№27 მზიური საქართველო
„მინდა, რომ დამწვას“
მართალია, ერთიანი ეროვნული გამოცდები ამ ჩვენი იავარქმნილი განათლების სისტემის ერთადერთ მონაპოვრად მიიჩნევა (ოღონდ, ვაი რომ, წლიდან წლამდე მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც იკლებს და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილთა რაოდენობაც ბევრზე ბევრია), მაგრამ ისიც საქმეა, რომ ერთი რამ მაინც შეგვრჩა.
თუმცა შეგვრჩა, მაგრამ უკვე დიდად ვერც ვერაფერს ზომავს, იმას გარდა, რომ იმ რამდენიმე საგნის სწავლას მაინც აიძულებს ახალგაზრდებს (მინიმალურ დონეზე), რომლებსაც აბარებენ.
ტრადიციულად, გამოცდები ზაფხულში ტარდება, ასევე, ტრადიციულად კი, ზაფხული ამ ჩვენს ქვეყანაში და, მით უფრო, მის დედაქალაქში ცხელზე ცხელია. გამონაკლისი არც წლევანდელია: უფრო მეტიც, სწორედ 28 ივნისიდან 4 ივლისამდეა მოსალოდნელი 39 გრადუსზე (ცელსიუსი) მაღალი ტემპერატურა, აი, კონდიცირება კი, როგორც შეფასებისა და გამოცდებისვე ცენტრმა გვაუწყა, მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.
რატომ? იმიტომ რომ „რუსთავის საგამოცდო ცენტრში რთული ვითარება იყო, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას, ამიტომ, როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ცენტრში იქნება წელს კონდინციონერი (სხვას არაფერს ადგება, ნეტავ, მზე მზიურ საქართველოში?!)“.
ცენტრის ხელმძღვანელი, საერთოდაც, მიიჩნევს, რომ კონდიცირება ზიანის მომტანია (ყველა ვერ ეგუება და ხმაურსაც იწვევსო). ხოლო, რაკი აქამომდე ჩვენ გვეგონა, რომ ზიანის მომტანი გაუსაძლისი სიცხე იყო (და, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვერწმუნებით, შრომისუნარიანობასაც აქვეითებს და წამების ტოლფასია, იაძულო ადამიანს, იშრომოს გარკვეული ტემპერატურის ზემოთ), ვითომ ამ ერთიან გამოცდებზე აბიტურიენტების სიცხეგამძლეობის უნარსაც ამოწმებენ?!