№24 ვისთვის ეძებს შალვა ნათელაშვილი ჰოლანდიაში ბინას და რატომ აღვიძებს მას შუაღამით ცოლი
ეს წელიწადი შალვა ნათელაშვილის ოჯახისთვის წარმატებულად დაიწყო – მათმა ქალიშვილმა, დაკომ, მოიპოვა სტიპენდია ჰოლანდიის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაში სასწავლებლად, ხოლო, ცოტა ხნის წინ კი, ვენაში ქალბატონ ბელას მეოთხე წიგნის – „ვიდრე შენ მყავხარ“ – პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მისი მეუღლეც ესწრებოდა.
ბელა ალანია: ვენაში ჩემი წიგნის, „ვიდრე შენ მყავხარ“, პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქართული ემიგრაცია ესწრებოდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საღამოს ორგანიზატორებს: რუსუდან კაჭკაჭიშვილს, ეკა ჭელიძეს, ნინო მოხევიშვილს და საქართველოს საელჩოს ავსტრიაში. აგრეთვე, დიდი მადლობა თეონა მოსიას – საღამოს მუსიკალური გაფორმებისთვის და ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერის პრემიერისთვის. პრეზენტაციის ფინალური აკორდი იყო სიურპრიზი – სადღესასწაულო ტორტი და ჩემი მეუღლის, შალვა ნათელაშვილის სიტყვა, რისთვისაც დიდი ხვეწნა-მუდარა დამჭირდა (იცინის).
– ვიცი, ბატონი შალვა არ გეგმავდა ვენაში ჩამოსვლას და პრეზენტაციაზე დასწრებას, თუმცა, ჩამოვიდა და საკმაოდ, ემოციური სიტყვაც თქვა.
– მართალია, შალვა არ აპირებდა ჩამოსვლას ვენაში, მაგრამ ძალიან სთხოვეს ემიგრანტებმა და უარი ვერ უთხრა. აი, პრეზენტაციაზე დამაგვირგვინებელი, საბოლოო სიტყვა რომ მისი იყო, ჩემი დამსახურებაა, იმდენი ვეხვეწე, ძლივს დავითანხმე (იცინის). რადგან პოეზიის საღამო იყო, თავს იკავებდა, პოლიტიკური ელფერი შემოეტანა, თუმცა, მაინც მოუწია ლიტერატურულ სტილში საუბარი. მან არ იცის ზედმეტად სიტყვებით ქება-დიდება, ვერ გამოხატავს, მაგრამ ჩვენ თვალებით საუბარი შეგვიძლია და თვალებით მესაუბრებოდა, რომ აღფრთოვანებული იყო. ძალიან შეგვიწყო ხელი და დაგვეხმარა საქართველოს საელჩო – დიდი მადლობა მათ.
– თქვენს ერთ ჩანახატში წერთ: ცხოვრების ვერაფერი გამიგიაო. რატომ?
– ეს ცხოვრება მართლაც ამოუცნობია და ალბათ, ისე გარდავიცვლები, 100 წლის მერე, კიდევ ბევრი რამ არ მეცოდინება. ესეც ზოგადი ფრაზა იყო... ძალიან ვყვარებივარ უფალს, რადგან ყველა ოცნება ამიხდა, რაც ჩაფიქრეული მქონდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, მინდოდა, მწერალი ვყოფილიყავი და მესამე კლასში დავიწყე რომანის წერა. ამბიციაში არ ჩამომართვათ, მაგრამ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დღე გათენდებოდა – ოთხი წიგნის ავტორი ვიქნებოდი და მეყოლებოდა მკითხველი. ასევე, ვოცნებობდი, მყოლოდა მოსიყვარულე და გამგები ქმარი და ასეთი მყავს. უბრალოდ, ერთი ოცნება არ ამიხდა, მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა და მხოლოდ, ორი გავაჩინე.
– შვილები ახსენეთ და აუცილებლად უნდა მოგილოცოთ ქალიშვილის, დაკოს წარმატება. მან ჰოლანდიის უნივერსიტეტში სტიპენდია მოიპოვა და მაგისტრატურას იქ გააგრძელებს. როგორ ეგუებით მშობლები, რომ შვილი ევროპაში დამოუკიდებლად უნდა გაუშვათ?
