კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ გადაწყვიტა გიორგი ნადირაძემ თინა მახარაძის სცენაზე უტრუსოდ გამოყვანა და რაში არ არის პრეტენზიული მაკა ჩიჩუა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

დიზაინერი, რომლიც „X ფაქტორის“ მონაწილეების, წამყვანებისა და ჟიურის ჩაცმულობაზე ზრუნავს, გიორგი ნადირაძეა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქართული მოდის ინდუსტრია შექმნა და დღეისთვის ბევრი ცნობილი სახელისა და გვარის აღმოჩენა სწორედ მას უკავშირდება.
გიორგი ნადირაძე: ამ სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები რთული იყო. ეს ის პერიოდია, როცა ნაჭერიც კი არ გვქონდა, ქსოვილები ფიზიკურად არ იშოვებოდა და 90-იანების ბოლოს ჩემი ერთ-ერთი პირველი კოლექცია ცელოფნებისგან გავაკეთე. თავდაპირველად სხვა პროფესია ავირჩიე. არქიტექტურაზე ვსწავლობდი, მაგრამ რთული პერიოდი იყო და მივხვდი, რომ ამ პროფესიას მაინცდამაინც ვერ გამოვიყენებდი. თუმცა, რადიკალურადაც არ შემიცვლია არჩევანი, არქიტექტურიდან დიზაინზე გადავინაცვლე. მერე იყო პარიზში სწავლის პერიოდი.
– იმ სოციალურ ფონზე პარიზში სასწავლებლად წასვლა არც ისე მარტივი იქნებოდა.
– 1995 წელს, ჩემი ჩვენების შემდეგ ძალიან მალე, მე და ჩემმა მეგობრებმა ავანგარდული მოდის ასამბლეა გავაკეთეთ, ეს იყო საერთაშორისო მოდის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ჟიურის ამპლუაში თბილისში ჩამოვიყვანეთ „ივ სენ ლორანის“ სახლის კომერციული დირექტორი. აქ ნანახის შემდეგ მან გადაწყვიტა, სასწავლებლად ერთი წლით პარიზში დავეპატიჟე. პატარა ბიჭისთვის მოდის ამხელა ინდუსტრიაში მუშაობა, წარმოსადგენადაც კი, ძალიან რთული იყო. თუმცა, ფაქტია, რომ იქ მოვხვდი და კოლექციებზეც ვმუშაობდი. ფაქტობრივად, ყველაფერი პარიზში ვისწავლე, თორემ მაშინდელ აკადემიაში სწავლის პროცესი მხოლოდ ესკიზების დონეზე მიდიოდა.
– პარიზში შეხვდით ოცნების ადამიანებს, რომელთა სახელები და გვარები ჟურნალ-გაზეთებიდან იცოდით?
– ასეთ ადამიანებთან შეხვედრა მხოლოდ „ფეშენ-ვიქებზე“ შეიძლებოდა. ერთხელ გოტიეს შევხვდი და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. პარიზი თბილისური რეალობიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო, სხვა სამყაროში მოვხვდი. აქ ხალხი მშიერი კვდებოდა, ჯერ „ზვიადის“, შემდეგ „ედუარდის“ იძახდა და იქ აბსოლუტურად სხვა ტემპით მიდიოდა ცხოვრება.
– ფესტივალს და თქვენ გიკავშირდებათ დღეს უკვე ბევრისთვის ცნობილი და პოპულარული სახეების აღმოჩენა.
– კი. მაგალითად, ავთანდილ ცქვიტინიძე პირველ ავანგარდულ მოდის ასამბლეაზე ერთ-ერთი პრიზიორიც იყო. პირველად იქ შედგა მისი დებიუტი. მეორე წელს გამოჩნდნენ: ზალიკო ბერგერი, უტა ბექაია, ნინო ჩუბინიშვილი და ასე შემდეგ.
– როგორც ვიცი, პირველი ლედი, მაკა ჩიჩუაც თქვენ მიერ აღმოჩენილთა შორისაა.
– მაკა ჩემი კურსელი იყო და ვმეგობრობდით, თუმცა პირველად ჩემს ჩვენებაზე არ გამოსულა. მას ჩემი ჯგუფელის კოლექციის ჩვენებაზე შევხვდი. ყოველთვის ძალიან ლამაზი გოგო იყო, მომნუსხველი თვალებით. ეს არ იყო მარტო გარეგნული სილამაზე, შიგნიდან მოდიოდა. მის მზერაში თითქოს ტკივილი იგრძნობოდა. თუმცა პოდიუმზე ნაკლებად ჩანდა, ვიდრე ფოტოსა და კინოში. მერე ძალიან ახლო მეგობრები გავხდით და უკვე მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს.
– პრეტენზიულია სამოსის შერჩევისას?
– არასდროს ყოფილა პრეტენზიული და არც განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონია. უბრალოდ, მისი დღევანდელი სტატუსი მოითხოვს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ყველაფერს ვერ ჩაიცვამს. ბოლო პერიოდში „ნიჭიერის“ ჟიურის ამპლუაში მიწევს მასთან მუშაობა. თან, წელს ფეხმძიმედ იყო, რაც კიდევ მეტ განსაკუთრებულობას მოითხოვდა.
– რაც შეეხება მაკა ასათიანს, როგორც ვიცი, მეგობრობა გაკავშირებთ.
