კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი გაგრძელება შემდეგ ნომერში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-25(912)


– თქვენ, თუ არ ვცდები, ლინდა ჯექსონი ხართ, ხომ? – ირონიული ღიმილით ჰკითხა სპირსმა ლინდა ჯექსონს.
– დიახ, სერ, სწორედ ლინდა ჯექსონი გახლავართ. მაგრამ ასეთი ირონია არაა საჭირო. გენერალი მართალია. ყველანი დაძაბულები ვმუშაობთ, თვალი არავის მოგვიხუჭავს. ასე რომ, არა მხოლოდ თქვენ, ჩვენც სიმებივით გვაქვს ნერვები დაჭიმული, – უთხრა ლინდა ჯექსონმა სპირსს, რომელსაც სახე წამოეჭარხლა.
„ბიუროს“ „მთავარი გამომძიებელი“ ნამდვილად არ მოელოდა თანამემამულე კოლეგისგან ასეთ არაკოლეგიალურ, „არაპატრიოტულ გამოხდომას“. წყენა გულში ჩაიდო და გაიფიქრა – „ერთი უკან დავბრუნდე და მე ვიცი, შე ძუკნა შენა... დევიდსს შენზე ისეთებს მოვახსენებ, რომ შეიძლება, ბიუროშიც კი არ გაგაჩეროს“, – ქალს კი ნაძალადევი ღიმილით უთხრა:
– ინციდენტი ამოწურულია. თუმცა, აქამდე საქმე არც მისულა.
გამოცდილ ლინდა ჯექსონს არ გაჰკვირვებია სპირსის მისდამი განწყობის ამოცნობა და გულში გაეცინა. თუმცა, არ შეიმჩნია და თანხმობის ნიშნად, თავი უხმოდ დაუქნია. სპირსმა კი, ჩაახველა და კვლავ საქმეზე გადავიდა:
– კოლეგებო, როგორც თქვენ მიერ გაკეთებული მოხსენებების ანალიზი ცხადყოფს, საიდუმლო ლაბორატორიიდან გატაცებული „ეშმაკის ამონასუნთქი“ ისევ თბილისში თუ არ არის, საქართველოს საზღვრებს ჯერ არ გასცილებია და ჩვენი პირველადი ამოცანაა, რომ ასეთი რამ არც მოხდეს. ეს – ერთი. მთავარი კი ისაა, რომ მან შტატებში ვერ ჩააღწიოს.
სპირსის სიტყვებზე წვერიან გენერალს გულში გაეცინა და გაიფიქრა:
„რა დღეში ჩაგაგდეს, უბედურო საქართველო, შენმა უღირსმა შვილებმა? ყველა ჯურის ნაბიჭვარი რომ შენს სხეულს ჯიჯგნის. ფეხებზე ჰკიდიხარ გაბღენძილ ამერიკელსაც და „პიანიცა“ რუსსაც. მე კი, მე უბედური, იმის ნაცვლად, რომ დაგიცვა და ეს პარაზიტები მოგაშორო, ვზივარ, ამათ ცინიკურ ლაპარაკს ვისმენ და იმისი ტრაკი არ მაქვს, რომ გიორგი მახარაშვილივით სილა მაინც შემოვკრა ლაზათიანად. არ ჯობდა, რომ აღმაშენებლის დროს დავბადებულიყავი და დიდგორის ომში მეომა, სადაც ან გმირულად დავიღუპებოდი, ან ძლევამოსილი დავბრუნდებოდი სახლში?“
– რა გჭირს, გურამ, რა სახე გაქვს? – გადაუჩურჩულა წვერიან მინისტრს მის გვერდით მჯდომმა საქართველოს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსმა.
– ის მჭირს, რომ ამ ნაბიჭვარს სახეს ავახევდი, – გადაუჩურჩულა თავის მეგობარსა და ხელქვეით მინისტრმა.
