№26 რატომ დადიოდა ზაზა სარალიძე შვილთან სკოლაში კრებებზე და ვინ უყვარდა მოკლულ დათუნა სარალიძეს
ზაზა სარალიძეს მძიმე ხვედრი ერგო – ექვსი თვეა, შვილმოკლული მამა შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს. მამას, რომლის სულისშემძვრელმა ხმამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში, გულგრილი არავინ დატოვა, რთული და გრძელი გზის გავლა უწევს. დათუნა სარალიძის მკვლელობა მისთვის დასასრულიც და დასაწყისიც ერთად იყო - დასასრული შვილის, რომლის სიცოცხლესაც 16 წლის ასაკში დაუსვეს წერტილი და დასაწყისი – მძიმე და მტანჯველი ბრძოლის, რომელშიც ზაზა სარალიძე უკან დახევაზე არ ფიქრობს.
ზაზა სარალიძე: იმ დღიდან ექვსი თვე გავიდა, დათუნაზე საუბარი მიჭირს. მე სამსახურში ვიყავი. საოჯახო ქიმიის დისტრიბუციაში ვმუშაობდი, დათუნას დამრიგებელმა დამირეკა, სასწრაფოდ სკოლაში უნდა მოხვიდეო. ცოტა გაოცებული დავრჩი, ვერ მივხვდი, სასწრაფოდ რატომ უნდა მივსულიყავი. სამი წელი იყო გასული, რაც ჩემი მეუღლე ისრაელში წავიდა სამუშაოდ, მას შემდეგ სკოლაში სულ მე დავდიოდი. ხან კრებაზე მივდიოდი, ხან რაღაცას პატარას დააშავებდა და დამიბარებდნენ ხოლმე. სკოლაში მისულს დამრიგებელმა მითხრა, რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ ბიჭებს და დათუნა ფეხშია დაჭრილიო. რესპუბლიკურ საავადმყოფოში რომ მივედი, ბავშვი, ფაქტობრივად, მკვდარი იყო. საღამოს, ოპერაციის შემდეგ, როდესაც ექიმებს დაველაპარაკეთ, მივხვდი, რომ ჩემს შვილს არაფერი აღარ ეშველებოდა. ხუთი-ექვსი ექიმი იყო, ვინც ოპერაცია ჩაატარა, იმედს არც ერთი არ მაძლევდა, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებდი, რომ ვაჟკაცურად გაუძლებდა. 1 დეკემბრის საღამო იყო, მაშინ ნახა ჩემი ღრიალი ყველამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში. მერე ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა – ჩემი მამიდაშვილიც ისრაელშია. მას დავურეკე და შევატყობინე, რაც გვჭირდა მან უთხრა ნათიას პირველად, რომ დათუნა ფეხში იყო დაჭრილი. როცა ნათია ჩამოვიდა და აეროპორტიდან სახლში წამოვიყვანეთ, მაშინ მიხვდა ყველაფერს. მერე მითხრა, ტანი ცუდს მიგრძნობდაო. სამი დღე არ შესულა იმ ოთახში, სადაც დათუნა ესვენა, ვერ ბედავდა. მის ოთახში, მის საწოლზე იწვა, დათუნას ტანსაცმელი ჰქონდა ჩახუტებული. მერე ძლივს გადავადგმევინეთ ეს ნაბიჯი, რომ საბოლოოდ მაინც ენახა თავისი შვილი და დამშვიდობებოდა. ამ თემაზე ახლაც არ ლაპარაკობს. რაც დრო გადის, მით უფრო გვიჭირს მის გარეშე, მონატრება არ გვასვენებს არც ერთს, თან, როცა ამხელა უსამართლობის წინაშე ვდგავართ.
– ამბობენ, რომ მამა-შვილს განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდათ და თქვენი მეუღლის საქართველოდან წასვლის შემდეგ სულ ერთად იყავით. როგორი ბიჭი იყო დათუნა სარალიძე?
– ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. არა მარტო მამა-შვილი, მეგობრები ვიყავით. ხასიათიც ერთნაირი გვქონდა, მე ახლა ვჩანვარ ემოციური, ამ ამბებმა გამხადა ასეთი, თორემ ასე არ ვიყავი. არ ვიცოდი, სად იყო სასამართლო, სად – პროკურატურა. დიღომში, პოლიციის შავ შენობას რომ ჩავუვლიდი, მეშინოდა ხოლმე. დათუნა ძალიან პატარა იყო, როდესაც ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, იქაური ჰავა დათუნას არ უხდებოდა, ცრუ კრუპი ემართებოდა ხოლმე. ორი წელი აქეთ-იქით დავდიოდი, სამსახურს ვერ ვტოვებდი, მერე მეც გადმოვედი. რადგან ახალი გადმოსულები ვიყავით, რაღაც საბუთები არ გვონდა წესრიგში და ბავშვის სკოლაში შეყვანა გაგვიჭირდა. იმ დროს ქირით ვცხოვრობდით, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა იმ სკოლაში მიყვანა და რაღაცნაირად მოვხვდით. მერე ნელ-ნელა დავფუძნდით, ქუთაისში სახლი გავყიდეთ და დიდ დიღომში ვიყიდეთ, ფეხზე ვიმართებოდით. ნათიას უცხოეთში წასვლამ მე და ჩემი შვილები უფრო დაგვაახლოვა. უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდი ბავშვებს, დათუნას და მარიამს. ფაქტობრივად, მარიამი იყო ჩვენი პატრონი – სახლი, სადილი, ვახშამი, ყველაფერს მარიამი უძღვებოდა, მეც ვეხმარებოდი. და-ძმას ერთმანეთთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდათ. მარიამი ძალიან დათრგუნულია, არ ლაპარაკობს ამ თემაზე, მაგრამ ძალიან განიცდის. რადგან დედამისი აქ არ იყო, დათუნა მთლიანად ჩემზე იყო „მოკრული“, ერთადაც ბევრს დავდიოდით, ახლა ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, უფრო მეტი რომ მოგვესწრო. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, არც მე ვუმალავდი არაფერს, რაც შეიძლებოდა ბავშვის დონეზე გადაწყვეტილიყო, რომ ჩემთან თვითონაც გულღია ყოფილიყო. არც დათუნა მიმალავდა არაფერს, ყველაფერი ვიცოდი, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა. ახლა რომ ამბობენ ხოლმე, ეს კონფლიქტი დიდი ხნის დაწყებული იყოო, გამორიცხულია. მსგავსი რამ რომ ყოფილიყო მეცოდინებოდა, არც სკოლას გამოეპარებოდა. თუ რამეს დააშავებდა ან დააგვიანებდა გაკვეთილზე, ან ცუდად მოიქცეოდა, მასწავლებელს ნერვებს მოუშლიდა და იცელქებდა, სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი მაშინვე მირეკავდა. ხშირად მეკონტაქტებოდა მისი დამრიგებელი. სულ ვიცოდი, კრება რა თემაზე ტარდებოდა ხოლმე. თუ სწავლაზე შენიშვნას მივცემდი, მეტყოდა, რაც მე მინდა, იმას ვსწავლობ, რაც არ მაინტერესებს, იმას ნუ დამაძალებო. ჩხუბითაც ვერ ვეჩხუბებოდი, ისეთ რამეს მეტყოდა, გამაცინებდა ხოლმე. დათუნას ექიმობა უნდოდა, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა. იმ საგნებში ემზადებოდა, რაც ჩასაბარებლად სჭირდებოდა. ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას სწავლობდა, სხვა საგნები დიდად არ უყვარდა. დათუნა ძალიან მხიარული, ხალისიანი იყო, კარგი იუმორი ჰქონდა, შეყვარებულიც ჰყავდა – თავისივე კლასელი გოგო. მისგან ვიცი, რომ დათო კლასში იყო, აღდგენითი საკონტროლო წერა უნდა დაეწერა, როცა დაუძახეს და გაიყვანეს. დათუნას სულ თამაშისკენ, სპორტისკენ მიუწევდა გული. დათუნას მეგობრები ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან. მერჩივნა, ჩვენთან სახლში ყოფილიყვნენ. საღამოობით ბიჭებთან ერთად კალათბურთს თამაშობდა, ფეხბურთიც უყვარდა. რაგბიზეც დადიოდა, მერე წელი ასტკივდა და ცოტა ხანს შეისვენა, რეაბილიტაციის შემდეგ ვარჯიშის გაგრძელებას გეგმავდა.
– ლევან დადუნაშვილიც მოდიოდა თქვენს სახლში დათუნას მეგობრებთან ერთად?
