც, რადგან რუსეთის გარიყვა არ პროცესიდან არ მოხერხდება. აფხაზებსა და ოსებს აქვთ გარკვეული წარმოსახვითი პრეტენზიები ქართველების მიმართ და ეს მომდინარეობს ისტორიული წარსულის მეტად თავისუფალი და უსაფუძვლო ინტერპრეტაციითაც. ეს ასპექტი კონფლიქტის გადაჭრის პროცესში არ მიიღება მხედველობაში, მაგრამ ეს ინტერპრეტაციები არსებობს და ჩვენი მეცნიერები უნდა აწარმოებდნენ მუდმივ დიალოგსა და დისკუსიას, რადგან არ შეიძლება, იგნორირებული იყოს კონფლიქტის წარმოშობის ერთ-ერთი ფაქტორი, ისტორიული ფაქტორი. იმ დროს კი, როდესაც აფხაზი და ოსი მეცნიერები ქმნიან მითებს და ისტორიულ რეალობად წარმოაჩენენ ზღაპრებს, თქმულებებს, ადამიანური ცნობიერების სხვა გამოვლინებებს და ფანტაზიორობენ, ქართული მხარე არსებითად დუმს და იმდენად ახლო და არასახელმწიფოებრივად მხედველები ვართ, რომ, ამ პროცესში ჩვენი ისტორიკოსები, ფაქტობრივად, არ იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა, რომელიც 1990 წელს ჩამოაყალიბა თეიმურაზ ბოცვაძემ. დღეს ეს კათედრაც გაუქმებულია და არც არანაირი კვლევა არ მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, მეცნიერება რა მდგომარეობაშია, მატერიალური თვალსაზრისით და ამიტომ კეთილსინდისიერი პროფესიონალი ბევრი აღარ დარჩა, ასეთ დისკუსიაში რომ ჩაერთოს. თუნდაც, მედიის დონეზე ქართული საფუძვლიანი არგუმენტები და პოზიცია უფრო ფერმკრთალია და არამყარი, ვიდრე ისტორიის ფალსიფიკატორთა ვერსიები.
– ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს სეპარატისტებს, ჩვენს მეზობლებსაც უჭრით ისტორიული ფანტაზია.
– დიახ და ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ხომ შეიძლება, მთავრობაში იფიქროს ვიღაცამ ამაზე?! ცხადია, შეგვიძლია, განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და რაც კი არსებობს ადამიანური აქტივობის სფერო, გავაერთიანოთ ერთ სამინისტროდ, მაგრამ იმ ერთმა სამინისტრომ მაინც, მეცნიერება რომ შედის მის სახელწოდებაში, ხომ შეიძლება, თქვას, რომ ჩვენ კვალიფიციურად უნდა გავცეთ პასუხი ჩვენი ზოგიერთი მეზობელი ხალხის წარმომადგენლების მითებსა და ფანტაზიებს ყოველგვარი ნაციონალური აჟიტირების გარეშე?! ჩვენ ხომ ივანე ჯავახიშვილის ცნობილი ფრაზის მიმდევრები ვართ: ერმა უნდა იცოდეს თავისი ისტორია, ოღონდ უნდა იცოდეს არა გაზვიადებული და ყალბი, არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი. თბილისი არის ერთიანი კავკასიის ცენტრი და ამ ფონზე, როგორც წარმოგვიდგენია, რომ საქართველომ შეასრულოს გამაერთიანებლის ფუნქცია?! სააკაშვილსაც ჰქონდა მსგავსი ზრახვები, მაგრამ ის ამას ფიქრობდა საქართველოს დედაქალაქის დასავლეთ საქართველოში – ქუთაისში გადატანით და თბილისის კავკასიის დედაქალაქად გამოცხადებით, ანუ დენაციონალიზაციის სახით, ეს კიდევ სხვა მზაკვრული გეგმის ნაწილი შეიძლებოდა, ყოფილიყო. მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს კარგად უნდა ჩავუღრმავდეთ და რადგან ჩვენ უფრო დაღვინებული ხალხი ვართ, ვიდრე ჩვენზე ძველი ან ახალი სხვა ეთნიკური სუბიექტები, ჩვენ უნდა წავიდეთ პირველ კომპრომისზე, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ოღონდ არა ეროვნული ინტერესების დათმობის საფუძველზე.