№25 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-24 (911)
ყირამალა ისტორია ორმოცდამეშვიდე
(ფინალი)
ქატო იქა, ფქვილი აქა
(მოქმედი პირები: ეკა, ვაჟა, ლაშა, დუდუ, ნოდარი, ლანა და ქალბატონი მართა)
…
– ქალბატონო მართა, თქვენი სახლია და ამიტომ მე არ ჩავერევი ჯერჯერობით, ოღონდ ეკა უნდა წავიყვანო. აუცილებლად უნდა წავიყვანო. გამორიცხულია, რომ არ წავიყვანო. ან… თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, მე დავრჩები. ესეც შეიძლება, – დრო ვიხელთე მე.
– ქალბატონო მართა, მე ჯერ ქალზე ასე შეყვარებული კაცი არ მინახავს ჩემ გარდა, – შემომეშველა დუდუც, მაგრამ ეკას დედა გამჭოლ მზერას არ მაშორებდა.
– ყმაწვილო, გაიმეორე, რაც თქვი, სანამ ესენი მოვიდოდნენ, ვის ელოდებით შენ და ეკა?
– ბავშვს, – ურცხვად გავიმეორე ხმამაღლა და გამოთქმით. ვაჟა მკვეთრად მიტრიალდა, პოსტზე მდგარი ჯარისკაცივით და კარი ისე გაიჯახუნა, ჭაღი შეტორტმანდა. ეკა ერთიანად აჭარხლდა და ისევ თვალები დახუჭა. ქალბატონმა მართამ თვალები გადაატრიალა და სავარძელზე გადაესვენა. ისევ დუდუმ იმარჯვა, რომ თავი კედლისთვის არ მიერტყა. მე ეკას ვუყურებდი, რომ მისი რეაქცია გამეგო.
ჩვენი მასპინძელი მალევე მოსულიერდა. სავარძელზე გასწორდა და სანამ ლანა წნევას უზომავდა, დუდუ კი ისევ რეკავდა, მე დრო ვიხელთე და ეკას სიახლოვეს დავდექი, რომელიც ორივე ხელით მაგიდას დაყრდნობოდა და თითქოს ვერ მამჩნევდა.
– კინაღამ მოვკვდი, რომ წარმოვიდგინე, შეიძლებოდა, აღარ მენახე. თავი ისეთი კუთხით მოატრიალა ჩემკენ, რომ მისი სუნთქვა სახეში შემომეფრქვა: ეს სცენა რატომ დადგი? სინდისმა შეგაწუხა, რომ დამაგდე და მომატყუე.
– მე დავბრუნდი, – ამოვთქვი საწყლად.
– ვიცი, დაგინახე და მართლა ყველაფერს აძლევდი, რაც გქონდა? – ეკას კმაყოფილი სახე ჰქონდა.
– ჰო, აბა?! – ვუთხარი ომახიანად.
– რომლის გამო? – ეჭვით ჩამეძია ეკა.
– ორივესი... მაგრამ ჯერ შენთვის.
არ დამინახავს, ვიგრძენი, როგორ გაიღიმა ტუჩის კუთხეებით, ასე მაშინ ემართებოდა, რაღაც ძალიან რომ სიამოვნებდა და ვითომ სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა უფრო ხმადაბლა: დარჩენის ვარიანტი უადგილო იდეა იყო. პირველი ვერსია უნდა დაგეჟინა. მართამ ფრთხილი ძილი იცის ძალიან. ჰოდა, იფიქრე ახლა, რას და როგორ...