– დათუნა და ლევანი არ იყვნენ ძალიან ახლო მეგობრები, პარალელურკლასელები იყვნენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ლევანის დედისგან ვიცი, რომ ძალიან აფასებდა ჩემს შვილს, მოსწონდა, დიდი რომ იყო, გოლიათივით მოაბიჯებს სკოლაშიო, იძახდა თურმე. საუბედუროდ, ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდა. ჩვენ ვიყავით ლევანის დაკრძალვაზე, ისინიც მოვიდნენ ჩვენთან. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი და ლევანის მშობლების გზები გაიყო, როგორც ვიღაცები ლაპარაკობენ. უბრალოდ, ლევანის მკვლელი იდენტიფიცირებულია და დაკავებული, ჩემი შვილის – არა, ამიტომაც გვაქვს ბრძოლის სხვადასხვა გზა. ლევანის მშობლებს შეიძლება, სხვა პრეტენზია ჰქონდეთ, მაგალითად, ის, რომ მკვლელს მცირე სასჯელი მისცეს, მე სხვა პრეტენზია მაქვს. ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, დაანებე თავი ყველაფერს, ღმერთი ყველას გადაუხდის სამაგიეროსო. თავიდან მეც ისე ვიყავი განწყობილი, მერე ზვიადი დამიდგა გვერდით, ჩვენ 15 წელია, მეგობრები ვართ, ოჯახებით ვმეგობრობთ. ზვიადმა ბევრი რამე გაარკვია და კაცურად მითხრა, ბოლომდე შენ გვერდით ვიქნებიო. მერე მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, რომ ის ჩვენს შვილზე ეკლესიურად იზრუნებს, ლოცვებით გააძლიერებს მის სულს, მე სამართალს აღვადგენ. როდესაც პატრიარქთან ვიყავით, მისმა უწმიდესობამ დაგვლოცა, თანაგვიგრძნო, ბევრი არაფერი უთქვამს, ან რას მეტყოდა?! მითხრა, ხალხმრავლობა შენი შვილის სულისთვის არ არის კარგიო, თუმცა ამ სიტყვებს მიღმა არაფერი დამინახავს და არც ის მიგულისხმია, რომ გაჩერებას მთხოვდა. მე ვუთხარი, რომ თვითონ გადამადგმევინეს ასეთი ნაბიჯი, რომ სამართლის საძებნად ქუჩაში გამოვსულიყავი. ჩემი ბოლო სიტყვა, რაც ვუთხარი მის უწმიდესობას იყო, სადაც სიმართლეა, იქ არის უფალი-მეთქი.
– დათუნას ბავშვობაშიც ასეთი გამორჩეული აღნაგობა ჰქონდა?
– პატარაც ბუთქუნა იყო, მაგრამ ბოლო წლებში ერთიანად გაიზარდა და აიყარა ტანი –1.97 სანტიმეტრი იყო, წონა – 135 კილოგრამი. უხაროდა, ვარჯიშის მერე 10 კილო დაიკლო. სამედიცინო დასკვნაში ექსპერტებს 160 კილო უწერიათ, მაგრამ არ იყო მაგდენი. დიდი იყო, ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ თავის სიძლიერეს ბოროტად არ იყენებდა. ძლიერი რომ იყო მაგის გამო დაესია ყველა. ძალიან თბილი იყო, ერთადერთი მინუსი, რაც ჰქონდა, ძალიან უყვარდა ჭამა. სულ ჭამდა, ბავშვობაში ცეკვის მასწავლებელმა „ხაჭაპურა“ შეარქვა, სულ ფენოვან ხაჭაპურს ჭამსო. ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა 31-ე ქარხანასთან, ტბაზე წავიყვანეთ სათევზაოდ. ერთი ქათამი შეგვიჭამა, დამამშვიდა, რომ გავიზრდები, სათევზაოდ მერე ვივლიო.
– დათუნას მკვლელობის შემდეგ, ძალიან მძიმე გზას გადიხართ. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ, საბოლოოდ დადგინდეს სიმართლე – რა მოხდა ხორავას ქუჩის ფარდულში 1 დეკემბერს.
– მე პირველივე დღეს გავიგე ყველაფერი, იქვე, საავადმყოფოში გამოვიკითხე, რა მოხდა და როგორ – ბავშვები გულწრფელად ლაპარაკობდნენ. 1 დეკემბერს უკვე ყველაფერი ვიცოდი, დანარჩენი დრო ამ სიმართლის დაზუსტებისთვის დამჭირდა. სასამართლო პროცესები როგორც კი დაიწყო, ზუსტად ვიცოდი, ვინ იყო მკვლელი. პროკურატურასაც ვეუბნებოდი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა. პროკურატურა დარწმუნებული იყო, რომ მე მათ ვერსიას დავიჯერებდი. მათ ახლაც კარგად იციან, რომ დანაშაულის აღიარება მთელი სისტემის დანგრევას ნიშნავს და ეს არ აწყობთ, ამიტომაც აფარებენ ხელს კალანდიას. მას თუ დაიჭერენ, გავლენ გამომძიებლებზე, მათ უფროსებზე, პროკურორებზე, მთავარ პროკურორზე და ცდილობენ, დაფარონ დამნაშავე. ასე იცავენ სისტემას, რომ არ ჩამოიშალოს, მაგრამ ეს ასე არ გაგრძელდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ როცა ჩემი შვილის წინაშე წარვსდგები, სამართალი დამდგარი იყოს!