№25 როგორ განკურნა მამა სოგრატმა „შეპყრობილი“ გოგონა და როგორ აუხილა მის საფლავზე სალოცავად მისულ ბიჭს თვალები
თბილისის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე) სიცოცხლეში უამრავი სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანის იმედი იყო, რომლებსაც ის საკუთარი სასწაულებრივი ძალით კურნავდა. მამა სოგრატის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა და მისი საფლავის სასწაულებრივი ძალის იმედით, ამ ტაძარში დღესაც უამრავი მომლოცველი მოდის.
ნათელა ვაშაკიძე: 42 წელი გავატარე მამაოს გვერდით. ბუნებრივია, საავადმყოფოშიც მასთან ერთად ვიყავი. რეანიმაციაში შემეპარა ერთი ადამიანი, რომელსაც მისი დახმარება სჭირდებოდა. მის თითოეულ გამოხედვას და ხელის შეხებას უდიდესი სამკურნალო ძალა ჰქონდა. პიროვნებას რომ შეხედავდა, თვითონვე ეტყოდა, რა უჭირდა ან პირდაპირ ხელს დაადებდა იმ ადგილას, სადაც პრობლემა ჰქონდა. ამ ეზოში ყოველი მოვლენა სასწაული იყო. თუმცა, ამხელა შესაძლებლობების მიუხედავად, თვითონ ძალიან უბრალო პიროვნება იყო. რვა ადამიანმა ძლივს შემოიყვანა ერთი გოგო, რომელიც ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი. მამაომ შეულოცა და ნახევარ საათში ფეხზე დადგა. დღეს სამი შვილის დედაა და წელს იურიდიულზე აბარებს. ახლაც უამრავი ხალხი მოდის და იმ სასწაულების შესახებ ყვებიან, რომელსაც მამაოს საფლავი ახდენს.
ხათუნა ფეიქრიშვილი: მამაოს გარდაცვალების შემდეგ პირველი სასწაული, რომელიც მის საფლავზე მოხდა დედა-შვილს უკავშირდებოდა. დედამ მოიყვანა უსინათლო ბავშვი და მამა სოგრატის საფლავთან ილოცეს. ამ ბავშვს იქვე, საფლავთან აეხილა თვალი. ძალიან მალე იყო მეორე შემთხვევაც: ერთ ქალს ძალიან რთული მშობიარობა ჰქონდა და ახალშობილი შვილი დაეღუპა. თვითონაც იმდენად ცუდად იყო, ექიმები გადარჩენის არანაირ იმედს არ იძლეოდნენ, პირიქით, მათ ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ ქალი დილამდე ვერ იცოცხლებდა. სხვა გზა აღარ დარჩათ, ვიღაცას ურჩევია, ამ ტაძარში მოძღვრის საფლავია, რომელიც სასწაულებს ახდენს, წადით და იქ ილოცეთო. აქ რომ მოვიდნენ, მამაოს ისტორია მოისმინეს და მორჩილმა უთხრა, გულით შესთხოვეთ თქვენი გასაჭირის შესახებო. ლოცვა რომ დაამთავრეს და სამშობიაროში დაბრუნდნენ, რომელიც აქვე, ახლოსაა, ის ქალი, რომელის გადარჩენის იმედსაც ექიმები აღარ იძლეოდნენ, თვალგახელილი და გამოცოცხლებული დახვდათ.