ბოლო, რომელიც კეთილია
(მოქმედი პირები: თეო, დიტო, დუდუ, ლევანო, ირა-მირა, ლაშა და სხვები)
როცა დედამ, დაიკომ, ბებიამაც კი გული მოიოხეს და დამტოვეს, პალატაში მე და დიტო დავრჩით. ჩემები ისეთი დაღლილ-გაწამებული ჩანდნენ, გავყარე, რომ ადამიანებს დამსგავსებულები დაბრუნებულიყვნენ. თან, ირამ დარეკა, გადარეული ვარ, მოვქრივარო და ლევანომაც – დუდუმ დამირეკა, მალე დაბრუნდება და გინახულებსო. მოკლედ, დიტო მიყვება ამ მთისას და იმ მთისას, ჩვეული მენერულობით და არტისტულად აჯავრებს ჩვენს საერთო ნაცნობებს და თვითონვე ხარხარებს. მე ცალი ყურით ვუსმენ და საკუთარ ფიქრს მივუყვები. მიხარია, მარტო რომ არ შევრჩი ამ გზაზე და დიტო მამხნევებს – ყველაფერი მსუბუქად და მარტივად უნდა დავინახო! კმარა ამდენი სიმუქე და ვარამი, არანაირი გაზვიადება, გაბუქება და ჩვეული პრობლემების აკიდოს დახუნძვლა. მორჩა! მე ის თეო აღარ ვარ! მეც მინდა ოჯახი! დიახ, ბაგრატიჩი მართალია: ქალს ზურგი და საყრდენი ესაჭიროება! რამდენსაც უნდა შოულობდეს, რა კარიერასაც უნდა აგებდეს და იგებდეს, თუ მარტოა, მაინც სულ წაგებულია. მეყო ამდენ ხანს ჩრდილში ყოფნა, დამნაშავის როლი, ცოდვილისა და მტაცებლის მანტია. სინამდვილეში, ეს მე მომტაცეს ზურამ და ლანამ, ერთად – ცხოვრების საუკეთესო წლები! მე რომ არა, ვინ იცის, შენარჩუნდებოდა მათი იდილია? იქნებ ისეთი ქალი გადაჰკიდებოდა, ჩემგან განსხვავებით, ცალკე ფულს და ცალკე ოჯახს რომ დაათმობინებდა. ან ის რად ღირს, ამდენი წელია, არც ერთი დღესასწაული და კვირა დღე არ გამიტარებია არსად. სულ სახლში ვიჯექი ან სალონში, აგერ დიტოსთან, ან ბებია-ბაბუასთან თუ ავირბენდი. გოგოებსაც გავურბოდი, ან ვის ეცალა ჩემთვის დღესასწაულებზე?! ყველას ოჯახი ჰყავს, შვილები... აი მე კი... მეც მეყოლება! ორი! გოგო და ბიჭი და ერთად გავატარებთ ყველა დღესასწაულს. და არსად და არასდროს ვიქნები დასამალი და დასაფიცი... საფიცარი ვიქნები ჩემი ოჯახისთვის. და მიყუროს შორიდან! და იფიქროს, რომ ძუკნა ვარ და რქიანია. ვახ, ალბათ, როგორ გაუტყდა ბიჭს... არაფერია, გადაიტანს. თავის ქათამთან მიკურკურდება და გადაყლაპავს. სამაგიეროდ, მე მემახსოვრება, როგორ მიიბეთქა... აკი დაიმსახურა!
დუდუ... დუდუ სულ მიყვარდა. და ამას არ ვუმხელდი საკუთარ თავსაც კი. რადგან ეს სიყვარული დიდ და გაუსაძლის ტკივილთან მქონდა გადაჯაჭვული და ვერა და ვერ დავაშორიშორე. რადგან მიყვარდა და ვერც ვერავინ დაიკავა მისი ადგილი. ზურა... ჰო, ზურაც მიყვარდა, მაგრამ მისგან მოყენებულმა ტკივილმა ეს გრძნობა გაანელა და საერთოდაც გადამავიწყა. დუდუს შეცდომა კი, სიყვარულზე საერთოდაც არ ასახულა. ის გრძნობა, როგორც მქონდა გულში, ძვალსა და რბილში გამჯდარი, ისევე დარჩა. უბრალოდ, გადავმალე და გადავრაზე, რომ სუნთქვა გამეგრძელებინა. მეცოცხლა, თუნდაც ნახევრად ცოცხალს, განახევრებული გულითა და სურვილებით. საკმარისი გამოდგა დუდუს გამოჩენა და ეგრევე ამოვყავი თავი მის მკლავებში. და ვერც ზურა და ვერც სხვა შეედრება ლოგინში! იმიტომ რომ, მიყვარს. მთელი არსებით ჩემიანია, მისი ერთი შეხებით ვითიშები და მეცხრე ცაზე ავდივარ. ვნეტარებ და ვლივლივებ სადღაც ციურ ჰანგებსა და ფერებში. ასეთი თუ შესაძლებელი იყო, ნამდვილად ვერ დავიჯერებდი. რა აღარ უცდია ზურას და როგორი თავაშვებული სექსი გვქონდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ სექსი! სულ სხვაა, როცა გიყვარს, როცა გული უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვნება და სურვილი. როცა თვალებში ჩახედავ ადამიანს და იკარგები! გადიხარ სადღაც, გაღმა თუ სხვა განზომილებაში და უკან მხოლოდ მისი ცხელი ტუჩების სიტკბო გაბრუნებს, თორემ არც იფიქრებდი გამოტრიალებას...
