№25 როგორ აღიარეს ზაზა ნადირაძე მსოფლიოს კანოეს ვარსკვლავად და როგორ გახდა ის ევროპის ჩემპიონი გაწყვეტილი კუნთებით
კანოისტი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა და ევროპული ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა. ექსპერტთა შეფასებით, ზაზა მსოფლიოს კანოეს ვარსკვლავია. წელს აგვისტოში ზაზა პლანეტის ჩემპიონის ტიტულისთვის 200 მეტრ სპრინტერულ დისტანციაზე იბრძოლებს.
ზაზა ნადირაძე: ბელორუსიაში ვიყავით შეკრებაზე. ეს სეზონი ტრავმებით დაიწყო, ორივე მხარზე კუნთები მაქვს გაწყვეტილი. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ ვიყავი ფორმაში, თან გვეშინოდა, რომ უშუალოდ სტარტზე არ გაწყვეტილიყო კუნთი და საერთოდ არ გავჩერებულიყავი. შიშით გავედი, ფორმაშიც ამის გამო ვერ შევედი ბოლომდე, მაგრამ მედლის აღებას მაინც ველოდი. ერთი თვის წინ უნგრეთში მსოფლიო თასზე მეორე ადგილი ავიღე. ამ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და მოვიგე.
– როგორ მოიპოვე ოლიმპიადის ლიცენზია?
– ევროპული ოლიმპიადის ლიცენზია მე და კიდევ ორმა ქართველმა ნიჩბოსანმა მოვიპოვეთ, ასე რომ, სამნი წავალთ. სულ ევროპიდან 12 ადამიანი იღებდა ლიცენზიას, ანუ მეთორმეტეც რომ ვყოფილიყავი, ლიცენზიას მაინც მოვიპოვებდი და რადგან ფინალში გავედი, უკვე ავტომატურად მივიღე.
– როგორ დაიწყო შენი წყალთან, ნიჩბებთან ურთიერთობა?
– 2006 წელს დავიწყე ნიჩბოსნობა. ჩემი მეზობელი დადიოდა ნიჩბოსნობაზე, ჩვენთან მაშინ სხვა გასართობი არაფერი იყო. ერთხელ მოვიდა და მოგვიყვა, ნავებით დავდივართ მტკვარზეო. დაგვაინტერესა, ჩავედით და დამტვრეული ნავები, ნიჩბები მოგვცეს, მაგრამ მაშინ ვინ აქცევდა ამას ყურადღებას. ასე ყირაობით, დაახლოებით, ერთი თვის თავზე საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ამან მომცა სტიმული. მერე ავარიაში მოვხვდი, ტრავმა მივიღე – თავის ტვინის შერყევა. ერთი წელი გავაცდინე. ვარჯიშები ისევ რომ დავიწყე, თავიდან თავბრუხვევები მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ისევ ჩავდექი ფორმაში და დავიწყე საქართველოს, საერთაშორისო ჩემპიონატების მოგება და პროფესიონალურად ჩავები. პირველი დიდი წარმატება იყო 2014 წელს – მსოფლიო ჩემპიონატზე, 23 წლამდე ასაკში, მესამე ადგილი დავიკავე, საქართველოს ნიჩბოსნობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო.
– ავარიაში როგორ მოხვდი?
– პატარა ვიყავი და მეგობარმა მათხოვა მოტოციკლეტი – არ გინდა, თავპირი დაიმტვრიოო? კი, მინდა-მეთქი. დავჯექი და წავედი. ერთ მონაკვეთზე დავტრიალდი, წრე გავაკეთე და მეორეზე წავედი, იქ ისეთი მონაკვეთია ყველა იკავებს ხოლმე თავს და მე კი, მანქანას დავეჯახე, ყველაფერი შევუტანე და თავად ზევიდან გადავაფრინდი. ახალი გაკეთებული ბორდიურები იყო და მიწა – საკმაოდ რბილი. კიდევ კარგი, იმ მიწაზე დავარტყი თავი და არა ბეტონზე, თორემ, ალბათ, ადგილზე დავრჩებოდი. ბოლო სტადიის ტვინის შერყევა მქონდა, კიდევ მეტი რომ ყოფილიყო, ოპერაცია დამჭირდებოდა. მე არაფერი მახსოვს. რომ გამიღვიძია, ერთი ამბავი ამიტეხია, ჩემი მოტოციკლი მომეცით-მეთქი.
