კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ ცდილობენ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლები ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ზრდასრულობისას და რა თვისებების გამო იქცევა ადამიანი ბულინგის მსხვერპლად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ხშირად გვსმენია, რომ ჩვენს სკოლებში ბულინგის პრობლემაა, მაგრამ ნაკლებად განმარტავენ, რომ ბულინგი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩაგვრაა, რომელიც გამოიხატება, მათ შორის, რამდენიმეს მიერ ერთის ჩაგვრაზე, თუმცა ფსიქოლოგიური ტერორის ფარგლებში. თუ შევხედავთ ჩვენს მოზრდილებს, როდესაც შეურაცხყოფა და ჩაგვრა, ლამისაა, ბუნებრივ მოვლენად იქცა, არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ შვილების თაობაც მაგალითს მათგან აიღებს, მით უმეტეს, რომ ბავშვებს, როგორც წესი, სისასტიკე ახასიათებთ (ეს მათი თითქმის ბუნებრივი მდგომარეობაა). რა იწვევს სხვა ადამიანის დაჩაგვრის სურვილს და აქვს თუ არა გამოსავალი ბულინგის მსხვერპლს? – ამ თემას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.
– რა ტიპის საზოგადოებებისთვისაა მეტწილად დამახასიათებელი ბულინგი, ანუ ჩაგვრისადმი მიდრეკილება, აგრესიულობა?
– ცოტა ძნელი გამოსაყოფია, ალბათ, ყველა საზოგადოებაში არსებობს ბულინგის ფენომენიც, აგრესიაც. ამდენად, სად მეტია, სად ნაკლებია, ამას ვერ დათვლი. გასული საუკუნის 90-ანი წლების ბოლოს ჩამოსული იყო ინგლისელი კოლეგა, რომელიც ბულინგზე მუშაობდა. მაშინ საქართველოსთვის ეს ახალი ხილი იყო, შემდეგ ჩემი ერთი თანამშრომელი ჩავიდა მასთან სტაჟირებაზე და რომ ჩამოვიდა, გვიამბობდა, რომ აქტიურად მუშაობდა ბულინგის თემაზე. ინგლისში ძალიან მოდური იყო ბულინგის კვლევა და ეს თემაც სპეციალისტებს შორის ცხოველ ინტერესს იწვევდა. იმის თქმა მინდა, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა ინგლისი, ეს მოვლენა დამახასიათებელია.
– სადაც ადამიანია, იქაა ბულინგი, მარტივად რომ ვთქვა...
– სადაც კოლექტივია, ადამიანთა ჯგუფებია. ყველა კოლექტივს ახასიათებს ის, რომ ვიღაცას ამოიჩემებენ და ვლინდება ბულინგი მეტ-ნაკლები სიმწვავით. ბულინგი ჩანს, როგორც ჩაგვრა, მაგრამ მეტწილად ესაა ჩაგვრა დაცინვის ფონზე. ბულინგის წამყვანი კომპონენტი დაცინვაა.
– ადამიანის აბუჩად აგდება.
– დიახ, და ეს ძალიან გავრცელებულია, ვიცნობ საკმაოდ ხანდაზმულ ადამიანებს, 80 წელს გადაცილებულებს და მათ თავიანთ მცირე ჯგუფში ამოჩემებული ჰყავთ ადამიანი, რომელსაც მუდმივად აბუჩად იგდებენ და ის ვერ სცემს სათანადო პასუხს. ხშირად ბულინგის მსხვერპლი ისეთ მდგომარეობაში ვარდება, რაც სასაცილოა მისი წრისთვის. ფაქტობრივად, ეს არის ჩიხი. მას არ აქვს გამოსავალი: რაც უნდა გააკეთოს, მაინც დასცინიან. საპირისპიროდაც რომ მოიქცეს, მაინც დასცინებენ. ასეთი რამ ხდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში და სკოლის მოსაწვლეები გამონაკლისები არ არიან. მეც მახსოვს, სკოლაში სწავლისას, კლასში ამოჩემებული გვყავდა ჩვენი თანაკლასელი, რომელსაც დავცინოდით. არადა, დასაცინი არაფერი სჭირდა, უბრალოდ „თეთრი ყვავივით“ იყო, ზედმეტად სერიოზული, ბევრი რამ იცოდა და „ენციკლოპედიას“ ვეძახდით. იგივე რამ ხდება ცნობილ ფილმში „ღიმილის ბიჭები“, „ბეთჰოვენას“ ვგულისხმობ, რომელსაც ყველა დასცინის. ჩვენმა თანაკლასელმა კი, რომელსაც დავცინოდით, იმდენი რამ იცოდა, მართლაც ენციკლოპედია იყო.
