№25 ვინ აჩუქა ბაქოში მარკუს მეტრეველს „ბენტლი“ და რა ვალდებულებების გამო თქვა მან უარი ძვირად ღირებულ საჩუქარზე
ცოტა ხნის წინ მომღერალი მარკუს მეტრეველი ბაქოში „საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ“ დაასახელეს და ჯილდოც გადასცეს. ამ ტიტულის მიღება მარკუსისთვის მოულოდნელი იყო და ბოლო წუთებამდე არ სჯეროდა. გარდა ამისა ბაქოში მარკუსს ლურჯი „ბენტლიც“ აჩუქეს. მას ზაფხულიც დატვირთული აქვს, გაიმართება სხვადასხვა ჩვენება, ასევე, ემზადებიან „მის და მისტერ პლანეტისთვის“.
მარკუს მეტრეველი: ყოველ წელს ტარდება ეს ღონისძიება. თავიდან რომ დამირეკეს აზერბაიჯანიდან, მითხრეს: ჯილდო უნდა გადმოგცეთო, გამიკვირდა. ვიკითხე: უნდა დამაჯილდოვოთ თუ უნდა ვიმღერო-მეთქი. უნდა დაგაჯილდოვოთო. გამიკვირდა: აზერბაიჯანის შოუ-ბიზნესში არაფერი გამიკეთებია და რა შუაში ვიყავი ამ ყველაფერთან, ვერ მივხვდი. მათი პასუხი იყო: ჩვენთვის დიდი პატივია, მოგიწვიოთ აზერბაიჯანში და დაგაფასოთ, ერთ სიმღერესაც თუ გვაჩუქებთ, ძალიან გაგვეხარდებაო. აეროპორტში საოცარი სიტუაცია დამხვდა: ჟურნალისტები ინტერვიუებით, ცოტა დაბნეული ვიყავი: რატომ, რისთვის, რა უნდა მეთქვა... მაღალი დონის დახვედრა იყო, უდიდესი ღონისძიება. სტუმრებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის ვარსკვლავები, ასევე, მთავრობის წარმომადგენლები, ცნობილი მომღერლები რუსეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, არ ვიცოდი, რატომ ვიყავი იქ. ასე წარმადგინეს: საქართველოდან ძალიან დიდი ვარსკვლავი, ჩვენი მეგობარი – მარკუს მეტრეველი, რომლის აზერბაიჯანში ჩამოსვლა, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. გვინდა, ჩვენი სიყვარული გამოვხატოთ და დავაჯილდოვოთ პრიზით: „საუკეთესოთა შორის საუკეთესო“. გაოცებული, დაბნეული ავედი სცენაზე – ეს ჩემთვის არის-მეთქი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, ვიმღერე ერთი სიმღერა და როდესაც სცენიდან ჩამოვედი, ძალიან ბევრი შემოთავაზება მივიღე, რომ გავაკეთო რამდენიმე სოლო კონცერტი ბაქოში, ასევე აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქში. რაზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ. სიმართლე გითხრათ, აზერბაიჯანის საზოგადოებამ ძალიან თბილად მიმიღო, იქური შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ძალიან კომუნიკაბელურები არიან, დიდ პატივს სცემენ სხვა მომღერალს.
– საქართველოში ერთმანეთს არ სცემენ პატივს?
– საქართველოში მაინც სნობები არიან. მე არ ვარ, ამიტომ ვერ ვიტყვი: ვართ-მეთქი. თბილისში სნობიზმით ბევრი ადამიანი გამოირჩევა, რაც ჩემთვის მიუღებელია. მაყურებლისგან, საზოგადოებისგან ვხდებით ისინი, ვინც ვართ და რატომ უნდა ავუწიოთ მათ ცხვირი, რა ფენის წარმომადგენელიც უნდა იყოს ის. იქ არავის გაჰკვირვებია და ისე მიმიღეს, თითქოს 10 წელია, აზერბაიჯანში ვმოღვაწეობ. ბაქოში ძალიან დიდ ლაით-ბოქსზე ჩემი ფოტოები იყო გაკრული: სპეციალური სტუმარი – მარკუს მეტრეველი. მხოლოდ ჩემზე იყო აქცენტი გაკეთებული, რაც ძალიან მიკვირდა, არ მჯეროდა. არასდროს არაფერი მივარდება თავში, მაგრამ ერთი-ორი დღე ვიყავი ამაყი, მეცხე ცაზე. გავიცანი აზერბაიჯანელი პოპ-ვარსკლავი ტუზ ალია, ერთობლივი დუეტის ჩაწერაც დავგეგმეთ.
– როგორც ქალი, ხომ არ მოგეწონა?
– კარგი გოგოა, ფიქრი შეიძლება, მაგრამ მე ჩემს ქართველ ქალებს არ ვუღალატებ. მირჩევნია, ქართველი ქალი იყოს ოდნავ ნაკლები, გამიგოს, ვიდრე იყოს უცხოელი და ბარბი, რომელსაც ჩემი არაფერი ესმის. თან, ბარბი ქალები არასდროს მომწონდა. მე მომწონს, როდესაც ქალი ინტელექტუალია, კარგად გამოიყურება, არ უნდა მრცხვენოდეს მის გვერდით გამოჩენის.
– საქართველოში შესწრებიხარ, პირში რომ გიღიმიან და შემდეგ ზურგს უკან გჭორავენ?
