№24 რა ჯოჯოხეთი გამოიარა გიორგი მახარაძემ და რატომ ეძახდნენ მას სტიქაროსნობისას „ტერმინატორას”
მსახიობი გიორგი მახარაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დაბრუნდა, რასაც მაყურებელი ძალიან დიდი სიხარულითა და ემოციებით შეხვდა. მაქსიმეს გარშემო კი, ახალი საინტერესო ამბები ხდება, რომლის განვითარებასაც თავადაც მაყურებლებივით მოუთმენლად ელის.
გიორგი მახარაძე: სერიალში დაბრუნებას ველოდი, მაგრამ როდის და როგორ, არ ვიცოდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შუალედი არც მქონია, თუმცა, რეალურად დიდი ხანი უსაქმოდ ვიყავი. ამიტომ ახლა ახალი შემართებით დავბრუნდი. როგორც იცით, ახალი პარტნიორი მყავს. საერთოდ, რთულია, როცა სხვის მაგივრად შედიხარ, მაგრამ ვთვლი, რომ თაკოს შემოსვლა წარმატებული გამოდგა, კარგად გაართვა თავი ბარბარიკას როლს.
– რაც შეეხება შენს ამბებს, გაიხსენე, როგორ დაიწყო ყველაფერი.
– რამდენიმე დღე ტკივილი მქონდა, ერთ კვირაში ხელით უცხო სხეულს მივაგენი და ექიმთან წავედი. გადავწყვიტეთ, ოპერაცია გაკეთებულიყო, რომ დავრწმუნებულიყავით, ეგ იყო თუ არა. რომ გაჩნდა ეჭვი, ჩემზე ძალიან იმოქმედა და პირველი ორი დღე ძალიან რთული იყო, ცოტა შეშინებული ვიყავი, მაგრამ მერე ყველაფერი თავისით დალაგდა. საკუთარი თავის სპეციალურად „გამაგრება“ არ დამიწყია, ეს ბუნებრივად მოხდა. ცალკე ამბავი იყო, როცა ხალხმა გაიგო. იმდენად დაბნეული და გაოგნებული ვიყავი მათი ამხელა რეაქციით, რომ წესიერი მადლობაც კი ვერ ვთქვი. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო, ახლობელი, უცნობი თუ ნაცნობი, ყველა ერთად დამიდგა გვერდში და მათი დამსახურებაა, რომ დღეს ისევ ჩვეულებრივად ვცხოვრობ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამხელა ემოცია ძალიან გეხმარება – უამრავი ადამიანი მამხნევებდა.
– თუმცა, თავად ამხნევებდი და ამშვიდებდი ოჯახის წევრებს.
– ეგ ყველაფერი არ მითამაშია. ოპერაცია რომ გავიკეთე, პალატაშივე ვთქვი: ვსიო ეგ იყო და მორჩა-მეთქი. ამას ახლობლების დასამშვიდებლად არ ვამბობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იყო და მადლობა ღმერთს, ეგრეც მოხდა. თურქეთიდან ყველაზე გახარებული ბოლოს დავბრუნდი, მითხრეს, რომ ქიმიის გაკეთება აღარ მომიწევდა. მანამდე ვიცოდი, რომ ამ პროცესს დეპრესია ახლდა, მაგრამ რა დეპრესია-მეთქი, ვფიქრობდი. თურმე, თვითონ ქიმია კი არა, ის მდგომარეობა იწვევს დეპრესიას, რომელშიც ქიმია გაგდებს. რომ ვიჯექი და პოზის შეცვლა მინდოდა, ორი საათით ადრე ვიწყებდი მომზადებას. ტკივილი კი არ გაწუხებს, უბრალოდ, საშინლად შეუძლოდ ხარ. სუნები და გულისრევა ხომ – საერთოდ... მეუბნებოდნენ, ტოქსიკურ ორსულობას აქვს ეგეთი სიმპტომებიო და ახლა გავუგებ ასეთ ქალებს. ფაქტობრივად, ყველაფერთან ერთად, ორსულადაც ვიყავი (იცინის). საბოლოო ჯამში, ამდენი დისკომფორტისგან ხასიათი გეცვლება. ქიმიის მესამე და მეოთხე კურსეც კი იყო საუბარი და რომ მითხრეს, აღარ დაგჭირდებაო, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაგრად ეგ გამიხარდა. თვითონ გადასხმის დროს არაფერია, მაგრამ დამთავრების მეორე დღიდან, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ახლაც მაქვს რაღაც შეგრძნებები, მაგრამ, რა შედარებაა. მაშინ ორი სიტყვის თქმის თავი არ მქონდა, ვერაფერზე დაგელაპარაკებოდი. ისეთი საშინელი შეგრძნებები იყო, ვერაფერს შევადარებ.