– რატომ, რომ თქვა – მთავარია, შტატებში არ ჩააღწიოს „ეშმაკის ამონასუნთქმაო“?
– კოტე, – გადაუჩურჩულა მინისტრმა ანტიტერორისტული სამსახურის უფროსს, – ჩვენ ყოვლად უტრაკო, უთავმოყვარეო ხალხი ვყოფილვართ და ჩემი თავი მეზიზღება. სადამდე მივიყვანეთ ჩვენი ქვეყანა. ქუჩის მეძავივით, ყველა უთვისტომოსა და ნაძირალას საჯიჯგნად გავხადეთ. პირი დაგვიღია და გვიხარია. ეს ყველაფერი იგივეა, შენს სახლში რომ შემოვიდნენ, თვალწინ ცოლ-შვილი გაგიუპატიურონ და შენი ღირსების დასაცავად თითიც კი არ გაანძრიო. გესმის, რას ამბობს, – მთავარია, „ეშმაკის ამონასუნთქმა“ შტატებში არ ჩამოაღწიოს და თქვენ, თუნდაც, ერთ დღეს გაწყდითო.
– დამშვიდდი, გურამ. ახლა ამის დრო არაა. „იწვები“ – საშინელი სახე გაქვს და არ გინდა, – უთხრა მინისტრს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსმა.
მელორ სპირსის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია მინისტრისა და მისი ხელქვეითის ჩუმი საუბარი და მათ მიმართა:
– ძვირფასო კოლეგებო, რამის თქმა ხომ არ გსურთ?
ქართველებმა, უარის ნიშნად, თავი გააქნიეს. სპირსმა კი განაგრძო:
– მთავარია, ამ პროცესის ლოკალიზება მოვახდინოთ. ამისთვის კი, საჭიროა, საიმედოდ ჩაიკეტოს ქვეყნიდან ყველა გასასვლელი და მათი მუდმივი მონიტორინგი ტარდებოდეს. ამიტომ, – სპირსმა მინისტრისკენ გაიშვირა ხელი და დააყოლა, – ბატონო მინისტრო, აქვე უნდა შევიმუშაოთ გასასვლელების საიმედოდ გადაკეტვის გეგმა. ამისთვის კი, საჭიროა წარმოადგინოთ ყველა „გასაძრომის“ ზუსტი სია, რომ ჩვენი ძალები გავთვალოთ და რაციონალურად გადავანაწილოთ.
– ბატონო სპირს, – მიუგო ამერიკელს ქართველმა მინისტრმა, – ჩვენთვის ცნობილი ყველა „გასაძრომი“ განსაკუთრებით მკაცრად მას შემდეგ კონტროლდება, როგორც კი „ეშმაკის ამონასუნთქის“ დაკარგვის ამბავი გაცხადდა. ანუ, მისი გატაცებიდან ერთი საათის შემდეგ უკვე ყველაფერი საიმედოდ გვქონდა გადაკეტილი და თუ კი იმ ერთი საათის განმავლობაში არ გაიტანეს ქვეყნიდან, მაშინ ის ნამდვილად აქაა და ანალიტიკურმა ალღომ არ გიმტყუნათ.
ბოლო ფრაზა, „ანალიტიკური ალღოს“ შესახებ, მინისტრმა ხაზგასმული ირონიით წარმოსთქვა. სპირსს ეს არ გამოჰპარვია. თუმცა, არ შეიმჩნია და მინისტრს უთხრა:
– ძალიან კარგი, გენერალო. ოპერატიულად გიმოქმედიათ და ეს მისასალმებელია. გამტაცებელი ბასილელის ინტენსიური ძებნის პარალელურად კი, საჭიროა, დავადგინოთ, ვინ იმყოფება ამჟამად საქართველოში ძებნილ ტერორისტთაგან ან ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან. სასწრაფოდ გამოვიკვლიოთ, ჰქონდათ თუ არა მათთან შეხება ბასილელსა და მის მეუღლეს. გავარკვიოთ, აგრეთვე, სხვა საეჭვო გარემოებებიც, რომლებიც შეიძლება, „ეშმაკის ამონასუნთქის“ გატაცებას უკავშირდებოდეს.
