№25 რატომ იქცა საქართველოში სიგიჟე ნორმად და რატომ მწიფდება პერიოდულად რევოლუციური მუხტი
ის, რომ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ემოციები სჭარბობს, მხოლოდ სამხრეთის მზის ბრალიც არაა, რატომღაც, ემოციურობა წახალისებულია, ხოლო, რაკი ემოცია რაციოს ვერ გუობს, ბოლო პერიოდში ისეთი შეუთავსებლობა გამოვლინდა – კერძოდ, მრავალტანჯულ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციებისას – რომ არაადეკვატურობის შთაბეჭდილებაც დატოვა. მაგალითად, საქმე იქამდეც კი მოვიდა, რომ დაუფარავად იცავდნენ ნარკობარიგებს, რომლებსაც ჯიუტად უწოდებდნენ დილერებს; ჭაღარა ქალბატონი მიკროფონში ისეთ უწმაწურობებს ამბობდა (რასაც ახალგაზრდები მხურვალე აპლოდისმენტებით ეგებებოდნენ), ადრე რომ იტყოდნენ, ამის გამგონეს, რატომ მიწა არ გაუსკდებაო; ქისტები ლეკებში ერეოდათ და ვისაც პირზე რა მოადგებოდა, იმას ამბობდა (ძირითადად, სამწუხაროდ, საღი აზრისგან ფრიად დაშორებულს). გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ზედაპირზე ამოვიდა ყველანაირი ლექი და ხშირად გამომსვლელები ფსიქიკურად დალაგებულების შთაბეჭდილებასაც არ ტოვებდნენ. რა პრობლემები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და რატომ ამოხეთქა ასე ერთბაშად და მოულოდნელად? – ამ თემას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– ერთ-ერთი საბავშვო ნაწარმოებშია, ექიმი თოჯინას აალაპარაკებს და ის გაუჩერებლად ლაპარაკობს უაზროდ, მისი მეგობრები შეშფოთდებიან, მაგრამ ექიმი დაამშვიდებს, დაუხარჯავი სიტყვების მარაგი აწუხებს, ამოთქვამს და ნორმალურად იმეტყველებსო. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვეს აქციებზე გამომსვლელებმაც, თითქოს გამოუთქმელი აზრები და სიტყვები აწუხებდათ. რა არის ამის მიზეზი და როდის დაგროვდა ეს პრობლემები?
– კარგი ანალოგიაა. ეს ვითარება, რომელსაც ასე მძიმედ განვიცდით და ვუყურებთ, არის პოსტსაბჭოთა ჩამონგრეული ფონისა და გაურკვეველი ორიენტაციის შედეგი, რომელიც საზოგადოებას აბნევს და შფოთვასა და აგრესიას უჩენს, ამიტომ საჭიროა გიდი, გზის გამკვალავი. თუ საზოგადოებაში ასეთი ფუნქცია არ შეასრულა ვინმემ, ფაქტობრივად, ამ გადაუჭრელ პრობლემებში მოგვიწევს სიარული.
– პოლიტიკოსები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ აქციებს, პირიქით, ახელებდნენ ასეთ სიგიჟის ზღვარამდე მისულ ემოციებს, იმის ნაცვლად, რომ სწორად წაეყვანათ პროცესი და ემოცია მოექციათ კონსტრუქციულ კალაპოტში და თვითონაც მოიგიჟიანებდნენ ხოლმე თავს.
– ეს ძალიან ჰგავს სიტუაციას, როდესაც 1989 წლის 9 აპრილამდე გამოსვლები აფხაზეთის ავტონომიას ეხებოდა, მაგრამ სწორად მოიძებნა გამოსავალი, რომ პრობლემა იდენტიფიცირებულიყო, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ეს ეროვნული მოძრაობის სწორი გზავნილი იყო, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა. დღეს კი ვხედავთ აბსურდის თეატრს, როდესაც მთავარ პრობლემად მოხსენიებულია ნარკოთავისუფლება, რასაც უმრავლესობა არ ემხრობა, თუმცა, როდესაც სასამართლო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ამას ყველა ხედავს, საზოგადოება აღშფოთებას გამოხატავს.
