№26 როგორ დაეხმარა სტალინი ჰიტლერს აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებაში
მსოფლიო ისტორიაში არაერთი ამოუხსნელი თუ შეფარული საიდუმლო არსებობს. ბევრ მათგანს უკვე აეხადა ფარდა და ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისთვის. ზოგიერთი კი დღემდე ბუნდოვანებითაა მოცული. ასეთ ფარდაახდილ ისტორიულ მოვლენათა რიგს მიეკუთვნებოდა, ეგრეთ წოდებული, „გრძელი დანების ღამე“, რომელიც 1934 წლის 30 ივნისს განხორციელდა ფაშისტურ გერმანიაში და ჰილტერის ერთპიროვნულ, შეუზღუდავ მმართველობას დაუდო სათავე. 2015 წლამდე ზემოხსენებული აქცია მთელს მსოფლიოს ჰიტლერისა და კომპანიის ექსკლუზიური ნამუშევარი ეგონა და ფიქრშიც კი არავის გაუვლია, რომ ეს აქცია, სხვაგვარად კი, ფაშისტური „ბართლომეს ღამე“, ფაშისტმა ფიურერმა საბჭოთა ბელადის რჩევით განახორციელა. რას მოწმობენ ის განსაიდუმლოებული საბუთები, რომლებიც საბჭოთა უშიშროების საიდუმლო არქივებში ინახებოდა და მხოლოდ 3 წლის წინ იხილეს დღის სინათლე. პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პეტრე კრავიცკი წერს: „დაუჯერებელი, მაგრამ აშკარა ფაქტია, რომ ჰიტლერისა და მისი მომხრეების მიერ მოწყობილი ფაშისტური „ბართლომეს ღამე“, იგივე „გრძელი დანების ღამე“, რომლის დროსაც ლიკვიდირებული იქნა ერნსტ რომი და კომპანია, ფაშისტმა ფიურერმა საბჭოთა ბელადის „მოწოდებით“ განახორციელა. ეს ისევე ძნელად აღსაქმელი ფაქტია, როგორც ის, რომ სტალინი ყოველმხრივ უწყობდა ხელს ჰიტლერის აღზევებას და მას მეორე მსოფლიო ომისკენ უბიძგებდა. ეს კი საბჭოთა ბელადს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიოს დიდი ნაწილის „სოვეტიზაცია“ (გასაბჭოება) მოეხდინა. „გრძელი დანების ღამე“ კი, ამ „პროექტის“ განხორციელების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და საბჭოთა ბელადის შორსმიმავალ, სტრატეგიულ გეგმაში ჯდებოდა. 1934 წელს ამ გეგმის განხორციელებას ფაშისტ მოიერიშეთა მილიონიანი არმიის შეფი, ერნსტ რემი აღუდგა წინ და სტალინმაც მაშინვე მიაწოდა ადოლფ ჰიტლერს მისი მოშორების აუცილებლობის იდეა...“
ერნსტ რემი პროფესიონალი სამხედრო იყო, ადამიანი, ვინც მომავალი ფიურერი აღმოაჩინა და დიდი ბიძგი მისცა ფართო პოლიტიკაში. რემი, ისევე როგორც იმ პერიოდის სხვა გერმანელი ნაციონალისტი, რევანშის ჟინით იყო შეპყრობილი და ყოველმხრივ ცდილობდა სამაგიეროს გადახდას იმ დამამცირებელ დამარცხების გამო, რომელიც მისმა სამშობლომ პირველ მსოფლიო ომში განიცადა. ჰიტლერის „გაქაჩვის“ პარალელურად, რემმა შექმნა მოიერიშეთა შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი და დისციპლინირებული მილიონიანი არმია, რომელიც თავდაპირველად ნაცისტური მოძრაობის დამცველთა ფუნქციას ასრულებდა. თუმცა, უკვე ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, რემმა თავის მოიერიშეებთან ერთად შეიარაებული ძალების ფუნქციის აღება სცადა და ჰიტლერს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა... გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ჰიტლერი არჩევნის წინაშე დადგა და მერყეობდა. ვერ გადაეწყვიტა, შეესრულებინა რემის მოთხოვნა და „მოიერეშეებისთვის“ არმიული ფუნქციები მიენიჭებინა, რითაც კადრის გენერლებსა და ოფიცრებს ჰკრავდა ხელს, თუ ეს ფუნქცია „რეიხსვერისთვის“ (გერმანიის ფაშისტური არმია) დაეტოვებინა? პრობლემა, მოულოდნელად სწრაფად და ოპერატიულად გადაიჭრა. მივიღეთ „გრძელი დანების ღამე“ და ფაშისტების ამ „ბართლომეს ღამეს“ რემი და კომპანია სიცოცხლეს გამოემშვიდობნენ და წარსულს ჩაბარდნენ. ჰიტლერმა კი თავისი ძალაუფლება აბსოლუტური გახადა და სრული კარტ-ბლანში მიიღო...“
