№25 ქართველებისადმი რა დამოკიდებულება აღიზიანებდა საბერძნეთში ცხოვრებისას ვახო ბოლოთაშვილს და რატომ გამოაგდეს ის სამი ბაღიდან
ვახო ბოლოთაშვილი რამდენიმე თვის წინ, „ბახუტას შოუში“ გამოჩნდა და ახლა, პარალელურად, მეგაშოუ „X ფაქტორის“ ერთ-ერთი წამყვანია, რომელსაც პარტნიორობას ლიკა ქორქია უწევს.
ვახო ბოლოთაშვილი: 2013 წელს „იმედზე“ დავიწყე მუშაობა – „შალვა რამიშვილის შოუში“, მერე ვიყავი „ილო ბეროშვილის შოუს“ სცენარისტი, ვმუშაობდი სერიალზე – „ერთხელ საქართველოში“ და ახლა „ბახუტას შოუს“ ნაწილი ვარ. სცენარისტი ვიყავი, მაგრამ ხუმრობების წაკითხვის დროს, ისეთ ემოციებს გამოვხატავდი, პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, სტუდიაში დავესვი. ეკრანზე გამოჩენა ყოველთვის ძალიან მინდოდა, დიდი ამბიციაც მქონდა, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამის კომპლექსი გამიჩნდა და მივხვდი, რომ მხოლოდ სცენარისტობა მერჩივნა.
– იუმორის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა?
– ყოველთვის მიყვარდა სასკოლო აქტივობებში მონაწილეობა, „რა, სად, როდის“ იქნებოდა ეს „კავეენი“ თუ სხვა ღონისძიება. ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, სპორტულ აქტივობებში ვერ ვიქნებოდი წარმატებული, თუმცა ქართული სპორტის დიდი ქომაგი ვიყავი. პირადად ჩემთვის სპორტის მაქსიმუმი ჭადრაკია, რომელიც ძალიან მიყვარს, სპორტულ „რა, სად, როდისთან“ ერთად, რომლის უმაღლესი ლიგის კაპიტანიც ვარ. აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ოლიმპიადებში და ადგილს პირველ სამეულში ვიკავებდი ხოლმე.
– კარგი მოსწავლე ყოფილხარ.
– თუმცა იყო საგნები, რომლის მასწავლებლებთანაც შეთანხმებული ვიყავი. მაგალითად, რუსულის მასწავლებელი მკითხავდა: ვახო, იცი გაკვეტილი? – დიახ ვიცი, ვპასუხობდი და ისიც: ატიანი, გადი გარეთ. მეც გავდიოდი და სად მივდიოდი? რა თქმა უნდა, ბუფეტში. რუსულის მაგივრად ყოველთვის ვიყენებდი ფრაზას „მტრის ენა“. ისე, ძალიან მაიმუნი ბავშვი ვიყავი. სხვათა შორის, მათემატიკასთანაც მსგავსი „შეთანხმება“ მქონდა. ერთხელ ინგლისურის მასწავლებელმა მითხრა, შენი ხმა არ გავიგონოო. ცოტა ხანში მოაყოლა, ადექი და გაკვეთილი მომიყევიო. ავდექი და მუნჯურად დავიწყე მოყოლა. მცემა და ამის ამსახველი ვიდეომასალაც მიდევს „ფეისბუქზე“ (იცინის). თან ვიცინი და თან ხელებით გაკვირვებას გამოვხატავ, რატომ მირტყამ-მეთქი და ის ბრაზდება: „ეს დეგენერატი, რას ჰქვია რატომ გირტყამ?!”. არადა, რაც მითხრა, ზუსტად შევასრულე (იცინის). რა ვქნა, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ძალიან ვცელქობდი, მაგრამ უზრდელურად არასდროს ვიქცეოდი. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ვერ ეუბნებოდნენ, წლის ბოლოს მე გავიცინებო, სულ ათებზე ვსწავლობდი. საბოლოო ჯამში, მაინც დაბალ ქულაზე დავამთავრე სკოლა – 9,7 გამომივიდა ჯამური მაჩვენებელი და „დღლინჯაოს“ მედალოსანი გავხდი. იმიტომ, რომ ეს არც ოქროა, არც ვერცხლი და არც ბრინჯაო (იცინის). მერე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე ისტორიულზე და კიდევ ერთი სემესტრი მაქვს გასავლელი. სამსახურის გამო რამდენჯერმე აკადემიურის აღება მომიწია და დამთავრება ვერ მოვახერხე.