– ბევრს საუბრობდნენ შენს სოციალურ მდგომარეობაზე, ახლა გაქვს სავარჯიშო პირობები?
– მაშინ არ იყო პირობები, ბიუჯეტში ფული არ იყო და შეკრებები ნაკლებად ტარდებოდა. ახლა ყველაფერი დალაგდა. მე, პირადად, ნავიც მაქვს და ნიჩაბიც, მაგრამ ამ სპორტის განვითარება რთულია, რადგან სპორტსმენები რომ მოდიან, მწვრთნელი ვერც ნავს ახვედრებს, ვერც ნიჩაბს და მსურველები უკან მიდიან. მცხეთაში ისეთი ბაზა გვაქვს, ზამთარში თოვლი შიგნითაც ჩამოდის. ნაკრებში სულ ექვსი კაცი ვართ. ყველას უკვირს, სავარჯიშოდ სხვა ქვეყნებში რომ ჩავდივართ. წყალი ბევრი გვაქვს, მაგრამ ბაზები არ არის. აქედან გამომდინარე, უკვე სხვაგან გვიწევს წასვლა. უკრაინელებიც გვეუბნებიან, საქართველოში ისეთი კარგი წყალია, რომ ყველას აქეთ უნდა ჩამოსვლაო... მაგრამ პირობები არ გვაქვს.
– რამდენად სახიფათოა ეს სპორტი?
– ზოგადად, ეს სპორტი ისეთია, რომ ბევრი ტრავმის მიღება შეიძლება. თუ არასწორად გახურდი, ეგრევე ტრავმას მიიღებ. სახიფათოა იმ მხრივაც, რომ უჟილეტოდ ზამთარში მარტო სიარული არ შეიძლება, კატერი უნდა გამოგყვეს. საჭიროა, მაგრამ მე ვერ ვიცვამ ჟილეტს, ამიტომ ორნი გავდივართ ხოლმე და ვრისკავთ. ადრე მქონდა ასეთი შემთხვევა: ფინიშზე ძალიან დავიღალე, თან ვარჯიშის ბოლო იყო და უკვე გახურებული ვიყავი, ამ მდგომარეობაში რომ ცივ წყალში ვარდები ვერაფერს ახერხებ – ისე ჩაიძირები, ვერც დაგიჭერენ. კიდევ კარგი, რომ ეს ჟილეტი მეცვა და დამიჭირა, თორემ ვერც ამოვისუნთქე. ამ დროს სპაზმი გაქვს და მთლიანად გაჭედილი ხარ. მწვრთნელი ახლოს იყო, ხელის ნავი ჰქონდა, მოვიდა და ამომიყვანა. მერე წავედი და ვირბინე – ამ დროს უნდა ირბინო, რომ არ გაცივდე. რა თქმა უნდა, საშიშია, მაგრამ რისკზე მივდივარ.
– ცხოვრებაშიც რისკიანი ხარ?