მარინა ღარიბაშვილი: ჩემსა და მამა სოგრატს შორის ამოუხსნელი სულიერი კავშირი იყო მის სიცოცხლეში და ასე გრძელდება დღესაც. სარძევე ჯირკვალზე ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ექიმებმა მითხრეს, რომ ქიმიოთერაპიის კურსი და მკერდის მოკვეთა იყო საჭირო. მამა სოგრატმა კურთხევა მომცა, რომ ოპერაცია არ გამეკეთებინა, სანამ ჩემი გჯერა, მანამდე იცოცხლებ და თუ ჩემში ეჭვი შეგეპარა, მერე ვეღარ დაგეხმარებიო. გეტყვით, რამ გამიჩნდა მის მიმართ უძლიერესი რწმენა. მე ამ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვცხოვრობ. ერთხელ, დავინახე, მამა სოგრატი ეზოში, სკამზე იჯდა და საოცრად მომინდა მისი დალოცვის მიღება. მართალია, შეუსაბამოდ მეცვა, მაგრამ ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და მამამოსკენ წამოვედი. შორიდან ვერ დავინახე, თურმე, მამაო თვლემდა და როცა მისკენ გავეშურე, ქალბატონმა ნათელამ გამაჩერა და მისაყვედურა, ასე მხრებმოშიშვლებული ბერთან როგორ მიდიხარო. მისი საყვედური სამართლიანი იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა მამაოს დალოცვა, რომ ხვეწნა დავუწყე, გეხვეწებით მიმიშვით, თქვენ არ იცით, როგორ მიჭირს-მეთქი. ახლა იმიტომ არ გიშვებ, რომ მეორედ ღირსეულად მოხვიდე მასთანო, მითხრა და თვალცრემლიანი გამოვბრუნდი უკან. ეზოს კართან რომ მივედი, ტაძრის ერთ-ერთი მსახური დამეწია, ქალბატონო მარინა, მოიცადეთ, მამა სოგრატს ხილვა ჰქონდა და თქვა: ჩემთან გაჭირვებული ქალი იყო მოსული, ახლავე დაეწიეთ და უკან დააბრუნეთ, უნდა დავეხმაროო. შესაბამისად შემმოსეს და მამაოსთან მიმიყვანეს. მის წინაშე დავიჩოქე, სიტყვაც არ მქონდა ნათქვამი ჩემი დაავადების შესახებ, მან ჯიბიდან ლახვარი ამოიღო და რომელ ძუძუზეც სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ზუსტად იმაზე დამარტყა მთელი ძალით და მითხრა: ახლა მე შენ ოპერაცია გაგიკეთეო. ამ ადამიანს უთქმელად ესმოდა სხვისი გასაჭირი. დაახლოებით რვა წელი გავიდა მას შემდეგ. გამოკვლევები გავიკეთე და მითხრეს, რომ მეტასტაზები არ მაქვს და სიმსივნე, რომელიც ოთხი სანტიმეტრი იყო ახლა 14 მილიმეტრია. მჯერა, რომ მამაოს მადლით ამასაც დავამარცხებ.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩვენს შორის ამოუხნელი კავშირია. მამაო მკარნახობს, როცა ვინმეს მისი დახმარება სჭირდება და რაღაც ძალით საფლავზე მოვყავარ. დღესაც ვიგრძენი, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი ტაძარში. ტელეფონში მის მიერ წაკითხული კვეთებულის ლოცვის ჩანაწერი მაქვს და ვიგრძენი, რომ ეს ვიღაცას ძალიან სჭირდებოდა. საფლავზე მივედი და ქალბატონი დამხვდა, რომელმაც მითხრა, რომ შვილი ჰყავდა ცუდად. მივედი და კვეთებულის ლოცვა ჩავურთე. რომ მოისმინა, ატირდა და მითხრა: ისე ვინატრე მამაოს კვეთებულის მოსმენა, ისე მინდოდა მისი ხმის გაგონება, რომ ზუსტად ამას ვევედრებოდი დაჩოქილიო.
კიდევ ერთი ქალბატონი იყო მამა სოგრატის საფლავთან მოსული, ტიროდა და ევედრებოდა, ძმისშვილი გადაერჩინა მისთვის. მითხრა, რომ რომელიღაც მოძღვრის შვილი ავარიაში მოყოლია და აპარატზე იყო შეერთებული. მივხვდი, რომ მასთან მამა სოგრატმა მიმიყვანა და თითქოს, მისთვის სათქმელ სიტყვებს მკარნახობდა, მასაც მოვასმენინე მამაოს კვეთებულის ლოცვა. მეორე დღეს ის ქალი ისევ ვნახე საფლავზე, მითხრა, რომ ის ადამიანი აპარატიდან მოხსნეს, რადგან გონს მოვიდა და კარგადაა.
