კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა უთხრა გიო ხუციშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ილია მეორემ და როგორ ესიზმრა რამდენიმე საათით ადრე მისი გარდაცვალება ნატო გელაშვილს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„არსადაც არ წავსულვარ! მოგენატრებით და ცაში ამომხედეთ, მერე თვალები დახუჭეთ და მომისმინეთ. თქვენთან ვიყავი და ვიქნები. ვიქნები ისეთი, როგორიც დაგამახსოვრდით, როგორიც გტკიოდით და გიყვარდით... ასეა და მე, თქვენში დატოვებული მე – თქვენთან ერთად გავაგრძელებ სიცოცხლის სიყვარულს. თქვენი გიო ხუციშვილი“ – ეს სიტყვები სოციალურ ქსელში გიო ხუციშვილის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა.
„თბილისელებთან“ ბოლო ინტერვიუში კი, თავის დაავადებაზე, რომელსაც ბოლო წუთებამდე ებრძოდა, ასე ყვებოდა: „ნახევარი საუკუნე გავიარე და ხშირად ვფიქრობ განვლილ წლებზე. ღამე, როცა დავწვები, მახსენდება ყველაფერი, რა ბობოქარი ცხოვრებაც მქონდა. არასდროს არაფერი მაწუხებდა. ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულიძესთან მივედი. მითხრა, არ მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო. გამოკვლევების მერე, მე არაფერი მითხრეს. მაიკოს, ჩემს მეუღლეს გაუმხილეს და მეგობრებს, ჩემი ავადმყოფობის შესახებ. ანუ, კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. დასხდნენ და მითხრეს, იქნებ თურქეთში წავიდეთ სამკურნალოდო. იმწუთას მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვუთხარი: სადაც საჭიროა, წავიდეთ, ყველგან წამოვალ-მეთქი. იმ დღიდან ომში ვარ... როცა თურქეთის კლინიკაში, პალატაში  მარტო დავრჩი, მაშინ ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. სწორედ, სიმარტოვეში მივხვდი, რომ მარტო არ ვარ და ვთქვი, ღმერთო, გადამარჩინე-მეთქი… უკვე ოთხჯერ ვიყავი ისრაელში და ექვს კვირაში ერთხელ, უნდა ვიარო. პირველად რომ ჩავედი, სანამ კლინიკაში წავიდოდი, წმიდა გიორგის საფლავთან მივედი. იქ დამხვდნენ ბიჭები და  წმიდა გიორგის საფლავის ქვიდან ანათალი შრე მომცეს. მერე მაცხოვრის საფლავზეც მოვილოცე, იქაც მომცეს ანათალი. ეს ორივე საფლავის ქვის ანათალი მიკიდია გულზე, როგორც თილისმა. მჯერა, ამას დიდი ძალა აქვს, მმფარველობს და გამოჯანმრთელებაშიც დამეხმარება. დაავადების პირველი სტრესი გადავლახე. ახლა მკურნალობას გავდივარ და ზუსტად ვიცი, წინ ბევრი ბედნიერი დღე, წამი და წუთი მელის. ახლა ზამთარს ველოდები, რომ მოთოვოს და თხილამურებზე დავდგე... ძლიერი ორგანიზმი აღარ მაქვს, მაგრამ ტვინში რაღაც უნდა ჩაკეტო და ფსიქოლოგიურად
