კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ ეძინა დიდი ხნის განმავლობაში მიწისქვეშა გადასასვლელში ალექს კიკვიძეს და როგორ აშორებდნენ მას შეყვარებულთან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ალექს კიკვიძე „X ფაქტორში“ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. მეგობარს საგულშემატკივროდ გაჰყვა და თხოვნაზე, მასაც ეცადა ბედი, უარი აღარ უთხრა. მხოლოდ ის უნდოდა, შვილებისთვის დაემტკიცებინა, რომ მაგარი მამა ჰყავთ, თუმცა, როგორც ამბობს, რადგან ამხელაზე შეცურა, ახლა უნდა მოიგოს კიდეც.
ალექს კიკვიძე: ჩემმა მეგობარმა მთხოვა „X ფაქტორის“ ქასთინგზე გამომყევიო. რა თქმა უნდა, გავყევი. ცოტა ნასვამი ვიყავი და რომ მივედით, მეგობარი და მისი კიდევ ერთი გულშემატკივარი შემიჩნდნენ, შენც გადიო. გავედი, ერთი-ორი სიმღერა ვიმღერე და მითხრეს, რომ შემდეგ ტურში გადავედი. რადგან ასე მოხდა, გადავწყვიტე, ყველაფერი ჩემი ოჯახისა და შვილებისთვის მიმეძღვნა, ამიტომ შემდეგ ეტაპში უკვე მთელი სული და გული ჩავდე.
– მუსიკას რა როლი უჭირავს შენს ცხოვრებაში?
– მუსიკა ჩემთვის ოჯახიცაა, საჭმელიც, სასმელიც და საერთოდ, ყველაფერი. მის გარეშე არ შემიძლია. რამდენიმე წლის წინ, სახლში გიტარა ვნახე და რაღაცნაირად გამიხარდა, დაკვრა მომინდა. მეგობრებს ვთხოვე, ესწავლებინათ და კი გამოვიდა რაღაც. დედა პიანისტი იყო და ყოველთვის უნდოდა, სცენაზე მემღერა.
– მერე გახდი ქუჩის მუსიკოსი.
– 2004 წლიდან დავიწყე ქუჩის მუსიკოსობა და 2012 წლამდე ვუკრავდი. მერე მატერიალური მდგომარეობის გამო აღარ დამიკრავს, მაგრამ მეგობრებს ვეხმარები. იქ იმიტომ არ დავმდგარვარ, რომ ფული მეშოვა, ეს სიამოვნებისთვის გავაკეთე. შემოსავალს რაც შეეხება, ბარებში ვუკრავ, მაგრამ ახლა, რადგან პროექტში ვიღებ მონაწილეობას, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ მაქსიმალურად მასზე ვიქნები კონცენტრირებული და სხვას, ყველაფერს, ცოტა ხნით გვერდზე გადავდებ. ოჯახის მოვლაში მეუღლე მეხმარება. ყველაფერს აკეთებს, რომ სახლში საჭმელი გვქონდეს და ბინის ქირა გადავიხადოთ.
– ქუჩის მუსიკოსობას ბევრი თავგადასავალი ახლავს, ბევრი სითბოს გამოხატავს გამვლელებიდან, ზოგს შეიძლება, რაღაც არ მოეწონოს.
– რამდენიც გინდა. კიდეც მიჩხუბია და გიტარაც დამიმტვრევია. დედაჩემის ნაყიდი პირველი გიტარა ორმოცდაათი თეთრის გამო გავტეხე, ვერ მოვითმინე, როცა ერთმა ბიჭმა „კაჩავი“ დამიწყო. ძალიან ბევრი ღამე მაქვს გათენებული თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში. იქ იმდენად ხშირად ვიყავი, დილით ხალხი სამსახურში რომ მიდიოდა და მე მეძინა, ყველას ვცნობდი ფეხის ხმაზე და რომ მომიახლოვდებოდნენ, ავტომატურად ვწევდი თავს და სახელებით ვესალმებოდი. უფროსი თაობის წარმომადგენლებს, დედებსა და ბებიებს ვეცოდებოდი იმის გამო, რომ ქუჩაში ვუკრავდი. მაგრამ საცოდავი ნამდვილად არ ვარ, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი ვარ, რომელიც თავის სიმღერით სხვებს სიამოვნებას ანიჭებს.