ნინო ფხოველიშვილი: სავადმყოფოში რომ იწვა მამა სოგრატი და თვითონ ძალიან მძიმედ იყო, იქაც კი ავადმყოფებს ეხმარებოდა. მოძღვარი შევიდა მასთან ლოცვის წასაკითხად და სიტყვაც არ უთქვამს იმის შესახებ, რომ თავად ხერხემლის პრობლემა სტანჯავდა. როგორც კი პარაკლისის წაკითხვა დაამთავრა, შეატრიალა მამა სოგრატმა და ზუსტად იმ ადგილას დაადო ხელი, სადაც ტკივილი სტანჯავდა. ორი წელი გავიდა და იმ დღის შემდეგ ერთხელაც არ ასტკიებია. სხვადასხვა დაავადებით თვითონ სამედიცინო პერსონალიც შედიოდა და დახმარებას სთხოვდნენ. ცუდად იყო და ერთხელ, მამა აკაკი მოუყვანეს კვეთებულის ლოცვის წასაკითხად. მამა აკაკი ოთახში რომ შევიდა, ერთმანეთს შეხედეს, მამა სოგრატს გაეღიმა და უთხრა, ლოცვის წასაკითხად მოხვედი ჩემთანო... და თავად წაუკითხა კვეთებული. დღეს უკვე მისი საფლავი ახდენს სასწაულებს.
მორჩილი გიორგი: ერთმა ჩვენმა მრევლმა გოგონა მოიყვანა, რომელიც შეპყრობილი იყო. პირველ ლოცვაზე არაადამიანურ ხმას გამოსცემდა. მაგ დროს ტელევიზია იყო მასალისთვის მოსული და ოპერატორი იღებდა. გოგონა ჯვარს არ ემთხვეოდა – ასეთ დროს, ჯვრისა და ნაკურთხი წყლის ეშინიათ და არ ეკარებიან. წყალი საერთოდ გადაღვარა. ბოლოს იმდენს მივაღწიეთ, რომ ემთხვია ჯვარს. ამ მომენტში ვიდეოკამერა ჩართული იყო – მუშაობდა, მაგრამ, ფირი არ ტრიალებდა, აღარ იწერდა. როგორც კი გოგო ჯვარს ემთხვია, გასწორდა და ჯვარს მოშორდა, ფირი დატრიალდა და გადაღება განაგრძო. ბოლოს, ჩანაწერს ვუყურეთ და შევამჩნიეთ, რომ რაღაც მომენტში, ამ გოგოს თავზე წამიერად გაიელვა და თავიდან, ბუშტები და ბოლი ამოდიოდა. მამაოს ერთი ჯვარი ჰქონდა. ერთ ოჯახში იყო, ლოცვებს კითხულობდა და ჯვარმა ხტუნვა დაიწყო – ჭიქაზე იდო და ხტოდა, ოღონდ დაბლა არ ჩავარდნილა. მამაომ მოჰკიდა ხელი და ნახა, რომ ჯვარი ჩაზნექილი იყო, ისე, რომ ზედ არაფრის დარტყმის კვალი არ ემჩნეოდა. ამ ვიდეოს გადაღების დროს, მამაოს სწორედ ეს ჯვარი ეჭირა ხელში და ეკრანზე, ქვემოთ, სწორედ ისაა გამოსახული. იმ გოგონას, საათ-ნახევარზე მეტხანს უკითხავდა ლოცვას. გამოჯანმრთელდა, გათხოვდა, ორი შვილი ჰყავს და მშვენივრადაა. მერე კიდევ მოდიოდა ლოცვებზე და იხსენებდა: მამაო რომ ნაკურთხ წყალს მასხამდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნემსის წვერები მერჭობოდაო.