გაძლიერდე. სიკვდილს ხუთჯერ ჩავხედე თვალებში – როცა ცხოვრების კადრებმა ჩამიარა თვალწინ და მივხვდი, ყველაფერი მორჩა... მაგრამ, გადავრჩი და ამის მერე ეს დაავადება ვერ შემაშინებს. ახლა დადგა მომენტი, როცა მეტი მინდა, ვაკეთო, მეტი ვისიყვარულო, მეტი გავცე... ეს ცხოვრების კიდევ ერთი გამოცდაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბარო. უკვე არაერთი რთული, ცხოვრებისეული გამოცდა ჩავაბარე. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთულად გავიარე, მაგრამ დღემდე მოვედი და ახლანდელი ჩემი მდგომარეობაც ასეა – უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს… ბედნიერი ვარ, რადგან ვიცხოვრე ისე, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა და დღეს, სრულიად უცხო ადამიანები მკითხულობენ, გვერდში მიდგანან და მამხნევებენ. ეს ჩემთვის საპატიო ჯილდოცაა და ყველაზე დიდი ორდენიც. ისეთი საშინელი დაავადებაა, რა დროს წამოგეწევა და დაგაგდებს, კაცმა არ იცის. ბევრი თანხაა მის დასამარცხებლად საჭირო და რომ არა მეგობრები, მათგან ზურგის გამაგრება, არც კი ვიცი, როგორ გავართმევდი თავს. მე არ ვაძლევ ამის უფლებას, რომ საცოდავი თვალით შემომხედოს ვინმემ. როცა დაავადებას ებრძვი, გვერდში დგომა უფრო მეტად გჭირდება. მეგობარმა მითხრა: მარტყოფში, ეკლესიაში ვიდექი, ვიღაც ბიჭი მოვიდა და მამაოს ფურცელი მისცა, სადაც ჯანმრთელობის ლოცვისთვის სახელები და გვარები ჰქონდა ჩამოწერილი და გიო ხუციშვილიც ეწერაო. არც კი ვიცი, ვინ არის, მაგრამ მადლობა მას. წმიდა გიორგი ჩემი მფარველია, მის საფლავზე ვიყავი. ომიდან მოყოლებული; მისი ხატი
სულ თან მაქვს. ეს მიფარავს და დამიფარავს. ხატიდან მირონი რომ გადმოდის, მთელ ტანზე ვისვამდი და მჯეროდა, სასწაული მოხდებოდა. ეს შინაგანად მაძლიერებს. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა პატარა ომი მაქვს მოსაგები სიმღერითა და გიტარით და ამ ომში ყველა გვერდში მიდგას. ისევ გიჟურად ვცხოვრობ, ისევე მიყვარს, ისევე განვიცდი, მტკივა და მიხარია...“

ბექა ჩხაიძე:
ხშირად ვიყავით ერთად, სხვადასხვა რაიონებში, ქალაქებში. გიო არ სვამდა. ბოლო წლებში ორ წელიწადში ერთხელ თუ დალევდა. ჩემდა საბედნიეროდ, დაემთხვა, რომ რამდენიმე წლის წინ ბათუმში ვიყავით და ბულვარში დავლიეთ, მეორე დილით ნაბახუსევზე მეგობრებმა „კუკურუზნიკით“ გადმოგვაფრინეს ბათუმიდან თბილისში. საშინელებაა, გგონია, რომ ძირი გაძვრება, გული გისკდება. ისე შეგვეშინდა, გიო გადავიდა პილოტებთან და ეკითხებოდა: პარაშუტი თუ გაქვთო. გიოს ავადმყოფობა შოკი იყო. საუბედუროდ, გვიან გავიგეთ ეს ყველაფერი. ბოლოს რომ შევხვდით ერთმანეთს, უკვე ხელჯოხით იყო, მაგრამ ძალიან მედგრად იდგა თვითონ, ვაჟკაცურად იდგა ამ უბედურების წინააღმდეგ...
