№26 აბზინდის საოცარი თვისებები
სამკურნალოდ გამოიყენება აბზინდის ღეროები, ყვავილები და ფესვებიც კი. საუკეთესო ეფექტი აქვს ნედლ აბზინდას, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა ხმელიც. გრილსა და ბნელ ადგილას ის ორი წლის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ.
აბზინდის პრეპარტები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას, აუმჯობესებენ მადასა და საკვების მონელებას; ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას და ნაღვლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას.
აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ტკივილის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ანემიის დროს. აბზინდის ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან.
აბზინდის წვენი ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, კარგია სისხლჩაქცევებისა და დაჭიმულობისგან გასათავისუფლებლად, ასევე ხსნის დაძაბულობას. გამოიყენება დამწვრობის, ეგზემის, რევმატიზმისა და ასთმის სამკურნალოდ. თვალის ანთების სამკურნალოდ და მაშინაც, როცა სისხლჩაქცევები და რევმატიზმები გაწუხებთ. კარგია მისი ლოსიონები და კომპრესები.
აბზინდას აქვს სხვადასხვა დაავადებების შედეგად დასუსტებული და დანგრეული ორგანიზმის აღდგენის უნარი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ხელმისაწვდომი და ბუნებრივი საშუალება ჩირქოვანი ინფექციების, წვრილი ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველისა და კანის დაავადებების, ალერგიის, ჭინჭრის ციების, ეგზემის, ფსორიაზისა და ასე შემდეგ, სამკურნალოდ. თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო იქნება აბზინდის ნაყენის აბაზანები, რაც ასე მზადდება: ერთ ჩაის კოვზ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ ათი წუთი და შეიდეგ დაამატეთ აბაზანის წყალს.
აბზინდის ნახარშს და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში. აბზინდა ტკივილგამაყუჩებელია ძარღვების დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმისა და ანთების დროს. მის ნაყენს იყენებენ კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ხოლო მის წვენს – ბრონქიალური ასთმის, ეგზემის, რევმატიზმის, ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, ასევე უძილობისას. ნიკრისის ქარისა და რევმატიზმების დროს იკეთებენ აბაზანებს.
აბზინდა დაგეხმარებათ, ასევე, ორგანიზმის ჭიებისა და პარაზიტებისგან გაწმენდაში. არსებობს რამდენმე პოპულარული რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ აბზინდა ჭიების წინააღმდეგ სამკურნალოდ.
აიღეთ აბზინდა, მიხაკი და სელის თესლი (ფხვნილის სახით): ყველა ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს – ნახევარი ჩაის კოვზი, აურიეთ ის ერთ ჭიქა სტაფილოს წვენში და მიიღეთ დღის განმავლობაში. ის ნამდვილად დაგეხმარებათ ჭიების თავიდან მოცილებაში. უფრო ეფექტური იქნება თუ მიიღებთ დღეში სამჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს რეცეპტი დაგეხმარებათ, ასევე, ზედმეტი წონის მოცილებაში.
აბზინდის ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ ორი სუფრის კოვზი გამხმარი ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში. ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ გააჩერეთ 45 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (1 ჩაის ჭიქა). შეინახეთ გრილ ადგილას არა უმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
აბზინდის უკუჩვენებები: არ შეიძლება მისი გამოყენება დიდი დოზით და ხანგრძლივად, მაგალითად, რამდენიმე თვე. ამან შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე, გამოიწვიოს ჰალუცინაცია, ასევე ინტოქსიკაცია, პირის ღებინება, თირკმლის უკმარისობა. მკურნალობის კურსი ორ კვირას არ უნდა აღემატებოდეს. მისი გამოყენება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში თუ თქვენი ორგანიზმი სხვა მხრივ ნორმალურ მდგომარეობაშია და სერიოზული პათოლოგიები არ გაწუხებთ.
ბოლოკი – სიმსივნის წინააღმდეგ
იისფერი კენკრა, ხილი თუ ბოსტნეული ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას. ამ ფერის ნაყოფი შეიცავს განსაკუთრებულ პიგმენტებს –
ანტოციანინებს, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. ბოლოკისა და შავი სტაფილოს ანტოციანინები 80 პროცენტით ანელებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, იისფერი სიმინდისა და ნიუკას პიგმენტები კი, მთლიანად აჩერებს ამ პროცესს და ამავე დროს, ჯანმრთელი უჯრედების დაუზიანებლად ანადგურებს სიმსივნური უჯრედების თითქმის 20 პროცენტს. საცდელ ვირთაგვებს, რომლებსაც რეგულარულად კვებავდნენ ნატურალური იისფერი პროდუქტებით, ონკოლოგიური პათოლოგიის სიმპტომები 70 პროცენტით შეუმცირდათ. იისფერ ბუნებრივ პროდუქტებს შორის ბოლოკს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ბოლოკში ბევრი უჯრედისია, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, აკავებს მიკროორგანიზმების ზრდას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაგრებს კაპილარებს.
ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, აადვილებს მონელებას, ნაწლავების დაცლას. ბოლოკის შემცველ სალათებს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელებისა და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად.
ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინით, C ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. აგრეთვე, უხვად შეიცავს, ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. დამახასიათებელი გემო, მდოგვის ზეთების შემცველობითაა განპირობებული.
ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის. მისი ძირნაყოფის რეგულარული გამოყენება მატებს მხნეობას, აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ბოლოკის განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკების – ფიტონციდების წყაროა, ამიტომ მისი ძირხვენები შეიძლება, ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ.
თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ სტაფილოს წვენთან ერთად. შეგიძლიათ, მას მწიკვი მარილიც დაუმატოთ. ნაზავი დალიეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ. ეს წვენი კარგია სისხლნაკლებობის დროსაც.
განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთმოსხმული ბოლოკი. ხოლო იმ სალათებს, რომელშიც ბევრი კამა, ოხრახუში და სხვა სანელებლებია, ორგანიზმი იოლად ითვისებს.
სასარგებლო და საკვებად ვარგისია ბოლოკის ფოჩებიც. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ისინი ძირხვენებს არ ჩამოუვარდება, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სალათებში, წვნიანებში, მოშუშოთ ან უმად მიირთვათ.
ბოლოკი ამოსახველებელი საშუალებაა თაფლთან ან შაქართან ერთად. აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. საუკეთესოა კუჭის შეკრულობისას. შეიცავს ფერმენტებს, მინერალურ ნივთიერებებს, დიდი რაოდენობით – პურინულ ნივთიერებებს. ამიტომ, თუ ადამიანი დაავადებულია წყლულით, გასტრიტით, ფაღარათით, პოდაგრით, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებით მისი მიღებისას სიფრთხილე გვმართებს.
რა არის ატოპიური დერმატიტი და როგორ უნდა დაიცვათ მისგან თავი
ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება: კანის სიწითლით, სიმშრალით, ქავილით, აქერცვლით, მცირე შეშუპებით და ექსკორაციებითაც კი; ატოპიური დერმატიტი იყოფა სამ პერიოდად: ახალშობილთა, ბავშვთა და მოზრდილთა. ახალშობილთა ფორმა აღინიშნება 2 წლამდე ასაკში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კიდურების გამშლელი ზედაპირები და თავი. ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას მეტად მნიშვნელოვანია კანის დატენიანება. ამისთვის გამოიყენება სპეციალური დამატენიანებელი და დამარბილებელი მალამოები, ლოსიონები, კრემები.
მნიშვნელოვანია კანის ყოველდღიური ჰიგიენა, ყოველდღიური აბაზანა 10-15 წუთის განმავლობაში; კანის დატენიანება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ხოლო ზაფხულის პერიოდში – 2-ჯერ დღეში. ალერგიულ პაციენტებში მნიშნვნელოვანია, აგრეთვე, ალერგენის შეზღუდვა ან სრულად ამოღება – კვებითი ალერგენის შემთხვევაში; გამღიზიანებელი ფაქტორების არიდება, როგორიცაა: ზოგიერთი საპნები, კლიმატური ფაქტორი, თამბაქოს კვამლი, სტრესი და სხვა; სწორი მკურნალობისას პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
ატოპიური დერმატიტი მწვავდება უპირატესად შემოდგომასა და ზამთარში, როცა გარემო ტემპერატურა ვარდება, ხოლო საყოფაცხოვრებო ფართებში ირთვება გათბობის სისტემა და იწყება კანის გამოშრობის პროცესი; მისი სტრუქტურა და წყლის ბალანსი დარღვეულია. ეს კი მიგვითითებს კანის განსაკუთრებული მოვლის აუცილებლობაზე.
ატოპიური დერმატიტი მშობლისა და მკურნალი ექიმის მხრიდან მოითხოვს მართვას. ატოპიური დერმატიტი არის კანის სიმშრალით განპირობებული დაავადება და შესაბამისად, მთავარია კანის სიმშრალესთან ბრძოლა. სწორად მოვლილი და დატენიანებული კანის შემთხვევაში, გამწვავების ეპიზოდები მინიმუმამდეა დაყვანილი და რაღაც პერიოდის შემდეგ პაციენტს ავიწყებს კიდეც თავს. ატოპიური დერმატიტის დროს მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ინფორმირება დაავადების არსის შესახებ, რათა მან გაუადვილოს და გაუუმჯობესოს შვილს ცხოვრების ხარისხი; აღსანიშნავია, აგრეთვე, არასპეციფიკური სარეცხი საშუალებების გამოყენება ბავშვთა ასაკის მიხედვით. მნიშვნელოვანია ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სამოსის გამოყენება, ყოველდღიური ჰიგიენა, აბაზანის მიღების დროს წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, მნიშვნელოვანია ფრჩხილების მოვლა, სტრესისა და ალერგენების არიდება, სწორი კვების რეჟიმის შერჩევა, საყოფაცხოვრებო ფართში ჰაერის დატენიანება.
