№25 გარიგების რა სქემებია ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის პაციენტებისთვის ბევრი და ძვირად ღირებული წამლების დანიშვნაზე
საქართველოში და არა მარტო საქართველოში რომ ექიმები საჭიროზე მეტ წამლებს უწერენ პაციენტებს, საყოველთაოდ ცნობილი პრობლემაა, როგორც ის, რომ ამ საქმიდან დიდ ხეირს ნახულობენ ექიმებიც და ფარმაცევტული კომპანიებიც. ამით კი, აზარალებენ არა მარტო პაციენტების ჯიბეებს, არამედ მათ ჯანმრთელობასაც. ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ნორმას ამოქმედებს. რის მიხედვითაც, პაციენტს, თუ მას ექიმი ხუთ ან მეტ მედიკამენტს გამოუწერს, მკურნალობის გადამოწმების საშუალება მიეცემა. ნოვაცია, ერთი შეხედვით, თითქოს სასარგებლოა, თუმცა, მეორე მხრივ, ბევრ კითხვას ბადებს. სწორედ ამ კითხვებზე ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტთან, სერგო ჩიხლაძესთან ვისაუბრებთ.
– რამდენად ეფექტური იქნება ეს ინიციატივა ჭარბწამლიანობასთან, ანუ პოლიპრაგმაზიასთან საბრძოლველად?
– პოლიპრაგმაზია აღიარებული პრობლემაა, რომელიც ბოლო 25 წელია, აქტუალურია. რაც შეეხება სიახლეს, ეს ამ საკითხთან გამკლავების აბსოლუტურად არაეფექტური მეთოდია. იმიტომ რომ, როდესაც რაღაც საკითხის მოგვარება გვინდა, უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზები. ვერც ერთ მიზეზს, რომელიც პოლიპრაგმაზიას იწვევს, ეს ინიციატივა ვერ უმკლავდება. რა იწვევს პოლიპრაგმაზიას? ექიმების დაბალი კვალიფიკაცია, ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების დაინტერესება, რომ რაც შეიძლება, მეტი წამალი დანიშნოს ექიმმა, რომ მეტი ბონუსი მიიღოს და ფარმაცევტულმა კომპანიამ კი, მეტი წამალი გაყიდოს, რომ მეტი მოგება ნახოს; ასევე, პრობლემაა წამლების ხელმისაწვდომობა. რატომაა პოლიპრაგმაზია პრობლემა? იმიტომ რომ მძიმედ აწვება ადამიანების ჯიბეებს.
– არანაკლები პრობლემაა ის, რომ ექიმები პაციენტებს ეფექტურ და იაფ წამლებს არ უნიშნავენ.
– დიახ. ანუ რეალურად ხელმისაწვდომობაც არ არის. რომც გინდოდეს გენერიკული მედიკამენტები, ვერ შეიძენ: ან ექიმებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომ ისინი დანიშნონ, ან ბაზარზე არ არის. და რაც არის, იმაზეც არ არის მოთხოვნა და ეს ცალკე საკითხია. ექიმები, და ეს ყველა ექიმს არ ეხება, ხშირად ნიშნავენ დიდი რაოდენობით წამლებს, ხალხურად რომ ვთქვათ, იქნებ და, პაციენტს რომელიმე მოუხდეს. მეორე მიზეზია, როგორც გითხარით, მათი პირდაპირი მატერიალური დაინტერესება, რაც განპირობებულია გარიგებით ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. ის ექიმი, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ კომპანიის სამკურნალო დაწესებულებაში, აგზავნის პაციენტს იმავე კომპანიის მფლობელობაში არსებულ ფარმაცევტულ კომპანიაში, შემდგომ პაციენტი მიდის იმავე კომპანიის სადაზღვევოში, შემდეგ – იმავე კომპანიის სამკურნალო დაწესებულებაში. ამდენად, დაინტერესებულია ყველა რგოლი: ვინც აგზავნის და სადაც აგზავნიან. მეორე მექანიზმია რეცეპტების მიხედვით მოქმედება. ელექტრონული რეცეპტები არ არის დანერგილი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ თვითონ კომპანიის შიგნით არსებობს – როდესაც ექიმი პაციენტს დანიშნულებას გამოუწერს, სადაზღვევო კომპანია ამას ელექტრონულად ნახავს. აი, ასეთი არაპირდაპირი კონტროლის გზები არსებობს, იმას გარდა, რომ დარეპორტებაც ხდება. ვინაიდან ექიმიც პასუხისმგებელია, რომ გამოწეროს წამლების გარკვეული რაოდენობა, ამასთან, კონკრეტული ფირმის, კონკრეტული შემომტანის, კონკრეტული მწარმოებლის მედიკამენტი და ასე შემდეგ. ასეთი უხილავი გზა ბევრია, რასაც ორი მიზეზი აქვს: ექიმების დაბალი კვალიფიკაცია და კომერციული დაინტერესება. იმის თქმა მინდა, რომ ვერც ერთ ამ პრობლემას, რომელიც პოლიპრაგმაზიას იწვევს, ეს მექანიზმი ვერ წყვეტს. მაგრამ, ვთქვათ, რომ წყვეტდეს კიდეც, ამის განხორციელება შეუძლებელია.
