№26 რამ გააკვირვა ევროპელი ჟან შარდენი ქართლის მეფესთან სტუმრობისას
მეჩვიდმეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური ჟან შარდენი (1643-1713) აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობდა. იგი საქართველოშიც ყოფილა. შემდეგში შარდენმა თავისი მოგზაურობის აღწერა და შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა წიგნში – „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ისტორიკოსებისთვის. ჩვენთვისაც ბევრი რამაა საინტერესო მისი მონათხრობიდან. მაგალითად, როგორი ნადიმი იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და იყო თუ არა სიმდიდრე ჩვენი მეფეების კარზე. შარდენი მიწვეული ყოფილა ვახტანგ მეხუთის (შაჰ-ნავაზის) კარზე მოწყობილ წვეულებაზე, რომელსაც იგი აღწერს:
„როდესაც შაჰ-ნავაზს გაუგია ჩემი ვინაობა და შეუტყვია, რომ განსვენებული შაჰისგან ვიყავი გაგზავნილი თავის საქმეზე ევროპაში, პრეფექტისათვის უბრძანებია: უთხარი ჩემ მაგიერ, რომ ის ჩვენთვის ძვირფასი სტუმარია, რომ ძალიან მიამა მისი მოსვლა და სასიამოვნო იქნება ჩემთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოვიდეს ჩემს სანახავადო.“
შარდენს გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა მეფესთან ვიზიტისთვის მოსამზადებლად. უნდა გაემზადებინა საჩუქრები, ჩამოეწერა სია, დაესვენა. ამიტომ ითხოვა დრო, მაგრამ, ჩვენი მეფე ძალიან მოწადინებული ყოფილა საინტერესი სტუმრის ნახვით. მას აინტერესებდა ევროპის ამბები. უნდოდა, ინფორმაცია პირადად ევროპელისგან მიეღო. ჩვენი მეფეები, როგორც მაშინდელი ევროპელი ხელმწიფეები, ხელიდან არ უშვებდნენ განათლებული ადამიანის ნახვის შესაძლებლობას და კიდევ მიუგზავნა ხალხი მისაპატიჟებლად.
„მითხრეს, – რომ მეფეს მოუთმენლად სურს ევროპის ამბავი შეიტყოს შენგანაო. ნამდვილად კი, თურმე, თვით კაპუცინებს უნდოდათ, რომ მალე მეფის წინაშე წარვედგინეთ, რადგან სპარსეთის შაჰის ახლობელი ვიყავი. იმათ ეგონათ, რაკი მე წარმადგენდნენ მეფის წინაშე, მეფე უფრო მეტს პატივსა სცემდა თვით კაპუცინებსაც. კაპუცინებმა მე და ჩემს ამხანაგს გვთხოვეს: რომელიც უფრო კარგი ტანისამოსი გაქვთ, ის ჩაიცვით და მეფესაც კარგი ძღვენი მიართვითო. მე შევასრულე იმათი ყოველივე სურვილი, რამდენადაც კი შემეძლო, რომ ამით გადამეხადნა მათთვის ის დიდი სიკეთე, რომელიც მათგან მახსოვდა და რომლითაც დავალებული ვიყავი.
შუადღე მოტანებული იყო, როდესაც სასახლეში წავედით, პრეფექტი და მამა რაფაელიც წამომყვნენ. სადილად ჩვენ გველოდენ. მეფე დარბაზში ბრძანდებოდა.
დარბაზი სიგრძით ას ათი ფუტი იყო, სიგანით – ორმოცი; სასახლე მტკვრის პირას იდგა და მტკვრის დარბაზი ახდილი იყო. საროთით 13 ნაკვეთებს დარბაზის ჭერს რამდენიმე დახატული და ოქროთი მოვარაყებული სვეტი იმაგრებდა; სვეტებს სიმაღლე 35 ფუტიდან 40 ფუტამდე ჰქონდა. მთელი დარბაზი მშვენიერი ორხოებით იყო მორთული. მეფე, დიდებულნი შემოსხდომოდნენ სამ პატარა ბუხარს, ეს ბუხრები და რამდენიმე მაყალი ისე კარგად ათბობდნენ დარბაზს, რომ კაცი სიცივეს სრულებით ვერ გრძნობდა. მეფე შაჰ-ნავაზს მიმსვლელნი ისევე აძლევდნენ სალამს, როგორც თვით შაჰს: ორ-სამ ნაბიჯზე, რომ მოახლოვდებოდნენ მუხლს მოუდრეკენ და სამჯერ ზედიზედ მიწამდინ დახრიან თავს. ევროპელებს ეძნელებათ, რომ ასე მიესალმონ აღმოსავლეთის მეფეებს. მართლაც და, რადგან ამაზე დაბლა თაყვანისცემა აღარ შეიძლება, ამიტომ ასეთი თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს შეჰფერის.
ხანდისხან ევროპელებს ათავისუფლებენ ამგვარი სალამისგან, რადგან სხვა ქვეყნისანი არიან და ჩვენებური ქცევა არ იციანო.
მე მეფეს სამჯერ მდაბლად დაუკარი თავი, მაგრამ მუხლი კი არ მომიყრია. შემდეგ ორმა დიდებულმა მთხოვა, რომ დავმჯდარიყავ, მე არ მოვინდომე კაპუცინებზე წინ დაჯდომა, თუმცა კეთილშობილნი და, აგრეთვე სახლთუხუცესი, რომელიც შუა დარბაზში იდგა, მთხოვდენენ ზევით დამეჭირა ადგილი. მე სასიამოვნოდ მიმაჩნდა თავაზიანობა გამეწია კაპუცინებისათვის და მინდოდა, რომ ისინიც თავაზიანად მოჰქცეულიყვნენ. პრეფექტს ძალიან მოეწონა ჩემი ქცევა. თვითონვე მოისურვა და მთხოვა, ჩემი ამხანაგის წინ დაჯექიო.
ერთმა კეთილშობილთაგანმა ჩამომართვა კარებში შაჰისგან მოცემული ქაღალდი და მეფესთან მიტანილი ძღვენი, რომელიც ხელში მეჭირა; დააწყო ყველა ეს ვერცხლის დიდ ტაბაკზე და, როდესაც მე სალამს ვაძლევდი მეფეს, მეფის ახლოს დადგა. მეფემ აიღო ტუჩებთან და შუბლთან და შემდეგ თავის ვეზირს გადასცა. ვეზირს უნდა წაეკითხა და შეეტყობინებინა მეფისათვის ქაღალდის შინაარსი.
ამ ამბის შემდეგ მეფემ დიდის ყურადღებითა და სიამოვნებით დაათვალიერა ძღვენი. ძღვნად მივართვი ერთი დიდი საათი ჩუქურთმით ნაკეთები და ვერცხლით მოვარაყებული, კოლოფით; ერთი ვერცხლში ჩასმული ბროლის სარკე, ერთი სევაფით მორთული ოქროს პატარა კოლოფი თრიაქის აბებისათვის – სპარსელების უმეტესი ნაწილი დღეში რამდენჯერმე ხმარობს ამ აბებს, ერთი ლამაზად შემკული და დიდის ხელოვნებით გაკეთებული სადოსტაქრო იარაღების ბუდე. მშვენივრად გაკეთებული და საუცხოვო დანები.
ვეზირმა ბრძანების ქაღალდი წაიკითხა და მდაბალის ხმით გადასცა მეფეს შინაარსი. როგორც შემდეგ გავიგე, მეფეს და მის შვილებს უთქვამთ, რომ ასეთი პატივისცემით დაწერილი ქაღალდი არ გვინახავსო. დიდებულებს უკვირდათ, რომ ამ ქაღალდის ბრტყელი არშია მშვენივრად იყო მორთული ვარაყით და მხატვრობით. მეფემ ბრძანა, რომ გადაეღოთ პირი ამ ქაღალდისა...
მე არაფერი არ ვუთხარი მეფეს, როდესაც მივესალმე და არც იმას უთქვამს ერთი სიტყვა. შემდეგ, სუფრაზე მეფემ სუფრაჯის ხელით გამომიგზავნა ოქროს თეფშით ნახევარი ერთი დიდი პურისა, რომელიც მის წინ იდვა და შემომითვალა, რომ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი აქ ყოფნაო.
ცოტა ხნის შემდეგ მეფემ იკითხა, რა ისმის იმ ომისა, რომელიც ოსმალოებსა და პოლონელებსა აქვთო. მეორე თავი საჭმელი რომ შემოიტანეს, მეფემ გამომიგზავნა თავისი სასმელი ღვინო იმ თასით, რომლითაც თვითონ მიირთმევდა.
ღვინო ოქროს სევადით მორთულ საღვინეში იყო ჩასხმული, თასიც ოქროსი იყო. გარედან ლალითა და ფირუზით მოჭედილი. ერთმა კეთილშობილთაგანმა მოგვართვა ეს ღვინო და მეფის მაგივრად გვითხრა: მიირთვით, იმხიარულეთ, ნუ მოგიწყენიათო. შემდეგ, მესამე თავი საჭმელი, რომ შემოიტანეს, მეფე უფრო დაგვიტკბა.
მოიტანეს შემწვარი, მეფემ გამოგვიგზავნა შემწვარი ხოხობი, ორი კაკაბი და ფურ-ირემის მეოთხედი, და შემოგვითვალა: თუმცა ნადირის ხორცზე ღვინო კარგია, მაგრამ მე მაინც ვუბრძანე ძალა არ დაგატანონო. მე ყველა ამგვარ თავაზიანობაზე მდაბლად ვუკრავდი თავს და არავითარ პასუხს არ ვაძლევდი.
კაპუცინებიც ასევე იქცეოდნენ. სპარსული ჩვეულება ასეთია: წესად არ არის მიღებული, რომ სხვაფრივ გადაუხადონ მადლობა პატივისცემისათვის.
აღარ გავაგრძელებ სიტყვას იმაზე, თუ რა წესიერება და დიდი მოკრძალება სუფევდა ამ შექცევის დროს. მხოლოდ იმას ვიტყვი, ღვინო ბევრი სვეს. გასაოცარი სიუხვე იყო ხორაგისა, სახსნილოც მოჰქონდათ და სამარხვოც, რადგან სადილზე პატრიარქი და ეპისკოპოზებიც იყვნენ, რომლებიც თავის დღეში არ ჭამდენ ხორცს. ჩვენ სადილზე სამი საათი ვისხედით და მერე ავდექით. სხვა სტუმრები ზოგნი კიდეც წასულიყვნენ შინ. მწვადი ჯერ კიდევ არ აელაგებინათ სუფრიდან.
წამოსვლის დროს დიდი მადლობა გადავუხადეთ მეფეს, იმან ერთხელ კიდევ შემომითვალა, სასიამოვნო სტუმარი ხარო, და უბრძანა, გავეცილებინეთ შინ“.
ასეთი მიღება იცოდნენ ქართლის მეფის კარზე იმ დროს. შარდენი აღწერს სხვა ვითარებებსაც, რომელსაც სხვა დროს შემოგთავაზებთ.