კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როდის იყო მამა გურამი იეჰოვას მოწმე და მილიციელი და რატომ იქცა მისთვის ტრაგედიად ტიციან ტაბიძის შვილიშვილის სიყვარული

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

მამა გურამის (ოთხოზორიას) ცხოვრების გზა მშფოთვარე და ბურუსით მოცულია. მთელი ცხოვრება ძიების პროცესში იყო და ამ ძიებამ ის  ათეისტობიდან საქართველოში არსებულ ყველა სექტაში მიიყვანა და ყველგან აქტიური წევრი იყო. ამავე დროს, ბავშვთა მილიციელიც, ლეიტენანტი. „კუკარაჩას“ ეძახდნენ. დღეს მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას მოძღვარია. როდესაც მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოხვდა და მღვდლად უნდა ეკურთხებინათ, ეკლესიიდან წავიდა და 13 წლის შემდეგ დაბრუნდა... რა გზა გაიარა და რის ძიებაში იყო, მამა გურამი თავად გვიამბობს.
მამა გურამი: ჩემი ცხოვრება თავიდანვე უჩვეულოდ მიმდინარეობდა. მამაჩემს ექვსი შვილი ჰყავდა. ღარიბები ვიყავით. მახსოვს, სახლი როგორ დაგვეწვა. მაგრამ მიუხედავად ამ სიღარიბისა, ჩემში სულ იყო სწავლის სურვილი. ფანქარი არ მქონდა, რომ დამეწერა. ჩემთვის არავის ეცალა. მახსოვს, „თ“ ასოს წერა რომ ვისწავლე, ძალიან გამიხარდა, მივვარდი მამაჩემს, საწყალი რაღაცას აშალაშინებდა, მამა თ-ს წერა ვისწავლე-მეთქი და ისე დამიღრიალა, ახლაც მახსოვს.  სიყვარულის გემო პირველად მეოთხე კლასში ვიგრძენი და აქ დამეწყო ძიება.  სამჯერ მიყვარდა და სამივეჯერ დამიწუნეს სიღარიბის გამო, პირველად რომ შემიყვარდა, მდიდარი მამის დედისერთა გოგო იყო. მხოლოდ მამამისს ჰყავდა მაშინ  „გაზ 21“. გულში დავიწვი ეს სიყვარული მთელი ოთხი წელი. ხუთი ფურცელი სიყვარულის წერილი მივწერე მერვე კლასში და თავზე გადამახია. მეორე შეყვარებულს რომ გამოვუტყდი სიყვარულში, არ ვიცი, რა მოხდა, დედამისი სახლში მოგვადგა, პატარა სახლი გვედგა. შენ ხარ გურამი? შე ღატაკო, შე ღარიბო, შენ გაგატან ჩემს გოგოსო? მაშინ უნივერსიტეტში ვაბარებდი იმ გოგოსთვის გაგზავნილ წერილში, რომელშიც მთელი გული  მქონდა ჩაქსოვილი – შენ გამო ჩავირიცხები და ყველაფერს ვიზამ-მეთქი, დედამისმა თავზე დამაყარა. წვიმიანი ამინდი იყო და კართან ვიდექი. ათეისტი ვიყავი, კომუნიზმის იდეოლოგიის გავლენით ვიზრდებოდი. ჩემთვის ყველა სიკეთე ლენინის სახელს უკავშირდებოდა. ვიყავი კომკავშირის კომიტეტის მდივანი, პიონერთა რაზმეულის ხელმძღვანელი. ეს ლამაზი სამყარო წიგნებმა, მასწავლებლებმა, გაზეთებმა მომცა, მაგრამ როდესაც სტუდენტი გავხდი, ვნახე, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი იყო და დამეწყო აპათია, ტკივილი, ძიება, პროტესტი.
– თქვენ სტუდენტობისას ტიციან ტაბიძის შვილიშვილის დიდი სიყვარული გეწვიათ, რატომ იყო თქვენთვის ეს გრძნობა მტანჯველი?
