კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რისგან გვიცავს მარჯვენა ხელზე შებმული შალის წითელი ძაფი და რატომ უნდა მოიხსნას ქალმა ის კრიტიკულ დღეებში

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

რას ნიშნავს წითელი ძაფი ხელზე? – აღმოჩნდა, რომ ბევრს აინტერესებს პასუხი ამ კითხვაზე და იცით, რატომ? – ძალიან ბევრ ცნობილ თუ ცნობად (როგორც ახლაა დამკვიდრებული) სახეს სხვადასხვა სფეროდან, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს ტელეეკრანებიდანაც ხშირად ვხედავთ, სწორედ ხსენებული წითელი შალის ძაფი უმშვენებს ხელს. მათ შორის, ისეთებსაც, გემოვნებით რომ გამოირჩევიან და მხოლოდ უძვირფასეს, იშვიათ და ორიგინალურ სამკაულებს ატარებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ, „რიგით მოკვდავებზე“. ასე რომ, დროა, გავიგოთ ყველაფერი ამ უბრალო, მაგრამ მაგიური ძაფის შესახებ, რომლის შებმაც ბრილიანტებასხმულ ხელზეც არ ეხამუშებათ. უფრო კი, პირიქით, ამაყად ატარებენ. ამბობენ: ავი თვალისგან გვიცავს, სიკეთე, ბედნიერება და სიყვარულში გამართლება მოაქვსო... და ასე, უსაშველოდ რომ არ გაგვიგრძელდეს აქა-იქ ყურმოკრულის გამეორება, უმჯობესია, საქმის მცოდნეს მივმართოთ. ჩვენი რესპონდენტი, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა განგვიმარტავს, თუ რა დანიშნულება აქვს ამ ძაფს, სად უნდა შევიძინოთ, როგორ და რომელ ხელზე ვატაროთ... მოკლედ, ცნობისმოყვარენო, ვისაც ძალიან გაინტერესებთ ეს თემა, ყველაფერს შეიტყობთ.
– დავიწყოთ თავიდან, ანუ რას მოგვითხრობს ლეგენდა წითელ ძაფზე?
– უძველესი აღმოსავლური ლეგენდის თანახმად, ყოველი ადამიანი თავის სიყვარულთან უხილავი ძაფითაა მიბმული და როგორც არ უნდა აიბურდოს, გაიწელოს თუ რამდენჯერმე დედამიწასაც კი შემოევლოს ირგვლივ, არაფერი შეიცვლება. ადრე თუ გვიან, დადგება დღე, როცა ის ორი, „გადაბმული ადამიანი“ მაინც იპოვის ერთმანეთს. აპოკალიფსიც რომ დადგეს, მათ შეხვედრას წინ ვერაფერი აღუდგება. აი, რას მოგვითხრობს ლეგენდა: იყო ერთი უდიდესი სახელმწიფოს ძლევამოსილი იმპერატორი, რომელმაც, შეიტყო რა მის სამფლობელოში ყოვლისშემძლე ჯადოქრის არსებობა, მაშინვე სასახლეში იხმო. უბრძანა, ეპოვა მის ნეკზე გამობმული წითელი ძაფის ბოლო, რომელიც მომავალ მეუღლეს შეახვედრებდა. ასე გაუდგა ორივე გზას, რომელსაც ძაფი მიანიშნებდა. ბევრი იარეს თუ ცოტა, ერთ დღესაც ძაფი ბაზარში მოვაჭრე ღარიბი გლეხი ქალის წინ გათავდა, რომელსაც ხელში პარატა გოგონა ეჭირა. როცა ჯადოქარმა ბრძანებელს მათზე მიუთითა და ძაფის ბოლოც დაანახვა, იმპერატორი ისე გაბრაზდა, გაცეცხლებულმა ქალს მუჯლუგუნი ჰკრა და ბავშვი ხელიდან გააგდებინა. გოგონამ თავი ქვას დაარტყა და შუბლიდან სისხლი წასკდა... გავიდა წლები და როცა იმპერატორმა მართლაც გადაწყვიტა დაქორწინება, დაახლოებულ პირთა რჩევით, საცოლედ გენერლის ქალიშვილი შეარჩია. ქორწილში, ძვირფას სამოსში გამოწყობილ პატარძალს სახე ფატით ჰქონდა დაფარული, რის გამოც, იმპერატორმა მისი ნახვა ცერემონიის დასრულებამდე ვერ შეძლო. ბოლოს, როცა, როგორც იქნა, მეუღლესთან მარტო დარჩა და სახიდან პირბადე აჰხადა, ქალის ულამაზეს სახეს შუბლზე წითლად მოღაღანე იარა აჩნდა. იმ უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ისე მონუსხა ამ ლეგენდამ ხალხი, რომ მილიონობით ადამიანმა შეიბა ხელზე წითელი ძაფი.  
– ლეგენდა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ იქნებ, მისი თანამედროვე დანიშნულება და მოხმარების წესებიც აგვიხსნათ?
– წითელი ძაფი ხელზე ახლობელმა ან საყვარელმა ადამიანმა უნდა შეგაბათ შვიდი ნასკვით. თან ისე, რომ თავისუფლად გქონდეთ. ის ავი თვალისა და შურისგან გიხსნით და ერთგვარი, იღბლის მომტანი თილისმა გახდება თქვენთვის. მაგრამ, თუ ამ წესს დაარღვევთ და თავად შეიბამთ ძაფს ხელზე, ის მხოლოდ მორთულობა იქნება და ნეგატივისგან ვეღარ დაგიცავთ. რაც მთავარია, ძაფი შალის უნდა იყოს და თანაც, ნაყიდი და არა ნაჩუქარი ან თქვენივე დამზადებული.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელ ხელზე გავიკეთებთ ძაფს?
