კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ დაჰყურებდა ზურა დოიჯაშვილი ოპერაციის დროს საკუთარ სხეულს ზემოდან და რის გამო შეუძლია მას ციხეში წასვლა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა ნახევარ საუკუნეზე მეტი განვლო და, როგორც თავად ამბობს, მას ცხოვრებას ვერავინ ასწავლის. ნახევარ საუკუნეში, ცუდიც ნახა, კარგიც, წარმატებაც იგემა, წარუმატებლობაც, ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა, გულის ოპერაციაც გადაიტანა თუმცა, თავს მაინც იღბლიან ადამიანად მიიჩნევს და სჯერა, ბედისწერა არ გასწირავს.
ზურა დოიჯაშვილი: ბედისწერის მჯერა და დღეს რომ ცოცხალი ვარ, დავდივარ და ვსუნთქავ, ესეც მისი დამსახურებაა. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ გავჩნდი ამქვეყანაზე. ყველას თავისი ბედისწერა და დრო აქვს. სიკვდილის არ მჯერა, მჯერა გარდაცვალების და ის არავის აგვცდება. თუმცა, ამაზე არ ვფიქრობ, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, ჯერ არ მინდა. ჩემს ცხოვრებაში ტკივილიც იყო, სიხარულიც, განცდაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ, ისეთ თაობას ვეკუთვნი, მაინც ბედნიერი ვარ, უდარდელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მქონდა. დღევანდელ დღეს რომ ვადარებ, ჩვენი თაობა უფრო ლაღი იყო და ურთიერთობებიც ღირებულებებზე იყო აგებული. არც პატივისცემა გვეშლებოდა, არც მუშტი-კრივი და არც გაგება.
– ამბობ, უდარდელი ბავშვობა გავატარეო, თუმცა იყო, ხიფათიანი ახალგაზრდული წლებიც, სადაც იყო ჩხუბები, ნარკოტიკი, სასმელი, ქურდული გაგება... ხომ ასეა?
– კი, ნამდვილად ასეა. ჩემს ახალგაზრდობაში, დარტყმაც იყო, ნარკოტიკიც და ალკოჰოლიც, მაგრამ სხვა გაგება გვქონდა. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში დანა რომ ამომეღო ჩხუბის დროს, ეს ცუდ ტონად ითვლებოდა. ჩხუბით და მერე, ლაპარაკით გვარდებოდა გაუგებრობები. ერთმანეთის გადაკიდება არ იყო „მოსული“. ბევრი მეგობარი წამართვა ნარკოტიკმა, თუმცა, არცერთ ნარკომანს, „პრისტუპნიკს“ და ქურდს არ უნდოდა, მისი შვილი ნარკომანი, ქურდი ან „პრისტუპნიკი“ გამოსულიყო.
– თბილისის ძველ უბანში გაიზარდე, „ძველი ბიჭების“ გვერდით გაიარე ქუჩური ცხოვრება. თავად თუ გქონდა შეხება ნარკოტიკებთან?
– როგორ არა, ინტერესი იყო და გამისინჯავს ნარკოტიკი, თუმცა არ „შევმჯდარვარ“. განა ვიღაცის მეშინოდა? უფროსების პატივისცემა მქონდა და თან, ნარკოტიკზე მეტად, ქალები და დუდუკი მომწონდა (იცინის). დამიჯერეთ, ნარკოტიკზე დიდი სიამოვნება სასმელი, დუდუკი და ქალია. ძალიან გვიყვარდა ჩვენს თაობას ფეხბურთი და ხშირად ვთამაშობდით. რაღაცნაირი, „ჟილკიანი“ თაობა ვიყავით, სულ სხვა მისწრაფებები და „კაიფი“ გვქონდა. დღეს, ტელევიზორის ჩართვა და „ფეისბუქზე“ შესვლა აღარ მინდა, ერთმანეთის ლანძღვა-გინების მეტი, არაფერი ხდება. ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. იმდენი უბედურება ვნახე, ამდენს  გული ვეღარ უძლებს და კი დამეწყო ტკივილები.
