№24 რატომ წამოიწყო კრემლმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების მესამე ტალღა და რატომ იქნება სომხეთი ვალდებული, ჩაერთოს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში
სავარაუდო იყო, რომ აშშ-ის ავიაციის მიერ სირიის დაბომბვას რუსეთი უპასუხებდა, თუმცა არა დამბომბავს, არამედ მის მოკავშირეებს. ხოლო, რადგან დასავლეთის მოკავშირეებს შორის საქართველო, ალბათ, ყველაზე სუსტი რგოლია, პირადად მე ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო გააქტიურებას ველოდი, მაგრამ კრემლმა სხვაგვარად განსაჯა და, უდიდესი ალბათობით, ტრამპის სამხედრო გამოსვლას სირიის მიერ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარებით უპასუხა. ცხადია, რომ ოსი და აფხაზი სეპარატისტები ამ ამბავს დიდი აღტკინებით შეხვდნენ, მეტიც, წლის ბოლომდე იორდანიისა და ირანისგანაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას ელიან. რამდენად ლოგიკურია მათი მოლოდინი და ვიქცევით თუ არა განტევების ვაცად ახლო აღმოსავლეთში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და ოკუპანტის დაპირისპირებაში? – საქართველოს ბედზე ახლო აღმოსავლეთის ჭრილში ვახტანგ მაისაიასთან ერთად ვისაუბრებთ.
– პირადად მე ასადის მიერ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარება აღვიქვი იმის დასტურად, რომ ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა აქვს, რაკი მისთვის ასეთი არაპროდუქტიული ნაბიჯი გადადგა, როდესაც თავად ქურთული სეპარატიზმის პრობლემა აქვს. ეთანხმებით შეფასებას?
– ჩვენთან არ აქცევენ ყურადღებას არსებულ მძიმე გეოპოლიტიკურ ფონს, შესაბამისად, არც იმას, თუ რატომ აღიარა ასადმა მაინცდამაინც ჩვენი სეპარატისტული რეგიონები. ჩემი ინფორმაციით, სამწუხაროდ, ასადმა გაიმყარა პოზიცია სირიაში და თუ ადრე ის სირიის ტერიტორიის 40 პროცენტს აკონტროლებდა, ახლა 75 პროცენტს აკონტროლებს, რითაც რთულ სიტუაციაში ჩააგდო პროამერიკული ძალები. წინა კვირის ინფორმაციით, ასადის რეჟიმმა ულტიმატუმი წაუყენა ამერიკელებს, რომ დახურონ კარტანაკის (არტანაკის) ბაზა. მათ, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს ეს ბაზა. პროირანული დაჯგუფებები, უკვე მიადგნენ ისრაელის ტერიტორიას და იქიდან უტევენ, ანუ ირანის პოზიცია გაძლიერდა სამხრეთის რაიონებში, ასადის რეჟიმი კი, აკონტროლებს იორდანიის საზღვარს; რჩება მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის ის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებენ ქურთები და სამხრეთში ამერიკელების ერთგვარი ანკლავი – ჯერჯერობით ამერიკელების დასაყრდენი სირიაში. აქვე გეტყვით, რომ ლიბანში გაიმარჯვეს პროირანულმა ძალებმა და დღეს, ფაქტობრივად, ამ ქვეყანას „ჰესბოლას“ პროლიბანური დაჯგუფება აკონტროლებს. ანუ „ჰესბოლას“, „ჰამასისა“ და ირანის ისლამის გუშაგთა არმიის შენაერთები ერთობლივად უტევენ ისრაელს. მათ შექმნეს პირდაპირი საფრთხე ისრაელის მიმართულებით, რომელიც ამერიკის უმთავრესი მოკავშირეა და ზეწოლა იორდანიაზეც ხდება.
– ამიტომ იმედოვნებენ აფხაზი სეპარატისტები, რომ მათი შემდეგი ამღიარებელი იქნება იორდანია?
– დღეს იმ რეგიონში ამერიკის დასაყრდენი არის ოირდანია და ისრაელი.
– საუდის არაბეთი – არა?
– საუდის არაბეთი ჩაითრიეს იემენთან ომში და ყატართან დაპირისპირებაში. ყატარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიძინოს რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვითი კომპლექსი „ეს 400“.