და მერე, მერე, როცა ერთარს ხდები, სხეულით და სულით ეკვრი, ერთიანდები, მთლიანდები და მარტივ მამრავლებად იშლები – ზუსტად ფოიერვერკის აფეთქებაა! იშლები, ტკვარცალებ, ანათებ, აფრქვევ და აბედნიერებ... და ბედნიერდები. ყველაფერი ხარ და ყველგან ხარ. თან არ ხარ, აღარ ხარ აქ და ახლა. და სულ იყავი და იქნები, ეს იცი... და გაბედნიერებს ამის ცოდნა...
– სიხ, სად წახვედი, დედი?! საერთოდ მისმენ, თუ მე აქ ჩემთვის ვლაქლაქებ?! აი, ირაც, ჰოდა, ახლა გავიბუტები და წავალ, აწი ირამ აგიტანოს. გაკოცე, სიხ, მალე წამოფრინდი და გელოდები... მპუა-მპუები, გოგოებო, გავქანდი, საქმეს მივხედო, საქორწინო საჩუქარი ჩემზეა, დედი! რა ბიჭი დაითრიე, დედი, მაგარი ხარ! გავიქეცი, გავიქეცი... – დიტო პალატიდან გავიდა, ჰაეროვანი კოცნები დაგვაფრქვია და დამაბრუნა სააქაოს, სადაც ირა-მირას ახლად დალაგებული კულულები და ორბიტიდან გადმოვარდნაზე დაკიდებული თვალები მელოდნენ. კულულები მოვიწონე და თვალების ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება მოვითხოვე.
– გოგო, შენ ხუმრობ და ლამისაა აქ დასაწვენი გავხდი. რა დღეში ხარ? გინდა მომინელო მთლად? რა ხდება?! თავიდან დაიწყე და ჩამიკაკლე! არა, გადავიფიქრე - ქორწილიდან დაიწყე!
– ირა, შენ მაინც რომ არ მელაპარაკო ქორწილზე?!
– არა, არ გამოვა ჩემი დამუნათება! ისიც გეყოს, რომ დიტოსაგან გავიგე საუკეთესო მეგობრის ქორწილის ამბავი. თუ არ გინდა, გაგებუტო, ჩამოკაკლე... არა, ჯერ მაინც ის მითხარი, რა დაგეტაკა? ზურამ ხომ? იმ ნაგავმა... მაიცა, და, აბა, ცოლად... არა! გადამრევ მე შენ. და მეც მაქვს შენთვის ამბავი, მაგრამ ჯერ არ ვიცი, იქნებ არ უნდა გითხრა...
– ალბათ, დუდუ ჩამოვიდაო, უნდა მითხრა?
– უი, უკვე იცი... თუ... უკვე გნახა... არა!!! - ირას თვალებმა ისევ გადმოვარდნა გადაწყვიტეს და ისეთი სასაცილო შესახედი გახდა ჩემი საყვარელი ირა-მირა, სიცილი ვერ შევიკავე.
– ჰო, რა იყო, ხელთუპრწკნელი ქალწული მნახე თუ დუდუ დავინახე პირველად?!
– გოგო, შენ, მე მგონი, მართლა...
– გავბოზდი! დიახ! აბა, რა გეგონა შენ?!
– ნუ სულელობ! ეგ რა სიტყვაა, მეორედ არ წამოგცდეს! და დუდუ და შენ... ანუ, ქორწილი...
– გოგონი, აი, ქორწილის ამბავი ისეთივე გაუგებარია ჩემთვის, როგორც შენთვის. დანარჩენს ვაღიარებ! დიახ! და ფრიად მომწონს...
– ვაჰ! რას მოვესწარი! რა ბედნიერებაა! ლევანომ მითხრა, დუდუს წლებია, ვწერდი თეოზეო და არ გეუბნებოდი, დუდუმ ამიკრძალაო და ახლა დაბრუნდა და თეოზე აბოდებს ისევ და აქ ამბავი დატრიალდება, გაემზადე, ახალი კაბა არ აგცდებაო...
– კაბა ჩემზეა! ხელის მომკიდედ თუ წამომყვები...
– აკი ქორწილზე არაფერი ვიციო?
– გეფიცები, მართლა არაფერი ვიცი. რაც თვალი გავახილე, ყველა ამას დამძახის: დუდუს საცოლე, ქორწილამდე არაფერი გეტკინოს და მსგავსი. დუდუ არ გამოჩენილა და მანამდე ამაზე არაფერი უთქვამს...