– ორი რამ მაოცებს ამქვეყნად, ვარსკვლავებით სავსე ცა ჩემს ზემოთ და ხინკლების რაოდენობა ჩემს მუცელშიო, წავიკითხე შენს „ფეისბუქ-გვერდზე“.
– თუმცა, სინამდვილეში შვიდ ხინკალზე მეტს არ ვჭამ და ალბათ, ამის გამო ნამდვილი ქართველები შემიკურთხებენ (იცინის). ჩემი ჰაბიტუსი, ძირითადად, გამაგრილებელი სასმელების და შოკოლადების დამსახურებაა. 13 წლის შემდეგ გავსუქდი. ამ ასაკში სიმაღლეში 184 სანტიმეტრი და წონით 85 კილოგრამი ვიყავი. ძალიან მიყვარს კითხვა და ფილმების ყურება. ჰოდა 13 წლისამ მთელი ზაფხული ამ პროცესში გავატარე, შოკოლადებით, ხაჭაპურებით და წვენებით მომარაგებულმა. ძალიან გავსუქდი – სამ თვეში 55 კილოგრამი მივიმატე. მაგრამ ეს მაქსიმუმი არაა, 161 კილომდეც ავსულვარ. თუმცა, ამას არასდროს განვიცდიდი. პირიქით, ყოველთვის ვხუმრობდი ჩემს წონაზე. მაგრამ 161 კილოგრამი რომ გავხდი, გადავწყვიტე, დიეტა დამეცვა.
– უბრალოდ, წონამ შეგაწუხა თუ ჯანმრთელობის გამო მიიღე ეს გადაწყვეტილება?
– არა, გოგო მომეწონა (იცინის). ძალიან მიყვარს ლამაზად ჩაცმა და მაღაზიაში რომ შევდივარ, პირველი, რასაც გამყიდველს ვეუბნები, არის: გამარჯობა, ჰალსტუხის გარდა, ჩემი ზომა რა გაქვთ? ველოდები, რომ მეტყვიან, ლიფიო, მაგრამ სირცხვილის გამო ვერ მკადრებენ, თუმცა ზოგან ჰალსტუხის გარდა, ჩემი ზომის სათვალესაც ვპოულობ (იცინის). მოკლედ, ლამაზად რომ ვერ ვიცვამდი და ვიცვამდი იმას, რაც მეტეოდა, ცოტა რთული იყო გოგოსთვის თავის მოწონება. ბაბუამისს და შენ რომ ერთნაირად გაცვიათ, ნაკლებმოსალოდნელია, რომ გოგო მოიხიბლოს. მოკლედ, დიეტოლოგის მითითებებით, ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე ოთხ თვეში 52 კილო დავიკელი. წარმოიდგინეთ, დილით ორ მოხარშულ სოსისს ან ერთ კვერცხს და ერთ კიტრს ვჭამ. მთელი დღე ასე მაქვს გაწერილი. ოთხი თვე ამ რაციონით ვცხოვრობ, მაგრამ უკვე საგრძნობლად დავიკელი, დავრბივარ და მიხარია. ერთხელაც მივდივარ ქუჩაში და კიტრს ვჭამ, რადგან მაგვიანდება, არადა სახლში ჭამა ვერ მოვასწარი და ამ დროს მეზობელი მეძახის: ვახო, სულ როგორ უნდა ჭამდე?! დღეში ერთხელ რომ მეჭამა, მაშინ შემხვდებოდა ყველა, მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო მოწყობილი (იცინის). ძაღლიც კი თვალებით მანიშნებდა: ვახო, სულ როგორ უნდა ჭამდეო (იცინის).
– გოგოსთან როგორ დამთავრდა ამბავი?
– რომ დავიკელი, ვუთხარი, ძალიან მომწონხარ-მეთქი და მიპასუხა, სულ როგორ უნდა ღადაობდეო. მაგის მერე ისევ მოვიმატე (იცინის). სინამდვილეში, წელიწადი და ორი თვე შევინარჩუნე ის წონა, მაგრამ იმ გოგოსთან აღარ გამიგრძელებია ამაზე ლაპარაკი, მივხვდი, რომ სიყვარული ჩემი საქმე არაა, ჩემი საქმე იუმორისტობაა და ამას მივაწექი. კიდევ, შაურმა მიყვარს ძალიან. სიყვარულის ნერვები და დრო არ მაქვს, სამაგიეროდ, ბევრი სხვა რამე მიყვარს.
