№25 რა გახდა სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის თამუნა მუსერიძესთან დაშორების რეალური მიზეზი და რისი გაშიშვლების წინააღმდეგი იყო ის
მსახიობ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძესა და თამუნა მუსერიძეს, ულამაზესი ქალიშვილი შეეძინათ – მარიანა. როგორც გახარებული მამა ამბობს, მართალია, ეს მისი მეორე ქალიშვილია, მაგრამ მან სულ სხვა სიხარული და განცდა მოუტანა. მის ცხოვრებაში ხშირად იდგა რთული პერიოდი, საყვარელ ადამიანთან განშორებასაც განიცდიდა, თუმცა, წარსულზე, ახლა აღარ ფიქრობს.
სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე: მეორედ გავხდი მამა და რომ მეუბნებოდნენ, მეორე შვილზე, უფრო მეტად მიხვდები მამობასო, ახლა ვეთანხმები. ამაზე დიდი ბედნიერება და სიახლე რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, უბედნიერესი ვარ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის გოგოს მამობა ძალიან მაგარია. ელენემ, რვა წლის წინ გამაბედნიერა და მამა გამხადა, მერე, თამუნა რომ დარჩა ორსულად, ექიმები მთელი ხუთი თვე გვეუბნებოდნენ ბიჭიაო. ველოდებოდი ბიჭის მამობას და გავხდი მარიანას მამიკო. ჩემთვის, ბავშვის სქესს, არ აქვს მნიშვენლობა, მთავარია, ჯანმრთელია. მოკლედ, ცხოვრებაში თავი დავიბინავე – ორი გოგოს მამა ვარ (იცინის).
– მარიანა 1 ივნისს გაჩნდა, წმიდა ნინოს ხსენების დღეს. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულ გოგონებს ნინოს, ნინას ან ნინის არქმევენ.
– თამუნას გარდაცვლილ დედას ერქვა მარინა და ვფიქრობდით, თუ გოგო გვეყოლებოდა, მის პატივსაცემად მარინას დავარქმებდით. ერთი ასო ჩავამატეთ და მარიანა დავარქვით. ვფიქრობთ, ნათლობის სახელი დავარქვათ ნინო. თან, თამუნას სვეტიცხოველში, წმიდა მარიამის ხატთან ჰქონდა ჩათქმული, თუ გოგო მეყოლება მარიანას დავარქმევო.
– სანდრო, ვიცი, მშობიარობას დაესწარი. ეს რთული არ იყო? პირველი შვილის დაბადების დროს თუ იდექი ცოლის გვერდით?
– ელენე რომ იბადებოდა, მქონდა დასწრების მცდელობა, მაგრამ ცუდად გავხდი და იქით ვიყავი მოსასულიერებელი. ახლაც ვფიქრობდი, დავესწრო თუ არა-მეთქი, მაგრამ, რადგან თამუნამ ბუნებრივად არ იმშობიარა და საკეისრო კვეთა გაიკეთა, გავრისკე და დავესწარი. მანამდე გავერკვიე, საკეისროს ამბებში, რომ ახალ დაბადებულ ბავშვს მამა გულზე იწვენს და მარიანა რომ დამაწვინეს მკერდზე, ეს განცდა, ცხოვრების ბოლომდე გამყვება. შვილს ჩემი ენერგეტიკა დაბადების პირველივე წამიდან გადავეცი. ელენე ერთი თვის იყო, პირველად რომ ავიყვანე ხელში, პირველი შვილი იყო და მეშინოდა, მარიანა კი, პირველივე წამიდან ხელში მიჭირავს. მეუბნებიან, შენ გგავსო, მაგრამ მე უფრო თამუნას ვამსგავსებ. თუმცა, მინდა ორივე მშობლის გენეტიკა გამოყვეს, როგორც ფიზიკურად, ასევე ნიჭიერებით. მაგრამ, არც იმის წინააღმდეგი ვიქნები, თუ თავიდან ბოლომდე თამუნას დაემსგავსება (იცინის).
– თამუნას საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა. ეს ცხრა თვე როგორ გაიარე მის გვერიდით, გაგიჭირდა?
– საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა, რაღაც-რაღაც პრობლემებიც, თუმცა, სერიოზული – არაფერი. მთელი ცხრა თვე მასთან ერთად განვიცდიდი და სიმპტომებიც კი, ერთნაირი გვქონდა. თამუნა ხუმრობდა, მგონი, მე კი არა, შენ ხარ ორსულადო (იცინის).
– ზოდიაქოთი „კურო“ ხარ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კი, ცოტა ჯიუტები, ცოტა მეტად რქებით მიმწოლები და ძალიან ეჭვიანები არიან. ამ მხრივ, როგორ გაქვს საქმე?
– რაღაცებში ჯიუტი ვარ, მაგრამ ბოლო დროს, დათმობებზე მივდივარ. არის სიტუაციები, სადაც რქებით მიწოლაც და ამით საქმის ბოლომდე გატანა მიწევს. რაც შეეხება ეჭვიანობას, დიახ, ვარ, მაგრამ არა ავადმყოფურად. შეიძლება, სხვები არ გამოხატავენ, თორემ როგორ შეიძლება გიყვარდეს და არ იეჭვიანო? ვერავინ დამაჯერებს. სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. ასე რომ, დიახ, მიყვარს და ვეჭვიანობ კიდეც (იცინის).
– მახსოვს, თქვი, ერთგული ვარ, მაგრამ ჩემი ერთგულების გამო, პრობლემები მექმნებაო. ასეა?