მინისტრმა მშვიდად მოუსმინა ამერიკელს და უთხრა:
– ამ მიმართულებებითაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ბატონო სპირს და თუკი რაიმე შედეგი იქნება, მაშინვე შეგვატყობინებენ.
ამერიკელი არ მოელოდა, რომ „ნაგავსაყრელ“ ქვეყანაში ასეთ ორგანიზებულობასა და ოპერატიულობას წააწყდებოდა. ამიტომ, მხრები აიჩეჩა და თქვა:
– გამოდის, რომ სულ ტყუილად ჩამოვფრენილვართ აქ და უჩვენოდაც კარგად გაართმევთ თავს.
– საქმე ნამდვილად არ გვეშლება, ბატონო სპირს, – თქვა მინისტრმა და დაამატა, – ჩამოფრენით კი, სულაც არ ჩამოფრენილხართ ტყუილად. თქვენ მიერ კონტროლირებად ლაბორატორიას უკეთესი დაცვა სჭირდება. იქნებ, საფუძვლიანად შეისწავლოთ და უფრო საიდმედო სისტემა დანერგოთ?
– რჩევისთვის მადლობას მოგახსენებთ, ბატონო მინისტრო, – უთხრა გაბრაზებულმა ამერიკელმა წვერიან ქართველს და დააყოლა, – თქვენი ვერსია მაინტერესებს, „ეშმაკის ამონასუნთქის“ გატაცებასთან დაკავშირებით.
მინისტრს გაეღიმა. თავი გააქნია და სპირსს უთხრა:
– ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა არასერიოზულობა და არაპროფესიონალიზმია. რამდენიმე გამოკვეთილი ვერსიაა და არ გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერი მათგანი იყოს სწორი. თუმცა, ერთი შეხედვით, ზედაპირულად ისე ჩანს, რომ გამტაცებელს ორი მიზნის მიღწევა სურს. პირველი და მეორე აქ პირობითია. ფულის – ასი მილიონი დოლარის მიღება და ამერიკული სამხედრო ბაზების დემონტაჟი ევროპიდან. არ მგონია, ამ მოთხოვნის წამომყენებელი სულელი იყოს და ამდენი არ ესმოდეს, რომ ამერიკული ბაზების დემონტაჟი უტოპიაა. ვფიქრობ, აქ ფულია მთავარი და ბაზების დემონტაჟის თემა უფრო დამხმარე საშუალებაა. ჩემი აზრით,  „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელი ამ საშინელი ბაქტერიით ვაჭრობს და ამაში ას მილიონ დოლარს ითხოვს. არ ვიცი, რამდენად რეალური ფასია და საერთოდ, შეერთებული შტატების მთავრობა ერთი ცენტის გადამხდელიც თუ არის, რადგან თქვენ მიერვე დეკლარირებული პრინციპით, ტერორისტებთან და მათ მომხრეებთან მოლაპარაკებებსა და გარიგებას არ აწარმოებთ. მაგრამ, ამ მომენტში შექმნილი სიტუაცია არაორდინარულია და ვფიქრობ, მოლაპარაკებაც ღირს მდგომარეობის გამოსასწორებლად. სხვათა შორის, მაინტერესებს, ბატონო სპირს, თქვენ ასეთი უფლებამოსილება გაქვთ?
– როგორი უფლებამოსილება, გენერალო? – კითხვა შეუბრუნა სპირსმა მინისტრს.
– მოლაპარაკების უფლებამოსილება, ბატონო სპირს. თუკი ისე მოხდა, რომ „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელთან კონტაქტის დამყარება მოხერხდა და ასე ვთქვათ, ვაჭრობაზე მიდგა საქმე, შეგიძლიათ, მას კომპეტენტური პასუხი გასცეთ?
