№25 რას უფინანსებდა შეყვარებულს ნოდიკო ტატიშვილი და რის გამო იყვნენ მისი მშობლები შოკში
ცოტა ხნის წინ ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში იმყოფებოდა. მისმა კონცერტებმა, როგორც ყოველთვის, ახლაც ანშლაგით ჩაიარა და ქართველ ემიგრანტებს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. ნოდიკოს ცხოვრებაში დიდ სიხარულთან ერთად დიდი მწუხარებაც იყო – მას ამერიკაში გამგზავრებამდე საყვარელი, გამზრდელი ბებია გარდაეცვალა, რაც მისთვის უდიდესი ტკივილია.
– ნოდიკო, ცოტა ხნის წინ ამერიკაში კონცეტები გქონდა. გავიგე, ეს კონცერტები ნოდიკოს შეყვარებულმა დაუგეგმა და დაუფინანსაო, მართალია?
– ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ მეთქვა, შეყვარებულის დაგეგმილი იყო-მეთქი, მაგრამ ასე არ ყოფილა. დაფინანსებას რაც შეეხება, ქართველმა ხალხმა დამიფინანსა, იმ ემიგრანტებმა, რომლებმაც ჩემს კონცერტზე მოსასვლელი ბილეთები იყიდეს. კონცერტები კი ნანიკო კოროხაშვილმა დაგეგმა, ის ჩემი რამდენიმე წლის მეგობარი და ახლობელია. 2015 წელსაც მან დაგეგმა, მაგრამ მაშინაც ქართველმა ხალხმა დააფინანსა. ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთ დროს მგონია, მისია შევასრულე-მეთქი. მძიმე ყოფაში ცხოვრობენ ჩვენი ემიგრანტები, მუდმივად შრომობენ, თან, არ აქვთ მარტივი სამსახურები. ეს ადამიანები რომ გავამხიარულე, სხვა ტალღაზე გადმოვრთე, რამდენიმე საათით საქართველოში დავაბრუნე – ჩემში ძალიან მაგარ შეგრძნებებს იწვევს. ძალიან მძიმე ისტორიები აქვთ: დედას რომ 20 წელი არ ჰყავს თავისი შვილი ნანახი; ტელეფონებით, სოციალური ქსელებით რომ ცხოვრობს – შეუძლია, დაურეკოს, ნებისმიერ წამს დაინახოს, მაგრამ ვერ ჩაეხუტება, ვერ მოეფერება – ეს უფრო მამწარებს და მაგიჟებს.
– შენს დაზეც გამოიარე ემიგრაციის თემა. ის რამდენიმე წელი ინგლისში ცხოვრობდა, სწავლობდა და ალბათ, ოჯახისთვის ეს ძალიან რთული იყო.
– ჩემი დის შემთხვევამ ფაქტის წინაშე დაგვაყენა და ჩვენ ეს გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ბევრ დროს ვატარებდი, ხშირად ჩავდიოდი და მონატრების გრძნობას ასე თუ ისე ვიკმაყოფილდები, საშინელება იყო. ჩვენ ვაფრენთ ერთმანეთზე და ერთი კვირაც რომ არ მენახა, ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულები. მშობლები შოკში იყვნენ: დედა სულ ტიროდა, მამა ნერვიულობდა. ვეუბნებოდი: სწავლობს, მუშაობს, საუკეთესო ადგილას ცხოვრობს, არაფერი აკლია-მეთქი, მაგრამ მაინც განიცდიდნენ.
– ძალიან ბევრს დაფრინავ. გიყვარს ფრენა თუ გეშინია ხოლმე?
– არ მეშინია, მიყვარს. ჩემი ჰობია მოგზაურობა, ფრენა და თვითმფრინავში კვება. ფანჯარასთან რომ ზიხარ, მიირთმევ და თან ილუმინატორიდან იყურები. ჭამა-სმა, ზოგადად, ძალიან მიყვარს, მით უმეტეს, როცა ატლანტიკის ოკეანის, გრელანდიის თავზე ხარ. ყოველთვის ვითხოვ მეორე პორციას, პლუს დიდ ფრენებს თავისი ლაუნჯები აქვს, გავდივარ ლაუნჯში და იქაც ვჭამ.
