№25 როგორ გააოცა ფენომენმა გრეკოვმა ბათუმში სტუმრად ჩასული რუსი გენერალი
ასლან აბაშიძის დროს ერთი ავთო გრეკოვი იყო, რომელიც რამდენიმე თანამდებობაზე ერთდროულად მუშაობდა, მერე კი მერაბ ჟორდანიას ფეხბურთის ფედერაციაში, ბავშვთა ფეხბურთის განყოფილებაში საქმიანობდა.
ასლანის დროს ავთო გრეკოვი იყო ბათუმის სტადიონის დირექტორიც, სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელიც, ოპერაში ვიოლინოზე უკრავდა და ეკლესიაშიც გალობდა. მაშინ აჭარაში რუსი გენერლები ხშირად ჩამოდიოდნენ. ბათუმში კი რა იყო სანახავი? ზღვა, გარემონტებული სტადიონი, კორტები, ბავშვთა ოპერა და ცენტრში აშენებული ეკლესია.
ერთხელაც, გენერალი ბორისოვი ჩამოვიდა. აბაშიძემ ჯერ ოპერაში წაიყვანა და გრეკოვი წარუდგინა – რუსებს აჭარაში დიდ პატივს ვცემთ. აგერ, ბატონო, ავთო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელიაო... იმ დროს – რისი რუსი, დუმბაძის გოგოლისა არ იყოს, ავთო გურულია.
ამასობაში დრო გავიდა. შევიდნენ დარბაზში და აბაშიძემ ბორისოვს დაანახვა – აგერ, ჩვენი გრეკოვი ვიოლონჩელოზე უკრავსო. გენერალი დააკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
სტადიონზე გავიდნენ, გრეკოვი კი, როგორც „ლონდრეშია“, გავარდა და... აბაშიძემ გრეკოვი რუსს უკვე სტადიონის დირექტორად გააცნო. ბორისოვი გაგიჟდა, მაგრამ არ იმჩნევს, იქიდან ეკლესიაში წავიდნენ, აბაშიძემ ისევ მიატრიალა და დაანახვა – აგერ გრეკოვი გალობსო...
– ხომ არ დამცინით, ეს ის გრეკოვია თუ მისი ტყუპისცალებიო? – მთლად გადაირია ბორისოვი.