– იცის საზოგადოებამ, რა უნდა, როდესაც აღშფოთებას გამოხატავს?
– გამოსაკვეთია მთავარი პრობლემა, რომ დღევანდელ ჩინოვნიკებს არ მიაქვთ გულთან ხალხის, საზოგადოების გასაჭირი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პრობლემა, რომელიც არ არის ფორმულირებული და არ არის გამოკვეთილი ამ ქაოსში. საზოგადოებას სრულიად სხვა პრობლემები აქვს, ჩინოვნიკები კი, სრულიად სხვა მიმართულებით იყურებიან.
– თუმცა, ეს პრობლემა არის დასავლეთშიც. „ჰოუმლენდი“ ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელშიც არის პასაჟი, რომ მაღალჩინოსნის შვილი მოკლავს ავტოავარიით ქალს და ამ საქმეს ჩაფარცხავენ.
– როდესაც დასავლეთს აქვს პრობლემა, ისინი ამაზე ფილმს იღებენ. დასავლელი ჩინოვნიკები ჩვენთვის სწორების ობიექტები არიან, რადგან დასავლეთში მოვლილი და დავარცხნილია სოციალური პრობლემები, განათლების სისტემა, ის, რაც ჩვენთან დღის წესრიგში დგას, ჩინოვნიკები კი არ არიან მომართულები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, იმიტომ რომ ჩვენთან საზოგადოება ნათლად არ ეუბნება, რა სჭირდება. ამის ფორმულირება კი აუცილებელია. ჩინოვნიკები უნდა ავირჩიოთ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მიიტანენ ხალხის გასაჭირს გულთან. დასავლეთში ჰყავთ ასეთი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები და არა იმიტომ, რომ იქ კარგი ადამიანები არიან, არამედ იმიტომ რომ საზოგადოების დაკვეთაა ასეთი. ჩვენთვის კი ეს დაკვეთა, რომ მე მჭირდება ისეთი მოხელე, რომელიც გაიზიარებს საზოგადოების ტკივილს, რთული გამოსათქმელი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, საზოგადოება უნდა მომწიფდეს თავისი ცოდნით, გამოცდილებით, ღირებულებებით საიმისოდ, რომ გამოხატოს თავისი აზრი.
– ეს ამ საკითხის პოლიტიკური მდგენელია, თუმცა, როგორიცაა საზოგადოება, ისეთივე ჩინოვნიკები ჰყავს, ისინი მარსიდან ხომ არ ჩამოვლენ?! როგორც ვიცი, არსებობს ანტიფსიქიატრია, სამეცნიერო მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ ფსიქიკური აშლილობაა სწორედ ნორმა და არააშლილობა – გადახრა. რასაც მე ვუყურე ამ საპროტესტო აქციებზე, ორივეზე, ანტიფსიქიატრიის თეზისს ხომ არ ვამტკიცებთ?
– მეც გამიჩნდა და უმრავლეს ჩვენს თანამოქალაქეს გაუჩნდა ეს შეგრძნება. ერთი მხრივ, „თეთრი ხმაური“ ითხოვდა ნარკოლეგალიზაციას და, მეორე მხრივ, აპროტესტებდნენ პროკურატურის უსამართლობასა და დამნაშავეების არდასჯას. მაგრამ ეს მოთხოვნები გადაიზარდა სიგიჟეში: ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციაში იმ დონემდეც კი, რომ უჩიოდნენ პოლიციას, რატომ მიკრძალავ მარიხუანის პლანტაციის გაშენებასო.
– ან მე არ ვარ ბარიგა, მე ვარ დილერი. სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ხარისხიანი ნარკოტიკების წარმოება და გასაღება და ამ შემოსავლით დააფინანსოს სოციალური პროექტებიო.