– ამ სარაკეტო სისტემების შეძენას რუსეთისგან თურქეთიც აპირებს, თუმცა თურქეთმა დაგმო სირიის მიერ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარება?
– მაგრამ ყატარი და თურქეთი უპირისპირდებიან საუდის არაბეთს, ბაჰრეინსა და ეგვიპტეს. ამავე დროს ამ კოალიციაში შემოდიან ჩინელებიც. თურქეთში სიტუაცია ირევა, რადგან არავინ იცის, რა მოხდება 24 ივნისს.
– არჩევნები ერდოღანმა ლეგიტიმაციის განსამტკიცებლად არ გადმოსწია?
– თურქეთმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირით შეუთვალა აშშ-ს, რომ გაიტანოს თურქეთიდან კიურიჯისა და ინჯირლიკის ამერიკული ბაზები, თუ იდლიბიდან არ გავა ამერიკელების კონტინგენტი და აშშ არ შეწყვეტს ქურთების დახმარებას, თუ არ გადასცემენ გიულენს და კვლავ აუკრძალავენ რუსეთისგან „ეს 400“-ის შეძენას. ანუ თურქეთსა და აშშ-ს შორის გაუარესდა სიტუაცია. თუ 24 ივნისს გაიმარჯვა ერდოღანმა, დარწმუნებული ვარ, ის დააყენებს „ნატოდან“ გამოსვლის საკითხს. მას შემთხვევით არ შეურჩევია ვადამდელი არჩევნებისთვის 24 ივნისი. მაშინ ამას არავინ მიაქცია ყურადღება: 11-12 ივლისს ტარდება „ნატოს“ სამიტი, რომელზეც ამერიკელები დააყენებენ შავი ზღივს აკვატორიაში მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექმნის საკითხს და თურქეთი შეეცდება, შეასრულოს ტროას ცხენის როლი. ისევე, როგორც ვარშავის სამიტზე მათ ვეტო დაადეს ამ საკითხს. თუკი 24 ივნისს ერდოღანი გაიმარჯვებს, ის ამერიკელებს ულტიმატუმის ენით დაელაპარაკება. თურქეთი-რუსეთი-ირანი იწყებენ სერიოზულ თანამშრომლობას. იცით, რომ იორდანიაში ძლიერია ჩერქეზულ-ადიღური პოლიტიკური ელიტის გავლენა და შესაბამისად, იორდანიის საზღვრებთან ასადის რეჟიმის ძალების გამოჩენა მოწყვლადს ხდის იორდანიას. ერთი სიტყვით, მოსკოვმა ავანტიურისტული გეგმა შეიმუშავა და ათამაშებენ ისეთსავე სცენარს, რაც ამერიკელებმა გაათამაშეს კოსოვოთი.
– მე არ ვიცი, რამდენ ხანს გააკონტროლებს ასადი იმ 75 პროცენტს, იმიტომ რომ არც ქურთები წასულან სადმე და დიდად არც ისლამური სახალიფოს მებრძოლები. რუსეთმა აშშ-ს უპასუხა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მორიგი აღიარებით. ჩვენთვის ეს ტრაგიკული ფაქტია, მაგრამ რუსეთი ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში საქართველოთი აპირებს მონაწილეობას, საქართველოს დაჩაგვრით ფიქრობს ამერიკისთვის ზიანის მიყენებას? თურქეთ-რუსეთ-ირანის კოალიცია თუ აზანზარებს ახლო აღმოსავლეთს, საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებაა ადეკვატური პასუხი?
– დღეს რუსეთი ცინიკურად ახორციელებს იმავე პოლიტიკას, რაც 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა განახორციელა. ნიკოლ ფაშინიანის ეს ფერადი რევოლუცია, ჩემი აზრით, მოსკოვიდან უფროა დაგეგმილი, იმიტომ რომ სომხეთში მოსკოვის პოზიციები განმტკიცდა, თავიდან მოიცილეს ყარაბაღული დაჯგუფება, რომელიც ხელს უშლიდა. შეიქმნა იმიჯი, რომ ფაშინიანი არის პროდასავლური პროექტი, ამერიკული, თუმცა ამერიკელები არაფერ შუაში არიან. მოსკოვმა აზერბაიჯანთან თითქმის მოაგვარა სიტუაცია და ალიევიც ცდილობს, ითანამშრომლოს რუსეთთან. რუსები ჩვენ, ფაქტობრივად, გვიგებენ ხაფანგს, აზერბაიჯანი-სომხეთი რუსული გავლენის ერთი მიმართულებაა.
