№25 როგორ აღმოჩნდა ნათია წიწილაშვილი კოჯორში ვენებგადაჭრილი და დასისხლიანებული და რატომ მალავდა ის საკუთარ სუპერმენ შეყვარებულს
მსახიობი ნათია წიწილაშვილი შეყვარებულია. როგორც თავად ამბობს, მისი რჩეული ნამდვილი სუპერმენია, რომელსაც ჯერჯერობით ნაკლი ვერ უპოვა. პირად ცხოვრებაში კარგი ახალი ამბების პარალელურად, აქტიურია მისი საქმიანი ცხოვრებაც.
ნათია წიწილაშვილი: ცოტა ხნის წინ, ამერიკელების გადაღებულ ფილმში ვითამაშე, რომელშიც მთავარი პერსონაჟის, დედის როლი მქონდა. მე ამ ფილმში ძალიან სუსტი პიროვნება აღმოვჩნდი, თავს ვიკლავ მანიაკი ქმრის გამო, რომელიც ადამიანებს ჩეხავს. ეს კაცი ჩემი შვილის მამინაცვალია. ჩემი შვილიც მანიაკს შევატოვე. გადაღებები კოჯორში გვქონდა. გამყინვარებაში ვწევარ სისხლიან აბაზანაში ვენებგადახნილი. სამსაათიანი გრიმი დასჭირდა ჩემს მკვდრადქცევას და ვენების „გადაჭრას“. ეს ფილმი „ჰორორია“, ჩემთვის პირველი იყო და ძალიან მომეწონა, სპეციფიკური და ემოციური სათამაშოა. მსახიობი, რომელიც ჩემი ქმრის როლს ასრულებს „ხერხის“ ბოლო ორ ნაწილში თამაშობს.
– ცოტა ხნის წინ, იბიცაზე იმოგზაურე, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
– მეგობრებთან ერთად ვიყავი. არაფერი სჯობს მეგობრებთან ერთად დასვენებას. ზოგადად, ორნაირი დასვენება მაქვს. ერთი – პენსიონერული, მაგალითად, ახლა წავიყვანე ჩემი შვილი ეგვიპტეში. ასეთ ადგილებში ან სასტუმროში გძინავს, ან შეზლონგზე, ან ვახშამზე ხარ ან საუზმეზე (იცინის). თან, სულ სასტუმროს ტერიტორიაზე ხარ. სტრესული პერიოდის შემდეგ ასეთი დასვენებაც კარგია გონებისთვის, მაგრამ მას თავისი დრო აქვს და პირადად მე, ამას, მეორენაირი დასვენება მირჩევნია – მეგობრებთან ერთად სადმე გასართობად წასვლა. მათთან ერთად მთელი ბარსელონა ფეხით შემოვიარე და შემდეგ იბიცაზე გადავედით. სასწაულია იქაურობა. სულ სანაპირო და კლუბებია, ყველგან გართობაა დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. კიდევ კარგი, მხოლოდ სამი ღამე გავატარეთ იბიცაზე, იმიტომ, რომ მერე უკვე ვეღარ ძლებ, მაგრამ ის დღეები სამოთხეში ხარ.
– როგორც დედა, როგორია ნათია?
– ნასტია 7 წლის ხდება და წელს სკოლაში მივდივართ. ძალიან მეზარება ეს პროცესი (იცინის). ის კი არ მეზარება, რომ ყოველ დილით ადრე უნდა ავდგეთ, სკოლაში წავიდეთ და მერე ისევ გამოვიყვანო. საქმე ისაა, რომ ჩემი შვილი სასტიკად ზანტია (იცინის). დაახლოებით საათ-ნახევარი სჭირდება ჩასაცმელად, ამდენივე – ჭამისთვის. ბოლო ნახევარი წელია, რაც ცოტა გაპრანჭვა დაიწყო. ფუშფუშა კაბები არასდროს უყვარდა, მაგრამ ახლა უკვე არჩევს ტანსაცმელს, რას რა მოუხდება, თუმცა „პრიცესობები“ არ სჭირს. სარკის წინ ტრიალებს და თუ რამე არ მოსწონს, მერე იცვლის და იცვლის. ჰოდა, მისი სიზანტიდან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი (იცინის). ალბათ, დილის ხუთ საათზე უნდა ავდგეთ, ეს ყველაფერი რომ გავაკეთოთ და ცხრისთვის სკოლაში არ დავაგვიანოთ, ამიტომაც მეზარება (იცინის).
– რთულია მარტოხელა დედობა?
– რაც მე და გიორგი დავშორდით, მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. შეძლებისდაგვარად, გიორგიც მეხმარება, მამის ფუნქციას კარგად ასრულებს. ამიტომ ვერ ვიწუწუნებ, მარტოხელა დედა ვარ-მეთქი. არ ვარ მარტოხელა, ჩემი მშობლებიც ძალიან მიწყობენ ხელს და გიორგიც.
– არიან გოგოები, ვისთვისაც განქორწინება „დასასრულია“. შენთან დაკავშირებით, არაერთხელ მომისმენია, რაც ქმარს გაშორდა უფრო და უფრო გალამაზდაო.
