კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ ინერვიულა თათია დოლიძემ, როდესაც ორსულობის ამბავი შეიტყო

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

თათია დოლიძე მალე დედა გახდება. ის რვა თვის ფეხმძიმეა და გოგონას ელოდება. თათია ცხოვრებას ჩვეული აქტიური რიტმით აგრძელებს, მუშაობს, დადის იოგაზე და დედობისთვის ემზადება. როგორ ემზადება ის დედობისთვის და რა შეცვალა ბავშვის მოლოდინმა მისი და მეუღლის ურთიერთობაში თათია თავად გვიამბობს. (რამაზან ოფლაზის ფოტო).
თათია დოლიძე:  ორსულობა ინტუიციით გავიგე, მაშინ ორი კვირის ფეხმძიმე ვიყავი. მეუღლეს ჩვეულებრივად ვუთხარი, რაიმე სიურპრიზი არ გამიკეთებია. თავიდან ცოტა გავნერვიულდი, იმიტომ რომ დაგეგმილი არ მქონდა და მეგონა, ჯერ მზად არ ვიყავი. აქედან გამომდინარე, არ გამჩენია სურვილი, ჩემი ქმრისთვის რაღაც განსაკუთრებული შეტყობინების სახით გამეკეთებინა. თუმცა ვახოს თავიდანვე უნდოდა ბავშვი. მე ვიყავი სულ წინააღმდეგი – მოდი თებერვლიდან, მარტიდან, აპრილიდან... ფაქტობრივად, ვატყუებდი ხოლმე.    
– როგორ შეეგუე ორსულობას?
– ახლა 34 კვირის ვარ, ერთი თვე დამრჩა და ალბათ, ბოლოსკენ ცოტას ვინერვიულებ. ჩემთვის პირველია და როცა არ იცი, რა არის, ცოტა შიშის მომენტია, მაგრამ მაინც ფიზიოლოგიურად ვაპირებ მშობიარობას. ბავშვი დიდია, გოგონაა, წონითაც და ყველა პარამეტრით ორი კვირით უსწრებს განვითრებას და მეუბნებიან – აბა, შენი შვილი რა იქნებაო... შეიძლება, ერთ-ორი კვირით ადრე დაიბადოს. ცხრა თვე მარტო ის არ არის, რომ ბავშვი ფიზიოლოგიურად იზრდება და ვითრდება, ამ ცხრა თვემ ფსიქოლოგიურადაც მომამზადა, თავიდან ჩემთვის მოულოდნელი იყო, დღეს უკვე ძალიან გააზრებული მაქვს. ძალიან მიხარია და მეცინება კიდეც, ასე რომ ვინერვიულე.
– როგორი ფეხმძიმობა გაქვს?
– ძალიან კარგი. ტოქსიკოზი და მსგავსი რაღაცები არ მქონია. შედარებით რთული იყო პირველი ტრიმესტრი, გულის აჩქარებები მქონდა, ორგანიზმი ეგუებოდა ახალ მდგომარეობას და პირველი სამი თვე უფრო გამიჭირდა. რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნილებები არ მქონია, არანაირი საკვების სურვილი – ან მე ვარ ძალიან უპრეტენზიო, ან ბავშვი. ისე გავხდი რვა თვის, ვერც ჩემი ქმარი მიხვდა და ვერავინ გაიაზრა, რომ ორსულად ვარ. ერთი ორი თვეა, რაც გარშემო ყველამ გაიგო, რომ ბავშვი უნდა დაიბადოს... უბრალოდ, უკვე  ამხელა მუცელი მაქვს და მშობიარობა მოახლოვდა. თავიდანვე გოგო მინდოდა და ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. ჰოროსკოპით „თევზები“ ვარ და კარგი ინტუიცია მაქვს. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო იქნებოდა, ექოსკოპიაზე რომ მითხრეს, რეაქციაც არ მქონდა, ეჭვიც არ შემპარვია. ჩემი ქმრისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. სახელიც შერჩეული მაქვს, ვაპირებ, რომ თაია დავარქვა. ძალიან მომწონს ეს სახელი და გვარსაც ძალიან უხდება – თაია თურნავა. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, გოგო რომ მეყოლება, ელისაბედი უნდა დავარქვა-მეთქი, მაგრამ ეს სახელი თავისით მოვიდა ჩემთან და ვიფიქრე, ალბათ ასე უნდა იყოს-მეთქი.
– როგორ დედად წარმოგიდგენია თავი?
– მერე, როცა გაიზრდება, უფრო ლიბერალი დედა ვიქნები, მაგრამ სანამ პატარაა და ძალიან ვჭირდები, ყველაფერი ჩემზე არის დამოკიდებული, ალბათ, ზედმეტად ფრთხილი და ყურადღებიანი ვიქნები. ზოგადად, ძალიან მზრუნველი ადამიანი ვარ. საკმაოდ გავცემ სიყვარულს და საპასუხოდაც ვითხოვ. ეს ბავშვის შემთხვევაში ცალმხრივი იქნება. აბსოლუტურად, ყველაფერი ნაყიდი მაქვს, რაც კი შეიძლება, დაგვჭირდეს. ამ კუთხით მე ძალიან გიჟი ვარ. ახლა „ბეიბი შაუერი“ გვექნება. ყველაფერს მომზადებული ვხვდებით. ბავშვის ოთახიც მზადების პროცესშია. ბავშვის გაზრდაში დედა უნდა მომეხმაროს, პირველი ორი თვე დედასთან ვიქნები. მეც ხომ დეკრეტში ვიქნები და ძირითადად, თვითონ მივხედავ, თუმცა დამხმარე აუცილებელია. ამ შემთხვევაში დედას ვენდობი ყველაზე მეტად. სექტემბრიდან ბავშვი უკვე ორი თვის იქნება და აუცილებლად ჩავრთავ ძიძას. დედაჩემს ეყოფა, ორი შვილი გაზარდა და ჩემს შვილებსაც ვერ გავაზრდევინებ, მასაც თავისი საქმე აქვს.