ელენე მარგალიტაშვილი: დაახლოებით 13-14 წლის წინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო და მეილიც ახალი გახსნილი მქონდა, ტელევიზია „იმედის“ ეთერში ვნახე, რომ საახალწლოდ „იმედის ექსპრესი“ იგეგმებოდა – უნდა გაგეგზავნა ყველაზე სანუკვარი ოცნება და ისინი შეეცდებოდნენ, ახალი წლის ღამეს აესრულებინათ. მამაჩემს სამსახური არ ჰქონდა. „იმედს“ მივწერე. ერთ კვირაში პასუხი დამხვდა – საკონტაქტო ინფორმაციას მთხოვდნენ. დედაჩემის მობილური  მივწერე. ეს იყო და ეს. 1-2 თვე გავიდა. 31 დეკემბერს დედაჩემის ნომერზე დარეკეს. მე ვუპასუხე. „იმედიდან“ ვართ და გთხოვთ, დღეს საახალწლო გადაცემას ბოლომდე უყუროთო. ჩემ გარდა არავინ იცოდა, რაც გავაკეთე. ძალიან ავნერვიულდი. გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ – არაფერი. მახსოვს, რომ იმედგაცრუების ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი. დასაძინებლად
წავედი. მერე უცებ მესმის: „დღეს შევასრულეთ თითქმის ყველა სურვილი, გარდა ერთისა, მაგრამ ისე ვერ დაგემშვიდობებით, ეს წერილი რომ არ წაგიკითხოთ“ და დაიწყეს ჩემი მიწერილი სიტყვების კითხვა. მე ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ „ჩამყვა“ და მესიზმრებოდა. „ელენეს ოცნება ყველაზე განსაკუთრებული იყო და ყველას გულზე მოგვხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევასრულეთ“, – დაასრულა წამყვანმა. ძილშიც კი გული ჩამწყდა. ამ დროს მესმის მესამე ხმა, რომელიც ამ ორს აჩერებს. გიო ხუციშვილის ხმა იყო. მაშინ „თელიან ველში“ მუშაობდა. „მე მინდა, რომ ელენეს ოცნება ავასრულო. ელენეს მამა მოვიდეს ჩემთან თელავში და ჩათვალოს, რომ სამსახური აქვს“.  გიომ თავისი სიტყვა შეასრულა და მამაჩემს მუშაობა მართლა დააწყებინა. მაშინ ჩემი ცხოვრება და კიდევ ბევრი რამე მთლიანად შეიცვალა. პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ იმ დღის შემდეგ გიოს ხმის გაგონება ჩემთვის რაღაც სხვა გრძნობებთან დაკავშირდა. თვითონ გიოც სხვანაირად ახლობელი და განსაკუთრებული გახდა.
ზალიკო ბერგერი: ჩვენ ძალიან დიდი ხნის და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მახსოვს, წლების წინ ნინო ქათამაძის კონცერტი რომ გავაკეთეთ თბილისში, ყველა მომღერალმა ჰონორარი აიღო, გარდა გიო ხუციშვილისა. იმიტომ რომ მისი მეგობრები ვაკეთებდით, ძალიან მაგარი საღამო იყო და ყველა გიოს სიმღერას ვღიღინებდით – „დაბრუნდი, სადა ხარ?!“ ძალიან კეთილი, გულგახსნილი, მოქეიფე, თბილისელი ბიჭი იყო. სამწუხაროდ, ქალაქურ სიმღერებს ისე, როგორც გიო მღეროდა, ვერავინ იმღერებს. ბოლოს „ორანჟერეაში“ ვნახე თაკო დოლაბერიძესთან. მეორე სართულზე იყო „ჯაჯანიძის შოუს“ გადაღება, სამასლარიანი შამპანური დავლიე. რომ ჩამოვედი, გიო დაბლა იჯდა. მანამდე ვუყვებოდი გადაღების, ჩვენი გასტროლების ისტორიებს, ბევრი იცინა. თაკო დოლაბერიძეს ვუთხარი ის 300-ლარიანი შამპანური მინდა-მეთქი და გიომ უთხრა, რა გახდა ის შამპანური, მე დავპატიჟებო... საწყალი გიო ხუციშვილი. იმის მერე აღარ გვიქეიფია.
დათო ოქიტაშვილი: ერთი ისტორია მინდა გავიხსენო, რომელიც კონცერტის მერე მოხდა. ორი დღის შემდეგ  უწმიდესთან მივედით და უწმიდესმა და გიომ ორი საათი ილაპარაკეს. იქიდან რომ გამოვედით გიო ძალიან ბედნიერი იყო. მითხრა: ამერიკაში გავაგზავნე საბუთები, ჩამოვა, იქ უნდა წავიდე და მოვრჩებიო. რა მინდა ამით ვთქვა, ადამიანი ბოლომდე ებრძოდა ამ საშინელ სენს და უწმიდესისგან რომ გამოვედით, უბედნიერესი იყო: ახლა თუ გინდა, ხვალვე მოვკვდე, უწმიდესმა ისეთი სიტყვები მითხრა,  ვხვდები: იქაც არის ცხოვრება... იმედია,  ჩემს მსმენელს მადლობა გადავუხადეო.