– გოგო, დუდუს ახლობლის საცოლის რაღაც ცუდი ამბები აქვსო მოსაგვარებელიო, ლევანომ... უი, არ უნდა მეთქვა მე ენეტლიკინას, ახლა ლევანომ რომ გაიგოს... გოგო, რატომ გაფითრდი ასე. დარეკაო და მოდიანო. ყველაფერი რიგზეა და წუთი წუთზე აქ გაჩნდება. ლევანოს რაღაც დაავალა და ისიც მალე მოვა...
– ირა, გული ისე მიფრიალებს, ვერც სასიხარულოს ვუძლებ და ვერც საფიქრალს... დუდუს რომ რამე დაემართოს და ისევ დავკარგო...
– ნუ სულელობ, თუ და ხარ! რა უნდა დაემართოს?! ლევანომ მითხრა, ისეთი ნაკაჩავები კუნთავიკი გამხდარაო... გოგო, მომიყევი რამე, დაამთავრე ხომ ის... ნუ, იმასთან...
– დავამთავრე, ირა, იმასთან! და აღარ გექნება სანერვიულოდ საქმე. არც ჯამლეთას! მე და ირამ ერთად გადავიხარხარეთ და ამ დროს პალატის კარები დუდუმ შემოაღო. მასთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი შემოვიდა. ეს... ეს ხომ ...
– თეო?! – ლაშამ გაოცებისაგან ირაზე ნაკლები სიმრგვალე არ დამართა საკუთარ მზერას...
– აქ რას აკეთებ, ვინ გითხრა...
– მე და დუდუ ერთად ვიყავით და მინდოდა ბოდიში მომეხადა მისი ... საცოლისთვის. და ახლა გასაგებია, რომ ეს შენ ხარ და ბედნიერებას გისურვებთ...
– თქვენ იცნობთ ერთმანეთს?
– თეო ჩემი თანამშრომელია და ჩვენ ვახლობლობთ კიდეც. მიხარია, ძმაო. ბედნიერები მენახეთ და საჩუქარი ჩემზეა! ორმაგი თან... აბა, ბედნიერად! დაგირეკავ, როგორც კი... გმადლობ, ძმაო და ბოდიში, რომ ასეთ დროს გაგიტაცე. შენც მაპატიე, თეო. გამოჯანმრთელდი და ქორწილში გნახავ... – ლაშა აშკარად დაბნეული ჩანდა, მაგრამ თავი კორექტულად ეჭირა და არც არაფერი შეუმჩნევია, თუ რამე იცოდა, რა თქმა უნდა... ესეც ასე! ეს უსიამოვნო ამბავიც გავიარეთ!.. ესე იგი, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დასრულდეს ყველაფერი ცუდი, ძველი და სხვისი!
– როგორ ხარ, ჩემო პატარავ? ხომ არ გამიბრაზდი, აქ რომ დაგტოვე. ლაშას დავჭირდი. მერე გიამბობ. მე მგონი, ლაშას ქორწილშიც მოგვიწევს ცეკვა. შენ რომ კარგად ხარ, მეც ბედნიერი ვარ და გინდა, აქვე გიცეკვებ... ხომ გახსოვს, როგორი მოცეკვავე გყავარ?!
– ლაშას ქორწილშიც... ანუ, კიდევ სხვა ქორწილიც გველის? და, საერთოდ, აქ უცნაურად მომმართავენ... გამოტყდი, აბა, რა დამაბრალე?
– თეო, მე აქ რომ დაგტოვე, ბიძოს, ჩემს ძმაკაცს, მისია ეს კლინიკა, დავუბარე, რომ ყველაზე ძვირფასს ვანდობ, რომ შენ ხარ ჩემი მომავალი მეუღლე და თვალის ჩინივით უნდა გაგიფრთხილდეს. ამის გამო ხომ არ გამებუტები, სიხარულო?
– არა, რატომ, კარგი სვლაა, რომ მშვიდად იყო...
– ეს მხოლოდ სვლა არ არის, თეო! მე ამაზე სერიოზულად ვფიქრობ. არა, უკვე აღარ ვფიქრობ. მე ეს გადავწყვიტე და ახლა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ჩემი ბედნიერება. მეტიც, ჩემი სიცოცხლე... სად არის ეს ბიჭი... – დუდუმ ჯერ კარისკენ გაიხედა, მერე ტელეფონს დაწვდა, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და უზარმაზარი თაიგული შემოვიდა.
– ხომ არ დავაგვიანე?! – თაიგულმა ნაცნობი ხმით დაილაპარაკა და ჩვენკენ დაიძრა.