– მაგრამ ამ ორივე პრობლემაში იმალება იმპულსები, რომლებიც მართლაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. იმავე „ნაციონალების“ დროს ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც იყო ნარკოტიკების მოხმარება, ავადმყოფს 12 წლით უშვებდნენ ციხეში. ეს არასამართლიანი იყო და საჭირო გახდა ისეთი ჩინოვნიკების მოსვლა, რომლებიც ადეკვატურები იქნებოდნენ სასჯელის შეფარდებაში. ეს ეხება დღევანდელ პროკურატურასაც: როდესაც დადგა საკითხი, დაესაჯათ თუ არა დამნაშავე, ვნახეთ, როგორ ადვილად დააფარეს ხელი ჩინოვნიკებმა დამნაშავეებს და ამან სავსებით სამართლიანად აღაშფოთა საზოგადოება.
– გეთანხმებით, რომ აღშფოთება არის სამართლიანი, ოღონდ საინტერესო საკითხია, აღშფოთებულთაგან რამდენი არ დააფარებდა ხელს თავის შვილს ანალოგიურ სიტუაციაში, თუ ხელის დაფარების საშუალება ექნებოდა.
– აღმოჩნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყველა დააფარებდა ხელს, იმიტომ რომ სისტემა იძლევა ამის საშუალებას. იმიტომაც არის ჩვენი სამართლებრივი სისტემა და ჩინოვნიკები შესაცვლელი, რომ მათ ასე აშკარად ვერ შეძლონ სიმართლის დამალვა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს, ეს არის, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემა. თუ თავიდან არ დაიწერა ისტორია, რაც შეცვლის არსებულ სიტუაციას, მუდმივად ერთსა და იმავე წრეზე ვიტრიალებთ, სანამ არ გამოსწორდება ვითარება. ვითარება კი გამოსწორდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოება გასაგები და კონსტრუქციული ფორმით გამოხატავს თავის აზრს და არა იმ ფორმით, როგორც დღეს. დღეს არაცნობიერიდან ამოდის ეს იმპულსები და არ აქვს არც სამართლიანობის, არც ცივილურობის არანაირი ფორმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ნიუანსებს მივცეთ გააზრებული ფორმა და შინაარსი. როდესაც ვამბობ, რომ გვჭირდება დასავლური ტიპის ჩინოვნიკები, ისინი ასეთი გააზრებული მოთხოვნით უნდა მოდიოდნენ. ჩვენ კი ვერ გაგვირკვევია, რა გვინდა; ვერც ჩამოგვიყალიბებია მოთხოვნა, რის მიხედვითაც უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება. დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც გაცილებით სჯობს „ნაციონალების“ ხელისუფლებას და არის მათსავით დესპოტური, ძალიან იოლად იღებს ძველი მმართველობიდან ისეთ ფორმებს, რომლებიც ხელსაყრელია მისთვის. შედეგად კი, გროვდება უკმაყოფილება და ყველაზე ცუდი ფინალი იქნება ის, რომ პროცესი მივიდეს დუღილის ტემპერატურამდე და ამ ხელისუფლებასაც დაემუქროს ის, რაც წინას, თუმცა სხვა მიზეზების გამო. ანუ, სანამ არ მივდივართ რევოლუციამდე, ვერ ვახერხებთ, რომ საზოგადოებამ თქვას კონსტრუქციულად, რა უნდა და მთავრობამ შეასრულოს ეს მოთხოვნები, რათა არ იყოს საჭირო გამოსვლები და რევოლუცია. ჯერ ეს სტადია ვერ გადავლახეთ, კვლავ იმავე მდგომარეობაში ვართ.
– რა აჩვენა ამ ბოლო პროცესებმა, რომ ადამიანებს აშკარა ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ნორმიდანაა გასული მათი ქმედება?
– დიახ, ჩემი პროგნოზი ასეთია: როდესაც ასეთი ჩამოშლილი ფონია, რომელშიც არანაირი ათვლის სისტემა არ არსებობს, ნორმად განიხილება ყველაფერი, ყველანაირი სიგიჟე.
– ანუ სიგიჟეც ნორმაა.
– ჩვენ პოსტსაბჭოთა ისტორიის საზოგადოება ვართ, რომელშიც ყველანაირი სიგიჟე განიხილება, რადგან ჯერ არ დაწერილა ჩვენი ნორმატიული კანონმდებლობა, ტრადიცია, რაზეც ვიტყვით, რომ გვაქვს. ამიტომ განიხილება ყველაფერი: რუსეთში დაბრუნება, ამერიკასთან შეერთება, მეთერთმეტე საუკუნის საქართველოს წესების აღდგენა.