– გაშორება მოუხდაო? (იცინის). შეიძლება, განქორწინება ქალისთვის დიდი სტრესი და ტრაგედიაა, მაგრამ ვიზუალურად ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. რომ გავთხოვდი, ძალიან პატარა – 20 წლის ვიყავი. ამ დროს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გაქვს გემოვნება, ბოლომდე შენი თავიც არ გაქვს შეცნობილი. ამიტომ, ვფიქრობ, ასაკის ბრალი იყო ის, რომ ისე არ გამოვიყურებოდი, როგორც ახლა. დროსთან ერთად უფრო მეტად დავიხვეწე. აქ განქორწინება არაფერ შუაშია, უბრალოდ, დრო გავიდა, გემოვნება დამეხვეწა და მოდაც შეიცვალა. ჩემი თინეიჯერობის ფოტოებს რომ ვათვალიერებ, გული მისკდება, ღმერთო, რას ვგავდი-მეთქი (იცინის). მარცხენა ყურიდან მქონდა ჩოლკა მარჯვენა ყურამდე გადმოწეული. დედაჩემს ვეუბნები, რატომ არაფერს მეუბნებოდი-მეთქი (იცინის). თუმცა, თამამად ვიტყვი, რომ თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდა, მიუხედავად ჩემი ამ ჩოლკისა (იცინის). ახლა კიდევ ერთი რვა წელი რომ გავა, არ ვიცი, რა მოხდება, შეიძლება, უკვე კანის გადაჭიმვები დამჭირდეს და სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მეშინია სიბერის (იცინის). ახლაც კი, 22 წლის გოგოს რომ ვუყურებ გადაპიწკინებული სახის კანით, განვიცდი, მართალია, ჯერ 28 წლის ვარ, მაგრამ 22-ის რომ ვიყავი, ხომ უკეთესი კანი მქონდა (იცინის). მართლა ძალიან მეშინია, რომ წარმოვიდგენ ნაოჭი გამიჩნდება, ისტერიკაში ვვარდები. ამიტომ ვცდილობ, სულ კრემები და ნიღბები ვიხმარო, ვივარჯიშო, სწორად ვიკვებო. თუმცა ცოტა ზარმაცი ვარ, სამი წელია, აღარ ვვარჯიშობ, მაგრამ აი, ბავშვს სკოლაში რომ მივიყვან, აუცილებლად დავიწყებ.
– რა ხდება ნათია წიწილაშვილის პირად ცხოვრებაში?
– ნათია წიწილაშვილი შეყვარებულია და უკვე დიდი ხანია, მარტო აღარ არის. ნამდვილ სუპერმენზე ვარ შეყვარებული. დეტალების აფიშირება არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და გიორგის ამბავი ყველამ იცოდა და ეგეც არ არის ცუდი, მაგრამ ახლა, მგონია, რომ ეს პირადულია და მხოლოდ შენ უნდა იცოდე. ეს ადამიანი ჩემთვის ყველაზე ლამაზ გარემოში, ზღვაზე გავიცანი. მთლად უცნობიც არ აღმოჩნდა, მერე გავიგე, ვინ იყო და ნელ-ნელა, ურთიერთობაში ერთმანეთი შეგვიყვარდა. დაახლოებით სამი წელია, ერთად ვართ და ვმალავ (იცინის). იმიტომ კი არა, რომ თვალი არ მეცეს, უბრალოდ, ასე თავს გადასარევად ვგრძნობთ. თორემ განზრახ ვმალავ-მეთქი, ასეც არაა. ვინც გვიცნობს, მათ ყველაფერი იციან. სხვებს კი ვეუბნები, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის და მგონი, ასე სჯობს.
– სუპერმენი რატომაა?
– როცა კარგად გავიცანი, დავინახე, რომ ძალიან ბევრი ღირსება აქვს. ძლიერი მამაკაცია, ძალიან კარგი ხასიათით და იმდენად იდეალურია, მომინდა სუპერმენი ყოფილიყო. ჩემი სუპერმენი ვიპოვე. როგორც წესი, ადამიანებს ბოლომდე რომ არ გვჯერა სხვების იდეალურობის, მეც დიდხანს ველოდი, რომ რაღაცას მაინც გამოაჩენდა ისეთს, მაგრამ ასეთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი სრულდება, ჯერ არ ყოფილა. თუმცა, თუ იქნება მაგასაც მივხედავთ.
– ნასტია იცნობს?
– კი, იცნობს და ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. „ძაან საკალელიაო“, ასე ამბობს ჩემი შვილი სუპერმენზე (იცინის).
– ოჯახის შექმნაზე თუ ფიქრობთ?
– აუცილებლად შევქმნი ოჯახს. ამას სულ ვამბობდი, ქმართან გაშორების შემდეგაც, იმის მიუხედავად, მყავდა თუ არა გვერდით ვინმე. ისეთი ტიპაჟი ვარ, ნამდვილად უნდა მქონდეს ოჯახი. ვფიქრობ, ქალს მეუღლე სრულფასოვანს ხდის. აუცილებლად მეყოლება ქმარი და გავაჩენ შვილს. თუმცა ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმა არ გვაქვს.