№24 როგორ გადაიბირა პირადად ბერიამ, ცოლ-ქმარი როზენბერგები ქალაქ ტორონტოში
მიუხედავად იმისა, რომ უკვე საბჭოეთის დროს ლავრენტი ბერიას ყოველთვის მაღალი პოსტები ეკავა, ხშირად ის რანგით დაბალი თანამშრომლისთვის განკუთვნილ სამუშაოს ასრულებდა. ძირითადად, ასეთი რამ იმ დროს ხდებოდა, როდესაც ბერია უშიშროების ორგანოებს ხელმძღვანელობდა.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „სტალინმა ლავრენტი პავლეს ძე ბერია „ენკავედეს“ ხელმძღვანელად გათავისუფლებული ნიკოლაი ეჟოვის ნაცვლად 1938 წლის 25 ნოემბერს დანიშნა. მანამდე კი – 1938 წლის 22 აგვისტოს, ლავრენტი ბერია ეჟოვის მოადგილედ გაამწესა. აშკარა იყო, რომ ბელადი ბერიას ეჟოვის შემცვლელად ამზადებდა. ეს თავად ბერიამაც იცოდა და გამორიცხული არაა, რომ ჯერ კიდევ ეჟოვის მოადგილე ბერიას თავად სტალინმა მოუწოდა თამამი მოქმედებისა და საკავშირო „ენკავედეს“ სტრუქტურებში ღრმად გარკვევისკენ. ამიტომ, დანიშვნის მეორე დღესვე, 1938 წლის 29 აგვისტოს, ბერიამ „ენკავედეს“ მთელი მმართველობა შეკრიბა ეჟოვის გამოკლებით. მახსოვს, სამშაბათი დღე იყო. სასტიკად ცხელოდა და ბოლომდე შეკრული ფორმის ღილები მახრჩობელა გველივით მიჭერდა ყელში. ასეთივე მდგომარეობაში იყვნენ სხვა ჩემი კოლეგებიც. ბერიას ეს მომენტი არ გამოჰპარვია. შეკრებილებს გაგვიღიმა და გვითხრა:
– მეგობრებო, სანამ ერთმანეთს გავიცნობთ, ჩვენი შეხვედრა წესის მცირე დარღვევით უნდა დავიწყო, – ბერიამ პაუზა გააკეთა, ყველას თვალი მოგვავლო და დაამატა, – სიცხიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, „გიმნასტიორკის“ ღილები შეიხსნათო.
ეს იმდენად შვების მომგვრელი რამ იყო, რომ ყველამ სასწრაფოდ შევიხსენით ღილები. ამის შემდეგ ბერიამ ყველას სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი. გაგვეცნო და ჩვენი საქმიანობის შესახებ გამოგვკითხა. ამ შეხვედრამ ორი საათი გასტანა და ბოლოს მე და ჩემს უფროსს, პავლე ფიტინს გვითხრა:
– ორივეს ხვალ გელოდებით ჩემთან, თქვენი სამსახურის შესახებ მოხსენებას წარმომიდგენთ. გაითვალისწინეთ, რომ რაც შეიძლება, დაწვრილებით უნდა მომითხროთ თქვენს საქმიანობაზე და კითხვაც ბევრი მექნებაო.
მე და პავლე ფიტინი მთელი ღამე ვწერდით მოხსენებას და ოცდახუთი ნაბეჭდი გვერდი გამოგვივიდა. დილით ცოტა წავუძინეთ. შუადღეს კი, ბერიას ვეახლეთ კაბინეტში ჩვენი მოხსენებით.
ბერიამ სკამებზე მიგვითითა, დასხედითო. ფურცლები გამოგვართვა და კითხვას შეუდგა. მე დრო დავინიშნე და ჩვენი მოხსენების გაცნობას საათ-ნახევარი მოანდომა. შემდეგ თავი ასწია და ჩვენთვის მოულოდნელად, ისეთი დაწვრილებითი ანალიზი გაუკეთა, რომ მე და ფიტინმა პირები დავაღეთ. ნათელზე ნათელი იყო და წყალი არ გაუვიდოდა იმ ფაქტს, რომ ჩვენ წინ მჯდომი ადამიანი (ბერია) გამორჩეული ინტელექტის პიროვნება იყო. ეჟოვი მასთან ჭკუა-გონებით ახლოსაც ვერ მოვიდოდა და ეს დრომაც დაადასტურა. ბერიამ გაგვიღიმა და გვითხრა:
– რა გაეწყობა, მეგობრებო, მოხსენება ურიგო არაა. თუმცა, რამდენიმე შენიშვნა მაქვს და ეს ხარვეზი ერთად უნდა აღმოვფხვრათ.