– მაყურებელმა უკვე გაიცნო შენი მეუღლე და შვილებიც. თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყევი.
– დედაჩემმა საესტრადოზე ჩამაბარებინა, ვოკალის განხრით, თბილისში ჩამოვედით და სახლი ვიქირავეთ. ჩემს მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა ჩემი მომავალი მეუღლე – თამთა. თავიდან ვეპრანჭებოდით ერთმანეთს, მერე შეგვიყვარდა. სამი წელი ვიყავით შეყვარებულები და თვრამეტი წლის რომ გახდა, გავიპარეთ. რომ იცოდეთ 15 ლარი მქონდა ჯიბეში, როცა ეს გავაკეთეთ. თერჯოლაში, დედაჩემის ბიძაშვილთან  წავედით. ხუთ-ხუთი ლარი ავტობუსით მგზავრობაში გადავიხადეთ და დარჩენილი ხუთი ლარით გაზიანი სასმელები ვიყიდეთ.
– რატომ გაიპარეთ, გიშლიდათ ვინმე ერთად ყოფნას?
– რა ვიცი, დედამისს არ ვუნდოდი, „ბირჟავიკი“ ბიჭიაო და გვაშორებდნენ. მაგრამ ახლა სცენაზე რომ დაინახა, თავის შვილს უთხრა, როგორი კარგი ქმარი გყოლიაო (იცინის).
– რაც შეეხება მატერიალურ პრობლემებს. მოყევი, შვილმა მითხრა, სკოლაში მშობლები ყველას მანქანებით აკითხავენ და შენ არ მომაკითხოო.
– კი, ასე მითხრა. მის კლასელებს ყოველდღე ჯიბეში ხუთი ლარი აქვთ, ჩვენ ხანდახან ლარს ვაძლევთ, ხანდახან – ვერც მაგას. წვიმა იყო და მამებმა მანქანებით მიიყვანეს შვილები სკოლაში, ჩვენ ამ დროს სირბილით მივდიოდით, ამიტომაც ბავშვური გადმოსახედიდან მითხრა ეგ, მაგრამ მისმა სიტყვებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. ვუთხარი, რომ ჩვენ ხელოვანი ადამიანები ვართ, რაც უდიდესი სიმდიდრეა, რადგან ადამიანების გაბედნიერება შეგვიძლია. ახლა ეკრანზე რომ გამოვჩნდი, საოცრად უხარიათ და სკოლაშიც ძალიან ამაყობენ მამიკოთი. მაგრამ ისეთებად დარჩნენ, როგორებიც აქამდე იყვნენ, მაგარი შვილები მყავს, ძალიან კეთილები არიან.
– მეუღლე როგორ გგულშემატკივრობს და გამხნევებს ეს პერიოდი?
– სიმართლე გითხრათ, ბევრი შემოთავაზება მაქვს სხვადასხვა ბარიდან, მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვი, მაქსიმალურად „X ფაქტორზე” ვარ მობილიზებული, მეუღლეს მოაქვს საჭმელიც და ის იხდის ბინის ქირასაც. ამაზე მეტი გამხნევება რა უნდა იყოს?! ყოველთვის მეუბნება, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია. ბოლო ლაივზე სიმღერის ტექსტი მავიწყდებოდა და ვამბობდი, საერთოდ არ გამოვალ-მეთქი, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა და ეს ტექსტიც როგორმე დამემახსოვრებინა.
– თვითონ რა პროფესიისაა, სად მუშაობს?
– სკოლა რომ დაამთავრა, მაშინ გავიპარეთ. თავიდან სადაც მე ვუკრავდი, იმ ბარში დავაწყებინე მუშაობა მიმტანად. მერე გადავწყვიტეთ, რამე პროფესია შეეძინა. დედაჩემი მასაჟისტი იყო და თამთასაც ეუბნებოდა, ისწავლეო. დაამთავრა კურსები, მაგრამ ჯერჯერობით ბავშვებით იმდენადაა დაკავებული, რომ თავის პროფესიით ვეღარ მუშაობს.
