№26 იმის გამო, რომ ასაკით პატარა ბიჭი მიყვარს, ოჯახი და ყოფილი ქმარი მიპირისპირდებიან
იმის გამო, რომ ასაკით პატარა ბიჭი მიყვარს, ოჯახი და ყოფილი ქმარი მიპირისპირდებიან
პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი, მეყოლა შვილი, მაგრამ ქმარის ოჯახს ვერ შევეგუე და მშობლებთან დავბრუნდი. მართალია, ჩემი ყოფილი ქმარი დღესაც მეკონტაქტება, შვილსაც აქცევს ყურადღებას, მაგრამ ჩემი გათხოვების წინააღმდეგია. სულ მეუბნება, თუ გათხოვდები, ბავშვს მე წავიყვანო – ამით მაშანტაჟებს. არადა, რისი წამყვანია? წამოვედი თუ არა მისი სახლიდან, დედიკომ და მამიკომ ახალი ცოლი მიუყვანეს, სახლში დაუსვეს და დღესაც მისი ქმარია. თავისი შვილებისთვის არ სცალია, დღე და ღამე გაგდებულია გარეთ, რომ ფული იშოვოს და ჩემს შვილს როგორ წაიყვანს ან ვის გააზრდევინებს? მოკლედ, მისი შანტაჟის სულაც არ მეშინია, მაგრამ ძალიან მიკვირს ჩემს მშობლებს რომ არ უნდათ, ბედნიერი ვიყო, შევქმნა მეორე ოჯახი და მეც ქალად ვიგრძნო თავი. გივიკო ჩემზე ათი წლით უმცროსია, მაგრამ საკმაოდ ჩამოყალიბებული და კარგი ბიჭია. მას რომ გავყვე ცოლად, ვიცი, ბედნიერი ვიქნები. თან, ჩემი შვილიც უკვე დიდია, დამოუკიდებელი და თუ ჩემს მშობლებთან დავტოვებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ მინდა. ყოველდღე ვნახავ და მივხედავ. მე არ მინდა, ახალ ოჯახში უხერხულად იგრძნოს თავი, თორემ გივიკო მისი წინააღმდეგი არ არის. მეუბნება, თუ გინდა შვილიც წამოიყვანე, სამივემ ერთად ვიცხოვროთ, მე პრობლემა არ მაქვსო. უბრალოდ, მე მეუხერხულება, შვილით რომ მივადგე. ჩემი მშობლები იგიჟებენ თავს, ასაკით პატარას არ გაჰყვე, მოგატყუებს, მოგიხალისებს და გამოგაგდებს უკანო. ვერ შევაგნებინე, რომ მართლა მიყვარს და ვუყვარვარ და ეს ურთიერთობა მხოლოდ გასართობად არ გვინდა. რომ ჰკითხო, თანამედროვედ აზროვნებენ, არავისი არაფერი უკვირთ და ჩემს გათხოვებაზე რომ მიდგება საქმე, ქვას აგდებენ და თავს უშვერენ. გასაგებია, რომ გივიკო ასაკით პატარაა ჩემზე, მაგრამ თუ ჩემი ქმარი დიდი იყო, რა ხეირი? ვერ ვხვდები, როცა მიყვარს და ვუყვარვარ, ასაკი რა პრობლემაა? თან, დიდად არც ფიზიკურად გვემჩნევა, რომ ის პატარაა და – მე დიდი. მას არ აქვს პრობლემა ჩემს ასაკზე და ამ ჩემს მშობლებს და ყოფილ ქმარს, ნეტავ რა პრეტენზია აქვთ? ჩემი შვილი არ არის წინააღმდეგი. მეუბნება, დედიკო, მინდა ბედნიერი იყო და ჩემს გამო, არ თქვა გათხოვებაზე უარიო. იცნობს გივიკოს და ძალიან უყვარს. უგებენ ერთმანეთს და ვფიქრობ, მომავალშიც ასეთი კარგი დამოკიდებულება ექნებათ. დავიღალე ფარული შეხვედრებით. სულ იმის შიში მაქვს, ვინმემ არ დამინახოს გივიკოსთან ერთად, კუდები არ გამოაბას და არ დაიწყონ ჭორაობა. მინდა, ცოლად ოფიციალურად გავყვე, ხელი მოვაწეროთ, თორემ ქორწილის გადახდა არც მას და არც მე არ გვინდა. დაქალები მეუბნებიან, რას უსმენ შენს მშობლებს, ან რაში განაღვლებს, რას იტყვის სხვა, მთავარია, შენ გინდა და გაყევიო. მაგრამ, არ მინდა ჩემს მშობლებს ვაწყენინო, იქნებ, როგორმე შევაგუო და მივახვედრო, რომ მეც მჭირდება გვერდით საყვარელი მამაკაცი. ძნელია, როცა განათხოვარი ქალის სტატუსი გაქვს, დავიღალე. ყველა რომ სხვანაირი თვალით გიყურებს. მშობლებისთვის ამის ახსნა მიჭირს. ხომ არ დავუჯდები და მოვუყვები, კაცები რას მწერენ – ყველას საყვარლობა რომ უნდა და ერთღამიანი ურთიერთობა. ცოტა ხანს კიდევ ვუყურებ და მერე, აუცილებლად გადავდგამ ნაბიჯს. მთავარია, ჩემი შვილი მიდგას კაცურად გვერდით, ესმის ჩემი და მამხნევებს. სხვა არ მაინტერესებს.
ნინი, 36 წლის.