– დაკომ ძალიან გაგავახარა მე და შალვა. ამაყი მშობლები ვართ, რომ მან ეს შეძლო და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, დიახ, დამოუკიდებლად, მარტო უნდა წავიდეს უცხოეთში, ისწავლოს ცხოვრება, მიიღოს გამოცდილება, გაატაროს სტუდენტობა სხვა ქვეყანაში, რომ თავის ქვეყნისა და მშობლების ფასი შორიდან დაინახოს და დაგროვილი ცოდნით დაბრუნდეს უკან. დარწმუნებული ვარ, ის უცხოეთში არ დარჩება საცხოვრებლად, რადგან სიგიჟემდე უყვარს სამშობლო და სხვა თუ არაფერი, მე და შალვამ ის მაინც შევძელით, რომ ჩვენს შვილებს საქართველოს გარდა, არსად უნდათ ცხოვრება. ჩვენ არ ჩავრეულვართ დაკოს საქმეში, მოვერიდეთ და მივეცით თავისუფლება. შალვა ცოტა ნერვიულობს, მაგრამ არასდროს უთქვამს, დამოუკიდებლად არ წავიდეს სხვაგან სასწავლებლადო. ჩვენ ისეთი მშობლები არ ვართ, შვილებს რომ ფრთების ქვეშ მალავენ და 40 წლისას ბავშვებს ეძახიან. შვილს თავისუფლება უნდა მისცე და უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა სურს. ამ მხრივ, მშობლის როლი მინიმალური უნდა იყოს და ჩვენც ასე ვიქცევით. შალვა ძალიან ფრთხილია შვილებთან ურთიერთობაში და ცდილობს, მათთან უფრო მეგობრული დაიჭიროს, ვიდრე მამური.
– ბატონი შალვა ცოტა მკაცრი მამა მგონია. ასეთია?
– არა. შვილებთან მე უფრო მკაცრი ვარ, ვიდრე შალვა (იცინის). სულ ეშინია, ფრთხილია. მე კი არ მეშინია და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევ მათ. ახლა ვერ ამბობს, მეშინია, დაკოს მარტოს რომ ვუშვებ ჰოლანდიაშიო, მაგრამ თვალებში ვკითხულობ ამას. თუმცა, კიდევ ვამბობ, ჩვენ ვიცით, როგორ დაცულ ქვეყანაში იქნება დაკო, როგორ ცოდნას მიიღებს, როგორ გამოცდილებას და ამიტომ, ვენდობით და ვუშვებთ. დატკბეს თავისუფლებით და მიიღოს ცოდნა. ამაზე კარგი რა არის?
– ვიცი, ბინას ეძებდით ჰოლანდიაში. თუ იქირავეთ?
– სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიქირავეთ, მაგრამ სექტემბრამდე დრო გვაქვს და იმედია, ჩვენი იქ მცხოვრები ემიგრანტი მეგობრებიც მოგვეხმარებიან. ჯერ დაკო თბილისშია და აგვისტოში აპირებს წასვლას. იცით, მჯერა, რომ შემთხვევით ამ ცხოვრებაში არაფერი ხდება, არც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, არც შემთხვევით უყვარდებათ. არის რაღაც კანონზომიერება და ჩვენც მივყვებით.
– რომ ამბობენ, ორი ადამიანის ბედი ზეცაში წყდებაო, ამაზე რა აზრის ხართ? გჯერათ, რომ თქვენი და ბატონი შალვას ბედი ზეცაში გადაწყდა?
– ვერ გეტყვით. არ მჯერა, რომ ადამიანების ბედი ზეცაში წყდება. უფალს იმდენი დრო აქვს, რომ ყველა ადამიანი დააბინაოს, შეახვედროს, ყველას ბედი გადაწყვიტოს? მაშინ, ძალიან ბევრი საქმე ჰქონია, მილიარდიან სამყაროში. ეს არ ვიცი, მაგრამ მჯერა ადამიანების ენერგეტიკის, რომელიც ორ ადამიანს იზიდავს და სწორედ, ეს არ არის შემთხვევითობა – ენერგეტიკის თანხვედრაა. ამიტომ, მგონია, ჩემი და შალვას შეხვედრა შემთხვევითობა არ არის, ადამიანები ერთმანეთს შორიდანაც გრძნობენ და ჩვენც ასე დაგევმართა.
