№26 როგორ დაუბრუნა დაზარალებულს გატაცებული მანქანა თემურ მღებრიშვილმა
თემურ მღებრიშვილი ასეთ კურიოზულ ისტორიას ყვება:
„შევარდნაძის დროა. პლეხანოვზე მდებარე განყოფილებაში ვმუშაობ. ზაფხულია და საშინლად ცხელა. უცებ ჩემს კაბინეტში ერთი ახალგაზრდა ქალი შემოვარდა და მეუბნება:
– ბატონო თემურ, ათი წუთის წინ „ჯიპი“ მომპარეს და ძვირფასი ტელეფონიც გააყოლეს. მარკეტთან გავაჩერე მანქანა, ცივი წყალი რომ მეყიდა, გასაღები „ზაჟიგანიაში“ ჩავტოვე და ტელეფონი – „სიდენიაზე“...
– ქალო, მანქანა უნდა ჩაგეკეტა, ტელეფონი კი, თან წაგეღო-მეთქი, – დავმოძღვრე დაზარალებული და უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა.
ქალი ცრემლად იღვრებოდა:
– მიშველე, ბატონო თემურ, თორემ ჩემმა ქმარმა თუ შეიტყო, მანქანასა და ტელეფონს აღარ მაღირსებსო.
გულში კი გავიფიქრე, – ახია შენზე-მეთქი, მაგრამ ქალს მობილურის ტელეფონის ნომერი ვკითხე. შემდეგ კორპორაციულიდან ავკრიფე და დაველოდე.
– გისმენ, – მიპასუხა გამტაცებელმა, რასაც, სიმართლე გითხრა, არ ველოდი, მაგრამ მივხვდი, რომ კრეტინ „პრისტუპნიკთან“ მქონდა საქმე.
– გენაცვალე, მე განცხადების თაობაზე ვრეკავ, სადაც ეს ნომერია მითითებული და წერია, რომ „ჯიპს“ თხუთმეტი ათას დოლარად ყიდი. ფული თან მაქვს, საბუთებიც, შევხვდეთ სადმე და მოვრიგდეთ-მეთქი, – ვუთხარი გამტაცებელ მამაკაცს.
იმანაც „ჭამა“, თხუთმეტ წუთში მუშტაიდის ბაღთან მოდიო, – მითხრა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ხელზე „ბრასლეტები“ დავადე და განყოფილებაში მივიყვანე“.