– პირველი სიყვარული გაიხსენე. ბაღისა და სკოლის პერიოდი.
– საბერძნეთში დავიბადე და შვიდ წლამდე იქ ვცხოვრობდი. აქ რომ რთული პერიოდი იყო, ჩემი მშობლები იქ წავიდნენ, იქ დაოჯახდნენ და მე იქ დავიბადე. ბაღშიც იქ დავდიოდი და პირველი-ორი კლასი საბერძნეთში ვსწავლობდი. ბაღში რომ შევედი, პრობლემები შემექმნა. ქართველებს ბერძნებიც კი რუსებად აღიქვამდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წლის ბავშვი ვიყავი, ამის გამო ძალიან ვღიზიანდებოდი და სულ ვამბობდი – რუსი არა, ქართველი ვარ-მეთქი. საქართველოში არც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ეს ქვეყანა ძალიან მეამაყებოდა. იქ მყოფი ემიგრანტები სულ საქართველოს სადღეგრძელოს სვამდნენ, დედა „ჰერიო, ბიჭებოს“ მღეროდა და ამ დროს ყველა ტიროდა, ვხედავდი, როგორ უყვარდათ საქართველო და ეს ემოციები, ბუნებრივია, ჩემზეც ახდენდა გავლენას. სამჯერ გამომაგდეს ბაღიდან. იქ თუ ღარიბი ხარ, ან ეროვნებით ბერძენი არ ხარ, ძალიან გამცირებენ. რადგან ოჯახებში ესმით ბავშვებს, მაგალითად, ის, რომ ქართველები არ მოსწონთ. პრინციპში, ეს გასაგებიცაა, სამწუხაროდ, ქართველები იმდენ კრიმინალს სჩადიან საბერძნეთში, რომ მათი მესმის. ამიტომ მოდიოდა ბავშვებისგან აგრესია, რასაც პასუხს ვცემდი, თავს არავის დავაჩაგვრინებდი. ერთხელ ორი ბავშვი ვცემე და ამიტომ გამომაგდეს, მეორეჯერ ყურზე ვუკბინე ერთს, მესამეჯერ დამბრალდა, რომ საპირფარეშოში ქვები შევყარე. უკვე ცუდი სახელი მქონდა და ადვილად დაიჯერებოდა (იცინის). მეოთხე ჯერზე უკვე ძალიან კარგმა ადამიანმა მიმიღო და ძალიან მოვწონდი. რადგან ერთხელ საბერძნეთის ტელევიზიასა და ჟურნალშიც მოვხვდი ფაზლის სწრაფად აწყობის გამო, 999-იან ფაზლს ძალიან სწრაფად ვაწყობდი. ფოტოგრაფიული მეხსიერება მქონდა ძალიან განვითარებული.
– საქართველომდე საბერძნეთში ყოფილხარ პოპულარული.
– რა როლი შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს ბაღის ზეიმზე? მე რამდენიმე როლი მქონდა: ფუტკარი, რომელიც ბზუოდა და ხე, რომელიც შრიალებდა. სამი მოშრიალე ხე ვიყავით: მე, ალბანელი ბიჭი და „მენაგვის“ შვილი, ანუ, გარკვეულ სოციალურ კატეგორიას მოგვცეს ასეთი როლი, რაც გავაპროტესტე – რადგან ქართველი ვარ, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი-მეთქი?! შეეშინდათ, თუ ბავშვს გაუჩნდა ეს აზრი, მშობლებსაც არ გაუჩნდეთო და წინა დღით მომცეს ძალიან დიდი ლექსი. მოკლედ, გამოვედი შობის ღონისძიებაზე და დამავიწყდა ეს ლექსი, რაზეც დამცინეს. მეც ავდექი, დედა შევაგინე და მიკროფონს დავარტყი ხელი ოთხი წლის ბავშვმა, რაზეც ყველას გაეცინა. მერე ნებართვა ვითხოვე, თავიდან მეთქვა და ჩემი და კიდევ იმ ორი ბავშვის ლექსიც ზეპირად ვთქვი.