– გამოდის, ბულინგის მსხვერპლი ხდება სხვებისგან, მასისგან გამორჩეული და ფიზიკურად სუსტი?
– სხვადასხვა ჯგუფსა და კოლექტივში სხვადასხვანაირად ხდება დაბულინგება. ვერ ვიტყვი ცალსახად, რომ, მსხვერპლი, მაინცდამაინც, გამორჩეული უნდა იყოს. მინახავს, როდესაც ადამიანს დასცინოდნენ ფიზიკური ნაკლის გამო, რაც არც იყო ნაკლი, მაგალითად, იმიტომ რომ წითური იყო. ადამიანი იმას ხომ ვერ გამოასწორებს და ხელახლა ხომ ვერ დაიბადება?! როგორც ჩანს, ყველა ადამიანი ელტვის თვითდამკვიდრებას და ხშირად ადამიანები თვითდამკვიდრდებიან ხოლმე ერთმანეთის ხარჯზე, ვიღაცის ხარჯზე. მეტიც, ბულინგის დროს ხშირად ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დასცინებს და გააშაყირებს მსხვერპლს და ამ სიცილ-ხარხარში ისე უჭირავთ თავი, თითქოს არაფერს აშავებენ. თითქოს მეგობრობენ კიდევაც მსხვერპლთან. მაგრამ, აბა, მსხვერპლის გულში ჩაიხედონ, როგორი გულნატკენი მიდის იმ საერთო შეკრებებიდან, სადაც დასცინიან?! ის ამას მალავს, რადგან, თუ გამოხატავს, იქით დაადანაშაულებენ, ჩვენგან რა გწყინს, ხომ მეგობრები ვართო. ანუ, საშველს არ აძლევენ და ბულინგის მსხვერპლი ვერც კი გამოხატავს თავის ემოციას.
– ცნობილი ფაქტია, რომ ერთი სამხედრო 20 წლის განმავლობაში ყოველ დილით ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს საჯაროდ უწოდებდა კუზიანს, ერთხელაც კუზიანმა მოკლა ის სამხედრო და სასამართლომ გაამართლა. ასეთი შედეგიც ხომ მოსალოდნელია?
– რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი „ენციკლოპედია“ თუ გაბრაზდებოდა, ძალიან დაუნდობელი ხდებოდა, მაგრამ მისგან დიდი ზიანი მაინც არავის მისდგომია. იმ წუთშივე გაიქცეოდნენ ხოლმე. საკმაოდ ღონიერი იყო და უმართავი ხდებოდა, შეიძლებოდა, ეცემე. საერთოდ, ცემას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ბიჭები ამბობენ ხოლმე, ეს ისეთი მაგარია, ყველა ჰყავს ნაცემი და ცემაც ხომ ჩაგვრა და დამცირებაა?! ანუ კარგ ტიპად მიიჩნევა ის, ვინც ყველას ჩაგრავს. ამ უფლებას ზოგი ფიზიკური ძალით იძენს, ვისაც დაცინვის უფლება აქვს, მან უნდა დასცინოს, იმიტომ რომ ისიც კაი ტიპადაა მიჩნეული.
– როგორ შველიან ამ პრობლემას, თუ შველიან, დასავლეთში? ჩვენთანაც ძალიან მოდურია ბულინგზე ლაპარაკი და შეშფოთებული სახეებით გვამცნობენ, სკოლებში ბულინგიაო.
– მეტწილად, ჩემი აზრით, ფაქტის კონსტატაციაზე ჩერდებიან. მე იშვიათად მინახავს ამით გამოსწორებული სიტუაცია. ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ბავშვებს გამოათქმევინებენ თავიანთ აზრს, ბულინგის მსხვერპლებსაც, რომლებიც თავიანთ განცდებზე ლაპარაკობენ, მერე ჰკითხავენ, რა იგრძენითო და დამბულინგებლები აღიარებენ, რომ ასეთი ქცევა ცუდია, ოღონდ შემდეგ ისევ განაგრძობენ დაცინვას. ასეთი დაშვებაა, რომ, თუ ადამიანი გამოხატავს თავის ტკივილს, მას ამის შემდეგ დაინდობენ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ის ადამიანი მაინც რჩება დაცინვის ობიექტად. იმის თქმა მინდა, რომ ბულინგის მსხვერპლობა ადამიანისთვის ბედისწერასავითაა. ამიტომ რაღაცნაირად უნდა გაუძლოს ან სხვა სკოლაში უნდა გადავიდეს და ხშირად მინახავს შემთხვევები, რომ მშობლებს შვილი სხვა სკოლაში გადაუყვანიათ.