– როგორც ვიცი, შენთვის მოულოდნელი იყო თმის დაცვენის ამბავი.
– თურქეთში მითხრეს, ისეთ ქიმიას იკეთებ, რომ თმა არ დაგცვივდებაო. ტრაგედიას არ შევქმნიდი, რომ დამცვენოდა, მაგრამ რომ მითხრეს, ამ აზრს ვიყავი შეგუებული და რომ მეკითხებოდნენ, თმა არ გცვივაო? ვპასუხობდი, არა ეგეთ ქიმიას არ ვიკეთებ-მეთქი. ბაკურიანში ვიყავი სამი დღე, მთელი დღე პირში თმა მქონდა და ვერ ვხვდებოდი, საიდან. მერე ხელით ვათამაშებდი წვერს და ხელში ბღუჯა შემრჩა. მაგრად შემეშინდა, იმიტომ, რომ არ ველოდი. არადა, ძალის დატანებაც არ მჭირდებოდა, ხელს ვიკიდებდი და თმა მომყვებოდა. ვიდეო გავუგზავნე დედაჩემს – ვაიმე, ნახე-მეთქი. ძალიან ცუდი შეგრძნება იყო. მაშინვე გადავიპარსე თავიც და წვერიც. მერე მანუგეშებდნენ, უკეთესი ამოგივაო. ორი ღერი წარბი მქონდა და ვამბობდი, ეგ მაინც იყოს-მეთქი, მაგრამ მერე მართლა წამოვიდა უკეთესი (იცინის).
– ფილმის სცენარს ჰგავდა, როცა შენმა მეგობრებმაც გადაიხოტრეს თავები.
– რამდენიმე მელოტი ძმაკაციც მყავს და იმათ მე ვეუბნებოდი, თქვენ გამო გადავიხოტრე, მარტოები რომ არ იყოთ-მეთქი და რამდენიმემ ჩემ გამო გადაიპარსა. რაღაცნაირად, სხვანაირად გიხარია. თუმცა, ჩემს საძმაკაცოში ჩემს ამბავს სულ იუმორით ვუდგებოდით, ამისგან ტრაგედია არ შეგვიქმნია. ვინც არ იცოდა ჩემი დამოკიდებულების შესახებ, ცოტა დაძაბული მოდიოდა, მაგრამ რომ ხედავდნენ, თვითონ ვხუმრობდი ამ ყველაფერზე, მერე თვითონაც თავისუფლად იყვნენ. ეს დიაგნოზი, ალბათ, ყველაზე უარესია, რაც კი შეიძლება, გითხრან. მაგრამ ამაზე ბევრჯერ მქონდა ნაფიქრი. გარშემო ამდენ ადამიანზე რომ გაიგებ, იმას აქვს, ამას აქვსო, მერე საკუთარ თავზეც ფიქრობ. და რომ წარმოვიდგენდი, შეიძლება, ეგ მეც დამემართოს-მეთქი, ძალიან მეშინოდა. ვერც ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა, მაგრად დავმდგარიყავი. თუმცა, როცა ეს ყველაფერი რეალობაში გადმოვიდა, მერე თავისთავად მოხდა ასე.
– როგორია შენი ცხოვრების რიტმი დაბრუნების შემდეგ, როგორც ვიცი, ვარჯიშსაც დაუბრუნდი.
