№24 კითხვა-პასუხი
კითხვა: მითხრეს, რომ თუ კრემზე წარწერაა „BB“, კარგად მალავს სახის დეფექტებს. მირჩევთ, რომ ის ტონალური კრემის ნაცვლად ვიხმარო?
პასუხი: ამგვარი კრემი კარდინალურად განსხვავდება უბრალო ტონალურისაგან იმით, რომ არა მარტო ნიღბავს კანის დეფექტებს, ებრძვის კიდეც მათ. BB კრემის შემდეგ, აღარ არის საჭირო პრაიმერის, კონსილერის, ჰაილაიტერის, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემები. BB კრემი ნიღბავს და ფარავს კანის ნაკლოვანებებს, იარებსა და ქირურგიული ჩარევის სხვა კვალს. გააჩნია დამატენიანებელი, აღმდგენი, დამცავი და ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია. ის აქტიურად ებრძვის გამონაყარსაც. BB კრემის ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ ტონალური კრემისგან არაფრით გამოირჩევა – ადვილად ესმება და შეგრძნებაც მსგავსია, კანს კი გაცილებით უკეთ ნიღბავს. შესაბამისად, მაკიაჟიც ბუნებრივი გამოდის. ცხადია, იდეალურ კანს ეს საშუალება არ სჭირდება.
კითხვა: განსაკუთრებით დილით, თვალები დასიებული მაქვს და კანი „ტომარასავით“ კიდია. რისი ბრალია და რა ვუშველო?
პასუხი: თვალების ქვეშ „ტომრების“ გაჩენის მიზეზი შეიძლება, იყოს წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, გულისა და თირკმელების დაავადებები ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ასეთ შემთხვევაში, შეზღუდეთ მარილის მიღება და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. ამ ღონისძიებების პარალელურად კი, კარგია სალბის, გვირილის ან კამის ნაყენის კომპრესი – ერთ ჩაის კოვზ, ნებისმიერ ზემოთ დასახელებულ ბალახს, დაასხით 2,5 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მზა ნაყენი გაფილტრეთ. ნაყენიან ჯამში მოათავსეთ 2 ცალი ბამბის ტამპონი. წამოწექით, მოდუნდით და დაიდეთ თვალებზე სველი ტამპონები. 10 წუთის შემდეგ, შედეგს იგრძნობთ.
კითხვა: მითხრეს, რომ საღამოს, მაიონეზი ძალიან კარგია სახეზე წასასმელად და მისი ნიღაბი მოშვებულ კანს აცოცხლებს, ნაოჭებს კი ჭიმავს. მას რაიმე უნდა შევურიო თუ მარტო მაიონეზი წავისვა?
პასუხი: მაიონეზის ნიღაბი, ერთგვარი მკვებავი და მატონიზებელია მშრალი და ნორმალური ტიპის სახის კანისთვის. ამისთვის, 1 ჩაის კოვზ მაიონეზს შეურიეთ იმავე ოდენობით მკვებავი კრემი და დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი მაგარი ჩაი. ეს ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ 1:1 განზავებული თბილი რძისა და წყლის ნარევით. ნიღბის პირველი ფენა დაიდეთ კანზე წრიული მოძრაობით, 2-3 წუთის შემდეგ დაიდეთ მეორე ფენა, განსაკუთრებით – ნაოჭების ადგილებზე. 10-15 წუთის შემდეგ, მოიშორეთ რძისა და წყლის ნარევით.