მუშაობის ხარვეზში ბერია გულისხმობდა სუსტ აგენტურულ ქსელს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში და ესეც დრომ დაამტკიცა, რომ ბერია არც ამაში ცდებოდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჯერ კიდევ 1938 წელს ხვდებოდა, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა ბირთვულ ფიზიკას როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიან სფეროში და რომ იტყვიან, ჯერ კიდევ მაშინ „დაადგა თვალი“ ამ დარგში მომუშავე მეცნიერებს...“
არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1938 წლის დეკემბერში ეჟოვის ადგილზე ახლად დანიშნული ბერია კუნცევოს აგარაკზე ესტუმრა სტალინს და დაწვრილებით მოახსენა ატომური (ბირთვული) ფიზიკის სფეროში მიმდინარე კვლევებზე სხვადასხვა ქვეყანაში. მისთვის ურჩევია კიდეც, რომ ანალოგიური კვლევები საბჭოეთშიც დაეფინანსებინა. სტალინს ბერიასთვის უთქვამს, რომ იმჟამად სამეცნიერო კვლევებისთვის თანხებს ვერ გასცემდა სიმცირის გამო. თუმცა, ბერიას დაავალა, რომ ამ სფეროში მომუშავე უცხოელი მეცნიერებისგან, რაც შეიძლება, ბევრი ინფორმაცია მიეღო. პირადად გაეკონტროლებინა ეს პროცესი და მისთვის (სტალინისთვის) მოეხსენებინა. საამისოდ, ანუ სადაზვერვო საქმიანობის საწარმოებლად, სტალინმა ბერიას დამატებითი 15 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც 1938 წელს კოლოსალური თანხა იყო. ბერია მისთვის ჩვეული გულმოდგინებით შეუდგა ბელადის დავალების შესრულებას და ძალიან მაღალი თანამდებობის მიუხედავად, ოპერატიული თანამშრომლის ფუნქცია მოირგო.
გენერალი სერგო გოგლიძე ყვებოდა: „ბერია ყოველთვის თანამიმდევრულად მოქმედებდა და როდესაც საქმის უშუალოდ კეთებაზე გადადიოდა, უკვე მის ყველა მცირე დეტალსაც კი კარგად იცნობდა. როდესაც საქმე გადმოსაბირებელ „ობიექტს“ ეხებოდა, ბერია ამ „ობიექტის“ (ადამიანის) ცხოვრებასა და ფსიქოლოგიას სწავლობდა და შემდეგ იწყებდა მასთან მუშაობას. ბირთვულ თემაზე მომუშავეთა გადაბირების სამუშაო გეგმის შედგენისას, ბერიამ პირველ ადგილზე კომუნისტი და პროკომუნისტური შეხედულების მქონე მეცნიერები დააყენა. შედგა სია და ამ სიის პირველ ნომრებად ცოლ-ქმარი იულიუს და ეტელ როზენბერგები მოხვდნენ. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ და ახლო შეხება ჰქონდათ ბირთვულ სამუშაოებთან. გაირკვა, რომ ცოლ-ქმარი ხშირად მიემგზავრებოდნენ კანადაში და მათი გადმობირებაც სწორედ იქ დაიგეგმა. გადმომბირებლის კანდიდატურაზე მსჯელობისას ბერიამ მოულოდნელად განაცხადა:
– ამ ოპერაციას მე ჩავატარებ. საბუთები ჩემთვის გაამზადეთ...
და, მართლაც, 1939 წლის 22 იანვარს, „ენკავედეს“ უფროსი ლავრენტი ბერია ტორონტოში ჩავიდა პაულ კემერმანის საბუთებით, რომლის მიხედვითაც, ის ბავარიელი ლუდის მეწარმე იყო. 24 იანვარს ბერია სასტუმრო „სნოუში“ შეხვდა ცოლ-ქმარს და დაითანხმა ისინი, რომ საბჭოთა დაზვერვაზე ემუშავათ. იდეურმა კომუნისტებმა ფულის აღებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და საბჭოთა დაზვერვასთან უანგაროდ დაიწყეს თანამშრომლობა...“
როზენბერგებმა საბჭოეთს ორმოცდაათზე მეტი საქაღალდე გადასცეს ამერიკული ატომური პროექტის შესახებ, რომლებიც უძვირფასეს ინფორმაციებს შეიცავდნენ და დიდად დაეხმარა საბჭოთა კავშირს ატომური ბომბის შექმნაში. 1950 წელს როზენბერგები დააპატიმრეს. შპიონაჟისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, რაც 1953 წლის 19 ივნისს მოიყვანეს სისრულეში. ერთ კვირაში კი ვერაგმა შეთქმულებმა უკვე ბერია მოკლეს.