– ამ ყველაფრამდე ვვარჯიშობდი და ქიმიის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ კვლავ შემეძლო გაგრძელება, ჩვეულებრივად იცხოვრეო. ერთი სული მქონდა, როდის გავაგრძელებდი ვარჯიშს, მაგრამ მხოლოდ ორჯერ შევძელი დარბაზში ჩასვლა, აღმოჩნდა, რომ ჯერ არ მქონდა საჭირო ენერგია და ახლა ვაპირებ დაწყებას. ქიმიების დროს 85 კილოგრამი გავხდი. მანამდეც მომატებული მქონდა, მაგრამ მერე წამლების ზემოქმედებისგან ვიყავი გასიებული. თუმცა, მგონი, ახლა უკვე ჩემს წონას დავუბრუნდი. რაც გადაღებები დამეწყო, ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს. ამ ყველაფრის დამთავრებიდან დიდი ხნის განმავლობაში მაინც შეუძლოდ და უმოძრაოდ ვიყავი. ახლა, ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.
– შენს ბავშვობას რაც შეეხება?
– მერვე კლასამდე კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით იმას, რაც მომწონდა. ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა – ის საგნები იყო, რომლებიც ხუთი პლუსებზე ვიცოდი. მათემატიკურ ოლიმპიადაზე ასიათასი ბავშვიდან საუკეთესო ორმოცეულში გავედი, ოღონდ საათ-ნახევრიანი გამოცდიდან 15 წუთში გამოვედი. მერვედან მომბეზრდა ხუთები და დავიწყე სკოლების „შემოვლა“. რვა სკოლა გამოვიცვალე (იცინის). პარალელურად, კალათბურთზე დავდიოდი. ან ფიზკულტურულზე უნდა გამეგრძელებინა სწავლა, ან თეატრალურში ჩამებარებინა. თეატრალური ვარჩიე, მაგრამ ჩუმად ვემზადებოდი. იმიტომ, რომ დედას უნდოდა ეკონომიკურზე ან იურიდიულზე მესწავლა და ბოლოს, თანხის გადახდის დრო რომ მოვიდა, მაშინ გავაგებინე (იცინის).
– წლების განმავლობაში პატრიარქის სტიქაროსანი იყავი.
– პატრიარქის სტიქაროსანი პირველი კლასიდან, დაახლოებით, მერვე კლასამდე ვიყავი. მთელი ბავშვობა სიონში გავატარე. იმდენი წელი ვიყავი მის გვერდით, რომ მესმოდა პატრიარქთან შესვლაზე რა ხდებოდა, მიკვირდა, რადგან ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. პატრიარქის შემოსვის ბედნიერება ყველას არ აქვს. ერთხელ ორი ღილი მეც შემაკვრევინეს, რაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო. სტიქაროსნები „ტერმინატორას“ მეძახდნენ (იცინის). როგორც ყველგან, ეკლესიაშიც ვერ ვისვენებდი. კალათბურთზე ახალი შესული ვიყავი და სულ დავხტოდი, მათ შორის საკურთხეველშიც. დამიჭერდა სტიქაროსნების უფროსი, ხან ყურს ამიწევდა, ხან მიჩქმეტდა, მაგრამ რეაქცია არაფერზე მქონდა. ამიტომ შემარქვეს ეს სახელი და მთელი სტიქაროსნობის პერიოდი „ტერმინატორა“ ვიყავი (იცინის). ჩემს დროს რომ სტიქაროსნები იყვნენ, ბევრი მათგანი ახლა მამაოა.
– ისეთი ამბები, როგორიც შენ გამოიარე, ბევრს განსაკუთრებით აახლოებს ეკლესიასთან.
– მე ჩემი პირადი ურთიერთობა მაქვს ღმერთთან. მარტოც რაღაცეები მილაპარაკია მასთან და თაბორის მონასტერშიც ხშირად ავდიოდი მამა ბართლომესთან. მან ძალიან გამაძლიერა და საერთოდ, ამ ამბავში ეგ მხარე ძალიან დამეხმარა. მე ჩემთვის ცალკე პირობები მაქვს მიცემული უფლისთვის, რაც არავინ იცის.