– კარგია, რომ იქ ყარაბაღია, ბოლომდე ვერ მორიგდებიან ერევანი და ბაქო.
– მოსკოვს აქვს „ზაგატოვკები“და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მათ ამაში ხელს უშლიდა სერჟ სარგისიანი, რომელმაც გააფორმა ევროასოცირების შეთანხმება და ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა მოსკოვს. ფაშინიანის მოსვლის შემდეგ კი ევროასოცირება, უბრალოდ, დაივიწყეს. რუსული გავლენის მეორე მიმართულებაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მესამე კი – რუსეთ-თურქეთის ალიანსი. 1921 წლის სიტუაცია მეორდება, ერდოღანსა და პუტინს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განმტკიცდა, ისევე, როგორც თავის დროზე ლენინსა და ათა თურქს შორის და დღეს ერდოღანი უკვე ღიად უპირისპირდება ვაშინგტონს.
– მაგრამ მე არ მგონია, როგორც ლენინმა დაუთმო ათა თურქს ართვინისა და არტაანის ოლქები, პუტინი აპირებდეს ტერიტორიების თურქეთისთვის დათმობას?
– მაგაზე არცაა საუბარი და ერდოღანს ამის ილუზია არ აქვს. ლაპარაკი იმაზეა, რომ რუსეთი ზრდის ჩვენზე ზემოქმედების ბერკეტებს. ნახეთ, როგორი ხაფანგი დაგვიგო: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი იყო რუსეთის სამხედრო-სტრატეგუილი მოკავშირე, გამოიყენა „ოდეკაბეს“ მეოთხე მუხლი, დაიკავა ნეიტრალიტეტი და არ მისცა რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთიდან, რუსული ბაზიდან შემოჭრის უფლება.
– მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა და სხვა ტიპის სამხედრო შეთანხმებაა რუსეთსა და სომხეთს შორის.
– დიახ. თუ სამხედრო ოპერაცია დაიწყება, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწევს ჩაბმა. თურქეთიც ორჭოფულად მოიქცა 2008-ში, როცა არ გამოატარა ორი ამერიკული ფრეგატი შავ ზღვაში და რუსეთს მისცა საშუალება, მოეხდინა დასავლეთ საქართველოს ოკუპაცია 2008 წლის 19 აგვისტომდე.
– აჭარის გარდა.
– ამერიკული ორი ფრეგატი შემოვიდა ბათუმის პორტში 18 აგვისტოს და 19 აგვისტოდან რუსები იწყებენ ზუგდიდისა და ფოთის დეოკუპაციას, თუმცა ეს გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ თურქეთმა ხელი შეუშალა ამერიკელებს, რომ განეხორციელებინათ სამხედრო მუქარა და დეოკუპაცია 14 აგვისტოს მომხდარიყო და არა – 19 აგვისტოს
– ანუ რუსეთი თურქეთის მეშვეობით უკეტავს შავ ზღვას აშშ-ს?
– ჩვენ ვართ ხაფანგში. გასაგებია, რომ ჩვენთან შიდა პოლიტიკური კრიზისია და ესეც არანაკლებ რთული პრობლემაა, მაგრამ გეოპოლიტიკური ფონიც უმნიშვნელოვანესია. რეალობა საკმაოდ ტრაგიკულია, თუმცა ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას.
– ირანსაც ასახელებენ ჩვენი სეპარატისტები ერთ-ერთ პოტენციურ ამღიარებლად. ასადს სამხრეთ კავკასიაში არ აქვს ისეთივე ინტერესები…
– მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ 1992 წელს ასადმა აფხაზეთში მიავლინა სირიის დაზვერვის 100-კაციანი რაზმი კაპიტან ბაშარის მეთაურობთი და ისინი ჩვენ წინააღმდეგ ომობდნენ, ასევე, ეხმარებოდნენ აფხაზებს საავიაციო კომპონენტის შექმნაში.