– აქტიურ ცხოვრებას ისევ აგრძელებ?
 – დღესაც ძალიან აქტიური ვარ, იოგა, ცურვა... სამსახურში დავდივარ, პროფესიული გადამზადების კურსებზეც და თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს. ჩემს მეუღლეს უარესი რეჟიმი აქვს – სამსახურიდან გამომდინარე ხან საზღვარგარეთ უწევს ყოფნა, ხან საქართველოში. ორივე დაკავებულები ვართ და ისეთი რამ არ ხდება ხოლმე, რომ სახლში იჯდეს და მელოდებოდეს. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, ზოგჯერ ზედმეტია ერთად ყოფნა. თავიდანვე, შეყვარებულობიდან ასე იყო:  ხან ცალ-ცალკე ვიყავით, ხან – ერთად. ბავშვის გაჩენის შემდეგაც არ ვაპირებ, აქტიურ ცხოვრებას ჩამოვშორდე, დეკრეტულ შვებულებაში ვიქნები, მაგრამ მაშინაც ვივლი პროფესიული გადამზადების კურსებზე, რაც მთავარია, სადოქტოროზე ვმუშაობ და იმ პერიოდში მაგასაც მივხედავ. ვეცდები, მაქსიმალურად ბავშვთან ვიყო და გავიდე კიდეც.  
– დაქორწინების შემდეგ  ურთიერთობაში რაიმე შეიცვალა?
– ყოველ ეტაპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. შეყვარებულობას აქვს თავისი დადებითი მხარე, მაგრამ უარყოფითი ის არის, რომ მეტი დრო გინდა ერთად გაატაროთ, მაგრამ ვერ ახერხებთ და რა თქმა უნდა, უკვე ცოლქმრობაში, ერთად რომ ცხოვრობთ, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ სხვა პლუსები და მინუსებია, ბევრი პასუხისმგებლობა ირთვება, ყველა ნაბიჯი  უნდა იყოს გააზრებული, ურთიერთგაგება, ერთად ყოფნის სურვილი უნდა იყოს და რაც მთავარია, სიყვარული. თუ ეს ყველაფერი არის, ყველა ეტაპი საინტერესოა. ბავშვის დაბადებაც სრულიად ცვლის ყველაფერს. ახლა მე თვითონაც ვხვდები, მთელი ფიქრები ბავშვის გარშემო მიტრიალებს. ეს ბავშვიც შეცვლის სიტუაციას, საინტერესოა, ამ ეტაპზე გადასვლა როგორი იქნება.
– როგორ გახსენდება შეყვარებულობის პერიოდი?
– ოთხი წელი სრულდება, რაც მე და ჩემი ქმარი შეყვარებულები გავხდით. მე ბრიუსელში წავედი საცხოვრებლად, თვითონ მილანში ცხოვრობდა და ისე გამოვიდა, შეყვარებულობის დროს სულ დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. ხშირად ახერხებდა ხოლმე ჩამოფრენას – ათ დღეში ერთხელ ბრიუსელში მაკითხავდა. მახსოვს, ერთხელ, მოულოდნელად თვითმფრინავის ბილეთები მომიტანა; ერთხელ 11 საათი იარა მანქანით, მილანიდან ჩეხეთში ჩამოვიდა, ჩემთვის რომ თავი მოეწონებინა და დამეფასებინა. როდესაც ერთმანეთისგან შორს ხართ, თან ორი წელი, ურთიერთობის შენარჩუნებისთვის აუცილებელიც არის მსგავსი რაღაცები. ჩემი მეუღლე უფრო სპონტანურია, მე დაგეგმვა მიყვარს. ხელიც მოულოდნელად მთხოვა. თავის საქმეები დაასრულა მილანში, მეც საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატი მოვიპვე და საქართველოში დავბრუნდი. ჩამოვფრინდი თუ არა, დაახლოებით, ერთ კვირაში მთხოვა ხელი. იმ დროს არ ველოდებოდი და იმდენად ვერ მივხვდი, მეგონა, მეკითხებოდა, ზოგადად თუ გავყვებოდი ცოლად და მეც ისეთი ზოგადი პასუხი გავეცი. აღმოჩნდა, რომ ბეჭედიც მომზადებული ჰქონდა და უნდოდა, რომ ჯვარი იმ ღამესვე დაგვეწერა. მოძღვარი  მისი მეგობარია და ძლივს დავითანხმე, რომ ჯვრისწერის ნაცვლად დაწინდვა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ჩემს მშობლებს ეწყინებოდათ, ასე გაუფრთხილებლად რომ მოვქცეულიყავი და მე თვითონაც ჯვრისწერა უფრო სხვანაირად წარმომედგინა – თეთრ კაბაში და ასე შემდეგ. არ ვარ სპონტანური ადამიანი და ჩემთვის შოკი იყო. ღამით ჩვენ გამო ეკლესია გააღეს და ასე დავიწინდეთ ღამის 12 საათზე. ჩემს მშობლებს მერე ვუთხარი, რომ დაწინდული ვარ. ჯვრისწერა და ქორწილი დღემდე არ გვქონია. იყო  ხელის მოწერა და ამასთან დაკავშირებული ლამაზი ცერემონიალი ვიწრო წრეში, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.
скачать dle 11.3