– შენ თუ მოგირგია სხვა პროფესია მუსიკოსობის გარდა?
– თამთა ფეხმძიმედ იყო და შუშების მწმენდავად დავიწყე მუშაობა, მაგრამ ერთი თვეც ვერ „გავქაჩე“ და ისევ ქუჩას და გიტარას დავუბრუნდი. რაც ვიმუშავე, იმ ფულით ბეჭედი ვაჩუქე. არ შემიძლია მუსიკის გარეშე. სხვათა შორის, შვილები მგვანან. უკრავენ, მღერიან და ვნახოთ, რა იქნება. სწავლის მხრივ, ზარმაცი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. კედლებზე მაქვს დაწერილი მთელი შექსპირები, გალაკტიონები და ფშაველები. ყოველდღიურად რომ შეხედავენ, ძალაუნებურად დაამახსოვრდებათ, ეს ჩემებური მეთოდია. როცა საქმე სწავლას და ხელოვნებას ეხება, ძალიან მკაცრი ვარ. მინდა, ძლიერი და განათლებული შვილები მყავდეს. მაგრამ სხვა მხრივ, გიჟი მამა ვარ და მათთან ერთად ათას სიგიჟეს ვაკეთებ. ბავშვები გიჟდებიან ჩემს გაკეთებულ კერძზე, მეუბნებიან ხოლმე:  მამა, შენ გააკეთე, დედას გაკეთებული არ გვინდაო და მე და ჩემს მეუღლეს ამაზე კონფლიქტი მოგვდის (იცინის).
– როგორი იყო შენი ბავშვობა?
– ბავშვობას ვერ გავიხსენებ, იმიტომ, რომ არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. სულ დედის დახმარებას ვცდილობდი. ცხრა წლის ვიყავი, როცა მე და ჩემი ძმა ქუთაისიდან მოსკოვში წავედით. დედა იქ ჩვენზე ცოტა ადრე ჩავიდა, ერთ-ერთ რესტორანში ლავაშებს აცხობდა და ყველანაირად ვეხმარებოდით – მე მათ ჯიხურებში ვარიგებდი; ჩემი ძმა უფროსია და მშენებლობაზე მუშაობდა. ათი წლიდან დავიწყე მუშაობა და არ ვიცი, ბავშვობა რას ნიშნავს. მოკლედ, ცუდი მოგონებები მაქვს. რამდენიმე წელი ვიცხოვრე იქ და მერე ისევ საქართველოში დავბრუნდი. რომ ჩამოვედი, ქართული აღარ მახსოვდა, უფრო სწორად, კი ვიცოდი, მაგრამ სულ რუსულად ვლაპარაკობდი. ახლა პირიქითაა, უკვე რუსული დამავიწყდა.
– „X ფაქტორს“ რაც შეეხება, რა არის შენი მიზანი, უბრალოდ მონაწილეობა თუ გამარჯვება?
– ჩემს მიზანს მივაღწიე, ხალხს თავი შევაყვარე და მიუხედავად იმისა, რომ „X ფაქტორში“ ჩემზე მაგრადაც მღერიან, კონკურენტი არ მყავს. მინდოდა, ჩემი შვილებისთვის დამემტკიცებინა, რომ მაგარი მამა ჰყავთ, მაგრამ რადგან ამხელაზე შევცურე, ახლა მოვიგებ კიდეც. აუტსაიდერი რომ გავხდი და ბავშვების სახეს შევხედე, მივხვდი, რომ ფსიქოლოგია დაენგრათ. დავპირდი, რომ „X ფაქტორიდან“ ბინის გარეშე არ წამოვალ: ერთი ოთახი – ნანოს, მეორე – ლუკას და ახლა ეს არის ჩემი მთავარი მიზანი.

скачать dle 11.3