№27 გასულთნებული
ანუ ჭირმოჭმულები
ჩვენს მეზობელ თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა (სწორედ მოქმედი პრეზიდენტის, ერდოღანის, ინიციატივით) და თუმცა ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პირველკაცს პირველკაცობა გარანტირებული ჰქონდა, ლეგიტიმაცია მაინც გაიმყარა და უფლებები კიდევ უფრო გაიფართოვა.
ფაქტობრივად, სულთნობამდე ამაღლდა (მართალია, მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი ამ ფაქტს აპროტესტებს, მაგრამ, თუ სისხლში ჩახშობილ ამბოხს გავიხსენებთ, ეს პროტესტი დიდად მაინც ვერაფერს შეცვლის) და, როგორც საყველპუროდ ვიტყოდით, მოგჭამა ჭირი ათა თურქის საერო თურქეთმა (უდიდესი ალბათობით).
ამდენად, ის უფრო საინტერესოა, აწი რა მოხდება (იმიტომ რომ ამ ჩვენს ბ-ნ ერდოღანს შორსმიმავალი ზრახვებიც ექნება და რამდენად შორს წავა, ამას უკვე დრო გვიჩვენებს).
მეორე მხრივ, ჩვენ ისევ აქ ვართ, სადაც საუკუნეებია: ჩრდილოეთით იმპერატორობის მოსურნე, სამხრეთით – გასულთნებული, თუმცა, როგორც უნდა იყოს, სახელდობრ, საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო.
მიუხედავად იმისა, რომ თურქი ამომრჩეველი ბევრი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე, შედეგი მაინც საგულისხმოა, იმის გათვალისწინებითაც, რომ ირანელებიც ისე გრძნობენ თავს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც თევზი წყალში (აი, ისინი სუნთქავენ, თუ სუნთქავენ, თავისუფლად) – ჯერ ერთი, რომ სასიამოვნოა, რაკი თავის დროზე ვერ დაგვიპყრეს და, მეორეც, მაინც ვაჯობეთ.