– მანამდე სხვა რამეს გკითხავთ: ვთქვათ, ექიმმა დაუნიშნა პაციენტს სამი ან ოთხი წამალი, რეალურად კი, სჭირდებოდა ერთი ან ორი, როგორ შეამოწმებს ერთი ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას მეორე – რაკი გაიდლაინები მასობრივად არ არსებობს, ყველას ხომ თავისი მეთოდი აქვს?
– რატომ ხუთი და არა ოთხი ან სამი?! ხომ შეიძლება, მჭირდებოდეს ერთი და დამინიშნოს სამი?! ესეც პოლიპრაგმაზიაა და მისი ნიშანი არ არის, მაინცდამაინც, ხუთი მედიკამენტის დანიშვნა. მეორეც – შეიძლება, დამინიშნოს ორი, თუმცა ძალიან ძვირად ღირებული წამალი, რითაც ჩემი ჯიბე დაზარალდება, მაგრამ ფარმაცევტული კომპანია გამდიდრდება და ექიმი ბონუსს მაინც აიღებს მისგან. ამდენად, რატომ აიღეს ხუთი მედიკამენტი, ეს კიდევ ცალკე თემაა.
ახლა განვიხილოთ ამ ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობა: ვინ უნდა გააკეთოს ეს? გვითხრეს, რომ კომისია განიხილავს. გასაგებია, რომ კომისიის წევრები ადგილზე არ ისხდებიან და, ალბათ, მოფიქრებულია სქემა, გამოცხადდება ტენდერი და ეს საბუთები გადაეგზავნება ტენდერში გამარჯვებულ ჯგუფს ან რომელიმე კლინიკას და სამ დღეში მათ უნდა გასცენ პასუხი პაციენტს. თუ ექიმი მათ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, ხელახალი განხილვისთვის კიდევ სამი დღეა საჭირო. ვთქვათ, შევიდა ათასი მოთხოვნა დანიშნულების გადამოწმებაზე. ვინ გადაამოწმებს ყოველდღიურად ამ ათას მოთხოვნას?! პროქტოლოგიურ მოთხოვნას კარდიოლოგი გადაამოწმებს თუ პირიქით?! არ არის საკმარისი ხალხი, რომ ამდენი დანიშნულება გადაამოწმოს. თან, ვთქვათ, ექიმმა დაუნიშნა წამალი პაციენტს და მან პასუხს ექვსი-შვიდი დღე უნდა ელოდოს და ამის შემდეგ დაწყოს მკურნალობა?! ანუ სრულიად არასწორი მესიჯი გაუშვა სამინისტრომ, იმიტომ რომ რეალურად განუხორციელებელია.
– ვინ იქნება პასუხისმგებელი მკურნალობაზე, თუ კომისია დაადგენს, რომ დანიშნულებაში ერთი, ორი ან სამი წამალი ზედმეტია?
– მკურნალობაზე პასუხისმგებელია ექიმი და იმის ნაცვლად, რომ ნდობა აღადგინონ ექიმსა და პაციენტს შორის, ჯანდაცვის სამინისტრო, პირიქით, იქცევა და ამ ჩატეხილ ხიდს, კიდევ უფრო აღრმავებს, თუ ხუთი ან მეტი წამალი დანიშნა ექიმმა, გადაამოწმეთ სხვა სტრუქტურაში, ანუ არ ენდოთ ექიმებსო.
– ექიმების ნდობა ცოტა რთული თემაა. გამოდის, რომ პაციენტმა იმ კომისიას ავადმყოფობის ისტორიაც უნდა გადაუგზავნოს, კვლევებით?
– ერთი ადამიანის ისტორიის გადამოწმებას ხანდახან რამდენიმე დღე სჭირდება და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ დიაგნოზი. გასაკვირია, რატომ იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აპრიორი ვერ შესრულდება.
– პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის ასეთი სქემა სადმე არსებობს?
