კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რა საიდუმლო დავალება შეუსრულა ბერიამ სტალინს, რამაც ევროპის პოლიტიკური რეალობა შეცვალა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას საზრიანობასა და ეშმაკობას რომ საზღვარი არ ჰქონდა, იქიდანაც ჩანს, რომ „ენკავედეს“ შეფი თვით მრავლისმნახველ, საკმაოდ ჭკვიან და ცბიერ ფაშისტებსაც იოლად ატყუებდა. ამის ნათელი მაგალითია ბერიას მიერ მოფიქრებული ოპერაცია „მესიის ცრუ მახვილი“, რომელიც 1939 წელს ჩატარდა და როგორც განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან გახდა ნათელი, თავისი დანიშნულება ასი პროცენტით შეასრულა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „რაოდენ საოცარი და დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ჰიტლერული სახელმწიფო მთელი თორმეტი წლის განმავლობაში მისტიკაზე იდგა. ფაშისტ ფიურერსა და მის თანამებრძოლებს ღრმად სწამდათ, რომ უძლეველნი იქნებოდნენ და მთელ მსოფლიოს დაიპყრობდნენ, თუკი ხელთ ექნებოდათ გარკვეული მაგიური ნივთები, რაც მათი უძლეველობის გარანტია იქნებოდა. ასეთ ნივთთა რიგს მიეკუთვნებოდა გრაალის თასი და ეგრეთ წოდებული „ბედის შუბი“ – ანუ მესიის მახვილი. 1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ გრაალის თასი აღმოვაჩინეთ, ხელთ გვიპყრია და განგების რჩეულნი ვართო. თავისი სიტყვების დასტურად კი, ეს ნივთი ფაშისტებმა ბერლინში, რაიხსკანცელარიის ჰოლში გამოფინეს სამი დღით და მას გოლიათური აღნაგობის „ესესელთა“ კბილებამდე შეიარაღებული ასეული იცავდა. სამი დღის მერე ეს ნივთი ფაშისტებმა გადამალეს.
1939 წლის თებერვალში ლავრენტი ბერიამ თავის კაბინეტში მიხმო და პირისპირ მითხრა:
– ახლახან სტალინთან ვიყავი. მას ჩემთან ორსაათ-ნახევრიანი საუბარი ჰქონდა და უაღრესად საიდუმლო, საპასუხისმგებლო დავალება მომცა, რომლის შესახებაც თვით პოლიტბიუროს წევრებმაც არაფერი უნდა იცოდნენ. ერთი სიტყვით, პატრონი (პოლიტბიუროს წევრები და მასთან დაახლოებული პირები სტალინს პატრონსაც უწოდებდნენ) ჩახლართულ პოლიტიკურ კომბინაციას გეგმავს ჰიტლერის მონაწილეობით და ფიურერის მასში ჩათრევა ჩვენ გვევალება. ამიტომ, ისე უნდა შევასრულოთ, როგორც ეს სტალინს სურს. ხომ იცი, პაველ, რომ მცირე შეცდომაც და – თავები არ შეგვრჩება მხრებზე.
– გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ. რაშია ჩვენი ამოცანა და რა უნდა გავაკეთოთ? – ვუთხარი ბერიას.
ბერიამ კაბინეტში გაიარ-გამოიარა. ბოლოს ჩემ წინ შეჩერდა და მითხრა:
– როგორც ცნობილია, ჰიტლერი ჭკუას კარგავს მისტიკაზე. მაგიური ნივთების მოძიებითაა დაკავებული და მათ მძებნელთა ექსპედიციებში მილიონობით მარკას ხარჯავს. ხომ გახსოვს, ამას წინათ გრაალის თასი რომ გამოფინეს რაიხსკანცელარიაში?
– დიახ. მახსოვს, – გამეცინა მე და დავაყოლე, – როგორც ბერლინიდან ჩვენი რეზიდენტურა გვატყობინებს, ფიურერი ახლა „ბედის შუბის“ ძიებითაა დაკავებული, რომ აბსოლუტური სამხედრო ძლიერება მოიპოვოს.
ბერიამ გაიცინა და მითხრა:
– თითქოს ჩემს გულში იჯექიო. სწორედ „ბედის შუბი“, იგივე „მესიის მახვილი“ უნდა ვაპოვნინოთ ჰიტლერს, რომ მან თავისი სამხედრო უძლეველობა ირწმუნოს და ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურა დაიწყოს.
