№24 ქართული პოლიტტრაგედია
ანუ მსურველი ბევრია, სკამი – ცოტა
თუმცა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია კვლავაც რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მუხტი მაინც ოდნავ მინავლდა. მინავლდა, ვინაიდან პოლიტიკოსების ნაწილმა ახალ-ახალი სკამები გაინაღდა, მაგალითად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, სადაც ახალ ოპოზიციურ ვარსკვლავებად „ევროპული საქართველოს“ წევრები მოგვევლინენ (და მერე რა, რომ იგინივე „ნაციონალების“ იდეოლოგიურ ბირთვს შეადგენდნენ ერთ დროს?!). ოღონდ არც იმ კომისიის გარეთ დარჩენილი პოლიტპარტიები სხედან უქმად და დიდზე-დიდი აქციისთვის ემზადებიან (ან კი როგორ არ მოემზადებიან, როდესაც სკამი ყველას უნდა, არადა არ ჰყოფნით?!).
ამასობაში კი, როდესაც ისინი სამართლიანობის დასადგენად არიან დაქიჩმაჩებულები (რაზეც შექსპირი ახალ ტრაგედიას გამოაცხობდა, იმიტომ რომ რიჩარდს უკვე დააკარგვინა აქტუალობა ქართულმა პოლიტტრაგედიამ), საზოგადოება კი, კვლავ ემოციურად ადევნებს თვალს მოვლენებს და სასჯელს მოითხოვს, არც არავინ ძრავს კრინტს იმაზე, თუ რატომ დაერივნენ მოზარდები ერთმანეთს, რა პრობლემები დაგროვდა მოზარდ თაობაში, რომლებიც მოზრდილთა პრობლემების ანარეკლია და, რაც მთავარია, როგორ ვუწამლოთ ამ სენს?!
უფრო მეტიც, არც მთავარი პროკურორობის მსურველთა სიმცირეა (ჯანდაბას, ჩვენი თავიო), განსაკუთრებით, ოპოზიციური ფლანგიდან (პათოსით: ვინ თუ არა ჩვენ გამოვიძიებთ ამ დანაშაულს პირუთვნელადო).
და სანამ დიდი მანევრებია პროკურორის სკამში მავანისა და მავანის ჩაბრძანების, მკვდარი პოლიტძალების ამოტივტივებისა თუ ნახევრად მკვდრების გაცოცხლების მიმართულებით, რასაც სისტემის შეცვლად ნათლავენ, მოზარდების პრობლემები პრობლემებად რჩება: ვითომ მხოლოდ მკვლელის დაჭერა უზრუნველყოფს პრევენციას?!