– ზუსტად ასეთი სქემა არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაციაა. მთავარი აქ ის არის, რომ ადამიანს ბევრი წამალი მძიმე ტვირთად არ დააწვეს და მკურნალობა ეფექტური იყოს. ეს სიახლე ვერც ერთ ამ გამოწვევას ვერ პასუხობს და ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი აბსურდია, ისეთივე, როგორიც შარშან მოიგონეს საჭირო მედიკამენტებზე ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის და 250 000 ადამიანის ნაცვლად, ამით მხოლოდ 14 000-მა ისარგებლა და ისიც არასრულად. დაიხარჯა გამოყოფილი თანხის, 3 მილიონის, 80 პროცენტი. ამ პროგრამით 250 000 ადამიანს რომ ესარგებლა, სამი კი არა 33 მილიონი დასჭირდებოდა. აბსოლუტურად გაუთვლელი ინიციატივა იყო, არადა, ძალიან ხშირად იღებს ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ პოპულისტურ გადაწყვეტილებებს. თითქოს პრობლემას ებრძვიან და ამ დროს საბრძოლველად სრულიად არაფექტურ მეთოდს ირჩევენ. თუ მართლაც ზრუნავენ ადამიანებზე, გაითვალისწინონ – არის აღიარებული მეთოდოლოგიები, ევროპული რეგულაციები ფასნამატის, მოგების მარჟის მიხედვით და ასე შემდეგ, ძალიან ბევრჯერ მეც გამოვედი ინიციატივით, სხვა ადამიანებიც – ექსპერტები თუ დარგის სპეციალისტები. ჩვენთან ამაზე საერთოდ არ მსჯელობენ, იმიტომ რომ გასაგებია, ხომ, როგორი მონოპოლია და ოლიგოპოლია გვაქვს, არავის ჩარევა არ უნდათ, იმიტომ რომ ხელი ხელს ბანს. კლინიკა, სადაზღვევო და ფარმაცევტული ბაზარი ერთმანეთზეა გადაბმული და ამას ლობირებენ პარლამენტში. ერთადერთხელ წამოსცდა სერგეენკოს, უნდა მივხედოთ ოლიგოპოლიებსო და მაშინვე ხმა ჩააკმენდინეს. აღარ გაუმეორებია.
– თანხაც ხომ დაჯდება კომისიის შექმნა, რომელმაც სადავო დანიშნულებები უნდა გადაამოწმოს?
– ამიტომ ისეთი რეგულაციაა საჭირო, რომელიც მოსახლეობას რეალურ შვებას მისცემს, ყველა დანარჩენი მავნე რეგულაციაა, რომლებიც დამატებით ადამიანურ რესურსსა და თანხას მოითხოვენ. ამ ბოლო წლებში ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი ინიციატივები ძალიან მოუმრავლდა. ის პრობლემების მიზეზს კი არ ეძებს და ებრძვის, არამედ მის ცალკეულ გამოვლინებებს. ეს იგივეა, ადამიანს რომ რაღაც დაავადება სჭირს და მკურნალობდე არა გამომწვევს, არამედ ერთ-ერთი სიმპტომს, მაგალითად, ტემპერატურას ებრძვის. ასეთი მიდგომა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიპრაგმაზიისადმი. მან აირჩია სქემა, რომელიც არ იმუშავებს, რადგან პოლიპრაგმაზიის გამომწვევ არც ერთ მიზეზს არ ებრძვის.
თუ არც ერთ გამოწვევას არ პასუხობს, როგორ შეიძლება, დავაწესო ისეთი რეგულაცია?! ანუ ჩვეულებისამებრ, კიდევ ერთხელ გადაიყრება ფული, დაიხარჯება ადამიანური რესურსი და შედეგს მივიღებთ ნულოვანს, ისევე, როგორც საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ განიცადა პროფანაია. გადავხედოთ დაავადებათა სახელმწიფო კონტროლის მონაცემებს და ვნახავთ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში გაზრდილია ლეტალობა, ავადობის მაჩვენებელი და მაშინ რისთვის ვხარჯავთ ამდენ ფულს, თუკი მდგომარეობა გაუარესდა?!
– რამ გამოიწვია გაუარსება? ხომ ფაქტია, რომ ოპერაციის გაკეთების საშუალება თითქმის ყველას მიეცა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო? თუ რაკი ყველას უკეთებენ, ვისაც სჭირდება თუ არ სჭირდება?