– მახსოვს თქვი: ღვინომ შენზე არ უნდა „იკაიფოს“ და სხვაც არ უნდა შეაწუხო ამითო. რას გულისხმობდი?
– სიტყვა „კაიფი“ რა არის? რომ „შენც“ უნდა „იკაიფო“ და სხვაც „აკაიფო“. როცა მხოლოდ შენთვის „კაიფობ“ და სხვა ფეხებზე გკიდია, ეს ნარკოტიკი იქნება თუ ღვინო, უკვე „კაიფი“ აღარ არის.
– ზურა, სოციალურ ქსელში დაწერე: „გავკარი“ ისეთ ქვეყანას, სადაც „ჩაშვება“ მაგარ ტონად ითვლება... ჩემს ქვეყანაში „ბოზობას“ გვიქადაგებენო. იქნებ განმარტო, ეს რატომ თქვი და რატომ დაწერე? რა იგულისხმე?
– დიახ, ასეთი რამ დავწერე სოციალურ ქსელში: „ჩემო დებო და ძმებო, არასოდეს დამიწერია რაიმე პოსტი, მაგრამ ჩავთვალე, რომ უმდა გამოვთქვა ჩემი აზრი. მე და ბევრი ჩემნაირი კომუნისტურ წყობაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ ღირსება არასდროს დაგვიკარგავს, ჩვენ დროს ძმაკაცის გულისთვის შეიძლება, ციხეში წავსულიყავით და ასეც ხდებოდა და დღეს მე მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში „ბოზობას“, მაპატიეთ,  გვიქადაგებენ... „გავკარი“ ასეთ ქვეყანას, სადაც „ჩაშვება“ მაგარ ტონად ითვლება... და „გავკარი“ ყველას, ვინც ამ, უკაცრავად, მარაზმს მხარს დაუჭერს... დოიჯა“. კიდევ ვამბობ, კომუნისტურ დროში გავიზარდე და იმ წყობამ ვერ გაგვაფუჭა. ჩვენს თავზე ვიღებდით დანაშაულს, რომ ძმაკაცი არ „ჩაგვეშვა“ და დაგვეღუპა. ახლა კი, „ჩაშვება“ მაგარ ტონად მიიჩნევა. კომუნისტების დროს კი, „ჩამშვები“ და ანონიმკები, ყველას ეზიზღებდა და არ იკარებდა ახლოს. ისეთი „ბოზობა“, მეგობარს რომ „ჩაუშვებ“, ოღონდ შენ გადარჩე, კარგ ტონად ვერ ჩაითვლება. ჩემს ახალგაზრდობაში, მეგობრის დანაშაული, ბევრჯერ, მეგობარს აუღია თავის თავზე და მის მაგივრად, ციხეში წასულა. ჩვენ, ყველანი კი, ციხეში გარედან ვეხმარებოდით.
– მახსოვს, ისიც კი თქვი, ჩემს ქვეყანაში ღირსეულები ადამიანებად  არ მიაჩნიათო.
– რაც ახლა „ჩაშვებისა“ და კანონების პროპაგანდა მიდის, ჩემთვის მიუღებელია. არსებობს დაუწერელი კანონები, რომელიც უფრო ღირებულია.
– რომელი დაუწერელი კანონია, რომლისთვისაც არ გადაგიხვევია და გიღალატია?
– მაგალითად, არასდროს არავინ „ჩამიშვია“, არ დამიკიდია ფეხებზე, ოღონდ მე გადავრჩენილიყავი. კიდევ ვამბობ, ცხოვრებაში დაუწერელი კანონებიცაა, რომელიც კაცობაზეა გათვლილი და ის უფრო მეტად დასაფასებელია. იმდენი სისაზიზღრე მესმის, გული ვერ უძლებს. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ირგვლივ ყველა მიმოიფანტება, მარტო რჩები ღმერთის წინაშე და მაშინ ხვდები, სად დააშავე. ეს მომენტი მაშინ დადგა ჩემთვის, როცა ოპერაციას ვიკეთებდი და დავრჩი მარტო, ჩემს განვლილ გზას გადავხედე და ბევრი რამ გავაანალიზე. არ მინდა, ვინმემ გიჟად ჩამთვალოს და ამაზე არსად ვლაპარაკობ, მაგრამ, როცა ოპერაციას მიკეთებდნენ, ზემოდან ვხედავდი ჩემს სხეულს და ტკივილს არ ვგრძნობდი. საოცარი განცდა იყო. ათეისტურ ქვეყანაში გავიზარდე, მაგრამ ღმერთი არ დამივიწყებია, სულ მჯეროდა, მისი არსებობისა და მფარველობის.