– ქალატონო ბელა, ემოციური შალვა ნათელაშვილის ცოლობა ცოტა რთული ხომ არ არის?
– ნამდვილად არა, იდეალური მეუღლეა და მგონი, ჩემი ცოლობა უფრო რთულია (იცინის). გეთანხმებით, შალვა ემოციურია, მაგრამ რომანტიკოსი, პოეტი ცოლის გაძლება კი – ძალიან რთული. ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებთ. ხანდახან, ღამით ვაღვიძებ და ვეუბნები, ლექსი უნდა წაგიკითხო-მეთქი (იცინის). მაგრამ შალვაც რომანტიკული ბუნებისაა და მიგებს. თავად ისეთი გენეტიკა აქვს, მე მას ლექსის დაწერით და თქმით ვერ გავაკვირვებ, ბოლო-ბოლო ვაჟა-ფშაველას გენეტიკის მატარებელია. თავადაც დაუწერია ჩემზე ექსპრომტ-კაფიები და მოულოდნელად წაუკითხავს. ვფიქრობ, ისე კარგად გამოსდის წერა, ასეთი დოზით პოლიტიკას რომ არ გაჰყოლოდა, შესაძლოა, მისგან კარგი მწერალი ან პოეტი დამდგარიყო – რომანტიკოსიც არის, სიტყვის მარაგიც აქვს, ინტელექტიც, ფშაველია და ვაჟა-ფშაველას კუთხიდან, ენათესავება კიდეც... ხანდახან, როცა ექსპრომტად მიძღვნის ლექსს, ვეხუმრები, ნახე, გამოყო ვაჟას გენეტიკამ თავი შენში-მეთქი (იცინის). ვფიქრობ, როცა ერთ დღესაც, პოლიტიკიდან წავა, დაჯდება და დაწერს მემუარებს ყველაფერზე – როგორ იცხოვრა, რისთვის, რა უნდოდა, რისი გაკეთება მოასწრო და რისი ვერა.
– ქალიშვილების მიმართ მამები მეტად ემოციურები არიან და მათ თაყვანისმცემლებზე მკაცრად რეაგირებენ. ბატონი შალვაც ასეთი მამაა?
– მახსოვს, დაკოს მომაბეზრებლად ვიღაცები აწუხებდნენ, დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ... თავად არ ამბობდა, მაგრამ გავიგეთ. შალვა ძალიან აღშფოთდა, განერვიულდა, მაგრამ დაკოსთან არ იმჩნევდა. მაშინ დავინახე, რა განცდა აქვს მამას ქალიშვილის მიმართ და როგორ ცდილობს მის დაცვას. რასაკვირველია, რომ გაგრძელებულიყო, მამაა და ჩაერეოდა, მაგრამ ბავშვებმა თავად მოაგვარეს ეს საკითხი და მამის ჩარევა არ გახდა საჭირო. ხშირად ეუბნება დაკოს, არ მინდა იმ დღეზე ფიქრი, შენ რომ გათხოვდები და აქედან წახვალ. აქ მოდით, ჩვენთან იცხოვრეთო (იცინის). თუმცა, ჯერ დაკოს გათხოვება არ უნდა და არც აპირებს. დამიჯერეთ, ჩემზე მეტად შვილები შალვასთან არიან გახსნილები და შეყვარებულებზეც, მეგობრებზეც და თაყვანისმცემლებზეც თავისუფლად საუბრობენ. ეს, მიხარია. ახლა უკვე ვიცი, დაკო რომ წავა ჰოლანდიაში, ჩემზე მეტად დაიწყებს ნერვიულობას, ღელვას, შფოთვას და ჩამოეკიდება ტელეფონს (იცინის). თავიდან მე გავყვები და მერე შალვაც შემენაცვლება.