ნესტან სინჯიკაშვილი: იმ პერიოდში თითქოს იმედიანად იყო და ხალხში ამბობდა, დავამარცხებ, დედას ვუტირებო! გადაღების დღეს მეუბნებოდა: დიდი
მადლობა, უკანასკნელ კლიპს რომ მიღებ, ხალხს დარჩებაო. რას ამბობ-მეთქი (წინა დღეს დამარცხებაზე ლაპარაკობდა და გამიკვირდა მისგან ასეთი დამოკიდებულება. ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი). მიპასუხა: ეჰ, კარგი რა, ნესტან, ვერ ხედავ,  ვიბრიდები, ვიბრიდებიო. ახლა ვფიქრობ, იმედიანად კი არ იყო, ოჯახს და ჩვენ გვიფრთხილდებოდა! კლიპის გადაღების მომენტში, ერთად რომ ვიკრიბებოდით, ამბობდა ხოლმე, მოდი, საერთო ფოტო გადავიღოთო. ახლა ვხვდები, ცდილობდა, ყველა მომენტი ფოტოზე აღებეჭდა და დაეტოვებინა. თუმცა, იმ პერიოდში ისრაელიდან ახალი ჩამოსული იყო და შედარებით დამაიმედებელი პასუხები ჰქონდა, მაგრამ იანვრის მერე, რამდენიმე თვეში დაილია კაცი და არ ვიცი, როგორ გამოვხატო გულისტკივილი, რომელიც მისმა წასვლამ გამოიწვია.
გიოს გარდაცვალებას ეხმაურება მომღერალი ნატო გელაშვილი, რომელსაც მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. როგორც ამბობს, მან წინასწარ იგრძნო გიოს გარდაცვალება. „ჩემთვის გიოს სახით თბილისის დიდი ნაწილი მოკვდა. ჩემი 20 წელი მოკვდა, საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე, ოჯახის წევრი დავკარგე. გიოსთან ერთად, ჩემში ეპოქა მოკვდა“. „გიო სიზმარში დამემშვიდობა“, – ამბობს ნატო და საკმაოდ ემოციურ ამბავს ყვება. სანამ დილით უსაყვარლესი მეგობრის გარდაცვალების ამბავს გაიგებდა, სიზმარში გიო გამოეცხადა და დაემშვიდობა: „ეს სიზმარი არასდროს ამომივა თავიდან.  ჩემთან სახლში მოვიდა, დერეფანში იდგა, ოღონდ, უკვე ბოლოდროინდელი გიო, გადამეხვია, – ხომ იცი, როგორ ძალიან მიყვარხარო. რომ გამოვიღვიძე, ზუსტად ვიცოდი, რომ არ იყო. არ ვიცი, ეს რა ჯაჭვია... ფაქტია, რომ ჩემი ნაწილი იყო... ოჯახის წევრები დავკარგე და ასეთი რამ არავის გარდაცვალებისას არ მქონია. ამ დილას, ტელეფონამდე არც მივსულვარ, რომ ამბავი გამეგო, ჩემს თავში გიოს უკვე დავემშვიდობე. ბოლო ორი დღე ცუდად იყო, საკვებზეც უარი თქვა, მაგრამ მის გარდაცვალებას მაინც არ ვუშვებდი... დღეს გიოსთან ერთად ვაცილებ ბევრ ლამაზ წელს, მოგონებას. ალბათ, ოდესმე მეც და ყველა იქით წავალთ, თუმცა იცოცხლებს ის, რაც მე და გიომ დავტოვეთ, ვიღაცისთვის მაინც აყვავდება ნუში“.
ჟურნალი „თბილისელები“ სამძიმარს უცხადებს გიო ხუციშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს.

скачать dle 11.3