– არა, გენერალო. მე მასეთი უფლებამოსილება არ გამაჩნია.
– გასაგებია, – თქვა გენერალმა და დაამატა, – მაშინ, ის მითხარით, ბატონო სპირს, თუკი ასეთი სიტუაცია შეიქმნა, რის გაკეთებას აპირებთ?
– ასე დეტალურად არ მაქვს გაწერილი, ბატონო გენერალო, – თქვა დაბნეულმა სპირსმა და დააყოლა, – უნდა მოგახსენოთ, რომ დირექტორის კაბინეტში ჩატარებული საგანგებო თათბირიდან პირდაპირ აეროპორტისკენ გავემართეთ და თბილისში გამოვფრინდით. ასე რომ, ამ ყველაფრის დეტალიზების დრო არ გვქონდა.
 სპირსის თავის მართლებაზე მინისტრს გაეღიმა და უთხრა:
– ბატონო სპირს, იქნებ ვაშინგტონს დაუკავშირდეთ და ჰკითხოთ, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში?
 – კი, ბატონო, – თქვა სპირსმა და რადგან ჰიუსტონ სოდას კაბინეტში იმყოფებოდა, კაბინეტის პატრონს მიაპყრო მზერა და კითხვა დააპირა. „შებერტყილი“ სოდა კი მიხვდა, რა აინტერესებდა სპირსს, დაასწრო და უთხრა:
– ალბათ, ვაშინგტონთან პირდაპირი კავშირის ტელეფონი გაინტერესებთ, სერ.
– დიახ, – თავი დააქნია სპირსმა.
– თქვენგან ხელმარცხნივ რომ სამი ტელეფონია, სერ, წითელი ფერის, შუა, ვაშინგტონთან პირდაპირი კავშირისაა. ბიუროს დაუკავშირდებით და თუ დირექტორის მოადგილე, მისტერ საიმონი არ აიღებს ყურმილს, მაშინ ეტყვით მორიგეს, რომ მასთან შეგაერთონ,–  განუმარტა სოდამ სპირსს.
სპირსმა წითელი ტელეფონით ვაშინგტონში დარეკა და „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის მოადგილეს, საიმონსს ელაპარაკა. ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა. ლაპარაკი რომ დაასრულა, ყურმილი აპარატზე დადო და მინისტრს უთხრა:
– შექმნილი არაორდინარული სიტუაციიდან გამომდინარე, შეერთებული შტატების მთავრობა თანახმაა, რომ „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელს მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს. მთავარია, ის კავშირზე გამოვიდეს. მასთან მოლაპარაკების უფლებამოსილება კი, პრეზიდენტის სახელით, ამ წუთას მე მომენიჭა.
– ძალიან კარგია, ბატონო სპირს, – უთხრა სპირსს გენერალმა და დაამატა, – ახლა კი, თქვენი შეკითხვის პასუხს განვაგრძობ, გატაცების ვერსიასთან დაკავშირებით.
– დიახ. გისმენთ, ბატონო გენერალო, – უჩვეულოდ გაუღიმა ამერიკელმა მინისტრს.
