№26 რატომ ვეღარ დასაქმდება კერძო სექტორში აზარტულ თამაშებში მონაწილე პირი და რა დოკუმენტის წარდგენა მოგიწევთ სამსახურის დაწყების წინ
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქართველებს აზარტულ თამაშებში 9 მილიარდი დაუხარჯავთ და ისიც ცნობილია, რომ ხშირად ჩვენი თანამოქალაქეები სათამაშოდ არც სესხების აღებას ერიდებოდნენ, განსაკუთრებით, ონლაინგამსესხებლებისგან. მეორე მხრივ, საქართველო ერთგვარი სათამაშო სამოთხეა, რადგან ჩვენ გარშემო რეგიონში, აზარტული თამაშები აკრძალულია, ამიტომაც მეზობელი ქვეყნებიდან სწორედ თამაშით გულის საჯერებლადაც შემოდიან და ამდენი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც, ძირითადად, აზარტული თამაშების მოყვარული უცხოელებითაა გადავსებული. ხოლო, რაკი აზარტულ თამაშს მხოლოდ შენსას ვერ დაუშლი და სულ უფრო და უფრო ბევრი არასრულწლოვანიც ეხვევა ამ ბადეში (ეს, ანუ უცებ გამდიდრების სურვილი, სულაც, არ არის გასაკვირი ღარიბი ქვეყნისთვის) კანონმდებელმა ახლებური რეგულაციების შემოტანა განიზრახა, რომ როგორმე გააკონტროლოს ადგილობრივ აზარტულ მოთამაშეთა მადა და დააოკოს კიდეც, თან, ისე, რომ უცხოთა მადას არაფერი დაემუქროს. თუ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი განგვიმარტავს.
– რატომ გახდა აუცილებელი ამ რეგულაციის შემოღება?
– როდესაც გავაანალიზეთ ვითარება, გაირკვა, რომ სამწუხაროდ, მძიმე შედეგები გვაქვს. მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ აზარტულ თამაშებში 9 მილიარდი დაიხარჯა, იმიტომ რომ არ გვაქვს ზუსტი ციფრები, თუ რამდენს ხარჯავენ ჩვენი თანამოქალაქეები აზარტულ თამაშებში.
– ნახევარი მილიარდიც რომ იყოს, მაინც ბევრია.
– მე შემიძლია, გითხრათ, რამდენი ადამიანი თამაშობს საქართველოში და არსებულ სურათზე ეს შეგვიქმნის წარმოდგენას. არაოფიციალური მონაცემებით, იმიტომ რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ამ ტიპის ინფორმაცია არ არის; აზარტულ თამაშებში ჩართულია 400 000-დან 600 000-მდე ან უფრო მეტი ადამიანი.
– მათი ასაკობრივი ზღვარი როგორია?
– სამწუხაროდ, იწყება იმ ასაკიდან, რა ასაკიდანაც ადამიანს შეუძლია ტექნიკური საშუალებებით სარგებლობა, ანუ 12-13 წლიდან. მაღალია არასრულწლოვანთა წილი, განსაკუთრებით, ონლაინკაზინოს მომხმარებლებს შორის. რადგან, თუ მიწის კაზინოები აწესებს ზღვარს – 18 წელს და იქ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, არასრულწლოვანმა შეაღწიოს, ვირტუალური სივრცე ხელმისაწვდომია და ამას ხელს უწყობს სისტემაში შეღწევის სიმარტივე, რადგან ქართული კომპანიები მომხმარებლებს მაღალი დონის სერვისს სთავაზობენ. ეს არ არის მათი მხრიდან დანაშაული, მაგრამ აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობა და შეღწევის სიმარტივე პირადობის ნომრის კომბინაციით, ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, კონფიდენციალურად მოხვდეს ამ სისტემაში, შექმნას საკუთარი სივრცე და ჩაერთოს, ისეთ ქცევაში, რომელიც, ჩვენი აზრით, საბოლოოდ, მას და მის ოჯახს აზიანებს.
– სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ აზარტული თამაშიც მავნე ჩვევაა და, მეორეც, იწვევს გაღარიბებას.
