№26 რატომ მისცა გურამ პატარაიამ მსახიობებზე მეტი ჰონორარი ძაღლს და რა ხრიკებით მოიგო მან ირანის შაჰის გული
გურამ პატარაია პირველი ქართველი რეჟისორია, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართული კინოდოკუმენატალისტიკის ახალ ჟანრს – საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე ქართული კულტურის კერების კვლევასა და კინოფიქსაციას… დღემდე პოპულარობით სარგებლობს მისი მხატვრული ფილმები: „რეკორდი“, „კუჩხი ბედინერი“, „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“. აგრეთვე, იგი გახლდათ, სცენარის ავტორი ფილმისა „თოჯინები იცინიან”.
რეჟისორის შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი მაინც „კუჩხი ბედინერს“ უკავია. ფართო საზოგადოებამ იგი მაინც ამ ფილმით გაიცნო და შეიყვარა. ამიტომ ორიოდე სიტყვით ფილმზე: მთავარი, მეკვლეს, როლი თავის მეგობარს, ცნობილ მოქანდაკეს, ჯუნა მიქატაძეს მისცა (სპორტის სასახლესთან მდგარი ქანდაკების, „ბიჭუნა ფოთოლით” ავტორი და მსახიობ გია ფერაძის სიმამრი – ავტორი). ბევრი ყოყმანის შემდეგ ფილმში მისი დებიუტი შედგა. მეორე მთავარი როლის შემსრულებელი, ბროლია, რომელსაც ყველაზე დიდხანს ეძებდა და რომელმაც ფილმის დასრულების მერე მსახიობებზე მეტი ჰონორარი აიღო, რეჟისორს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოუყვანია. ფილმი ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობებით დააკომლექტა. მიაჩნდა, რომ ისინი ყოველთვის უკეთ ხვდებიან, რა უნდა რეჟისორს, ვიდრე პროფესიონალი მსახიობები. ალბათ, ამიტომაც, გადაღებებზე მათთან კონფლიქტი ან განსაკუთრებული შენიშვნები არ ჰქონია. პირიქით, მთელი ფილმი იმდენად სახალისო ვითარებაში გადაუღიათ, ხანდახან ოპერატორი იძულებული იყო გაჩერებულიყო. მაწაკი მეგრელი ქალის როლზე კი, მუსკომედიის მსახიობი ციალა გურგენიძე შეირჩა, რომელმაც მეგრული არ იცოდა და ვიღაცები მოჰყავდათ, რომ მეგრული ესწავლებინათ. ფილმისთვის იაკობ ბობოხიძის სიმღერა შეირჩა გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე.
ახლა, გურამ პატარაიას ბიოგრაფიულ და შემოქმედებით სხვა ფურცლებსაც გადავავლოთ თვალი.
…გურამი 1928 წლის 14 თებერვალს დაიბადა (ავტორი – თ. მიქაძე). პატარაიების ოჯახი თბილისში, ბაქრაძის ქუჩა ¹11-ში ცხოვრობდა. მამა – ვასო
პატარაია დრამატული, სკეტჩებისა და იუმორისტულ-სატირული წიგნების ავტორი იყო. ქართულ ესტრადაზე ცნობილი მსახიობების მონაწილეობით მისი 500-ზე მეტი სკეტჩი შესრულდა. დედა – ქეთევან სულხანიშვილი კი, დიდი ეროვნული მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟის, ნიკოს შვილიშვილი – დახვეწილი გარეგნობისა და შინაგანი კულტურის ქალბატონი იყო.