– ყველაფერში რისკიანი ვარ. საინტერესოც კი არის რისკი, მოტოციკლზე კიდევ ვჯდები, ოღონდ ჩუმად, რადგან დედაჩემი ძალიან ნერვიულობს და არ მინდა, რომ ინერვიულოს. რამდენჯერაც დავაპირე, ვიყიდი-მეთქი, იმდენჯერ დედას გამო გადავიფიქრე.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ერთი გოგო მომწონს, ჯერ ფიქრის რეჟიმში ვართ, არ ვჩქარობთ. ადრე დიდხანს მყავდა შეყვარებული, არ გამოვიდა ჩვენი ურთიერთობა და მშვიდად დავშორდით. მეუბნებიან, რთული ხარ, დეტალებს აქცევ ყურადღებასო... არა მგონია, რთული ვიყო, იქნებ ისინი ცდებიან.
– ეს გოგო რას გეუბნება?
– კარგი ბიჭი ხარო...
– რით მოგხიბლა?
– მე რომ მომეწონოს, გოგო მხიარული, კეთილი, მიზანდასახული უნდა იყოს. ესეც ამიტომ მომეწონა.
– როგორ გაიცანი?
– ეს გოგო და ჩემი ძმაკაცის შეყვარებული ერთად მუშაობენ, მეგობრები არიან. მე და ჩემი ძმაკაციც ხშირად ერთად ვართ. შეყვარებულს რომ ხვდება, ეს გოგოც თან ახლავს ხოლმე მეგობარს... და ასე, ნელ-ნელა განვითარდა მოვლენები. ერთად პირველად გუდაურში წავედით, ვისრიალეთ და ჩვენი ურთიერთობა იქიდან დაიწყო. ასე, ნელ-ნელა ვითარდება მოვლენები.
– რამდენად რომანტიკული ხარ, თუ ანებივრებ სიურპიზებით?
– საერთოდ არ ვარ რომანტიკული, უფრო ასეთ სიურპრიზებს, ვუკეთებ ხოლმე – ვატყუებ ორ დღეში ჩამოვალ-მეთქი და უცებ იმ დღესვე დავადგები თავზე. ყვავილები და მსგავსი რაღაცები არ მიყვარს და არც ისეთ გოგოებთნ შემიძლია ურთიერთობა, ვისაც ასეთი რამეები მოსწონს.
– ალბათ, ბევრი გოგო იჩენს შენ მიმართ ყურადღებას. ბელორუსი გოგონები გეპრანჭებოდნენ?
– როგორ ვთქვა, რომ ბევრი ფანი მყავს, უხერხულია. ბელორუსი გოგონები არ ითვლება. მე ჩემს შედეგებს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ბელორუსიაში თვითონ გოგონები გაგრძნობინებენ, რომ მაგარი ხარ, თორემ მე ამით არ ვსარგებლობ. დიდი პატივისცემა მოდის, განსხვავებულად გექცევიან. ბელორუსიაში ასეთი ამბავი გადამხდა: წყლის დაფის მართვა არ ვიცოდი და იქ სამ წუთში ვისწავლე. ვიდექი და ჩვეულებრივად დავდიოდი. იყო ტრამპლინი, ოღონდ იქიდან რომ მოდიხარ, მაშინ შეგიძლია გადახტომა. მილებისგან შექმნილი კონსტრუქცია იყო, მე მივდიოდი საპირისპირო მხრიდან, ასე უცებ მოხვევები და რაღაცები ვერ ვისწავლე უბრალოდ, დგომა, სწორად წასვლა ვიცი. ვუყურებ ამ კონსტრუქციებს და რატომღაც ვერცერთ მხარეს ვერ ვუხვევ. ვიფიქრე, რომ დამინახვენ ვეჯახები, პულტით გამომირთავენ-მეთქი. მაგრამ არ გამომირთეს, ძალიან მივუახლოვდი, ჩქარა მივდივარ, ვფიქრობ, რა ვქნა, რა გავაკეთო და გადავწყვიტე გავუშვებ ხელს და რაც იქნება, იქნება-მეთქი. გავუშვი ხელი, უკან გადავიხარე და დაფით დავეჯახე ამ „ტრუბებს“, ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. შეკრებილებმა იფიქრეს, ვიღაცას რაღაც დაემართაო...