როდესაც გენერალი ვოლკოგონოვი ამას წერდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განსაჯაროებული მთელი რიგი საიდუმლო მასალებისა, რომელთა მიხედვით ნათელი ხდება, რომ მოულოდნელად, სწრაფად და ოპერატიულად გადაჭრილი რემის პრობლემა ფიურერს საბჭოთა ბელადმა საიდუმლოდ მიაწოდა და მას მომავალში მხარდაჭერაც აღუთქვა... „ენკავედეს“ კომისრის, ვალენტინ შვარცის საიდუმლო პატაკში სტალინისადმი, რომელიც 1934 წლის 14 ივნისითაა დათარიღებული, ვკითხულობთ: „ამ წლის 13 ივნისს ფიურერს პირისპირ შევხვდი. სამი საათი ვესაუბრე და თქვენი მოსაზრებები გავაცანი ზემოხსენებული პრობლემის თაობაზე. მან ყურადღებით მომისმინა, მაგრამ კონკრეტული არაფერი უთქვამს. თქვენი მხარდაჭერის გამო კი, თქვენთან დიდი მადლობა დამაბარა, იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული პრობლემების გადაჭრის შემდეგ აუცილებლად მოხდება თქვენთან კონფიდენციალური შეხვედრა ძალიან ვიწრო წრეში...“
1941 წლის ივლისის დასაწყისში კომისარი ვალენტინ შვარცი სამშობლოს ღალატისთვის ლუბიანკის სარდაფში დახვრიტეს. მის საქმეში კი ეწერა – ფაშისტური გერმანიის ჯაშუში იყოო, რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა და სავარაუდოდ, ის „ენკავედეს“ წმენდას შეეწირა, რომელიც მტრის აგენტების განადგურებით იყო დაკავებული და იდეალურ კანდიდატურას წარმოადგენდა ასეთი როლისთვის. შვიდი წლით ადრე კი, კომისარი შვარცი, ფაქტობრივად, შუამავალი იყო ორ დიქტატორს შორის და უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებდა, რომლის ჭეშმარიტი დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ სტალინმა უწყოდა ბოლომდე. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ სტალინი უბიძგებდა ჰიტლერს მომავალი დიდი მისიისკენ, რომელიც სტალინს უნდა შეესრულებინა და ამ შემთხვევაში ჰიტლერი მისთვის მხოლოდ დამხმარე საშუალება იყო. მწერალი ედუარდ რაძინსკი წერს: „სტალინს ჰიტლერი დიადი მიზნის შესასრულებლად სჭირდებოდა და საბჭოთა დიქტატორმა სანიმუშოდ განახორციელა ეს გეგმა. დიადი მიზანი კი, ნაცი ჰიტლერის ხელით ევროპული კაპიტალიზმის ძირის გამოთხრა იყო. შემდგომ კი – თავად ჰიტლერის მოშორება, განადგურებული ევროპული კაპიტალიზმის ქვეყნების ტერიტორიის დაკავება და მათი „გაწითლება“, რაც 1945 წელს რეალობად იქცა...“
მიუხედავად ომისა თუ ბინძური პოლიტიკის მთელი სისასტიკისა, არ შეიძლება, აღტაცებაში არ მოხვიდეთ სტალინის პოლიტიკური გენიით, მისი შორსმჭვრეტელობითა და სტრატეგიულ-ტაქტიკური ღრმა განსწავლულობით, რისი წყალობითაც ამ ადამიანმა გლობალური ისტორიული მისია შეასრულა და მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც სტაბილურობა მოუტანა სამყაროს. დიდი უინსტონ ჩერჩილი სტალინზე წერდა: „იოსებ სტალინი პლანეტარული ადამიანი იყო. ის ყოველგვარი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იდგა და იმ კაცობრიულ მისიას ასრულებდა, რომელიც მხოლოდ მას დააკისრა განგებამ და ჩვენ, უბრალოდ, ვეხმარებოდით მას...“
ძნელია, არ დაეთანხმო ჩერჩილს სტალინის შეფასებაში, მით უმეტეს, რომ მკაცრი დაპირისპირების მიუხედავად, ისინი ერთად ქმნიდნენ იმ ახალ პოლიტიკურ რეალობას, რომელზეც დღევანდელი მსოფლიო დგას და ვითარდება.