– ბუნებრივია, და ჩვენ ბევრი ხარვეზი აღმოვაჩინეთ ჩვენს მუშაობაში: არ ვიცით ზუსტი ციფრი, თუ რამდენი ადამიანი თამაშობს, არ ვიცით, რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად აზარტულ თამაშებში, რა გავლენას ახდენს ეს ხარჯი მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მხოლოდ ის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გვერდითი ეფექტი ძალიან მძიმეა.
– საგადასახადო სამსახური თუ აკონტროლებს ონლაინკაზინოებს, ბიუჯეტში მაინც თუ შედის ფული?
– ჩვენი კანონმდებლობა იძლევა ასეთ შესაძლებლობას: ისინი გვაწვდიან წლიურ ბრუვნას და იქიდან იბეგრებიან. რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ადმინისტრირება უფრო გამჭვირვალე გახდა, მაგრამ ამ მიმართულებით მაინც სამუშაოა და ამანაც გააჩინა ის განწყობა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა.
პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფილოსოფიის, სახელმწიფოს დამოკიდებულების ცვლილება აღნიშნული სექტორის მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შემდეგნაირი პოლიტიკა: ეს სექტორი უნდა იყოს ორიენტირებული არა საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ უცხოელ ვიზიტორებზე, ანუ მთავარი ინტერესია, რეგიონული მიმზიდველობის შექმნა ჩვენი მეზობლებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩამოვიდნენ ტურისტულად, გაერთონ, დახარჯონ ფული. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. სისტემა იქნება აწყობილი უცხოელებზე და მაქსიმალურად შეუზღუდავს წვდომას საქართველოს მოქალაქეებს. ბუნებრივია, ჩვენ მათ არ ავუკრძალავთ, მაგრამ დავუწესებთ ბარიერებს, რომელთა გადალახვა რთული იქნება.
– რა ბარიერებია და რამდენად რთულად დასაძლევი?
– ასაკობრივი ცენზის განსაზღვრა როგორც ონლაინკაზინოს, ისე რეალური სივრცის, ანუ მიწის კაზინოს მომხმარებლისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ასაკი უნდა იყოს 18 წელზე მეტი, 22-დან 25-წლამდე ვვარაუდობთ. ეს მოგვცემს საშუალებას, ამ ასაკამდე საქართველოს მოქალაქეები ჩავხსნათ ამ სეგმენტიდან და ამის უზრუნველყოფას შევძლებთ 95-98 პროცენტით. რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი ვერ იქნება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შემოვლითი გზების გამოყენების საშუალებას, მაგრამ ამ ასაკობრივ ჯგუფში პრობლემას, ძირითადად, მოვხსნით.
მეორეა თვითაკრძალვის მექანიზმის შემოტანა. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ოჯახის წევრებს, რომ სასამართლოს გზით, თუ ისინი დაასაბუთებენ, რომ მათი ოჯახის წევრის ეს ქცევა მათ უქმნის პრობლემებს, აუკრძალონ მოთამაშეს გარკვეული პერიოდით თამაში იმ ვადით, რასაც სასამართლო დაადგენს. ბუნებრივია, ჩვენ შევიტანთ ცვლილებებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და შევამცირებთ განხილვის ვადებს. ამ ტიპის საქმეების განხილვა უნდა დამთავრდეს განცხადების მიღებიდან ორ კვირაში.
შეიქმნება მოთამაშის ერთიანი რეესტრი. ეს ნიშნავს, რომ, თუ ადამიანს სურვილი აქვს, საქართველოს ლეგალური სათამაშო სივრცის მონაწილე გახდეს, უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში, მიენიჭება სპეციალური კოდი და შეძლებს ქართული სათამაშო კომპანიების საიტებზე შეღწევას. ასევე, გვინდა, რომ მოთამაშეების აღნიშნული რეესტრი, თუ ახლა ვერ მოვასწრებთ, ერთი წლის შემდეგ მიწის კაზინოებზეც ამოქმედდეს. მაგალითად, თუ „აჭარა ბეთში“ მოისურვებთ შესვლას, გექნებათ სპეციალური ბარათი და ამ ბარათით შეხვალთ.