– თავში ჩარტყმა, თუ ვინმე არ მოგწონს, როგორც გამოქვაბულში იყო მიღებული.
– დიახ და ამიტომ არ მიკვირს, რაც ხდება.
– მე მაინც უფრო ქცევაზე ვამახვილებ ყურადღებას, ვიდრე სიტყვებზე.
– ქცევა არის ადამიანის შეხედულებების შედეგად განხორციელებული რეაქცია, შეხედულებები განაპირობებს ქცევებს. შესაბამისად, ასეთი აზრები და შეხედულებები შობს ასეთ ქცევებს.
– არ მგონია, ამ მდგომარეობას ფსიქოთერაპიამ უშველოს, მედიკამენტოზური მკურნალობაა საჭირო? მასობრივად კი ეს შეუძლებელია.
– ინდივიდუალურად შეიძლება, ვიღაცებს უმკურნალონ, მაგრამ საზოგადოებას სჭირდება მიმართულების მიმცემი. თუ ჩვენ, საზოგადოებამ, ხელისუფლებაში ვერ მოვიყვანეთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს გაახმოვანებენ და დაწერენ ახალებურ ნორმებს, ეს ჩვენი უინიციატივობის ბრალი იქნება. აი, ასეთი გიდი, წინამძღოლი გვჭირდება, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩეული კარგი მთავრობა, რომელიც აწმყოს რეალობის ადეკვატურია.
– რამდენად გჯერათ იმის, რასაც ახლა ამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პერსპექტივა, ვთქვათ, უახლოეს არჩევნებზე?
– რასაც მე ვხედავ, ჩვენი საზოგადოება არ არის მზად, რომ უახლოეს მომავალში გამოთქვას რაციონალური, ლოგიკური, აწმყოზე ორიენტირებული შეხედულებები, რომლებიც დღევანდელ პრობლემებს გადაწყვეტს და ამ მიდგომით აირჩიოს ადეკვატური ხელისუფლება. არც ის მგონია, რომ არსებული ხელისუფლება შეიცვალოს ამ მიმართულებით. ჩვეულებრივ, ორი გზაა: ან არსებული ხელისუფლება იცვლება შინაგანად, ან ახალი ძალა მოდის. ჩვენთან კი, არც არსებული იცვლება ადეკვატურობისკენ და არც ახალი მოდის. ამდენად, ჩემი პროგნოზით, ახლო მომავალში მნიშვნელოვანი წინსვლა, სამწუხაროდ, ვერ იქნება.
– და, ამასობაში, კიდევ უფრო თუ გაგიჟდნენ? ხანდახან ისეთი აზრიც მიჩნდება, რომ არ არის უხიფათო ასეთი ადამიანების გარემოცვაში, ასეთ ნორმიდან საკმაოდ გადახრილ სოციუმში ცხოვრება.
– ბუნებაში, გარდა პროგრესისა, არსებობს სტაგნაცია, ანუ ერთი ადგილის ტკეპნა და არსებობს რეგრესიც, ანუ უკუსვლაც. ასე რომ, შესაძლებელია, რეგრესიც. თუკი საზოგადოებას მომავალშიც ასეთი რეაქციები ექნება, რაც გვაქვს, იმასაც დავკარგავთ. მართალია, ჩვენ ვამბობთ, რომ ბევრი არაფერი გაგვაჩნია ახალი ფონისა და ახალი ისტორიის თვალსაზრისით, მაგრამ არ არის გამორიცხული, დავკარგოთ ის, რაც გვაქვს. ხშირად ადამიანები არ აფასებენ იმას, რასაც ფლობენ და ჩვენც შეიძლება, დავკარგოთ დამოუკიდებლობა, ტერიტორიები… იმის თქმა მინდა, რომ დღეს არსებულის გაუარესების ალბათობაც არის. ამდენად, ფხიზლად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ შესაძლოა, მივიღოთ რეგრესი.