– რა თქმა უნდა. მიჩნეულია, რომ მარცხენა ხელიდან შედის სხეულში ყველა ნეგატიური ემოცია. ამიტომ, ეს სუსტი წერტილი სწორედ წითელი შალის ძაფით უნდა დაიცვათ. განსაკუთრებით სერიოზული, მძიმე საუბრის, საქმიანი გარიგებისა და მსგავსი მნიშვნელობის სხვა მოვლენებისას, აუცილებელია წითელი ძაფის გაკეთება, რომელიც სკანდალსაც აგარიდებთ, სიყვარულსაც გაპოვნინებთ და მტერთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ... ის კი არადა, მარცხენა მაჯაზე შებმული წითელი ძაფი პატრონის მოქმედებასა და თვით ფიქრზეც ახდენს გავლენას – აძლევს სწორ მიმართულებას ცხოვრების გზაზე, ეხმარება განვითარებასა და წარმატების მიღწევაში.
– ავადმყოფობის დროს?
– ავადმყოფს წითელი ძაფი მარცხენა ხელზე უნდა ეკეთოს სამი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ კი, ნაშუაღამევს, ლამპის ან სანთლის ალზე უნდა დაიწვას. ძაფის წვასთან ერთად, დაიფერფლება ტკივილიც და ავადმყოფი მალე გამოჯანმრთელედება. ბავშვებს ის კანის დაავადებისგან იცავს. უფრო სწორად, წითელი ძაფი კანზე გამონაყრის გამომწვევი სენის სულს ატყუებს: სული ხედავს, რომ მარცხენა ხელი უკვე გაწითლდა, ესე იგი, ბავშვი ავადაა და მისი ხელის ხლება აღარ ღირს. თუმცა, წითელი ძაფი არ არის რეკომენდებული ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში. ამ დროს ორგანიზმი უსარგებლო სისხლისგან იწმინდება, ძაფმა კი შეიძლება, პროცესს ხელი შეუშალოს. ამიტომ, უმჯობესია, საერთოდ მოიხსნათ. რაც შეეხება წითელ ძაფს მარჯვენა ხელზე, ის იღბალსა და დოვლათს იზიდავს, მაგრამ ამ დროს ძაფზე შვიდ კვანძს, ფულის ნიშანიც უნდა დაემატოს: მონეტა, გასაღები ან მსგავსი რამ.
– კიდევ რისი მინიშნება შეუძლია წითელ ძაფს?
– წითელი ძაფი გოგონას ხელზე მიანიშნებს, რომ მისი გული თავისუფალია და მზადაა ახალი ნაცნობობისთვის. ამ დროს უკეთესი იქნება, თუ წითელ ძაფს გულებით ან წითელი ქვით მორთავთ. თუ ძაფი გაჭუჭყიანდა, ნუ გარეცახვთ, უმჯობესია, საიმედოდ შეინახოთ და ავადმყოფობისას გაიკეთოთ, მერე კი სენთან ერთად დაწვათ. მარტოხელამ წითელი ძაფის ყიდვა გათხოვილ ქალს უნდა სთხოვოს, რომელსაც ბედნიერი ოჯახი აქვს. სწორედ მანვე უნდა შეგაბათ ძაფი მარჯვენა მაჯაზე. ასეთი თილისმის საშუალებით ძალიან მალე შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს. ამინდის ცვლილებისას თუ ხელ-ფეხი „გღრღნით“, ძაფი კოჭზეც უნდა ჩამოკიდოთ და მაჯაზეც. თუ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრის ან კამათის შემდეგ, დაღლა და დეპრესია იგრძენით, ყოველივე ამის „შემსწრე“ ძაფი მიწაში უნდა ჩაფლათ ან სუფთა წყალში ჩადოთ – ეს სტიქიები ძაფს მასში დაგროვილი ნეგატივისგან გაწმენდს. თუ ღამე დიპლომის, დისერტაციის წერაში გაათენეთ, ან სულაც ღამის ცვლაში მუშაობდით, მაშინ ძაფი ახალი ძალით უნდა დამუხტოთ – 24 საათის განმავლობაში მზის სხივებქვეშ დატოვეთ, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე. ტრაგედია არ არის, თუ ძაფი გაგიწყდათ. ახლობელს სთხოვეთ, გაწყვეტილი ძაფი დაწვას და ახალი შეგაბათ. ამისთვის, შეიძლება, მიმართოთ ნებისმიერ მონათესავე სულს და არა აუცილებლად იგივე პიროვნებას, ვინც მანამდე შეგაბათ მაჯაზე წითელი ძაფი.
– სად ვიშოვოთ ისეთი ძაფი, რომ მისგან ეფექტური ამულეტი მივიღოთ?
– ის შეიძლება, იმ დახლებზეც შეიძინოთ, სადაც მაგიურ ნივთებს ყიდიან. თუმცა, რამდენად სანდოა ასეთი ნავაჭრი, ვერაფერს გეტყვით. ასევე, შეგიძლიათ, იერუსალიმიდანაც გამოიწეროთ ოფიციალური საიტის საშუალებით, რაც, რა თქმა უნდა, გაცილებით სანდო და მოსახერხებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწევთ, თუ წითელ ძაფს ხელზე რეგულარულად ატარებთ და თან, თქვენი აღმსარებლობის ლოცვებსაც არ დაივიწყებთ.
скачать dle 11.3