– უბარათოების შეშვების უფლება კაზინოს არ ექნება?
– ვინც არ იქნება დარეგისტრირებული მოთამაშეების რეესტრში, ის ვერ შევა. დღევანდელი სისტემა შესაძლებლობას იძლევა, რომ ითამაშო ბანკის გვერდის ავლით და თანხა შეიტანო გადახდის აპარატების საშუალებით. ახალი რეგულაციით, ყველა სათამაშო ტრანზაქცია მიბმული იქნება საბანკო ანგარიშებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, დავთვალოთ ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ და, შესაბამისად, სხვადასხვა პროგრამებით უზრუნველვყოთ მათი ჩახსნაც.
მნიშვნელოვანი საკითხის თვითაკრძალვის მექანიზმის სავალდებულობა საჯარო მოხელეებისთვის. ანუ მე, როგორც პარლამენტის წევრი და ნებისმიერი მოხელე იქნება ვალდებული, წარმოადგინოს თვითაკრძალვის დოკუმენტი, ისევე, როგორც გვაქვს ვალდებულება, მოვიტანოთ ცნობა ნარკოლოგიური სამსახურიდან. ყველა საჯარო მოხელეს მოუწევს თვითაკრძალვის დოკუმენტის მიტანა იმ საჯარო დაწესებულებაში, სადაც ის მუშაობს. ამ მეთოდით, საჯარო მოხელეების სახით, კიდევ 10 ათასობით ადამიანს ჩავხსნით სათამაშო სეგმენტიდან. ამას გარდა, ყველა ის ბენეფიციარი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან: იქნება ეს სოციალური დახმარება თუ „სტარტ აფის“ დაფინანსება ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო პროგრამა, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს თვითაკრძალვის დოკუმენტი.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კერძო სექტორში არიან დასაქმებულები: დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდის შემდეგ კერძო სექტორიც ამ გზას გაჰყვება და, მაგალითად, ბანკები კრედიტების გაცემისას თუ სხვა მომსახურების გაწევისას აღნიშნულ დოკუმენტს მოითხოვენ, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩახსნის ამ სეგმენტიდან. ეს არის ჩვენი ამოცანა, რადგან ვერ ავკრძალავთ სათამაშო ბიზენსს, იმიტომ რომ ამის ტექნიკური საშუალებები არ არსებობს.
– და ის მაინც გადავა იატაკქვეშეთში.
– ამას გარდა, გადავა უცხოურ კომპანიებზე, რის შედეგადაც ამ ბიზნესიდან შემოსული მოგება სრულად გავა საქართველოდან. რადგან ამის რისკი არის, სხვა საშუალებებით ვცადეთ პრობლემის მოგვარება.
– რამდენად ადეკვატურია სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის სქემა?
– რაღაც რომ დაბეგრო, ზუსტი ინფორმაცია უნდა გქონდეს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი სისტემა მაინც გვაკარგვინებს ბიუჯეტში გარკვეულ სერიოზულ თანხებს და ამიტომ გადავწყვიტეთ, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს დაბეგვრის კუთხითაც. ონლაინკაზინოებისთვის ბრუნვის 5 პროცენტიდან 7 პროცენტამდე ავწიეთ გადასახადი და დავაკვირდებით, თუ არის რესურსი ამის გაზრდის, გავზრდით. რაც შეეხება მიწის კაზინოებს: შეიქმნება ერთიანი საბუღალტრო სისტემა, რაც მოგვცემს თანხის დაახლეობით 100-პროცენტიანი სიზუსტით კონტროლის საშუალებას. იცით, რომ ისინი გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადისგან, ეს ეთვლებათ ლიცენზიის თანხაში, მაგრამ, როდესაც ერთიან საბუღალტრო სისტემას დავნერგავთ, გავაკონტროლებთ თანხის დინებას – შემავალსა და გამომავალს და გადასახადი ამის მიხედვით დაწესდება. ცალსახად მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს სალიცენზიო გადასახადი, მე ვხედავ რესურსს, რომ გაორმაგდეს, რაც, დაახლოებით, ას მილიონზე მეტ ლარს შემოიტანს ბიუჯეტში და, ასევე, მივმართავთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ გადაიხედოს სატარიფო პოლიტიკა და გაიზარდოს ყოველკვარტალური გადასახადი, მაგიდების რაოდენობის მიხედვით, რაც თვითმმართველობების ბიუჯეტში შედის. როდესაც გვექნება ერთიანი საბუღალტრო სისტემა და გავაკონტროლებთ თანხის დინებას, შესაძლებელია, მიწის კაზინოებზეც შემოვიღოთ ზუსტად ისეთი პრინციპი, რაც ონლაინკაზინოებზე მოქმედებს – ბრუნვის გადასახადი და, ჩემი დათვლით, თუ ეს სისტემა ამუშავდება, დღევანდელი მოცემულობით და კარგი ადმინისტრირების პირობებში, ბიუჯეტში 200-250 მილიონი დამატებითი თანხა გაჩნდება. უკეთესი ადმინისტრირება კი შესაძლებელია მაშინ, როდესაც ზუსტად იცი, რამდენი თანხა შედის მათ სალაროში და რამდენი გამოდის სალაროდან.