– ვისაც არ სჭირდება ოპერაცია, სხვა დანიშნულებით გაჰყავთ, ხდება გაურგენტულება და ეს ცალკე პრობლემაა. მთავარია, რომ დარგში რესურსები ნაწილდება არახარჯთეფექტურად და მენეჯმენტის პრობლემებია. სადაზღვევო სისტემები ჩამოშორდნენ ამ სეგმენტს, თუმცა იყო საუბარი, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაშენებული კერძო დაზღვევას. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რომელსაც სამინისტრო არ ითვალისწინებს. როდესაც ვამბობდით, რომ დაზღვევის საყოველთაო პროგრამაში გადახარჯვაა, იმის ნაცვლად, რომ დაელაგებინათ სქემები, აიღეს და შემოსავლების მიხედვით, მექანიკურად ჩამოაჭრეს 400 000 ადამიანი. იმიტომაც მოიმატა უკმაყოფილოთა რიცხვმა.
– ვერ დაგეთანხმებით, რომ განურჩევლად შემოსავლისა, ყველას უნდა ესარგებლა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით. საშუალო და მაღალშემოსავლიანები საკმაოდ ბოროტად სარგებლობდნენ და უზიარდებოდნენ დაბალშემოსავლიანებს. აქ თავს იჩენს სამოქალაქო შეგნების პრობლემაც. 1 000-ლარიანი შემოსავალი რომ აქვს ადამიანს, ის არ უნდა დაეზღვიოს თვეში 35-40 ლარად?
– 500 ლარამდე შემოსავლის მქონეებზეცაა საუბარი, რომელიც ხელზე იღებს 400 ლარს, ის ვერ შეძლებს 50-ლარიანი სადაზღვევო შენატანის გადახდას. მე თუ გამოვიყენებ საყოველთაო დაზღვევას, ეს დანაშაულია, მაგრამ 1 000 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი და ხუთ ადამიანს არჩენს, მისთვის ძნელია გადახდა, მით უფრო, ოჯახური დაზღვევის პაკეტის, რომელიც არ ღირს იაფი.
– სახელმწიფოს არ ვამართლებ, მაგრამ მე მაქვს კერძო დაზღვევა და ჩემი ხელფასი არაფრით განსხვავდება თქვენ მიერ დასახელებული ციფრისგან. და მახსოვს, როგორ მირჩევდნენ კლინიკები, რომ გამომეყენებინა სახელმწიფო დაზღვევა და არა ჩემი, კერძო, რომელიც 100 პროცენტით მინაზღაურებდა.
– ეს იყო და მართლაც წველიდნენ სახელმწიფოს, თუმცა მეტ-ნაკლებად მოგვარდა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, ჩვენ პირობითად ვუწოდებთ საყოველთაოს, რადგან გამოდის, რომ შუალედური რგოლი, რომლებსაც 500-800 ლარამდე შემოსავალი აქვთ, ამით ვერ სარგებლობს და, თანაც, ყველას ოპერაცია ხომ არ სჭირდება?!
– პრევენცია არ ფინანსდება არც სახელმწიფოს და არც კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ.
– პრევენცია და პირველადი ჯანდაცვა კიდევ სხვა მიმართულებაა, რასაც საერთოდ არ მიხედეს. აღიარებენ, რომ ეს პრიორიტეტია, მაგრამ არაფერს აკეთებენ.
– აქცენტი, მაინცდამაინც, ხუთ მედიკამენტზე ნიშნავს, რომ მითითებასავითაა, არ დანიშნოთ ოთხზე მეტი?
– ვერ გააკონტროლებ ამით პროცესს: ოთხს დამინიშნავს და ძალიან ძვირად ღირებულებს. მეორე მხრივ, თუ სახელმწიფოს გადამოწმება უნდა, შეუძლია, შეამოწმოს ელექტრონულად ატვირთული დანიშნულებები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. მართალია, ყველგან არა, მაგრამ თბილისში ეს ხელმისაწვდომია. თუნდაც, სპეციალურად ამისთვის შექმნილმა კომისიამ გადაამოწმოს, რასაც აკეთებენ სადაზღვევო კომპანიები უცხოეთში. ასეთი მიდგომა გაძლევს სურათს, რადგან, როდესაც წავაწყდები, რომ ერთი კონკრეტული ექიმი მუდმივად 20-30 წამალს უნიშნავს პაციენტს, იქ რაღაც ინტერვენციას მივმართავ. ეს მექანიზმი არსებობს და სავსებით გამართლებულია. მაგრამ იმას, რომ პაციენტმა მიმართოს კომისიას და ელოდოს პასუხს, აზრი არ აქვს. ამის შემოწმების საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი ბიუროკრატიული გზით მივდივართ.