№26 რას ვერ ეგუება ნოე სულაბერიძე დედის გარდაცვალების შემდეგ და როდის დაიკლო ათი კილოგრამი ლილი შავერზაშვილმა შვილზე ნერვიულობის გამო
რამდენიმე თვის წინ ნოე სულაბერიძეს დედა გარდაეცვალა. მანამდე ცოტა ხნით ადრე, დედის დღისადმი მიძღვნილ „პრაიმშოუში“ ნოეს დედისადმი წარმოთქმულმა სიტყვამ გულგრილი არავინ დატოვა: „ამ გადაცემისთვის ყველა განსაკუთრებულად ვემზადებოდით. გვინდოდა, გამორჩეული დღე მოგვეწყო ჩვენი დედებისთვის. ამ შემთხვევაში, მე ყველაზე ნაკლებად გამიმართლა, რადგანაც დედა შეუძლოდ გახდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება… დღეს დედაჩემზე მოგიყვებით: მე დედისერთა ვარ! მამაჩემი 15 წლის რომ ვიყავი, მაშინ დაიღუპა, და მუსიკის გარდა ყველა საქმიანობაში გამოუცდელ ლილის ძალიან ბევრი რამის აღება მოუწია საკუთარ მხრებზე.
ლილი კომპოზიტორია შავერზაშვილების ცნობილი დინასტიიდან, ახალგაზრდა ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იყო გამოჩენილი კომპოზიტორების – დავით თორაძისა და იონა ტუსკიას მოწაფე. მისი ნაწარმოებები წარმატებით სრულდებოდა სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. არა იმიტომ, რომ დედაჩემია, ის, უბრალოდ, ძალიან მზრუნველი და კეთილია, ნიჭიერი და განათლებული… ზევით ტყუილად არ მიხსენებია ჩემი დედისერთობა, საკუთარი დედისერთობა. ეს ნამდვილად სინდრომია ამ სიტყვის ყველაზე კეთილი და პოზიტიური გაგებით. ჩემმა დაბადებამ ლილის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა და პირველივე დღიდან ჩემზე გახდა ორიენტირებული. ამ გადმოსახედიდან, ლილი, მინდა, შენ მე დიდი მადლობა გითხრა, იმისთვის, რაც მე ცხოვრებაში მომეცი. თუნდაც მაიძულე, რომ გამეკეთებინა და მესწავლა...“
19 ივნისს კი კინოთეატრ ამირანში კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის სიმღერის პრემიერა გაიმართა.
ნოე სულაბერიძე: დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემის ძალიან ძველი სიმღერა გავაცოცხლეთ, რომელიც ბევრი ათეული წლის წინ დაწერა. დედა, საერთოდ, საესტრადო სიმღერებს არ წერდა, კლასიკური მუსიკის მიმართულება ჰქონდა აღებული. თუმცა, ეს სიმღერა შემთხვევით მოისმინა ანრიმ და მთხოვა, ვიმღერებო. საბოლოოდ, ამ სიმღერის გაცოცხლება ძალიან ლამაზად მოხდა. გადავიღეთ კლიპი, რომლის რეჟისორიც და იდეის ავტორიც ანრია. მგონი, ძალიან კარგი გამოგვივიდა.
– როგორი იყო დედის როლი შენს ცხოვრებაში?
– გადამწყვეტი. ყველაფერი, რაც ინტელექტუალური თუ ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისით გამაჩნია, დედაჩემის დამსახურებაა. მან ჩემს განვითარებაში მთელი თავისი სიცოცხლე ჩადო და თავისი მუსიკალური კარიერის ძალიან დიდი ნაწილი ჩემს კეთილდრეობას შესწირა.
– ძალიან პატარა იყავი, როცა მამა დაკარგე...
– 15 წლის ვიყავი, ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. როცა მოზარდს ყველაზე მეტად სჭირდება მამა, გარდატეხის ასაკს ვგულისხმობ, მამაჩემი სწორედ მაშინ დაიღუპა. ამის შემდეგ დედას ძალიან ბევრი რამის აღება მოუწია საკუთარ მხრებზე. ვსწავლობდი, უმაღლესში უნდა ჩამებარებინა და პედაგოგები მჭირდებოდა. ძალიან რთული წლები იყო, მაშინ განსაკუთრებით აქტუალური იყო, ეგრეთ წოდებული, „პატრონები“, რომლის გარეშეც უნივერსიტეტში ჩაბარება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო. დედაჩემმა მაიძულა, მესწავლა. დამარწმუნა, რომ სწავლა იყო ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატებისთვის მიმეღწია. მეც, როგორც ჩემი თანატოლების უმეტესი ნაწილი, დიდ დროს ვატარებდი ქუჩაში, ხშირად ვაცდენდი გაკვეთილებს. თან, მაშინ სწავლა მოდაში არ იყო. ამიტომ დედას დიდი ძალისხმევის გამოჩენა უწევდა, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად დამენახა. ძალიან ფათერაკიანი ვიყავი, მთელი ბავშვობა რაღაცები მემართებოდა. ორივე წარბი გახეთქილი მაქვს, კეფაზე ოთხი ნაკერი მადევს, თავით მაქვს შუშა ჩალეწილი და ასე შემდეგ. მთელი სხეულზე იარები მაქვს, ყველაფერი მე მემართებოდა. ვჩხუბობდი კიდეც, შემთხვევით შახტაშიც ჩავვარდილვარ. გაგრაში ვიყავით დასასვენებლად, ხელზე ძალიან დიდი ლოდი დამეცა ისეთი ძალით, რომ თითი მომაგლიჯა. მაშინ რვა წლის ვიყავი. დედამ ეს რომ დაინახა, ნერვიულობისგან მაშინვე გული წაუვიდა. არ ვიცი, როგორ მაგრამ სამ საათში მოსკოვში ვიყავით, თუმცა თითის აღდგენა ვერ მოხერხდა. პროცესი გართულდა და შეხორცება ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. მაშინ დედამ ნერვიულობის ნიადაგზე ათი კილოგრამი დაიკლო, ღამეებს ათენებდა, ერთი წუთით არ მოუხუჭავს თვალი, სანამ არ დარწმუნდა, რომ აღარანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა. და კიდევ, 16-17 წლის ბიჭის მოთოკვა არც ისე ადვილია. დილით რომ გავდიოდი, კაცმა არ იცის, რომელზე ვბრუნდებოდი სახლში. მაგრამ რომელზეც არ უნდა დავბრუნებულიყავი, ხშირად ღამის ოთხ-ხუთ საათზეც, დედა ფანჯარასთან მელოდა ლამპის შუქზე, ეს კადრი არასდროს ამომივა მეხსიერებიდან.
– ქუჩის პერიოდი და ყველაზე რთული ასაკი, როგორ გამოიარე, ისე რომ გზას არ აცდენოდი?
– 90-იანებში ათასი უბედურება და ცდუნება იყო, თუმცა გავუძელი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ნებისმიერ სოციუმში რეპუტაცია მქონოდა და ამას ვახერხებდი კიდეც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც სამომავლოდ გამოსავალს ვხედავდი, სწავლა გახდა. თუმცა ცდუნება იყო, მარიხუანაც მომიწევია და იმ წლებში ბევრი ცუდი რამ მინახავს, მაგრამ ამ ყველაფერს ვმალავდი, რადგან ვიცოდი ამას დედაჩემი როგორ განიცდიდა. ის ჩემთვის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი იყო, იმისთვის, რომ ცუდ გზაზე არ დავმდგარიყავი. ყოველთვის განსაკუთრებულად განვიცდიდი, რომ ჩემ გამო არ ენერვიულა.
– დედისერთა ხარ, რაც კიდევ ცალკე ამბავია.
– ცალკე ამბავია ისიც, რომ დედაჩემი 38 წლის იყო, როცა მე გამაჩინა. ძალიან დიდხანს არ უჩნდებოდა შვილი. ამიტომ ყოველთვის ცდილობდა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვყოლოდი, მაგრამ გარდატეხის ასაკში, რა თქმა უნდა, ისე აღარ გამოსდიოდა, ასაკი მაინც თავისას შვება. 13-14 წლის შემდეგ ვცდილობდი, რომ მეტი თავისუფლება მქონოდა. ეს ის პერიოდია, როცა უკვე აღარ გინდა, რომ დედა სკოლაში გაკითხავდეს.
– ეგოიზმი არ გახასიათებს? ეს როგორც წესი, დედისერთებისთვის დამახასიათებელი თვისებაა.
– ადრე ვიყავი ეგოისტი, მაგრამ ახლა ეს თვისება ჩემში ნაკლები დოზითაა. დედამ მასწავლა, რომ ადამიანი ყურადღებიანი უნდა იყოს. თვითონ იმდენად ყურადღებიანი იყო მეგობრების მიმართ, რომ ეს თვისება მეც გადმომედო. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ეგოიზმი არავის დავანახვო.
– იყავი გულახდილი შვილი, პირადი ცხოვრების ამბებს უყვებოდი?
– არა, მაგ საკითხში საკმაოდ ხისტი ვიყავი. რა თქმა უნდა, თუ რამე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა, ბოლო ეტაპზე ვეუბნებოდი. მაგრამ ისეთი არ ვყოფილვარ, ყველაფერს რომ დედას უყვებიან და უზიარებენ... ჩემდა სამწუხაროდ. ახლა ვხვდები, უნდოდა უფრო მეტი მომეყოლა. უფრო გოგოებს სჩვევიათ გულის გადაშლა, რაც მე არ გამომდიოდა და შესაბამისად, ამას არ ვაკეთებდი, რასაც ახლა ვნანობ. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ოჯახი ძალიან დიდ როლს ასრულებს. დედაჩემს ძალიან უყვარდა ეკა. შეიძლება, მე და ეკას არ აგვეწყო ურთიერთობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ. მე ვხედავდი, ეკამ როგორ განიცადა დედაჩემის ამბავი, რაც ძალიან დასაფასებელია.
– შენ როგორი შვილი იყავი?
– რთულია მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, ცუდი შვილი არ ვიყავი. ერთადერთი, იმაზე მწყდება გული, რომ მასთან მეტი დრო არ გავატარე. ვცდილობდი, ყურადღებიანი ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მეტი დრო უნდა დამეთმო. ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ ამ ყველაფერს. ფიზიკურად ვეღარ ვხედავ, მაგრამ დედაჩემის არსებობას ისეთ დეტალებში ვგრძნობ, რომელსაც ვერ გადმოვცემ. ძალიან რთულია მის წასვლასთან შეგუება. ყველაზე მეტად რაც მაკლია, დედაჩემის ზარებია. დღის განმავლობაში უამრავჯერ მირეკავდა და ცხოვრებაში ტელეფონი არ გამითიშავს, მხოლოდ იმ მიზეზით, მას რომ დაერეკა და გათიშული მქონოდა, არ ენერვიულა. ახლა ტელეფონს რომ ვთიშავ, საოცარი სიცარიელის შეგრძნება მაქვს.