№24 ვინ ემუქრებოდა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ტიტე გედენიძეს მიტინგიდან საკაცით გაყვანით და როგორ დაინტერესდა ის პოლიტიკით სკოლაში შესვლამდე
17 წლის ტიტე გედენიძე „ნუ მომკლავ“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მან სამოქალაქო აქტივობები დიდი ხნის წინ დაიწყო და გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა აქციის მართვა ამ პარტიას მიაწერა.
ტიტე გედენიძე: პატარა ასაკიდან აქტიური ვარ. ვიყავი სამოქალაქო განათლების ცენტრის წევრი, ვმონაწილეობდი ბევრ პროექტში. წარმოვადგენდი არაერთ ქვეყანას ნატოში, ევროკავშირში, ეუთოში და შევდიოდი საუკეთესო დელეგატების სიაში. წარმატებით გავიარე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სამართლის კურსი, იყო საარჩვევნო კამპანია და ასე შემდეგ.
– ასეთ ასაკში როგორ გაგიჩნდა მსგავსი საკითხებისადმი ინტერესი?
– პატარაობიდანვე მაინტერესებდა ეს საკითხები და პოლიტიკითაც ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. სკოლაში ჯერ არ დავდიოდი, მამაჩემს რომ ზურგზე ვეჯექი და ცალ ხელში საქართველოს დროშა მეჭირა, მეორეში – ამერიკის. 2005 წელს, როდესაც საქართველოში ჯორჯ ბუში ჩამოვიდა, მე ოთხი წლის ვიყავი და მასთან შეხვედრა იყო პირველი აქცია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე,.
– ეს, ალბათ, მშობლების ინიციატივა და გავლენა იყო.
– მამა პროფესიით ეკონომისტია, ახლა ლოჯისტიკაშია. თავის დროზე აქტივისტი იყო, 2003 წლის რევოლუციამდე და მის შემდეგაც. მისმა ფაქტორმა დიდი როლი შეასრულა ჩემი პოლიტიკური ორიენტაციის ჩამოყალიბებაში. უშუალოდ პოლიტიკოსი არ იყო, ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მენეჯმენტის ნაწილში მუშაობდა, აქციების ორგანიზატორი იყო 2003 წლიდან. როგორც ყველა ადამიანს, მასაც ჰქონდა პოლიტიკური ორიენტაცია, რომელმაც, ბუნებრივია, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ახალგაზრდული მოძრაობა „ნუ მომკლავ“. თავდაპირველი მიზანი ხმის ამოღება და სოლიდარობის გამოსაცხადებელი აქცია იყო. მოძრაობის იდეაც არ გვქონია, ეს, უბრალოდ, აქციას დავარქვით, რაც შემდეგ ორგანიზაციის სახელწოდებად იქცა. მაშინ ერთმანეთს მიჰყვა მკვლელობებისა და დაჭრის სერიები და დავიწყეთ პროტესტი, თუმცა მერე გვქონდა პაუზა, რადგან ამ საქმის გამოძიებას ველოდით. აპრილში ზაზა სარალიძე დამიკავშირდა და მთხოვა, ახალგაზრდები ისევ გავაქტიურებულიყავით. „ესენი საქმეს ძალიან კერავენ“ – ეს მისი სიტყვებია და იმის მიუხედავად, რომ აბიტურიენტი ვარ, უარის თქმა არ შემეძლო.
– აქციის კიდევ ერთ ორგანიზატორს – ზვიად კუპრავას როდიდან იცნობ?
– აღარც კი მახსოვს, ზვიად კუპრავას რამდენი ხანია, ვიცნობ. მანამ, სანამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები იქნებოდა. ის აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კაპანიაში და იქ გავიცანი. შემდეგ იყო ხორავას ქუჩის ამბავი, რამაც მე და კუპრავა უფრო დაგვაკავშირა.
- ერთ-ერთ გამოსვლელ გოგონას მიკროფონი წაართვი და თუ მანამდე დადებითად იყვნენ განწყობილი პატარა ბიჭისადმი, რომელიც ამხელა აქციას უწევდა ორგანიზებას, შემდეგ, ბევრი უარყოფითი შეფასება წამოვიდა შენდამი.
– მე ამ გოგონას პროვოკატორად მივიჩნევ, რადგან აქციის გახლეჩვის მცდელობა ჰქონდა, რაც მხოლოდ სახელისუფლებო გუნდს აწყობდა. აქციის გახლეჩვა არის ზაზა სარალიძის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. თუმცა მან გამოხატა თავის პოზიცია.
– რასაც შენი მხრიდან უხეში საქციელი მოჰყვა.
– უხეშს ვერ დავარქმევდი. ჩვენ ყველას ვაძლევდით მიკროფონს, გარდა პროვოკატორებისა. მიკროფონთან თუ ყველა მიუშვი, საქმე არ გამოვა. გარკვეული სახის კონტროლი საჭიროა. მერე ვთქვი, რომ ეს პროცესი პოლიტიკური იყო. როცა ამბობ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა. პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ოპერაცია ექიმის გარეშე.
– საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ პროცესები „ნაციონალური მოძრაობისგან“ იმართებოდა. შენ იყავი 2017 წელს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, ზვიად კუპრავა იყო ნაცმოძრაობის ნაწილი, ასევე, ცნობილი „კაას“ ავტორი ლაშა ცუცქირიძე – ანუ, ის ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევდით ამ აქციას ნაციონალებთან ასოცირდებით. მიუხედავად იმისა, რომ შენ ასაკით პატარა ხარ, წამოვიდა ბრალდება – თქვენ რა უფლებით ითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, როცა სისხლიანი სისტემის ნაწილი ხართო.
– რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ვიყავი, მოგვაწერეს, რომ პროცესი, თურმე, ნაციონალების მართული იყო. მე წამომაძახეს: 26 მაისი, 7 ნოემბერი, ციხის კადრები, გირგვლიანი და ასე შემდეგ. გირგვლიანი რომ დაიღუპა, მე ხუთი წლის ვიყავი და რომ არა ასაკი, პრობლემებს თუ დავინახავდი, პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, იმავეს გავაკეთებდი. ამ აქციაზე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი უნდა გამოსულიყო, მათ შორის ოცნებისაც, მაგრამ ისინი ნაკლებად გამოვიდოდნენ, რადგან ჩვენ, გარკვეულწილად, ხელისუფლებას „ვურტყამდით“. გამოვიდნენ ოპოზიცია და არაპარტიულები. რა თქმა უნდა, ოპოზიციური განწყობის ადამიანებმა გადაწონეს და საბოლოო ჯამში შეიქმნა განწყობა, რომ აქცია ოპოზიციური ძალებისგან იყო მართული. ვინც ამბობს, აქციაზე იმიტომ არ მოვედი კონკრეტული პოლიტიკური ძალები დავინახეო, მათ ვუპასუხებ: თქვენი ბრალია, ბატონებო, ეს ყველაფერი. ექვსი თვის განმავლობაში გთხოვდათ ეს ადამიანი გვერდში დგომას და თქვენ რომ არ დაუდექით, ამიტომ სთხოვა ბოლოს ოპოზიციურ პარტიებს – სხვა გზა არ დარჩა ამ კაცს.
– დადუნაშვილის მამამ განაცხადა, რომ აქციაზე მისთვის მიუღებელი ფაქტები ხდებოდა და კონკრეტული ადამიანიც დაასახელა, რომელიც მისი შვილის ნათლიის სახელით გამოვიდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდაო.
– თუ მართლა ასეა, ეს დადუნაშვილის ოჯახისთვის შეურაცხმყოფელია და მზად ვარ, მათ ბოდიში მოვუხადო. თუმცა, ბოლო პერიოდში, დადუნაშვილების ოჯახის განცხადებები მიუღებელია. ამის მიუხედავად, პატივს ვცემ, რადგან შვილმკვდარი მშობლები არიან. წინა თვეში რომ საქალაქო სასამართლოსთან აქციის ორგანიზებას ვაკეთებდით, მომდიოდა შეტყობინებები, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარებულიყო და როგორც მითხრეს, დადუნაშვილის დედა აგზავნიდა. როგორც ჩანს, არ მოსწონდა საგამოძიებო და სახელისუფლებო სტრუქტურებს რომ „ვურტყამდით“.
– მას არ უნდოდა შვილის მკვლელების დასჯა და ობიექტური გამოძიება?
– ეს მას უნდა ჰკითხოთ. ძნელია, შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანსაღად იაზროვნო. როგორც ჩანს, მათ ზაზასოდენი ბრძოლისუნარიანობა არ აქვთ და სახელისუფლებო ჯგუფს გარკვეულ დეზინფორმაციაშიც ჰყავთ. მაგრამ მათ პატივს ვცემ და აქციაზე, უარყოფითი რეაციები რომ წამოვიდა, დადუნაშვილის მამის გამოსვლის დროს, მე ხალხს მოვუწოდე, რომ პატივი ეცათ შვილმკვდარი მშობლისთვის.
– რაც შეეხება შენს მომავალს, რა გეგმები გაქვს, ეს ყველაფერი ხომ შენთვის ერთგვარი ტრამპლინია.
– მინდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარო. როგორ განვითარდება მოვლენები და დავუკავშირებ თუ არა მომავალს პოლიტიკას, ეს დროის საკითხია. თუმცა, ჩემი ახალგაზრდული კარიერა გარკვეულწილად უკვე დავუკავშირე პოლიტიკას.
– ალბათ, ბევრმა გითხრა, ეს სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური კარიერის შესაქმნელად გამოიყენეო.
– სიმართლე გითხრათ, ზაზას რომ არ ეთხოვა, შეიძლება, აქციაზე ვმდგარიყავი, მაგრამ მიკროფნთან არ ვიქნებოდი და ამწამსაც სახლში ვიმეცადინებდი. ეს მხოლოდ ზაზას თხოვნაა და არა ჩემი ინტერესები. ჩემს „ფეისბუქ-გვერდზე“ საშინელებებს წერდნენ. მლანძღავდნენ „ფეიქ-ექაუნთებიდან“, იყო მუქარები, რომ აქციიდან საკაცით გამიყვანდნენ, რის გამოც ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობდნენ. ეს დღეები მამაჩემი გვერდიდან არ მომშორებია. მარტო არსად მიშვებს, პირადად ზრუნავს ჩემს უსაფრთხოებაზე. მე ვარ 17 წლის არასრულწლოვანი მოზარდი. ბავშვი ვარ და ბუნებრივია, ყველაფერს სწორად ვერ გავაკეთებ. მაგრამ მე ხომ მქონდა იდეაში, რომ ყველაფერი კარგად გამეკეთებინა. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, შეიძლება, პატარა შეცდომა დავუშვით და ის, რომ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, ეგრეთ წოდებულ, ვაკის აქციაზე გადავიდა, ჩვენი დანაშაულიცაა, რადგან მათთან ბოლომდე ვერ მივიტანეთ ჩვენი სათქმელი. საუბარი მაქვს შაკო კუჭაშვილზე, რომელიც გაგვემიჯნა