– ახლა რას იხდიან მიწის კაზინოები?
– სანებართვო მოსაკრებელს, ანუ ხუთწლიანი ნებართვის თანხას, რომელიც სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვაა და ყოველთვიურ გადასახადს, თუმცა სთხოვეს სახელმწიფოს, რომ გადაეხადათ კვარტალურად. ამ თანხას აწესებს თვითმმართველობა, ამიტომ თბილისში სხვა ტარიფია, ბათუმში – სხვა.
და იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: თუ დღეს თქვენ შეგიძლიათ, გახსნათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და აწარმოოთ პროდუქცია, ან ექსპორტი, ან იმპორტი, მაგრამ იმავე შპს-ზე შეგიძლიათ, კაზინოს ლიცენზიაც აიღოთ და მის ანგარიშზე მოხვდება ყველა ამ საქმიანობიდან მიღებული თანხები და როდესაც წარადგენთ შემოსავლების სამსახურში წლიურ ბრუნვას, რთული განსასაზღვრია, რამდენია შემოსავალი კაზინოდან და რამდენი – სხვა საქმიანობიდან. ამიტომ გვინდა, რომ კომპანიებს, რომლებიც არიან ჩართულები სათამაშო სეგმენტში, აეკრძალოთ სხვა საქმიანობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც, მაგალითად, ბათუმში აშენებ ასნომრიან სასტუმროს, მოგცემენ სანებართვო ლიცენზიას. ყველა სხვა საქმიანობის შემთხვევაში მოგიწევთ კომპანიების გამიჯვნა და კაზინოს გახსნისთვის ცალკე შპს-ს გახსნა დაგჭირდებათ. მთავრობის მხარდაჭერა გვაქვს, უბრალოდ დროის პრობლემაა: საგაზაფხულო სესია მთავრდება, საშემოდგომო ორ კვირას იმუშავებს და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებია, იქნებ მოვასწროთ ამ ცვლილებების შემოტანა და რიგგარეშე საგაზაფხულო სესიაზე მიღება. ამას დაემთხვა სამთავრობო ცვლილებები და ამიტომ გახანგრძლივდა პროცესი, თორემ მთავრობასთან ძირითად პრინციპებზე შეთანხმებულები ვართ. მოქმედი ფინანსთა მინისტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრი ხდება, ამ ინიციატივას მხარს უჭერდა, შესაბამისად, მხოლოდ დროის მომენტია.
– მშობელს ან სხვა პირს რომ გამოართვას არასრულწლოვანმა, ან საჯარო მოხელემ, ან ბერფიციარმა მონაცემები?
– ეს რისკი არსებობს. საშემოსავლო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ თქვენი სახელითა და გვარით უნდა გქონდეთ პირადი სივრცე. შესაძლებელია, რაღაც პერიოდის შემდეგ სხვისთვის მიცემა მოგინდეთ, მაგრამ დაწესებული იქნება მაღალი ფულადი სანქციები, არასრულწლოვნისთვის გადაცემის შემთხვევაში კი, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაგეკისროთ.