№24 ქალმა ყოფილი ქმრის ცოლის მოსაკლავად 7 ათასი დოლარი გადაიხადა
42 წლის მადონა ტ-შვილი ყოფილი ქმრის მეუღლის, 33 წლის ქეთევან ს-იას მკვლელობის დაგეგმისთვის დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მან ყოფილი ქმრის მეუღლის მკვლელობა შეუკვეთა და 7 ათასი დოლარი გადაუხადა მოქალაქეს, რომელმაც ის მძიმე დანაშულის ორგანიზებაში ამხილა. მადონა ტ-შვილთან ერთად სამართალდამცველებმა დააკავეს თანამზრახველი – მისი და, 37 წლის ლოლა ტ-შვილი, რომელიც ადრე თაღლითური საქმიანობისთვის იყო ნასამართლევი. ამჯერად მას ბრალად დაედო ყოფილი სიძის, ტატო ჭ-ძის სხეულის განზრახ დაზიანება.
სისხლის სამართლის საქმე მადონა ტ-შვილის მიმართ ტატო ჭ-ძის ჩვენების საფუძველზე აღიძრა, რომლის მიხედვითაც, მისი მეუღლის წინააღმდეგ ყოფილი ცოლი შეკვეთილ მკვლელობას გეგმავდა. გამოძიებამ მოკვლევა დაიწყო, ასევე, ტატო ჭ-ძის მიმართაც, თუმცა დადგინდა, რომ მამაკაცი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას არ იძლეოდა და მისი ყოფილი ცოლი მისი მეუღლის შეკვეთილ მკვლელობას ნამდვილად გეგმავდა. ერთი თვის განმავლობაში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები – ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ასევე, ქალის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ფაქტი. საქმის მასალების მიხედვით, მადონა ტ-შვილი შუამავლის მეშვეობით ცდილობდა მოეძია პიროვნება, რომელიც 7 ათასი დოლარის საფასურად, მისი ყოფილი ქმრის მეუღლეს მოკლავდა. ამ მიზნით მადონა ტ-შვილი დაუკავშირდა ვინმე ბესიკ ბ-იას, რომელიც ტატო ჭ-ძეს წარსულში კარგად იცნობდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი მათ შორის ცუდი ურთიერთობა იყო. ბესიკ ბ-იამ, გამოძიების ვერსიით, თავად აიღო მადონა ტ-შვილისგან 7 ათასი დოლარი, რაც, როგორც თვითონ განაცხადა, უნდა გადაეცა ადამიანისთვის, ვინც შეკვეთილ მკვლელობას განახორციელებდა. ბესიკ ბ-იამ თანხა ყოფილ მეგობარს, ტატო ჭ-ძეს მიუტანა და საქმის დეტალებიც აცნობა. გამოძიებით დადგინდა, რომ მადონა ტ-შვილმა თავად შეიძინა იარაღი, რომელიც მას შუამავლისთვის უნდა გადაეცა. ამას გარდა, ის კატეგორიულად ითხოვდა, რომ მისი ყოფილი ქმრის მეუღლის, ქეთევან ს-იას მკვლელობა უნდა განხორციელებულიყო სხვა ქვეყანაში, სადაც ქალი საკუთარი ბიზნესის საქმეებზე ხშირად ჩადიოდა.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მადონა ტ-შვილს ჰყავდა თანამზრახველი, საკუთარი და, ლოლა ტ-შვილი, რომელსაც ამ ფაქტთან დაკავშირებით დასთან უსიამოვნება მოუვიდა. მას აიძულებდა, რომ განზრახვაზე ხელი აეღო და შური ქეთევან ს-იას წინააღმდეგ სხვა ფორმით ეძია. მადონა ტ-შვილი უმცროსი დის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ქეთევან ს-იას მკვლელობის დაგეგმვა დამოუკიდებლად დაიწყო. საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა მან შურისძიების მიზნით დაგეგმა, რადგან მიაჩნდა, რომ ქეთევან ს-იამ ოჯახი შეგნებულად დაუნგრია. ქეთევან