– განვლილ გზას რომ გადახედე, ყველაზე მეტად რა ინანე?
– არც არაფერი. ისე მალე გაფრინდა ცხოვრება, უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი. თუმცა, ახალგაზრდობაში რომ დამაბრუნოთ, იგივე გზას გამოვივლიდი, თავისი შეცდომებით, წარმატებით, ტკივილითა და განცდით. ბედნიერი კაცი ვარ და თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ისე მოვალ დღემდე, როგორც მოვედი. ძალიან ოპტიმისტი ვარ და სულ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– ჯანრთელობის სერიოზული პრობლემები გქონდა და ახლა როგორ ხარ?
– გულის სამი ოპერაცია გადავიტანე, თუმცა, დღეს, იმდენ სანერვიულოს ვხვდები, ცოტა სასმელსაც ვეპარები და სიგარეტსაც (იცინის). მე ჩემი გზა ისე გავიარე, არ მრცხვენია. ბევრი დარტყმა მივიღე, ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგე და ეს მტკივა. ნარკოტიკმა ბევრი მეგობარი გამომაცალა ხელიდან და მინდა, დღევანდელ ახალგაზრდობას ვუთხრა, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. ახალგაზრდა როცა ხარ, ემოციურობა რაღაც-რაღაცებისკენ გიბიძგებს, ასაკში რომ შევლენ, მერე მიხვდებიან, რომ ეს კარგი არ არის. ეს მარტო კლუბებსა და ნარკოტიკს არ ეხება. მახსოვს, სიგარეტს ვეწეოდით, მაგრამ უფროსი რომ გაივლიდა, ზურგს უკან ვმალავდით. განა გვეშინოდა, რიდი და პატივისცემა გვქონდა. ქართველებს გვაქვს ისეთი ტრადიციები და დაუწერელი კანონები, რასაც არ უნდა გადავუხვიოთ. კიდევ ვამბობ, შეცდომებიც დამიშვია, ნარკოტიკიც გამისინჯავს, სასმელიც მიყვარს და ქალებიც, მაგრამ კაცობა არ დამიკარგავს.
P.S. ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც პირად საუბარში აღნიშნავდა, მისი საცხოვრებელი ბინა დაყადაღებული ჰქონდა ბანკს. ამაზე ნერვიულობის ფონზე, მისი მდგომარეობა დამძიმდა და დღეს ის, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ამ ფაქტის შესახებ მისი ერთ-ერთი მეგობარი წერს და მომღერლისთვის დახმარებას ითხოვს. „ზურა დღეს გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს (15 ივნისი). ნერვიულობამ თავისი ქნა, ბინა, სადაც ცხოვრობდა სამი შვილით და მეუღლით, დაყადაღებულია. მუსიკით ვერ არჩინა ოჯახი. დღეს, სანამ ცოცხალია, მანამ სჭირდება თანადგომა, თორემ მიცვალებულის დატირება კარგად შეგვიძლია. ზურა საოცრად თავმდაბალი და უკეთილშობილესი ადამიანია, არც იტყოდა თავის გაჭირვებას, შემთხვევით რომ არ გამეგო, საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, მათ, ვისაც ერთხელ მაინც მოგისმენიათ ზურას სიმღერა, ტაში დაგიკრავთ, გაგღიმებიათ, მოგწონებიათ, დავეხმაროთ“.
скачать dle 11.3