– სიყვარულის გემო ხომ მახსოვდა და პირველი კურსიდან ვეძებდი სიყვარულს.  15 ნომერი ავტობუსი ამოდიოდა ბელინსკიდან გოგებაშვილზე, სადაც მე ვცხოვრობდი.  გაჭედილ ავტობუსში ამოდის გოგონა, რომელიც ჩემში წარმოდგენილ იდეალურ გოგოს ჰგავდა და უცებ რა დამემართა, არ ვიცი. ნინო მაშინ 16 წლის იყო. სადღაც ჩამოვიდა გოგებაშვილზე. ზაფხული იყო და დამეკარგა ეს გოგო. მეათე კლასში ყოფილა და სექტემბერში, მე რომ უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე მივედი, ის პირველ კურსზე დამხვდა. მერე მისი კურსელებისგან გავიგე, რომ ტიციან ტაბიძის შვილიშვილია და ჩემთვის გახდა მიუწვდომელი. მწერალთა სახლთან ვათენებდი და ვაღამებდი, ვერაფერს ვეუბნებოდი, ორი თვე ისიც არ ვიცოდი, რა ფერის თვალები ჰქონდა. უნივერსიტეტში რომ ვნახავდი, ასი მეტრიდან თვალს ვარიდებდი. მაგრამ აუდიტორიებში, ყველგან დავდევდი. სახლთან ველოდებოდი, ხომ ვიცოდი რომელ საათზე გამოვიდოდა, მოფიქრებული მქონდა – რომ გამოვა, ამას ვეტყვი, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. უბრალოდ გავყვებოდი უნივერსიტეტამდე, უკან მივჩანჩალებდი. ისე დავდევდი, ნინოს ეგონა, ვიღაც ყაჩაღიაო და ახლობელი ძველი ბიჭები მომიგზავნა, მომაშორეთო. მეც მივედი ჩემს ახლობლებთან ერთად. წავიდა საქმის გარჩევა. ძლივს ამოვილუღლუღე  – მიყვარს-მეთქი, გაგიჟდნენ, ნინოს ვაჩვენებთ სეირსო. მეორე დღეს ნინო მოვიდა ჩემთან უნივერსიტეტში, ხელი გამომიწოდა და გამარჯობაო, მომესალმა, კინაღამ გავგიჟდი. მერე სახლში დამპატიჟეს. წარმოუდგენელი იყო, ის ჩემთვის სახლი კი არა, შეუღწეველი სამყარო იყო და ამ დროს დამიბარეს, გვესტუმროსო. სად მქონდა მაშინ ჩასაცმელი, მეგობრისგან ვითხოვე შარვალ-კოსტიუმი, ტიციანს ტიტები და მიხაკები უყვარდა, მეც  ვიყიდე უკანასკნელი ფულით და მივედი. ტრაგედია ის იყო, რომ მე შინაგანად ძალიან დიდი სიყვარულისთვის ვიყავი დაბადებული, მე ხომ ათეისტი ვიყავი, ღმერთი არ მწამდა და ამ გოგოსგან მინდოდა ეს სიყვარული მიმეღო და ეს გოგო დაითრგუნა, ვერ გაუძლო, დიდი წყლის ჭავლით რომ მორწყა პატარა ია, ხომ ვერ გაუძლებს? დაახლოებით ასე იყო ნინოც, მან ვერ ზიდა ეს სიყვარული, ის ბავშვი იყო, თამაში უნდოდა, მე კი სერიოზულად მიყვარდა.
–  როგორ დამთავრდა თქვენი ურთიერთობა?
– ფაქტობრივად ოთხი წელი ტრაგედია იყო. ნინო მიხვდა, მე ის არ ვარ, ვინც შენ გიყვარსო.  ცდები, შენ სულ სხვა ვიღაცას ეძებ, მეც დავიტანჯები და შენც დაიტანჯები, მე იმ გრძნობას ვერ მოგცემო. ის ბავშვი მართალი იყო. ერთი ოჯახივით ვიყავით, ნინოს ვუყვარდი, მაგრამ – მეგობრულად. ჩემში ძალიან ჭარბი გრძნობა იყო. აბა, ნორმალური იყო ეს? თუ ნინოსთან არ ვიყავი, ვიტანჯებოდი, მაგრამ მივიდოდი მასთან, საკმარისი იყო ახლოს დავჯდომოდი, რომ განვიხიბლებოდი, აღარ მინდოდა უკვე. მერე მისმა ოჯახმა ჭყვიშში გამიშვა  მასწავლებლად, ტიციანის სახლში ვცხოვრობდი, ნინოს ვურეკავდი, ვარდები ჩამომქონდა, სველი ნაჭრით შეხვეული, ლექსებს ვუგზავნიდი. რუსეთიდან მათთან სტუმრად ჩამოდიოდნენ პასტერნაკის ქალიშვილი, შვილიშვილი და მათ უყვებოდნენ ამ სიყვარულის ისტორიას. ბოლოს მან ვერ ზიდა ეს სიყვარული და დამაჯერა ამაში. ძალიან მძიმედ, თითქმის ტრაგედია გადავიტანე. რომ არ გადავყევი, მადლობა ღმერთს. უკვე სულერთი იყო ვის მოვიყვანდი ცოლად. მოვიყვანე ცოლი და ერთ კვირაში ნინოც გათხოვდა. ნინოს სიყვარულმა მე ისეთ დიდ სიყვარულთან მიმიყვანა, რასაც ღმერთის სიყვარული ჰქვია და რამაც ნინოს სიყვარული დაჩრდილა.
– როგორ მოხვდით სექტებში?
– შემთხვევით არაფერი ხდება, როდესაც ნინოს სიყვარულით ვიტანჯებოდი, ამ პერიოდში მოდის ჩემი კურსელი და მეუბნება, ადვენტისტები იკრიბებიან და სტუდენტები უნდათო, მე ათეისტი ვიყავი და სახარება დედაბრების ზღაპარი მეგონა. ინტრიგისთვის წავედი, რომ უბრალოდ, დამეცინა. კონსპირაციულად იკრიბობოდნენ სხვადასხვა ოჯახში. ვერ წარმომედგინა, იქ ვინმე ახალგაზრდა თუ იქნებოდა. მაშინ ღმერთს დავცინოდით, ვხარხარებდით. მახსოვს, უნივერსიტეტში მოვიდა გერმანელი ლექტორი და ღმერთზე რომ დაიწყო ლაპარაკი არანორმალური სიცილი ამიტყდა. ბიჭებმა მითხრეს, ნუ იცინი, სირცხვილიაო. აქ რომ მივედი ვნახე, ვიღაცამ ფეხსაცმელი გამიწმინდა, ვიღაც გიტარაზე უკრავს. იქ ერთ ქალბატონს ჰქონდა ამერიკული ბიბლია, ბიჭები მივედით და ამ ქალბატონს უთხრეს, გურამი შეყვარებულიაო და გადაშალა სახარების წიგნი... სიკვდილის შიშიც დავძლიე, გაქრა სიგარეტიც, უწმაწური სიტყვები. ეს ისეთი რეალობა იყო, ჯარში რომ წამიყვანეს ახალციხეში, ადვენტისტები ჯარში ფიცს არ დებდნენ, საბჭოთა კავშირს არ ემსახურებოდნენ. ხუთი წელი იყო ციხე ამაზე თუ ფიცს არ მიიღებდი, „კაგებე“ გაწამებს, უნივერსიტეტიდან გაგრიცხავენო მითხრეს, მაგრამ მაინც არ მოვაწერე ხელი, გამიკვირდა – ასე ცოტა სასჯელია? ნეტავ ცეცხლზე დამწვავდნენ ქრისტეს გამო-მეთქი. მაიორი დამელაპარაკა და მითხრა; შენ ისე მოგვწონხარ ოცმეთაურის მოადგილედ გვინდა დაგნიშნოთო. ვუთხარი: მე კი ვეძებ, ვის ვუთხრა, რომ არ მივიღებ ფიცს–მეთქი და ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ პირი დააღო – ეგონათ გავგიჟდი ან ვხუმრობდი. განცხადებას რომ ვწერდი, იგულისხმებოდა, რომ ვაწერდი ხელს უნივერსიტეტიდან გარიცხვას, ციხეს... სადაც ვასწავლიდი, ყველა სკოლას თავი დავანებე – ათეიზმი რომ არ მესწავლებინა, ფიზიკურად ვმუშაობდი... და ყველასგან ვიყავი უარყოფილი – დედისგან, მეუღლისგან, იმიტომ რომ სექტანტი ვიყავი. ამბობდნენ, სჯობდა მომკვდარიყავიო. ბოლოს შეეჩვივნენ. ვიყავი იეჰოვას მოწმე, პიონერი, ვავრცელებდი ამ რწმენას... ბაპტისტებში, ორმოცდაათიანელებში, კრიშნაიდებში ვიყავი, ეს იყო გზები. ზოგ სექტაში ხუცესი ვიყავი, პასიური წევრი არასდროს ვყოფილვარ.
– მილიციელი როგორ გახდით?
– მამაჩემს უნდოდა, მილიციელი გავმხადიყავი, მძღოლი იყო და მაშინდელი მილიციელები აწუხებდნენ. ჩემთვისაც ახალი გამოწვევა იყო და დავთანხმდი. უკვე მორწმუნე ვიყავი და ჯიბეში ბიბლია მედო, იქაც კი ვქადაგებდი. მილიციაში „კუკარაჩას“ მეძახდნენ, ყველა ბავშვმა იცოდა, როგორ ვექცეოდი და როგორ მიყვარდა. ლეიტენანტი გავხდი, მაგრამ მერე წამოვედი.
– ათეისტობიდან, სექტანტობიდან როგორ მიხვედით მართლმადიდებლობაში?
– პირველი შეხვედრა მართლმადიდებლობასთან მეუფე სპირიდონის მეშვეობით მოხდა. ჩემს რაიონში იყო ჩამოსული და ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ შევხვედროდით. არ მინდოდა, რადგან მეგონა, სახარებას არ კითხულობდნენ და მხოლოდ სანთელი და ხატი იცოდნენ. გადავწყვიტე, ჩამჭრელი კითხვა დამესვა სახარებიდან. იმის ნაცვლად რომ ეთქვა, წადი, სექტანტი ხარო, მითხრა: სახარება რა კარგად გცოდნია, მოდი ჩვენთან, პატრიარქის კურთხევა მაქვს, წავიდეთ ყველა რაიონში და მე და შენ ერთად ვიქადაგოთო. სახარება რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იკითხებოდა, ეს ჩემთვის შოკი იყო. მართლაც ერთად ვქადაგებდით. მივედი პატრიარქთან, ჩემ შესახებ ყველაფერი გაიგო. პატრიარქთან შეხვედრაც შოკი იყო. იმ პერიოდში, ზვიადის დროს, განსაკუთრებით სამეგრელოში, პატრიარქს აბრალებდნენ რაღაცებს და მეც მაგ ტალღის ქვეშ ვიყავი მოქცეული. იქ კი ისეთი სითბო და სინათლე დამხვდა... გულში ჩამიკრა, დავუჩოქე, შენდობა ვთხოვე ჩემი და ჩემი კუთხის სახელით. ყველაფერი მომიყვა, მე მაბრალებენ და ასე ნამდვილად არ იყოო. 1995 წელს დიაკვნად მაკურთხა.
– დიაკვნად კურთხევის შემდეგ თქვენ მღვდლობაზე უარი თქვით, წახვედით და ცამეტი წლის შემდეგ დაბრუნდით ეკლესიაში, რატომ?
– პატრიარქმა ორ წელიწადში ორჯერ დამიბარა მღვდლად კურთხევაზე, მაგრამ ჩემში მაინც იყო ბრძოლები. იმ პერიოდში, ჩუმად, ინდურ რელიგიას ვსწავლობდი. წიგნებს ვყიდდი და ყველაფერს ვკითხულობდი. ერთმა მეუფემ ვერ გამიგო, შენ ღალატობ ეკლესიასო, მაგრამ პატრიარქთან რომ შევედი და ავუხსენი ყველაფერი, პატრიარქმა მითხრა: წადი, შენ არსად არ დაიკარგები. ყველა ინტელექტუალი ამ გზას გადის. თუ კაბა ხელს გიშლის მსახურებაში, გაიხდე და როცა დაამთავრებ ძიებას, მაშინ მოდიო. ეს არის სიბრძნე. ამასობაში, 13 წელი წიგნებს ვყიდდი, ეს მე ძიებაში მეხმარებოდა და თან ფინანსური შემოსავალი მქონდა. ტაძარში დაბრუნებას არც ვფიქრობდი, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ეკლესიაში იყო. რომ დავბრუნდი, პატრიარქმა მითხრა: დაბრუნდი, მეცნიეროო. ის ორი წელი ძალიან ახლოს ვიყავი პატრიარქთან, ერთად ვჭამდით, ფულს მჩუქნიდა ხოლმე. გამოცდილების მიღებაში ის წლები დამეხმარა.
скачать dle 11.3