– მოდი აქ, შე ბოდიალა, რად უნდოდა ამდენი დრო ყვავილების მოტანას... – დუდუმ ჩემს საწოლთან დაიჩოქა, ცალ მუხლზე დადგა და ჩემი, ისევ გაყინული ხელი საკუთარ ხელში მოაქცია. მომენტალურად გამითბა გული, მაგრამ ხელები უფრო მეტად გამეყინა. თაიგულმა, რომელიც ლევანო აღმოჩნდა, ჩემს საწოლთან გაშალა მარაოსავით ფრთები და სრულად დამფარა. მარტო სახე დამრჩა ყვავილების გარეშე და ხელი, რომელიც არა და არ მითბებოდა. ირას ავხედე და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა და არც იწმენდდა...
ლევანოს გაბადრული სახე უკვე თაიგულის გარეშეც დამსგავსებოდა ყაყაჩოს და ისიც უცნაურად აკვარკვალებდა თვალებს. დუდუმ ჯიბიდან ციცქნა კოლოფი ამოიღო, კოლოფიდან ბეჭედი და თითზე გამიკეთა, მხოლოდ ამის შემდეგ მკითხა:
– თეო, ხომ გამომყვები ცოლად?
– ბეჭედი უკვე გამიკეთე და სხვა რა გზა მაქვს?
– რა ბედნიერი ვარ, როგორ გამახარეთ, – ირამ უკვე ხმამაღალი სლუკუნი ამოუშვა და ლევანოს გადაეხვია, მერე ყვავილები გადაფერთხა და ჩამეხუტა: თეო, როგორც იქნა! ამას ველოდებოდი, ეს ადრეც უნდა მომხდარიყო... არის სამართალი სამყაროში, როგორ მიხარია, მიყვარხართ... თეოოოო...
– გოგო, რას დასტირი, ადამიანო! ადექი, დავტოვოთ გვრიტები მარტო და მერე მივხედოთ საქმეებს. ვატყობ, წინ ქორწილების ცვენაა...
ლევანომ მეუღლე წამოაყენა, ცრემლები მოსწმინდა, ცხვირზე თითი მიაჭირა და ჩაიხუტა. ირა სლუკუნებდა და ბედნიერი, ღიმილისგან ყურებამდე პირგახეული, გაყვა ლევანოს. ლევანომ თავი შემოყო, თვალი ჩაგვიკრა და კარი გაიკეტა...
ხელზე უზარმაზარი ბრილიანტი მეკეთა.
დუდუს ჩემი, ნელ-ნელა გათბობისაკენ წასული, თითები ეკავა და როგორც უწინ, სათითაოდ მიკოცნიდა...
P. S. ამბობენ, ბოლო ყოველთვის კეთილიაო და თუ ასე არ არის, ესე იგი, ჯერ არც დასრულებულა ამბავი. ჩვენი გმირების ამბავიც ჯერ არ დასრულებულა, ისევე, როგორც მათი ცხოვრება. ის მხოლოდ ახალ საფეხურზე გადადის და გრძელდება, მაგრამ სადმე მაინც უნდა დავსვათ თუ წერტილი არა, სამწერტილი მაინც. რადგან დროა, ჩავისუნთქოთ და განვლილი გზა გავიაზროთ, გადავფერთხოთ და უკან დასაბრუნებლად არ დავიტოვოთ არც საქმე და არც საწერ-საფიქრალი.
არადა, რა ადვილია დაუფიქრებლად, უკანმოუხედავად სიარული რომანის გვერდებსა თუ ცხოვრების შუკა-შარა-ტრამალებზე. მიდიხარ და მიიმღერი. მაგრამ ერთხელაც გიწევს, გაჩერდე და დაფიქრდე. უბრალოდ, მეტი ასე ჰარიჰარალეთი წინ ვეღარ მიიწევ და იმიტომ. ხალისი არ გრჩება და არც სურვილი; ან იქნებ ძალაც და უნარიც?! ამიტომ უნდა დასვა სადმე ერთი ან სამი წერტილი მაინც.
ზუსტად ეს დაგვემართა ჩვენც: ჩვენი გმირები იმ გზაგასაყართან დადგნენ, საიდანაც ძველებურად სვლასა და ლაპარაკს ვეღარ განაგრძობენ. ამიტომ რომანის ეს კარიც დასრულდება. ბოლო კეთილი რომ არის, აი, ზუსტად ის ბოლო დადგა: კვლავაც გიამბობთ სიყვარულზე, ტკივილებსა თუ დანაკარგებზე; იმედებსა და მომავლის გზებზე, აქედან რომ ჯერ მკრთალად მოჩანს.
და მაინც, ვიცით, რომ იქ, სადღაც, ცხოვრება გველის...
დასასრული