– უფროსებს რა შეუძლიათ? მასწავლებელს, მშობელს რომ უთხრას ბულინგის მსხვერპლმა, ეს შეცვლის ვითარებას? ხომ შეიძლება, მათ დახოცონ ერთმანეთი? ჩვენ გავხდით ასეთი ტრაგედიის მოწმე.
– ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, არ იყო ბულინგი. ბულინგი სადღაც ჩერდება და არ მიდის აგრესიის ამ ფორმით გამოვლენამდე. ხორავას ქუჩაზე კრიმინალური შემთხვევა მოხდა, ქურდული გარჩევის მსგავსი. ბულინგი ცოტა სხვა რამაა, მისი ძირითადი კომპონენტია დაცინვა.
– ფსიქოლოგიური ტერორია, ესე იგი, ბულინგი?
– ასე გამოდის, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მან, ვისაც დასცინიან, ეს უნდა აიტანოს, თუ არ აიტანა, ამას სისუსტედ უთვლიან. ანუ, ბულინგის მსხვერპლს გამოსავალი არ აქვს, რადგან, თუ აიტანა, მაინც სისუსტეა, იმიტომ რომ თვითონ ხომ იცის, რომ ვერაფერი გააწყო?! არ აქვს გამოსავალი: ერთ მხარეს წავა, ვაია, მეორე მხარეს წავა – უი.
– ხომ გაჰყვება ზრდასრულობაშიც არასრულფასოვნების კომპლექსი?
– ცხადია, მაგრამ კომპენსაციის მექანიზმები ადამიანს ყოველთვის აქვს.
– ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსზე ამბობენ, იმიტომ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, რომ სამაგიერო გადაეხადა მჩაგვრელებისთვის?
– ზოგი თანამდებობის პირი ხდება, ზოგი ბევრ ფულს შოულობს. გააჩნია, ვის რა შესაძლებლობები აქვს, ამის მიხედვით ხდება კომპენსაცია.
– ბავშვები დაუნდობელი არსებები არიანო. საიდან მოდის ეს, იმიტომ რომ ბავშვი ვერ აცნობიერებს თავისი მოქმედების შედეგს?
– ვერ ვიტყვით, რომ აგრესია თანდაყოლილია. ცნობილია, რომ აგრესია არის რაღაცაზე რეაქცია, მაგალითად, ფრუსტრაციაზე. თუმცა ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანში იმთავითვე არსებობს აგრესიის, ნგრევის მუხტი, ისევე, როგორც სიყვარულის მუხტი. ადამიანი სანახევროდ დესტრუქციული არსებააო. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სპეკულაციური შეფასებაა და აგრესიას ადამიანი შეიძენს. თუმცა ყველა ადამიანს აქვს მისწრაფება თვითდამკვიდრებისკენ და ამის ერთ-ერთი საშუალებაა მიწოლა რეალობაზე, რაც გადადის აგრესიაშიც. მეორე მხრივ, აგრესიაც ბუნების კანონია: ყველაფერი მიილტვის სიძლიერისკენ. მცენარეც კი –  დაიკავებს ადგილს, იმ ტერიტორიაზე გაიდგამს ფესვებს და აღარ უშვებს სხვა მცენარეს. მცენარით დაწყებული და ნებისმიერი ცოცხალი არსებით დამთავრებული, ყველა ამ წესს ემორჩილება, რასაც ნიცშემ დაარქვა ძალაუფლების ნება. ეს მოვლენა არსებობს, როგორც ასეთი და ძალაუფლების ნების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა დომინანტობა, რასაც თან ახლავს აგრესია. ასეა ცხოველებშიც და ადამიანებშიც. ამდენად, აგრესია არ არის არაბუნებრივი რამ, ცუდი ან კარგი. შეფასების კატეგორიას ვერ მიუყენებ. აგრესია არის ფაქტი, რომელიც არსებობს და დამთავრდა.
– ფაქტია, რომ არსებობს ჰუმანიზმიც: კაცობრიობამ, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ ჰუმანური გამხდარიყო, რადგან ადამიანი ბუნებრივად არის არაჰუმანური?