– მოდი, ახლა თავად გამტაცებელზე შევჩერდეთ და ვეცადოთ, გავარკვიოთ ეს საქციელი თავად სიმონ ბასილელმა ჩაიდინა თუ მას ამის გაკეთება ვინმემ აიძულა? ერთი შეხედვით ჩანს, რომ ბასილელი მარტოხელაა ამ საქმეში და მარტო მოქმედებს. თუმცა, ამ ადამიანზე შეგროვილი ინფორმაციები იმის ვარაუდის საშუალებას მაძლევს, რომ ამაში ეჭვი შევიტანო. მოგახსენებთ, რომ თვეში ოცდაათი ათასი დოლარი შემოსავალი ოთხსულიანი ოჯახისთვის საქართველოში მდიდრულად ითვლება. სწორედ ამდენი შემოსდით ყოველთვიურად ბასილელსა და მის მეუღლეს, მზია ქანთარიას. თანაც, მათ ორი მცირეწლოვანი ტყუპი ქალიშვილი ჰყავთ. არ უჭირთ და აბსოლუტურად ყოველმხრივ უზრუნველყოფილები არიან. ამიტომ, არ მგონია, რომ ბასილელი ეკონომიკური გაჭირვების გამო წასულიყო ამ ნაბიჯზე. ეს – ერთი. გარდა ამისა, ბასილელი არასდროს ყოფილა შემჩნეული ექსტრემიზმში; ექსტრემისტებთან და ტერორისტებთან კავშირში და არ მგონია, რომ მან ასეთი ნაბიჯი იდეური მოსაზრებით გადადგა. ბოლო-ბოლო, „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ მიერ შემოწმდა და მას საიდუმლო ლაბორატორიის ყველაზე ტაბუირებულ სექტორში წვდომის ნება სწორედ თქვენმა უწყებამ დართო. ანუ, ის კეთილსაიმედოდ მიიჩნიეთ. ეს   – ორი. რჩება მესამე, კოლეგებო. როგორც ეტყობა, ჯერჯერობით დაუდგენელმა ძალებმა, ბასილელი აიძულეს, რომ ასეთ ნაბიჯზე წასულიყო და ჩემი აზრით, ეს ყველაზე რეალურია. ალბათ, ბასილელის ცოლ-შვილი გაიტაცეს და მათი მოკვლის მუქარით მოახერხეს, რომ  ამ ადამიანს ასეთი რამ ჩაედინა. მე ასე ვფიქრობ და თუკი რომელიმეს სხვაგვარი მოსაზრება აქვს, შეუძლია, თქვას.
– ბატონო მინისტრო, რას ფიქრობთ, ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა, ვინ აიძულებდა ბასილელს, რომ ასე მოქცეულიყო? – ჰკითხა მინისტრს მელორ სპირსმა.
– ბევრ ვინმეს, ბატონო სპირს. ანუ იმ ჯგუფებს, ვისაც შეერთებული შტატები სძულს.
– დაკონკრეტება შეგიძლიათ?
– ისინი, არც თუ ისე ცოტანი არიან, ბატონო სპირს და მათზე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, – მიუგო სპირსს მინისტრმა და დაამატა, – როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე გვაცნობებენ და თქვენც საქმის კურსში ჩაგაყენებთ.
– კეთილი, კოლეგებო. ჩვენი პირველი შეხვედრა დასრულდა. ცოტა არ იყოს, დავიღალეთ და დასვენება გვჭირდება. დროებით დაგტოვებთ. ხოლო, თუკი სასწრაფო საქმე გამოჩნდება, ბატონ სოდას მეშვეობით დაგვიკავშირდით, – თქვა სპირსმა. წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.
მინისტრმა სპირსს მხოლოდ თავი დაუკრა გამომშვიდობების ნიშნად. არც ხელი ჩამოურთმევია მისთვის, მით უმეტეს, არც სადილზე დაუპატიჟია, როგორც ჩვეულებისამებრ, სთავაზობდნენ ხოლმე სტუმრებს.
მინისტრს სოდა მიუახლოვდა, გაუღიმა და უთხრა:
– სპირსის უტაქტობისთვის ბოდიშს გიხდით, გურამ. ის პირველადაა საქართველოში და აქაურ წეს-ჩვეულებებზე წარმოდგენა არ აქვს.
– ეტყობა, რომ არანაირი წარმოდგენა არ აქვს. შენ კი ბოდიშს ნუ მიხდი. არაფერი გაქვს საბოდიშო. არც მე დავუტკბი „ძვირფას სტუმარს“. ასე რომ, ვალში არ დავრჩენილვარ. შენ, ალბათ, სტუმრებს სასტუმროში მიიყვან, ხომ?
