№24 ექიმის რჩევები
კითხვა: საკვების მიღების შემდეგ, ზოგჯერ, მომატებული მაქვს ნერწყვის გამოყოფა. რისი ბრალია? სხვა სახის ჩივილი არ მაქვს, ტკივილით არაფერი მტკივა.
პასუხი: თუ ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა აღინიშნება მხოლოდ ჭამის შემდეგ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მიზეზი არის კუჭ-ნაწლავის პათოლოგია: კუჭის წყლული, პანკრეატიტი, გასტროდუოდენიტი, გასტრიტი... ჭიებით ინვაზიაც არ არის გამორიცხული.
კითხვა: ჩემს მეუღლეს უკვე 2 თვეა, რაც ყელის ტკივილი აწუხებს – თითქოს რაღაც აქვს გაჭედილი და ხელს უშლის ნერწყვის ყლაპვას. მაპატიეთ და, ამოქარვის დროს ეს შეგრძნება ცოტა ეხსნება. ერთადერთი, როცა იღვიძებს, მაშინ არის მშვიდად. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სავარაუდოდ, მას აქვს გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის საყლაპავში გადასროლით. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, გირჩევთ, გასტროენტეროლოგთან დროულ ვიზიტს, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულება და პათოლოგიის გაღრმავება.
კითხვა: ვარ 43 წლის ქალი. მოვიტეხე მცირე წვივის ძვალი ქვედა მესამედში, დამადეს თაბაშირი. მაინტერესებს, როდის შეიძლება თაბაშირის მოხსნა?
პასუხი: მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სახის მოტეხილობა იყო და აგრეთვე იმასაც, თუ, ზოგადად, რა მდგომარეობაში გაქვთ, ძვლები. მცირე წვივის ძვლის მარტივი მოტეხილობის დროს თაბაშირის ტარების ხანგრძლივობა დაახლოებით 1 თვეა, დიდი წვივის მოტეხილობისას – 3 თვე. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება ძვლის აღდგენის პროცესი.
კითხვა: შეიძლება, საშვილოსნოს ყელის ეროზიის გამომწვევი მიზეზი იყოს ჰერპესვირუსი?
პასუხი: დიახ, გენიტალიური ჰერპესი შესაძლოა, იყოს საშვილოსნოს ყელის ეროზიის მიზეზი.
კითხვა: მომტყდა საჯდომი ძვლისა და ბოქვენის ძვლის შეერთების ადგილი. 5 თვე გავიდა და აქამდე არ მაწუხებდა. ახლა კი, ტკივილი დამეწყო. რისი ბრალი იქნება?
პასუხი: თქვენ დაგჭირდებათ განმეორებითი რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება, უნდა შეფასდეს მოტეხილი ძვლის მდგომარეობა.
კითხვა: გთხოვთ გამარკვიოთ, არის თუ არა იდენტური კატეგორიის დაავადებები სპონდილიტი და სპონდილოზი. ან რა განსხვავებაა მათ შორის?
პასუხი: სპონდილიტი არის ხერხემლის ანთება, ხოლო სპონდილოზი – ხერხემლის სახსრების დეგენერაციული დაავადება. არ არის გამორიცხული მათი თანაარსებობაც.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე