№26 როგორ იშოვა 3 მილიონი დოლარი ორიგინალური სქემით კრიმინალმა, მეტსახელად „უთომ“
მთავარი გმირების ვინაობა და ზოგიერთი მონაცემები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
მეტსახელად „უთო“
25 წლის ილო პაიკიძე 1989 წლის იანვარში გათავისუფლდა ციხიდან თავდებით. მანამდე კი, თორმეტწლიანი სასჯელიდან სამი წელი მოიხადა ძარცვისა და წამების მუხლით. „სროკზე“ კი, პაიკიძე 1986 წელს წავიდა დანაშაულთა სერიის ჩადენისთვის, რომელიც „პაძელნიკებთან“ ერთად განახორციელა მთელი საქართველოს მასშტაბით. ილო და კომპანია (სულ ხუთი ადამიანი) წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს სახლში შეიარაღებულები უვარდებოდნენ და ფულსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. უარის მიღების შემთხვევაში, პაიკიძე მსხვერპლს გავარვარებული უთოთი აუთოებდა და ამგვარად აიძულებდა ქონების დათმობას. მსგავსი ქმედებისთვის მეგობრებმა მას მეტსახელად „უთო“ შეარქვეს. ბანდას თორმეტი ძარცვა და ბოროტმოქმედება ჰქონდა ჩადენილი. ისინი 1985 წლის დეკემბერში დააპატიმრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა სამძებრო ჯგუფმა, რომელსაც რომან გვენცაძე ხელმძღვანელობდა. ბოროტომოქმედები თბილისში, ვაკეში მას შემდეგ აიყვანეს, როდესაც მძარცველები ერთ-ერთი იატაკქვეშა მილიონერის ძარცვას აპირებდნენ. „უთო“ და მისი მეგობრები მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. თუმცა, საპატიმრო ვადის მეოთხედის გასვლის შემდეგ ბანდიტ-მძარცველების ახლობლებმა „იჩალიჩეს“ და უმძიმესი დანაშაულისთვის ნასამართლევი ბოროტმოქმედები ციხიდან გამოიყვანეს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საბჭოთა კავშირში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები ძალებს იკრებდა და მათთან მიტმასნილი კრიმინალური ელემენტები შედარებით ადვილად ახერხებდნენ სასჯელისგან თავის დახსნას...
ორიგინალური სქემა
ციხიდან გამოსული „უთო“ და მისი „პაძელნიკები“ აქტიურად ჩაერთვნენ ეროვნულ მოძრაობაში და ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრებიც გახდნენ. ისინი არცერთ მიტინგს არ ტოვებდნენ და ლიდერებს გვერდით ედგნენ. პარალელურად კი, პაიკიძე ფულის შოვნის ახალ გზას ეძებდა და მიაგნო კიდეც. ნიჭიერმა კრიმინალმა, რომელსაც ციხის სამწლიანი გამოცდილებაც უწყობდა ხელს, იმ პერიოდისთვის ორიგინალურ ხერხს მიაგნო. მან და მისმა მეგობრებმა წვერი მოუშვეს. თაღლითურად მოირგეს სასულიერო პირების სამოსი და ვითომდა ქველმოქმედებისა და ეროვნული მოძრაობისთვის შემოწირულობის შესაგროვებლად, დიდი მიტინგების დროს უზარმაზარი ყუთით დადიოდნენ ხალხში და ფულს ითხოვდნენ. „უთოს“ გათვლა ასპროცენტიანი იყო – „პატრიოტ“ „სასულიერო პირებს“ ეროვნულ ტალღაზე მომართული ადამიანები დიდი ენთუზიაზმით სწირავდნენ თანხებს და „უთო“ და კომპანია გეომეტრიული პროგრესიით ავსებდნენ „ობშჩიაკს“... 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ „ქსივიანი“ (არაფორმალური გაერთიანების წევრობის წიგნაკი) პაიკიძე და მისი „პაძელნიკები“ უკვე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დადიოდნენ „უნიფორმებში“ გამოწყობილები და მათ ხელმძღვანელებს უკვე საკმაოდ მსხვილ თანხებს „აწერდნენ“. ასეთი ორიგინალური სქემით მათ ორი წლის განმავლობაში „იმუშავეს“ და 1991 წლის თებერვალში „უთოსა“ და კომპანიის „ობშჩიაკში“ უკვე 3 მილიონი დოლარი იდო (იგულისხმება ის თანხა, რომელიც არ დაუხარჯავთ და შეინახეს. სინამდვილეში კი, მათ უფრო მეტი იშოვეს). ორწლიანი ბოგინის მერე „უთოს“ ახალი იდეა გაუჩნდა.
„ქურდის ქურდი ცხონდაო...“
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა, 1991 წლის თებერვალში, ქვეყანაში ჯერ კიდევ კომუნისტური კანონები მოქმედებდა. რესპუბლიკებს შორის მიმოსვლა თავისუფალი იყო. ამიტომ „უთომ“ ხელი დაავლო „ობშჩიაკს“. 3 მილიონი დოლარი უზარმაზარ ტყავის შავ ჩანთაში ჩაალაგა, „პაძელნიკებს მოუტყდა“ და მოსკოვში გაემგზავრა. პაიკიძეს საბჭოეთის დედაქალაქში ციხეში გაცნობილი ძმაკაცი ჰყავდა, ვინმე გივი კეკენაძე, რომელსაც მეტსახელად „კუდიანი“ ერქვა. კეკენაძე „უთოზე“ ათი წლით უფროსი და მასზე ბევრად „შებერტყილი“ იყო. ჯერ კიდევ ციხეში ოცნებობდნენ ძმაკაცები დიდი „მაყუთის მოხსნას“ და უცხოეთში გაქცევას. „კუდიანი“ „უთოს“ ეუბნებოდა, რომ ნაცნობი ჰყავდა, რომელიც მათ საზღვარგარეთ გაამგზავრებდა და ფულსა და ძვირფასეულობასაც გაატანინებდა. ამ მიზნით ეწვია კეკენაძეს პაიკიძე. შავი ჩანთა წინ დაუდო, გახსნა და უთხრა:
– აი, ძმაო, აქ ცამეტი მილიონი დოლარია. შენს ახლობელს უთხარი, რომ „ფირმაში“ (უცხოეთში) გაგვიშვას და „მაყუთიც“ გაგვატანინოს...
შემდგომი მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. კეკენაძემ გადაწყვიტა, რომ 3 მილიონის ერთადერთი მეპატრონე გამხდარიყო. ამიტომ ნაქირავებ ბინაში „უთო“ დაათრო და დააძინა. შემდეგ ფულს ხელი დაავლო და თავის მოსკოველ საყვარელს, ლიდა ისაკოვას მიადგა სახლში. თუმცა „უთოს“ თბილისელმა „პაძელნიკებმა“ მთელი „შავების“ მობილიზება მოახდინეს და ჯერ დაძინებულ და გაქურდულ პაიკიძეს მიაგნეს კეკენაძის ნაქირავებ ბინაში, შემდეგ კეკენაძეც „ააგდეს“ თავის საყვარელთან. ფული წაართვეს, ორივე „კრისა“ ერთ-ერთ გარაჟში მიათრიეს და ისე სცემეს, რომ ნეკნები ჩაულეწეს. 3 მილიონიდან 2-მა მილიონმა ქურდულ „ობშჩიაკში“ გადაინაცვლა და „უთოს“ ოთხ „პაძელნიკს“ მხოლოდ 250-250 ათასი ერგოთ. თავად პაიკიძეს კი „შავებმა“ უთხრეს – ქურდის ქურდი ცხონდაო... და 27 წლის პაიკიძე ნეკნებგატეხილი, ჭუჭყიან გარაჟში დააგდეს მისნაირ „კრისასთან“ ერთად...
ახალი ამპლუა
სასიკვდილოდ განწირული „უთო“ ამჯერადაც გამოძვრა. ის გამოჯანმრთელდა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. სამშობლოში პაიკიძე ერთ-ერთ შეიარაღებულ ფორმირებაში შევიდა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ აფხაზეთის ომშიც წავიდა და „პატარა“ ქონებას მოუყარა თავი, რომელიც სამეგრელოს „ვოიაჟის“ მერე გააასმაგა... მაგრამ „სვაბოდაზე“ ყოფნამ დიდხანს არ მოუწია და მას მერე, რაც შევარდნაძემ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები კანონგარეშე გამოაცხადა და მათი წევრებიც დააპატიმრა, „უთოც“ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა... რვაწლიანი სასჯელიდან ილო პაიკიძემ ციხეში ისევ სამი წელი მოიხადა. დანაშაული მოინანია. პრეზიდენტს შეწყალება სთხოვა და „სვაბოდაზე“ რომ გამოვიდა, რელიგიით დაინტერესდა. შესაბამისი ლიტერატურის კითხვას მიჰყო ხელი და ბოლოს ღმერთის მსახურიც გახდა... მრავალჭირგამოვლილმა, ყოფილმა ბოროტმოქმედმა, როგორც იქნა, იპოვა თავისი თავი, ჭეშმარიტ გზას დაადგა და ახალ ამპლუაში მრავალ ცდომილ ადამიანს გაუკაფა ღვთისკენ მიმავალი გზა.
P.S. ილო პაიკიძე დღესდღეობით დაფასებული ადამიანია, უზარმაზარი ცხოვრებისეული და სულიერი გამოცდილება აქვს და მასთან მისულ ადამიანებს უანგაროდ უზიარებს თავის მადლსა და ცოდნას.