1969 წელს თეირანში ფერეიდნელი ქართველების გადასაღებად ექსპედიცია ჩავიდა. მასში შედიოდნენ: რეჟისორი გურამ პატარაია, ჟურნალისტი ლამარა ბოკერია, ირანისტი მაგალი თოდუა, ოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი. თეირანში გაირკვა, რომ შაჰის ნებართვის გარეშე ფერეიდანში ჩასვლა და გადაღება
შეუძლებელი იყო. ირაკლი ონოფრიშვილი იხსენებდა, რა სიძნელეების გადალახვა დასჭირდათ და როგორ შველოდათ გურამის გამჭრიახობა და მოხერხებულობა. ჯერ იქ მცხოვრები რეზო მიქელანის (მიქელაძის) წყალობით იპოვეს შუამავალი ბატონ შაფასთან, რომელიც იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, „სპარსეთის ისტორის“ ავტორი და, რაც მთავარია, მესამე კაცი სახელმწიფოში ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის შემდეგ. როდესაც აუდიენცია დაინიშნა, საქართველოდან ჩატანილი ძღვენით ესტუმრნენ მასპინძელს. ბატონ შაფას პატარა წვეულება გაუმართავს, გურამ პატარაიამ არ დააყოვნა, მიუხედავად იმისა, რომ არ სვამდა, სუფრის თავში მოექცა და გულის ამაჩუყებელი სადღეგრძელოების წარმოთქმა დაიწყო. განსაკუთრებით თბილად ბატონი შაფას მშობლები „შეუმკია“. ბატონი შაფა ჩუმად გასულია ოთახიდან, მამის ჩალმიანი პორტრეტი შემოუტანია და გურამისთვის ცრემლიანი თვალებით მიუმართავს, პირველი ადამიანი ბრძანდებით, ვინც მამაჩემი გაიხსენა და მისი მოსაგონარი შესვაო. ამ სადღეგრძელოს წყალობით შემოქმედებითი ჯგუფი
ორჯერ მოხვდა ნიავარანის სასახლეში. მათ გადაიღეს ირანის შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი და დედოფალი ფარადიბა. ამ შემთხვევითაც ისარგებლა გურამმა, დედოფალს იქვე სთხოვა ფერეიდანში ჩასვლისა და გადაღების ნებართვა. ფარადიბამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა. რამდენიმე დღეში გადაღების უფლებაც მიიღეს და სიხარულით გაემგზავრნენ ფერეიდანში, სადაც შეიქმნა ქართული დოკუმენტური ფილმი „შორია გურჯისტანამდე“. გურამ პატარაიას დღიურიდან: „1969 წელი. 15 მაისი. იმთავითვე ჩვენი მიზანი იყო სირია-იორდანიის ქართული ძეგლების გადაღება და რაც მთავარია, სანდერსის მიერ მითითებული მეთორმეტე საუკუნის ხელნაწერის მიკვლევა. ეს სანდერსი ამერიკელი მეცნიერია, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი მონასტრის სხვენზე ქართული ხელნაწერი იპოვა და მისი თავფურცელი გადაიღო. დიარბექირში ერთი კვირა დავყავით. რამდენიმე მონასტერში ჩვენი კვლევა უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს სანდერსის ცნობის ჭეშმარიტებაში ეჭვიც კი შეგვეპარა, რომ ეკლესიის სარდაფში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული ხელნაწერი, ამის შესახებ გვითხრა სრულიად შემთხვევით გაცნობილმა სათავსოს მცველმა. ბნელ სარდაფში, პირდაპირ იატაკზე რამდენიმე ათეული ხელნაწერი იდო. ეს იყო სირიული, გვიანდელი ხელნაწერები. მხოლოდ ერთი აღმოჩნდა საკმაოდ ძველი სავალალო მდგომარეობაში. ეს იყო ქართული მანუსკრიპტი. სწორედ ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდით. სწორედ ის, რომელიც სანდერსმა გადაიღო და ელენე მეტრეველს გადასცა. სწორედ ის, რომელიც დიარბექირის ერთ-ერთი მონასტრის სხვენზე უნდა გვეპოვა და საპატრიარქო ეკლესიის სარდაფში აღმოჩნდა. შევეცადეთ ჩვენი აღელვება დაგვეფარა. ჩვენი სანუკვარი ხელნაწერი მცველმა 800 დოლარად დათმო. მოგვიანებით გავიგეთ, ასეთი ხელნაწერი ლონდონის აუქციონზე 50 000 დოლარად შეაფასეს. სარდაფიდან გაოგნებულები გამოვედით, გზისპირა სასაუზმესთან შევჩერდით. სულ იმას ვფიქრობდი, რა მოულოდნელად, უცნაურად მოვიპოვეთ ეს რელიკვია, ის, რაც დამპყრობელმა ნადავლის სახით წაიღო საქართველოდან. მე და ირაკლი გაშტერებულები შევყურებდით ერთმანეთს, საუზმე ხელუხლებელი იდო მაგიდაზე.”