– მაკა ჩემს ჯგუფში სწავლობდა პარიზში წასვლამდე. იქიდან რომ დაბრუნდა და მოდის სახლი გააკეთა, აქტიური საქმიანი ურთიერთობა დავიწყეთ და რამდენიმე კოლექცია ერთადაც გავაკეთეთ. ჩვენთან ერთად სწავლობდა თეონა თავართქილაძეც. დღეს მასთან უფრო აქტიურად ვურთიერთობ, გამომდინარე იქიდან, რომ მაკასგან განსხვავებით, ის თბილისში ცხოვრობს.
– ტელევიზიების პერიოდი როდის დაიწყო?
– ჯერ „პირველ არხზე“ ვმუშაობდი, შემდეგ – „რუსთავი 2-ზე“, როცა თბილისში გადმოვიდა. მაშინ ეროსი კიწმარიშვილს ჰქონდა ძალიან საინტერესო შემოთავაზება. ღამის გადაცემის გაკეთებას გეგმავდნენ, რომელსაც ეყოლებოდა ნახევრად შიშველი წამყვანი და ის ეროტიკულ თემებზე ისაუბრებდა. 1996 წელს ეს ფორმატი აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო იმდროინდელი სატელევიზიო სივრციდან. მზადება დავიწყეთ, წამყვანად ნინო კასრაზე შევარჩიეთ, მაგრამ მერე, რაღაც მიზეზების გამო, ეს პროექტი ჩაფლავდა. შემდეგ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გადაცემის დეკორაციასა და კოსტიუმებზე ვმუშაობდი. პირველი მეგაშოუ „ერთი ერთში“ იყო, რასაც „X ფაქტორი“ მოჰყვა.
– პროექტებში ერთი პერიოდი ძალიან აკრიტიკებდნენ ბიჭების ჩაცმულობას, განსაკუთრებით, გიორგი ყიფშიძისას – კაბა როგორ ჩააცვითო, წერდნენ.
– ეს აუცილებლობა იყო. გიორგიმ ერთ-ერთი ლაივის წინა დღეს ფეხი მოიტეხა და თაბაშირში ჩაუსვეს. შარვალს ფიზიკურად ვერ იცმევდა, შიშველს ვერ გამოვიყვანდით სცენაზე და ამიტომ მოვიფიქრეთ ასეთი გამოსავალი. სხვათა შორის, „იმედზე“ ბოლო პერიოდშიც პრეტენზია ჰქონდათ ბიჭების ჩაცმულობაზე. არ მოსწონდათ მათი ჭრელი კოსტიუმები და ფერადოვნება. მაგრამ ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ.
– სკანდალი მოჰყვა თქვენს მიერ თინა მახარაძისთვის შერჩეულ კოსტიუმსაც. მაშინ წერდნენ, დიზაინერმა თინას კაბის შეკერვისას ნაჭერი დაზოგაო. მოკლედ, ეკრანზე ნახევრად შიშველ მდგომარეობაში საცვლების გარეშე გამოსვლას დიდი ამბავი მოჰყვა.
– ეგ ამბავიც იყო. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტეთ მაშინ მისთვის ასე ჩაცმა. ეს იყო პროექტი „ბრავოს“ ფარგლებში და იმ დროს ლალი მოროშკინაც იყო ამ პროექტის ნაწილი. ის შეესწრო საუბარს, უნდა ჩაიცვას თუ არა თინამ ეს კაბა, უნდა ეცვას თუ არა მასში ტრუსი და ასე შემდეგ. მერე ვიღაცასთან ილაპარაკა: სულ გაგიჟდნენ, შიშველი გამოჰყავთ სცენაზეო და ვფიქრობ, რომ ცოტა ცუდად მოუვიდა. ეს ხმები გიორგი ხაბურზანიამდეც მივიდა. ის არასდროს ერევა ჩემს საქმიანობაში და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მკითხა, რას აპირებ, გავიგე, რომ ჩაცმის მაგივრად, თინას ხდიო. ვუთხარი, არც ვხდი და არც ვაცმევ, საშუალოდ იქნება შემოსილი-მეთქი. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგრამ თინა თვითონ იყო ძალიან ეპატაჟური პიროვნება და სურვილი ჰქონდა, ასეთი რამეები გაეკეთებინა. ეს მისი ნებით მოხდა. მაგრამ მერე ეკრანზე რომ შევხედე, ცოტა დისკომფორტს განიცდიდა.
– რადგან პირველი ხართ, ვინც ამ სფეროში ნაბიჯები გადადგა, საინტერესოა, დღევანდელ ქუჩის სტილზე, ეგრეთ წოდებულ, „სთრით სთაილზე“ რას ფიქრობთ?
– „სთრით სთაილი“ ჩვენთან საერთოდ არსებობს? (იცინის) ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ქართველების ჩაცმულობა ძალიან გამოირჩეოდა საბჭოთა ქვეყნებისგან. ყოველთვის გვიყვარდა განსხვავებული სამოსი და იმ დროს კარგად ჩანდა ჩვენი ინდივიდუალიზმი. მაშინ, ალბათ, მატერიალური თვალსაზრისით, ამის შესაძლებლობაც მეტი იყო, რაც დღეს აღარაა და მხოლოდ ერთეულებს აქვთ საშუალება, ძვირფასად ჩაიცვან. რაც შეეხება მასას, სამწუხაროდ, იაფფასიანი პროდუქციის ჩამცმელები გავხდით.
скачать dle 11.3