– კი, ასეა. ძალიან ერთგული ვარ და ამის გამო პრობლემები ხშირად შემქმნია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემგან ერთგულებას მოითხოვენ და არსებობს ურთიერთობა, რომელიც ამას ითხოვს. ერთგულება ურთიერთობას ახლავს და ის არ უნდა მომთხოვო. იძულებითი ერთგულება არ მიყვარს და ვერც წარმომიდგენია. ან ხარ ერთგული და ან არა, ამას ვერავინ დამაძალებს. მე ჩემს მორალურ პრონციპებს, ვერავის დავანგრევინებ, ვერც საყვარელ ქალს.
– ვიცი, შენს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდები, როცა ძალიან გიჭირდა, დეპრესიაც გქონდა. ამ დროს, ვინ იდგა შენ გვერდით და როგორ გადალახე დეპრესიული შემოტევები?
– ცხოვრებაში ძალიან ბევრი რთული პერიოდი მქონია და მის გადალახვაში, მეგობრები, ოჯახის წევრები და ის გარემო დამეხმარა, სადაც მიხდება ყოფნა და ცხოვრება. არ მინდა, ამ პერიოდების გახსენება. რაც გადავლახე და გამოვიარე, მასზე აღარ ვსაუბრობ. ერთს გეტყვით, როცა ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას, საკუთარ თავში ვიკეტები, ვცდილობ, მარტო დავრჩე, სხვას არ მოვახვიო ჩემი პრობლემა და გავაანალოზო სიტუაცია. საკუთარი თავი, თავად გამომყავს, მაგრამ ამისთვის დრო მჭირდება. დეპრესიებიც ხშირად მემართება. ვხუმრობ ხოლმე, დეპრესია იმდენჯერ მქონდა, თავი შემაყვარა, არის რაღაც მასში რომანტიკული და იდუმალებით მოცული-მეთქი (იცინის).
– სანდრო, მითხარი, მთელი ცხრა თვე თამუნასთან ერთად გავიარე ორსულობა, ბავშვს, დაბადების პირველივე წამიდან გადავეცი ჩემი ენერეგეტიკაო. თუმცა, შენსა და თამუნას შორის, იყო გარკვეული უთანხმოება და დაშორებულებიც იყავით. ეს პერიოდი როგორ გახსენდება?
– მეხუთე წელი დაიწყო, რაც მე და თამუნა ერთად ვართ და არასდროს, გვქონია პრობლემა და ჩხუბი. თამუნამ მოიტყუა, როცა ტელევიზიით თქვა, სანდრო დაიღალა ჩემი განცდებით, ტირილით და ამიტომ წავიდაო. იმ პერიოდში, მართლაც რთული პერიოდი იდგა თამუნას ცხოვრებაში, მაგრამ ეს მიზეზი არ იყო ჩვენი განშორების. ამ ტყუილით, მე დამაფარა ხელი, მაგრამ ჩემი მხრიდან, ნამდვილად იყო პრობლება. იმდენად დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, თავად თამუნამ ვეღარ გაუძლო და მოხდა გაურკვევლობა. ამ ცოტა ხნის განშორებამ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა, მივხვდი, ეს ის ადამიანია, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ. იმხელა გამოცდილება გვაქვს, ასაკიც, ისეთი ცხოვრება გამოვიარეთ, აღარ მგონია, ჩვენ შორის რამე ან ვინმე ჩადგეს.
– უამრავი ჭორი თუ მართალი გავრცელდა თქვენს ურთიერთობაზე. ამანაც ხომ არ იმოქმედა და გახდა მიზეზი თქვენი დაშორების?
– მართალი ხართ. ერთადერთი პრობლემა, რაც თამუნასთან თავიდანვე მქონდა, ის იყო, რომ ვთხოვდი, ჩვენს ურთიერთობას, ნუ გახდი საჯაროს-მეთქი. მან კი, ეს არ გაითვალისწინა, ძალიან აშიშვლებდა საზოგადოებაში და ამაზე მქონდა პრეტენზია. მესმის, რომ ორივე ცნობადი ადამიანი ვართ, მაგრამ ასე ჩვენი ურთიერთობის საჯაროდ გამოტანა, ვფიქრობ, არ შეიძლებოდა და მოჰყვა კიდეც ჭორები და კუდები. ბევრჯერ ვთხოვე, ვეკამათე კიდეც და ბოლოს, თავის ნებაზე მივუშვი და ზუსტად ამან მოიტანა კონფლიქტი. ორი ადამიანის ინტიმური ურთიერთობების ასე შიშვლად გამოტანას, ეს მოყვება. წლები რომ გავა, შეიძლება, დაჯდე და მოყვე განვლილ ურთიერთობაზე, მაგრამ ახლა რატომ უნდა იცოდეს ყველამ რას ვჭამ, რას ვსვამ და როდის ვიძინებ? ჩვენი დროებითი განშორება წარსულს ჩაბარდა, დღეს მე და თმუნა სამ და-ძმას ერთად ვზრდით და ბედნიერი წყვილი ვართ.
– და, ამ სასიყვარულო ურთიერთობისა და ოჯახური იდილიის ოფიციალურად დაკანონებას არ გეგმავთ?
– დაკანონებული ცოლ-ქმარი არ ვართ და ვფიქრობთ, მარიანას ნათლობას დავამთხვიოთ ჯვრისწერა. თუმცა, მთავარი სიყვარულია, ურთიერთობა და არა ხელმოწერა ფარატინა ფურცელზე.