№24 როგორ გაიტაცეს 95 მილიონი დოლარის ქონება თბილისის ერთ-ერთი ოფისიდან
პუბლიკაციაში ნახსენები სახელები და სახელწოდებები მოგონილია. მათი ვინმესთან ან რამესთან მსგავსება კი, შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
შპს „ალიბაბას გამოქვაბული“
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ალიბაბას გამოქვაბული“ დავით აღმაშენებლის გამზირზე (პლეხანოვი) ერთ-ერთი ძველი, სამსართულიანი შენობის მთლიან ფართს იკავებდა და ისე იყო ჩარაზულ-დაჯავშნილი და გამაგრებული, როგორც ბანკის საცავი, სადაც დიდი თანხები ინახება. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან „ალიბაბას გამოქვაბული“ ფერადი ლითონებისა და ძვირფასი თვლების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და სალომბარდო საქმიანობასაც ახორციელებდა. ამიტომ მის უზარმაზარ საცავში, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობდა, აურაცხელი ქონება იყო თავმოყრილი. შენობასა და საცავში დამონტაჟებული იყო ულტრათანამედროვე სასიგნალო-დამცავი მოწყობილობა და იქაურობას ოცდაათი ვიდეოკამერა უმზერდა და ფაქტობრივად, თითოეული კუთხე-კუნჭული კონტროლდებოდა. გარდა ამისა, შენობასა და მის პერიმეტრზე თორმეტი კარგად გაწვრთნილი დაცვის თანამშრომელი მორიგეობდა, რომლებიც ყოველწამიერად იყვნენ მზად ნებისმიერი ინციდენტის აღსაკვეთად. შენობა, ფაქტობრივად, შეუვალად იყო მიჩნეული და ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მისი გაძარცვა შეუძლებელი იყო. დაცვის გარდა, ოფისში ოცი ადამიანი მუშაობდა. 2009 წლის დეკემბრისთვის კი, საცავში 95 მილიონი დოლარის ქონება იდო.
მეტსახელად „ბოა“
„ალიბაბას გამოქვაბულის“ მფლობელი, 45 წლის გიზო ბლიაძე, მეტსახელად „ბოა“, იყო. ბოა მახრჩობელა გველია და ბლიაძეს ეს მეტსახელა მახრჩობელობის გამო ჯერ კიდევ ბავშვობაში შეარქვეს. საქმე ის იყო, რომ გიზო ადრეული ასაკიდანვე ყომარბაზობდა, თითქმის არასოდეს აგებდა და მოგებულს ყოველთვის ბოლომდე იბარებდა. არავის არანაირ შეღავათს არ უკეთებდა და „თავანის“ ჩაბარებას წამიერი სიზუსტით ითხოვდა. ანუ, ამოსუნთქვის საშუალებას არავის აძლევდა, ახრჩობდაო, რომ იტყვიან და ამიტომაც შეარქვეს „ბოა“. ქვეყანა რომ აირია და საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, „ბოა“ ერთ-ერთი საძმოს წევრი გახდა და ძარცვა-გლეჯითა და ყაჩაღობით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვა. ხოლო სიტუაციის სტაბილიზაცია რომ დაიწყო, „ბოას“ თანამოძმეთაგან უმეტესობა მოკლეს. ზოგი ციხეში მოხვდა და მათი უმეტესობა იქვე გარდაიცვალა, ხოლო ვინც ცოცხალი გამოვიდა ციხიდან, ნაწილი მძიმედ იყო დაავადებული და არაფერი შეეძლოთ, ნაწილი კი „გაბომჟდა“ და ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. თავად „ბოა“ კი, ამ პერიოდში თბილისიდან მოულოდნელად გაქრა და ასევე მოულოდნელად გამოჩნდა, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა. ქალაქში ხმა დაირხა – „ბოა“ ამერიკაში ცხოვრობდა და სწავლობდა და პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრაო. მაგრამ სად და რომელი, არავინ იცოდა. გიზო ბლიაძემ კი, მშვენიერი ალღო აუღო ახალ დროებას და ახალ მთავრობასთან მისასვლელი გზა მოძებნა. საჭირო ადამიანებს დაუახლოვდა. ნაძარცვი ქონებით ბიზნესი წამოიწყო და ძალიან მოკლე დროში დიდი „მაყუთის“ შოვნას შეუდგა.
„ახეული“ ქონება
ახალ მთავრობასთან შეხმატკბილებულმა ბლიაძემ საბოლოოდ დაკარგა ყველაფრის რიდი და პატივისცემა და ისე გათავხედდა, რომ სულს ართმევდა მოვალეებს. თითოეულ ლარს ათასმაგად აზღვევინებდა და ერთი მხრივ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობდა, მეორე მხრივ კი, „საჭირო ადამიანებს“ რომ კვებავდა, ყოვლად დაუსჯელი რჩებოდა. არაერთ ადამიანს აართვა მანქანა და სახლი და გაუყიდა. ხოლო თავისი კლასელის, თამარ გურგენიძის ოჯახს კი, ბიზნესი, ანუ მთელი ქონება „აახია“. ისინი, ფაქტობრივად, მშრალზე დატოვა და ყველაფერი ეს იმიტომ მოხდა, რომ თამარის მეუღლეს, მირიანს, სესხი არ გადაუდო. უსამართლო სასამართლოს გზით ყველაფერი ჩამოართვა და აუქციონზე გაუყიდა. თანაც, გურგენიძეები არ იყვნენ მთავრობის მომხრეები და სასამართლოში სამართალი ვერ იპოვეს. გიზო ბლიაძესთან არც თამარის მუდარამ გაჭრა და არც იმის შეხსენებამ, რომ თამარის დედამ დიდი ხნის წინ ათი წლის გიზო უეჭველი სიკვდილისგან იხსნა.
გურგენიძეები და ბლიაძეები ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ერთხელ პატარა გიზო დედ-მამის ტრადიციულ ჩხუბს შეესწრო. შეეშინდა და მეორე სართულიდან გაქცევა სცადა. ქვევით ჩავარდა, გაითიშა, ენას ყლაპავდა და პირიდან დუჟი მოსდიოდა. მეზობლები ისე შეშინდნენ, რომ ბავშვს არავინ მიეკარა და მხოლოდ სასწრაფო გამოიძახეს. თამარის დედა კი არ დაიბნა, მომაკვდავ ბავშვთან მიიჭრა და ჯერ ენა ამოუღო, შემდეგ თავი დაუჭირა, თვალებზე შავი თავსაფარი გადააფარა და სასწრაფოც მოვიდა. ექიმმა კი თამარის დედას უთხრა:
– ეს ბავშვი მეორედ დაიბადა და ამას თქვენ უნდა გიმადლოდეთო.
ერთი სიტყვით, „ბოამ“ არც თავისი გადამრჩენი დაინდო და თამარის დედას, მერი გურგენიძეს, ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა. თამარის ძმამ, გივიმ, დედის გამო შურისძიება სცადა და „ბოას“ მისსავე ოფისთან დახვდა და დანამომარჯვებულმა მისკენ გაიწია. თუმცა, ბლიაძის დაცვამ შურისძმაძიებელი მუხლში დაჭრა და სამუდამოდ დააკოჭლა. მაგრამ არც ეს აკმარეს და გივი გურგენიძე თხუთმეტი წლით ციხეში გამოამწყვდიეს – მკვლელობის მცდელობისთვის.
„უსინათლო“
2009 წლის სექტემბერში „ალიბაბას გამოქვაბულში“ სამუშაოდ 50 წლის პეტრე გომიაშვილი მიიღეს. ის უსინათლო იყო და სამუშაოზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა. გომიაშვილის მოვალეობა იყო გარედან შემოსული ზარების სხვადასხვა შიდა ტელეფონზე გადართვა, რაც პულტის მეშვეობით ხორციელდებოდა და დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. საბუთების მიხედვით, ახალი თანამშრომელი დაბადებიდან უსინათლო იყო და ხელფასთან ერთად მას ინვალიდობის პენსიაც ეძლეოდა.
სინამდვილეში, პეტრე გომიაშვილი 41 წლის ომარ ურუშაძე, მეტსახელად „კრუტიკი“ იყო და პოსტსაბჭოეთის სივრცეში სეიფებისა და ურთულესი სიგნალიზაციების საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა. „კრუტიკი“ რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში ის ვინ ჩამოიყვანა და „ალიბაბას გამოქვაბულში“ მოაწყო, ძიებამ ვერ დაადგინა.
2009 წლის 31 დეკემბერს პლეხანოვზე განლაგებული ოფისის საცავიდან 95 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა ისე გაქრა, რომ არც ვინმეს მოუკრავს მისთვის თვალი და ვერც პოლიციელებმა აიღეს კვალი. ოფისის დაცვის ყველა წევრი ღრმად იყო ჩაძინებული და ვიდეოჩანაწერები ერთსა და იმავეს, გიზო ბლიაძის, იგივე „ბოას“ ფიზიონომიას უჩვენებდა. არ იმუშავა სასიგნალო მოწყობილობამაც და ოფისის საცავიდან ქონება ისე გამოიტანეს, რომ ეს მომენტი არც მიმდებარე შენობის ვიდეოთვალებს დააუფიქსირებიათ.
ამ შემთხვევამ „ბოა“ შოკში ჩააგდო და მას ჯერ ინსულტმა დაარტყა და დამბლა დაემართა, შემდეგ კი მხედველობა დაკარგა და საბოლოოდ ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა. გივი გურგენიძე კი, 2012 წელს გათავისუფლდა ციხიდან. შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა, ისევე, როგორც მისი და; ოჯახითურთ.
„ბოა“ დღესაც ცოცხალია, გომიაშვილი კი – დღემდე ძებნილი.