რა იწვევს უძილობას და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას
პარასკევს ან შაბათ საღამოს, ჩვეულებრივ, უფრო გვიან ვიძინებთ, მაგრამ იდეალური იქნება თუ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დავიძინებთ. ეს
„სოციალურ ჯეტლაგთან“ (კვირის სამუშაო და გამოსასვლელ დღეებში ძილის განსხვავებული ხანგრძლივობა) გამკლავებაში დაგვეხმარება. რაც მეტია განსხვავება, მით უფრო მავნეა ეს ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანმა „სოციალურმა ჯეტლაგმა“ შეიძლება გაზარდოს გულის შეტევების ალბათობა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემები. თუ ორგანიზმი გამოსასვლელ დღეებში უფრო დიდხანს გთხოვთ ძილს, ეს ძილის უკმარისობის სიგნალია.
გაჯეტებიდან და ნოუთბუქებიდან წამოსული ინტენსიური ლურჯი სინათლე ხელს უშლის დაძინებას, ახდენს ჰორმონ მელატონინის წარმოქმნის ბლოკირებას. ამ უკანასკნელს ჩვენი სხეული ძილისთვის მოსამზადებლად გამოიმუშავებს. ამიტომ დაძინებამდე ერთი საათით ადრე, გამორთეთ ნოუთბუქი და გადადეთ გვერდზე ტელეფონი. თუ ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ სპეციალური სათვალე, რომელიც სინათლის სპექტრის ლურჯ სხივებს ბლოკავს ან გადმოტვირთეთ ტელეფონზე ლურჯი ნათების დამბლოკავი აპლიკაცია. ეს არა მარტო ლურჯ სინათლეს, არამედ სინათლის სხვა ხელოვნურ წყაროსაც ეხება. უმჯობესია, საძინებელში გქონდეთ სქელი ფარდები, სრული სიბნელის უზრუნველსაყოფად. საერთოდ კი, ლეპტოპებმა და სმარტფონებმა ჩვენი საძინებელი დასვენების სივრციდან გასართობ ოთახად აქცია. თუ გამოძინება გსურთ, თქვენი საძინებელი ისევ ძილის ზონად უნდა იქცეს. ტელეფონები, ნოუთბუქები და მსგავსი გაჯეტები საერთოდ არ უნდა შეიტანოთ საძინებელში. მაღვიძარას როლი კი უმჯობესია, ისევ საათმა შეასრულოს.
ჩვენი ბუნებრივი ბიორიტმები უნდა ემთხვეოდეს მზის ამოსვლასა და ჩასვლას, თუმცა უმეტესობა დილას მცირე და საღამოს ბევრ სინათლეს ღებულობს. მეტი მზის სინათლე, დილით სირბილი, საძინებელში მეტი მზის სხივის შემოშვება საღამოს დაძინებას გააადვილებს.
ცნობილია, რომ საღამოს ფინჯანი ყავა ძილს ნამდვილად არ უწყობს ხელს, თუმცა ბევრმა როდი იცის, რომ კოფეინის შემცველი სასმელები – ჩაი, „კოკა-კოლა“ ასევე აუარესებს ძილის ხარისხს. კოფეინი ორგანიზმში ნარჩუნდება 5-9 საათი.
შეიძლება თუ არა ძილის წინ ღვინის დალევა?
ბევრისთვის ძილის წინ, სირჩა კონიაკი ან ჩაის ჭიქა ღვინო ღამის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. ექსპერტების აზრით, ალკოჰოლი არ აუმჯობესებს ძილს. ის უცნაურ ეფექტს იძლევა. ერთის მხრივ, მისი მიღების შემდეგ ადვილდება ჩაძინება, მაგრამ მეორეს მხრივ, ხშირია ღამით გამოღვიძება. ამასთან, ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს ძილის ხარისხზე.
მშობლები ამას ბავშვებთან აკეთებენ – ჯერ ავახშმებენ, აბანავებენ, შემდეგ აწვენენ საწოლში და უკითხავენ ზღაპარს. თქვენც შეგიძლიათ ძილის წინ წაიკითხოთ წიგნი, მიიღოთ აბაზანა ან მოუსმინოთ სასიამოვნო, წყნარ მუსიკას. ასეთი რეჟიმით უფრო ადვილია დაძინება. სრულფასოვანი ძილის შანსი შეიძლება გავზარდოთ, თუ ერთსა და იმავე დროს ვივახშმებთ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მნიშვნელოვანია საძინებელში იყოს სიგრილე. დაბალ ტემპერატურაზე ორგანიზმი უფრო ადვილად იძინებს.