შემდგომ ბერიამ უფრო დაწვრილებით მომითხრო საქმის ვითარება და გეგმაც გამაცნო, რომელსაც კოდური სახელწოდება – ოპერაცია „მესიის ცრუ მახვილი“ ეწოდა...“
საბჭოთა დაზვერვის ცნობილი გენერლის ჩანაწერებთან ერთად, ამ ბოლო დროს განსაიდუმლოებული საბუთებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ბერიას მიერ მართულმა საბჭოთა დაზვერვამ ფაშისტური რაიხის ფიურერი ადოლფ ჰიტლერი პირწმინდად გააბითურა. მას (ჰიტლერს) „მეცნიერულად დასაბუთებული“ ინფორმაცია ჩაუგდეს ხელში იმის თაობაზე, რომ „მესიის მახვილი“ (ბედის შუბი) ტიბეტში, ერთ-ერთი მიუვალი კლდის საიდუმლო გამოქვაბულში იყო გადამალული და რომ მასზე „ენკავედეც“ ნადირობდა, რადგან ამ ნივთით თავად სტალინი იყო დაინტერესებული... პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ეგრეთ წოდებული „ბედის შუბი“, ანუ „მესიის მახვილი“, ერთმა მოხუცმა მჭედელმა უძველესი ქართული ტექნოლოგიით საქართველოში გამოჭედა. შემდეგ კი, ეს ნაკეთობა ჩვენი უწყების ქიმიკოსებმა სპეციალური ტექნოლოგიითა და ხსნარებით დააძველეს და უკვე მზა პროდუქცია ჩვენ გადმოგვცეს. ჩემმა ხელქვეითებმა კი „მესიის მახვილი“ საიდუმლოდ ჩაიტანეს ტიბეტში და ერთი მიუვალი კლდის გამოქვაბულში გადამალეს. ოპერაციის ბოლო ეტაპზე კი, „ენკავედეს“ მეცნიერთა მიერ გაშიფრული „ბედის შუბის“ ზუსტი ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი საბუთები ფაშისტურ დაზვერვას „ჩაუვარდა“ ხელში. ფიურერის ბრძანებით, ტიბეტში საგანგებო „ზონდერკომანდის“ ქვედანაყოფი გაიგზავნა და „მესიის მახვილი“ მესამე რაიხის დედაქალაქში უაღრესად საიდუმლო ვითარებაში ჩაიტანეს და ადოლფ ჰიტლერს მიართვეს...“
სწორედ „მესიის მახვილის“ ხელში ჩაგდების მერე გახდა ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მძაფრად აგრესიული, მისი (ჰიტლერის) რიტორიკა კი – ბევრად უფრო თავვხედური და მოურიდებელი. მთელი რიგი მცირე ოკუპაციების შემდეგ, ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა და მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს, „მესამე რაიხის“ ცნობილი მკვლევარი, დასავლეთ გერმანელი პროფესორი კონრად ვერნერი თავის სტატიაში – „ჰიტლერის მისტიკური ისტორია“, წერდა: „ადოლფ ჰიტლერი მისტიკაზე იყო ჩაციკლული. საბედისწერო გადაწყვეტილებებს „ვარსკვლავთმრიცხველთა“ რჩევებით იღებდა. ეს კარგად იცოდა სტალინმა, ამ უაღრესად ეშმაკმა და შორსმხედველმა პოლიტიკოსმა. ამიტომ, მან (სტალინმა) თავის მარჯვენა ხელს, საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელს, ლავრენტი ბერიას დაავალა ჰიტლერის პროვოცირების ოპერაცია და მას მერე, რაც ფიურერი „ენკავედეს“ მიწოდებულ „მესიის მახვილს“ დაეუფლა, ევროპა მეორე მსოფლიო ომის ცეცხლმა მოიცვა და სტალინს გზა გაეხსნა ევროპის გასაწითლებლადო...“
ოპერაცია „მესიის ცრუ მახვილი“ ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებულ და შესრულებულ საიდუმლო ოპერაციათაგან ერთ-ერთი ყველაზე გლობალური, პოლიტიკურად გარდამტეხი და მახვილგონივრული იყო. ბერიას ბიოგრაფიის მკვლევარი, ამერიკელი პროფესორი უორენ კოენი წერს: „ლავრენტი ბერია ხორცშესხმული ეშმაკი იყო. მას კარგად ორგანიზებული, ღრმად კონსპირირებული საიდუმლო სამსახური ჰყავდა და პრაქტიკულად, ყოვლისშემძლე ორგანიზაციას ედგა სათავეში. ბერიას დამსახურება იყო ჰიტლერის პროვოცირება და „ვერმახტის“ მძლავრი მანქანის ამოქმედება. შემდეგ კი, იმავე აგრესიული ძალის განადგურება და „განმათავისუფლებლების დროშით“ თავისუფალი ევროპის დაკავება და სოვეტიზაცია...“
პროფესორ კოენის მოსაზრებას არაერთი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა და შეგვიძლია, დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ მას. თუმცა, ერთი რამ უდავოა – ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ფაშიზმის დამარცხებასა და პროსაბჭოური, სოციალისტური ბლოკის შექმნაში, რომელმაც მსოფლიო ერთპოლარულიდან ორპოლარული გახადა და დედამიწაზე სტაბილურობა შეინარჩუნა.
скачать dle 11.3