– დაფინანსების თემას დავუბრუნდეთ. შეყვარებულმა რომ დაგიგეგმოს და დაგიფინანსოს კონცერტები, წინააღმდეგი იქნები?
– წინააღმდეგი არ ვიქნები. თუ სურვილი ექნება და ამით კმაყოფილი დარჩება, რატომაც არა. უბრალოდ, თუკი შეყვარებული მყოლია, იქით დამიფინანსებია მისთვის რაღაცები, არ ვარ ძუნწი, ღორი და მძულს ყველა, ვინც ღორულად ცხოვრობს.
– ურთიერთობის დასაწყისში უფრო გიყვარს გოგონების განებივრება თუ მერეც?
– სულ... უბრალოდ, ჩემი ურთიერთობა დასაწყისიდან მალევე მთავრდება ხოლმე. ძირითადად, დასაწყისში ვასწრებ საჩუქრებს, მერე აზრი აღარ აქვს. პატარა რომ ვიყავი, იმედგაცრუებას ვეძახდი ხოლმე ასეთ რაღაცებს – რომ გგონია, ის არის შენი მეგზური, მხოლოდ მასთან ერთად შექმნი ოჯახს.
– როცა ვინმე მოგწონს, მაშინვე სამომავლო გეგმებს სახავ ხოლმე?
– ეს ძალიან ცუდი დაავადებაა, არასწორი საქციელი. რომ გგონია, ვიღაც გიყვარს, ვიღაცაზე აფრენ, დააწყობ გეგმებს... ამ დაავადებას სიცანცარე ჰქვია. ყველა ურთიერთობას რაღაც დრო სჭირდება. ერთმანეთი უკეთ უნდა გაიცნოთ, აბსოლუტურად ყველანაირად. უნდა გამოსცადოთ, პირდაპირი მნიშვნელობით კი არა, უნდა ნახოთ, რამდენად ეწყობით ერთმანეთს. მეორე ნახევარი უნდა იყოს ის, ვისი დანახვაც ყოველ დილით გაგიხარდება – მძინარეც, პირდაუბანელიც და პირდაბანილიც და მასაც გაუხარდება. ცხოვრების მეგზურს რომ ირჩევ, კარგად უნდა იცნობდე.
– კარგად ცნობაში სექსუალურ ურთიერთობასაც გულისხმობ?
– რატომაც არა. ურთიერთობაში აბსოლუტურად ყველანაირი გამოცდილება უნდა გქონდეს მიღებული, რადგან ოჯახის შექმნა ცანცარობა არ არის. ოჯახს რომ შექმნი, ის უნდა იყოს ყველანაირად სრულფასოვანი. ერთად უნდა მიიღოთ გამოცდილება, თუნდაც თანაცხოვრებით, რადგან მერე ხვდები, რომ სწორედ ის არის. უბრალოდ, მომეწონა, ვნება გამიჩნდა მის მიმართ, გადავირიე – ეს კიდევ სხვა რამეა. მეც დამმართნია ხშირად ასეთი გადარევები, მიყვარს. ოჯახში უნდა იყოს სიყვარული და კარგი სექსიც. მხოლოდ კარგი სექსი ოჯახს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, რადგან სხვა ღირებულებებიც გჭირდება. მთავარი ბაზისი არის სიყვარული, რადგან საყვარელ ადამიანთან სექსიც გსიამოვნებს და ყველაფერიც. ადრე ძალიან სწრაფად ვამბობდი: მიყვარხარ, მგონი, შემიყვარდი-მეთქი... თუ ჩემნაირი ცანცარა შემხვდებოდა, ისიც ეგრევე მეუბნებოდა: მეც მიყვარხარო. მერე, რაღაც პერიოდი რომ გადიოდა, ვხვდებოდი, ვფიქრობდი, რატომ ვუთხარი-მეთქი. ეს ახლა გამორიცხულია. იმდენჯერ შევცდი, რომ აღარ მინდა შევცდე.
– შენთვის ერთ მტკივნეულ თემას შევეხები – ამერიკაში გამგზავრებამდე საყვარელი ბებია გარდაგეცვალა. არჩევნის წინაშეც იდექი: წასულიყავი თუ არა.
– მის ხელში გავიზარდე, ერთხელ არ დაუყვირია ჩემთვის, არადა, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. 31 წელი მახსოვს ბებიასთან ერთად და ჩემზე არასდროს გაბრაზებულა. ჩემი მეგობარი იყო, ნომერ პირველი ბებია – კეთილი, სათნო და უბოროტო. ჩემი დაქალი იყო. ექიმთან ჩემ გარეშე არ მიდიოდა. ბებიას უკურნებელი სენი ჰქონდა, ამის შესახებ 10 თვის წინ გავიგეთ. ექიმთან წავიყვანე და გვითხრეს, რომ ბევრ ორგანოზე ჰქონდა მეტასტაზები. ისე, ფიზიკურად არ ეტყობოდა, ვერ იტყოდი, რომ 85 წლის იყო. ოჯახის წევრებს დიდხანს ვუმალავდით მე და ჩემი და. იმ დროს ძალიან ემოციური პერიოდი გვქონდა. ბებიას ძალიან უნდოდა თავისი 40 წლის უნახავი ბიძაშვილის ნახვა. ერთ-ერთ გადაცემაში გადავიღეთ ბებია და დაგვირეკეს ბებიას ნათესავებმა გურიიდან, გეხვეწებით ერთმანეთს დავალაპარაკოთო და ასე ვიპოვეთ ერთმანეთი. ბებია გურიაში წავიყვანე. არ იცი, ეს რა შეხვედრა იყო... ორივეს წნევამ აუწია. მეორე დღეს ბებიას დაბადების დღე ჰქონდა და იქ გადაუხადეს. უბედნიერესი იყო, შენ მე ისეთი საჩუქარი გამიკეთეო... ყველაზე მტკივნეულად მისი მადლობა მახსენდება. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე საწოლთან ვეჯექი, მძიმედ იყო და მითხრა: ყველაფრისთვის მადლობას გიხდი, არ იფიქრო, რომ რამე დამაკელი. აბა, შენ იცი, მე მალე წავალ, შენი იმედი მაქვს, როგორ მომხედავო. ბევრი ვიტირე მაშინ, ისე რომ არ დაენახა. ჩემი მოუშუშებელი ტკივილია. ვფიქრობდი კონცერტების გადადებას. ეს იყო ჩემთვის ყველაზე სევდიანი გამგზავრება, ფიქრებით სულ მასთან ვიყავი. ოჯახი დაგვტოვა სახტად, ისეთი უცებ გარდაიცვალა – დაიძინა და ძილში წავიდა.
– ამერიკის თემას დავუბრუნდეთ. როგორც ვიცი, არაჩვეულებრივი დახვედრა მოგიწყვეს, მეფურად ცხოვრობდი.
– მეგობრები მყავს – კატო და გეგა, მათი შვილი, ჩემი ნათლული ლაზარე. მათთან ვცხოვრობდი. 2012 წელს გავიცანი და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. 2015 წელს, კიდევ რომ ჩავედი, შევხვდით ერთმანეთს და მათი შვილი მოვნათლე. ახლა მათთან, ნიუ-ჯერსიში ვცხოვრობდი. მესამე სართული სულ ჩემი იყო, თან, იმდენად ოჯახური გარემო, რომ მეგონა, ჩემს სახლში ვიყავი. რაც მთავარია, ლაზარე უკეთ გავიცანი, ძალიან საყვარელი ბიჭია. ისე საუბრობს ინგლისურად, გავმწარდი, კომპლექსიც გამიჩნდა, რამე რომ შემეშალოს, არ თქვას, რა შტერი ნათლია მყავსო. ძალიან შემიყვარდა, უკვე მენატრება.