– ჰუმანისტებს ვერ დასწამებ, რომ აგრესიულები არიან, მაგრამ შესაძლოა, თვითონ ჰუმანიზმიც იყოს რაღაცის კომპენსაცია ან სუბლიმაცია. გარდა კომპენსაციისა არსებობს სუბლიმაციის მექანიზმიც, როდესაც ადამიანი რაღაც იმპულსებს გადართავს ისეთ კალაპოტში, რაც არც აგრესიად აღიქმება და არც ცუდ რამედ. ავიღოთ, მაგალითად, კრივი: აგრესიულია, მაგრამ სპორტის სახეობაა და სანამ სპორტის სახეობაა, მისაღებია, ურტყა ადამიანს სახეში და ჩააგდო ნოკაუტში. მაგრამ ქუჩაში ეს დანაშაულია, ანუ აგრესიის ლეგიტიმური ფორმები არსებობს. მთელი სპორტი ამაზეა აგებული. ავიღოთ ფეხბურთი: გოლის გატანაა მიზანი, ესაა მისი სპორტის ამ სახეობის სილამაზე, არადა ბადეში გოლის გატანა აგრესიული აქტია. რა ამის პასუხია და, მამაკაცის სექსუალობა არის შეჭრა სხვის ორგანიზმში, რაც უკვე არის აგრესია. სხვათა შორის, თავის ტვინში აგრესიისა და სიამოვნების ცენტრები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ანუ ეს ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის.
– რაც აგრესიულია, ის, ერთგვარად, სასიამოვნოცაა?
– ბავშვის ისე გაზრდა, რომ არ იყოს აგრესიული, ესეც პათოლოგიაა უკვე, იმიტომ რომ მას გარკეული დოზით სჭირდება აგრესია, რათა არ დაჩაგრონ და იყოს ბრძოლისუნარიანი. ნებისმიერი კონკურენციაც აგრესიაა. ხომ ამბობენ, რომ ადამიანი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ნებისმიერი კონკურენცია კი, კონკურენტის დამარცხებას გულისხმობს. მაგალითად, ივანიშვილს „უდავს“ უწოდებდნენ, ესე იგი, ახრჩობდა კონკურენტებს. ეს მიღებული ფორმაა კონკურენციაში, მაგრამ ვიღაც ხომ ნადგურდება შენი წარმატებით?! ანუ აგრესიას თავისი ადგილი აქვს ამ სამყაროში, აგრესიის გარეშე არ გამოდის.
– გამოდის, ორი არჩევანია: ან მსხვერპლი ხარ, ან აგრესორი. მაგრამ მოძალადეც ხომ არასრულფასოვანია?
– ცხადია, იმიტომ რომ ამ ძალადობით სუსტის დაჩაგვრა უნდა და სუსტის დაჩაგვრა სულაც არ არის სიძლიერე. იმიტომ კი არ ჩაგრავს, რომ თვითონაა ძლიერი, იმიტომ ჩაგრავს, რომ მისი მოწინააღმდეგეა სუსტი და მოძალადეს მოსწონს, რომ სუსტს ერევა. მე მყავდა მეგობარი, უზარმაზარი ძალა ჰქონდა, მაგრამ არავის უნახავს მისი ჩხუბი. ყველას უცინოდა, რაც უნდა ეთქვათ, რადგან ამას რომ წაერტყა, ააყირავებდა ნებისმიერს. ის იყო ყველაზე მშვიდობიანი ადამიანი.
– თუ სწორად გავიგე, ყველამ თავისით უნდა იპოვოს გამოსავალი ბულინგიდან?
– ერთი რეცეპტი ყველასთვის არ არსებობს. მედიცინაშიც კი შეუძლებელია ეს: ერთი და იგივე წნევის წამალი არ რგებს ყველას. ისეა აქაც: თვითონ ის ადამიანი, ვისაც დასცინიან, შეიცავს რაღაც ისეთ თვისებებს, რომლებიც უნდა გამოასწოროს; მეორე, შეიძლება, ბულინგს შეხედო, როგორც გამოწვევას, რომ რაღაც შეცვალო შენს თავში და გახდე სხვანაირი. მაგალითად, თუ საკუთარ თავს პატივს არ სცემ, სხვაც არ დაგდებს პატივს, ანუ თვითპატივისცემის დონე მაღალი უნდა გქონდეს, რომ სხვამაც დაგაფასოს, როცა თვითპატივისცემის დონე დაბალი გაქვს, შენს დაბულინგებას დაიწყებენ.
скачать dle 11.3