– უამრავჯერ. ჩვენთან ძალიან აქტუალურია: პირში ულოცავენ, უღიმიან, შებრუნდებიან, ნიჩაბს იღებენ ხელში და მარხავენ ერთმანეთს. ამიტომაც იშვიათად დავდივარ ივენთებზე, რადგან არ მიყვარს აფერისტობა, ტყუილები. ჩვენს შოუ-ბიზნესში უმეტესობა ძალიან მაგარი დაქალ-ძმაკაცები არიან, ზურგსუკან ერთმანეთს რომ მარხავენ. ჩემზე მათი მხრიდან საშინელი ჭორები გამიგია, თუნდაც იმ ადამიანისგან, რომელიც შოუ-ბიზნესში ტრიალებს, მემეგობრება. გამიგია, გოგო კოლეგისგან, რომლის მიმართ კეთილგანწყობილი ვყოფილვარ, როგორ უთქვამს ჩემზე: მეჩალიჩებოდა, რა უნდა მექნა, მეც ვუღიმოდიო. ბიჭისგანაც იგივე გამიგია: მეჩალიჩებოდაო, ოღონდ იშვიათად – ბიჭი მომღერლები უფრო პოზიტიურები არიან.
– არ გიყვარს „ჩალიჩი“?
– არა, თუ ადამიანისგან არ მოდის იმპულსი, არ მოვწონვარ, ქიმია თუ არ არის ჩვენ შორის, შანსი არ არის, ვინმე შევაწუხო. ინიციატორიც არ ვარ ურთიერთობაში. მესიჯი უნდა მომაწოდოს: შენ მიმართ ინტერესი გამაჩნიაო და მერე უკვე მე ვიცი, რა უნდა მოვიმოქმედო. ჩემთვის მთავარია ყურადღება, საერთო ინტერესები, ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ. ჩემი შეყვარებული უნდა იყოს ჩემი მეგობარი, ჩემი დაქალიც, ძმაკაციც, ლოგინში – ბოზი და ურთიერთობაში ძალიან მაგარი.
– რას გულისხმობ „ლოგინში – ბოზში“?
– ამაში იგულისხმება ის, რომ მე თუ ქალზე ვაკეთებ არჩევანს, შეყვარებული, ცოლი უნდა იყოს, მთელი ცხოვრება – ჩემ გვერდით, სხვა ქალში აღარ უნდა ვეძებო ჩემი სურვილების დაკმაყოფილება. უკადრებელი უნდა იკადროს. ცოლთან უნდა მიხაროდეს ყველაფერი, საყვარელ ქალთან ერთად უნდა განვიცადო ბოლომდე აღლარჯვა, ვიდრე სხვა ქალთან ვეძებო ის, რაც ცოლთან არ მექნება. მიყვარს ის ადამიანი, მის სხეულთან უნდა განვიცადო ყველაფერი. გამოცდილი თუ იქნება გარკვეულ ფარგლებში, ზომიერად, რა თქმა უნდა, კარგია. არავის წარსულში არ ვიქექები, მაგრამ არ მინდა, ქუჩის ქალი იყოს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ქალიშვილია თუ არა, მთავარია, სულიერად იყოს პატიოსანი ადამიანი, სულ არ მაინტერესებს ჩემამდე ვინ უყვარდა.
– გავიგე, მარკუსი შეყვარებულიაო.
– შეყვარებული ვარ ჩემს პროფესიაზე და კიდევ რაღაც-რაღაცებზე. ეს რაღაც-რაღაცები არის ის, რომ ერთი გოგოს მიმართ მაქვს სიმპათიები, მაგრამ სიყვარულს ვერ დავარქმევ. ჯერჯერობით არ ვარ შეყვარებული, მანაც იცის, რადგან ცალმხრივი არაფერი მომწონს. ისიც კეთილგანწყობილია. იცნობთ, მომღერალია. ორივე ზრდასრულები ვართ, არ გვინდა ავჩქარდეთ. მინდოდა ოჯახი ამ ასაკში შემექმნა, რადგან, რაც იყო, ის შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის ფონზე ორი შვილი მყავს და ამით ბედნიერი ვარ. ახლა თუ შევქმნი ოჯახს, ეს ნამდვილი ოჯახი იქნება.
– გავიგე, ბაქოში „ბენტლი“ გაჩუქეს, თუმცა თბილისში მის გარეშე დაბრუნდი.
– კი, ასეა. კონცერტის შემდეგ სასტუმროს შესასვლელთან მხოლოდ მე დამახვედრეს ლურჯი „ბენტლი“. ის ორი დღე შოკი იყო ჩემთვის. თავიდან შევიფერე, მაგრამ რომ დავფიქრდი, ვისგან იყო, უარი ვთქვი.
– ვისგან იყო?
– ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანისგან, პოლიტიკოსისგან, ბიზნესმენისგან. დიდი ბოდიშის მოხდით ვუთხარი უარი. ძალიან გაუკვრიდათ, შოკში იყვნენ, მეც ძალიან დაბნეული ვიყავი. უარი რომ არ მეთქვა, მაშინ რამდენიმე თვე უნდა დავრჩენილიყავი ბაქოში, მათ სახლში უნდა მეცხოვრა და სექტემბერში მათი შვილის ქორწილში უნდა მემღერა. თან ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთი ძალიან აქტიურობდა.
– ქმარი?
–კი, ქმარი. ძალიან დიდი საჩუქარი იყო. არ მომეწონა და სასწრაფოდ გამოვეცალე სიტუაციას. წყენა გამოხატეს. არ მითხრეს, რატომ მჩუქნიდნენ მანქანას. საჩუქარი ჩემს ჰონორარს აღემატებოდა და „ბენტლის“ გარეშე წამოვედი. ბევრმა მითხრა: ტვინი სად გაქვსო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მიაჩნია ქაოტური ცხოვრება მაქვს, აქამდე პატიოსნად მიცხოვრია. თავაწეული დავდიოდი და არ მინდა, რაღაც ალუმინის გამო შემრცხვეს, მით უმეტეს, შვილები მეზრდებიან.