ს-ია და მადონა ტ-შვილი წარსულში მეგობრები იყვნენ, შესაბამისად, მათ საერთო მეგობრებიც ჰყავდათ, ამონაწერი მარიკა ხ-ელის ჩვენებიდან: „რაც მადონასა და ტატოს ოჯახი დაინგრა, მათ შორის უსიამოვნებებიც დაიწყო. გარდა იმისა, რომ მადონა ყოფილ ქმარს შვილების ნახვის უფლებას არ აძლევდა, კონფლიქტი კონფლიქტზე ხდებოდა, მტრებად გადაეკიდნენ ერთმანეთს. მადონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ორჯერ თავის მოკვლაც სცადა, შვილებმა მიუსწრეს. ყველა მის გვერდით ვიყავით, მაგრამ არაფრის გაგება არ უნდოდა, ვერ პატიობდა ვერც ქმარს და ვერც მეგობარს, რომ ოჯახი დაენგრა. ერთხელ ქეთევანს სამსახურთანაც დახვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქეთევანი პოლიციაში აპირებდა განცხადების შეტანას, მაგრამ ტატომ გადააფიქრებინა. მათი ქორწილის დღეს მადონა საშინელ მდგომარეობაში იყო. მახსოვს, მითხრა, ქეთევანი ვინმეს უნდა მოვაკვლევინოო, მაგრამ მისი ნათქვამი აფექტურ მდგომარეობაში ნათქვამი მეგონა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ნამდვილად დაგეგმავდა. ექვსი თვე მადონა ფსიქოლოგებთან დადიოდა და ვიფიქრე, რომ მისი მდგომარეობა გამოსწორდა და ქმარზე და მეგობარზე შურისძიება თავიდან ამოიგდო.”
საქმის მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც მადონა ტ-შვილის მიერ დაგეგმილი დანაშაულის შესახებ ტატო ჭ-ძისთვის გახდა ცნობილი და ეს მადონა ტ-შვილის დამ, ლოლა ტ-შვილმაც შეიტყო, ის ყოფილ სიძესთან სახლში მივიდა და სთხოვდა, რომ მომხდარის შესახებ პოლიციაში არ განეცხადებინა, ურთიერთობა მათ გარეშე მოეგვარებინათ და ყოფილ სიძეს პირობას აძლევდა, რომ მისი და მათ ოჯახს აღარ გაეკარებოდა. ამონაწერი ქეთევან ს-იას ჩვენებიდან. „ლოლა ჩვენთან, სახლში მოვიდა, ჯერ მე მთხოვა პატიება, მერე ტატოს, მუხლებზე დაჩოქილი გვეხვეწებოდა, მისი დისთვის პასუხისგება აგვეცილებნა. როდესაც ტატოსაგან დადებითი პასუხი ვერ მიიღო, მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ლოლამ დანა ამოიღო და ჩხუბის დროს ტატოს ყელის არეში დაარტყა. მე მათ გაშველებას ვცდილობდი, რა დროსაც ლოლამ ფერდის არეში დანა მეც დამარტყა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მე გამოვიძახე. ის გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა ქმარმა, რომელიც დაჭრილი იყო, მას გაქცევის საშუალება არ მისცა“.
სამართლადამცევლებმა ლოლა ტ-შვილი შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. ამის შემდეგ დააკავეს მისი დაც, მადონა ტ-შვილი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ ყოფილმა ქმარმა და მისმა მეუღლემ მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმეს. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, სასამართლომ მადონა ტ-შვილი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, პატიმრობა შეეფარდა მის დას, ლოლა ტ-შვილსაც, რომელიც დის ყოფილი ქმრის სხეულის განზრახ დაზიანებისთვის გისოსებს მიღმა 7 წლით მოხვდა.