– იმის თქმა მინდოდა, რომ ირანს გაცილებით მეტი ინტერესი აქვს სამხრეთ კავკასიაში, საქართვლოშიც და ფიქრობთ, რომ ასადივით წინდაუხედავად მოიქცევა და აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს? ამის გარდა, მეტ-ნაკლებად, თავადაც აქვს სეპარატიზმის პრობლემა...
– ირანი არის ასადის რეჟიმის მოკავშირე და რუსეთზე უფრო ახლო მოკავშირეც. რუსეთ-ირანი და ასადის რეჟიმი არის ყველაზე ერთიანი გუნდი. ამიტომ ეს მომენტი უნდა გავითვალისწინოთ და პლუს – ირანს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა უაპელაციოდ გაუუქმა ირანს სანქციების გაყინვა და, ფაქტობრივად, დაარტყა, ჰაერივით სჭირდება შავი ზღვის პორტები. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სტატია მოვიპოვე, რომ, თურმე, სირიისკენ რუსული შეიარაღება საქართველოს საჰაერო სივრცით მოძრაობდა. რუკაც კი მაქვს ამ საჰაერო დერეფნის, რომელზეც პირდაპირ ჩანს, სად გადის რუსეთის საჰაერო ტრანზიტის მარშრუტი.
– ირანელებს ამ პორტებზე გასასვლელი ხომ ჩვენც შეიძლება, მივცეთ, რა საჭიროა ამისთვის სეპარატიზმის აღიარება?
– ჩვენ ძალიან ვართ დასუსტებულები და ვართ ამერიკელების სტრატეგიული პარტნიორები; ასევე, არ მგონია, ამერიკელების მიერ ჩვენი ბატალიონების გაწვრთნა ირანელებისთვის სასიამოვნო იყოს. ამდენად ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის აირჩევს – სუსტ საქართველოს თუ ძლიერ მოკავშირეებს რუსეთსა და თურქეთს?! აი, ესაა მთავარი მომენტი.
– ტაქტიკური თანამშრომლობა მესმის, მაგრამ ფიქრობთ, რომ თურქეთი და ირანი, რუსეთი და თურქეთი დიდხანს მოძოვენ ერთად?
– სანამ მათთვის ხელსაყრელია აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლა როგორც სირიის, ისე კავკასიის მიმართულებით, ეს ალიანსი არის იდეალური. თურქეთისა და ირანის პირდაპირი ინტერესია, რომ ამერიკელები გააძევონ ახლო აღმოსავლეთიდან და კავკასიიდან და აქ თავიანთი რეგიონული წესრიგის ელემენტები შემოიტანონ. ეს ალიანსი იქნება დროებითი, ტაქტიკური, მაგრამ, სანამ მათ ჰყავთ საერთო მტერი – აშშ, ისინი იმოქმედებენ ერთობლივად დასავლეთის წინააღმდეგ, თუმცა ევროკავშირი უკვე აღარ იგულისხმება, ვინაიდან გერმანია-საფრანგეთ-ბრიტანეთს თავიანთი პრობლემები აქვთ და ამ თამაშიდან გავიდნენ. ერთადერთი, ვინც იბრძვის, არის აშშ, რომელსაც სამმაგი ძალებით უტევს ირან-რუსეთ-თურქეთის კოალიცია როგორც საქართველოში, ისე ახლო აღმოსავლეთში. რუსებმა კი იხელთეს დრო და დაიწყეს აღიარებების მესამე ტალღა და ცდილობენ, გაზარდონ ამღიარებელთა რაოდენობა, ანუ კოსოვოს ისტორიას იმეორებენ; სანამ 20-25-მა სახელმწიფომ არ ცნო კოსოვო, არავინ აღიარა მათი დამოუკიდებლობა. იმავეს გამეორებას ცდილობენ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაშიც და ეს არის ყველაზე საშიში მომენტი.
ერთი თვის განმავლობაში ვიყავი გერმანაისა და პოლონეთში და ეს საფრთხეები მკაფიოდ დავინახე. ინფორმაციაც მაქვს და სიტუაციაც უკვე იკვეთება, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ვერ ერკვევა და, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მარგველაშვილისადმი, არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ დღეს საქართველო გეოპოლიტიკურ სივრცეში გამქრალია რადარიდან.