– კი.
– რამდენ ხანში გათავისუფლდები?
– მაქსიმუმ, ნახევარ საათში.
– გელოდები, ჰიუ. ხინკლისა და მწვადის საჭმელად უნდა წაგიყვანო და არ დააგვიანო, – უთხრა მინისტრმა თვალებგაბრწყინებულ ჰიუსტონ სოდას, რომელიც ვაშინგტონიდან ჩამოფრენილ სპირსთან და ჰარისთან ერთად სასტუმროში გაემართა, რომ უფროსი კოლეგები დაებინავებინა.
***
სანამ მინისტრი და სოდა საუბრობდნენ, საქართველოს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსი მისმა თანაშემწემ გვერდით გაიხმო და რაღაც უთხრა. შემდეგ კი – წავიდა. მინისტრი რომ გათავისუფლდა, ანტიტერორისტული სამსახურის უფროსმა ის დაიმარტოხელა და უთხრა:
– სერიოზული ინფორმაცია მაქვს, გურამ.
– რა ინფორმაცია? – შეცბა მინისტრი.
კოტემ გაიხედ-გამოიხედა და რომ დარწმუნდა, დერეფანში მარტონი იყვნენ, მინისტრს უთხრა:
– ჩემმა თანაშემწემ მითხრა, რომ „ფებეერის“ დირექტორის მოადგილეს მელორ სპირსისთვის უთქვამს, მაგათ, ანუ ჩვენ, უთხარი, რომ თუკი „ეშმაკის ამონასუნთქის“ გამტაცებელი კავშირზე გამოვა, შეერთებული შტატებიის მთავრობა მას თანხას გადაუხდისო. სინამდვილეში კი მთავარია, დავადგინოთ, რომ „ეშმაკის ამონასუნთქს“ საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ამის საშუალება არ მივცეთო. გამტაცებელი კი, დავაკავოთ და თუ შევძლებთ, გატაცებული „ეშმაკის ამონასუნთქის“ ამოღებას, ხომ კარგი. თუ ვერა და ის მხოლოდ საქართველოში გავრცელდებაო. გაიგე, რა უდევთ თურმე გულში ჩვენს მოყვრებს?
საქართველოს უშიშროების სამსახური  ამერიკელების „დახურულ“ საუბრებს ნაცადი, „მამაპაპური“ ხერხით ისმენდა – სოდას ტელეფონზე მხოლოდ და მხოლოდ პარალელური მავთული ჰქონდათ შეერთებული და ვერავითარი დამცავი აპარატურა ამას ვერ აფიქსირებდა. ამერიკელებს კი, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მათ ქართველი კოლეგები უსმენდნენ.
მინისტრს სახე აელეწა. ტუჩი მოიკვნიტა და თავის მეგობარსა და უმცროს კოლეგას უთხრა:
– ასეთი რამ არცაა გასაკვირი, ჩემო კოტე. ამიტომ, ამათი ნდობა არანაირად არ შეიძლება. ჭირსაც წაუღია მაგათი მილიონებიცა და მორალური დახმარებაც. ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ და ერთი ნაბიჯით წინ გავასწროთ ამერიკელებს. გადაეცი ყველას, რომ თუკი რაიმე ახალი ინფორმაცია გამოჩნდება, ეგრევე გვაცნობონ და ამერიკელებთან სიტყვაც არ დასცდეთ. ჩემი ნებართვის გარეშე მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ვკრძალავ. ეს ჩემი საიდუმლო განკარგულებაა.
– კარგი. გასაგებია.
– წადი. შეასრულე, – უთხრა კოტეს მინისტრმა და თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი.
კართან მისულ მინისტრს სოდამ მხარზე დაადო ხელი და უთხრა:
скачать dle 11.3