№23 როდის არ უსწორებს რეალობას თვალს ირინა ონაშვილი და რას არ უპროტესტებს მას მეუღლე
ირინა ონაშვილი ორი უსაყვარლესი და ძალიან სიმპათიური ბიჭის დედაა. ის, შვილების გაზრდის პარალელურად, სწავლობს, მუშაობს და საოჯახო საქმეებშიც აქტიურად არის ჩართული.
ირინა ონაშვილი: ყველაფერი ერთად მჭირს. ჩემი ძირითადი სამსახური არის ფარმაცევტული კომპანია – ფარმაკინეზისი, ასევე მაქვს ჩემი საქმე – პირადი ბიზნესები. ამ დატვირთული გრაფიკის შემდეგ კვირაში ორჯერ ლექციებზე დავდივარ – მაგისტრატურას ვამთავრებ და ერთი სული მაქვს, ეს დღე როდის გათენდება. ერთი ბავშვი, მეორე და გამიგრძელდა მაგისტრატურაში სწავლა. ცოტა მორიდებით დავდივარ ხოლმე – ჩემს ჯგუფში ყველაზე ხანდაზმული მაგისტრანტი ვარ. მოკლედ, ძალიან რთული გრაფიკი მაქვს. ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, სადღაც აუცილებლად გადავიწვები-მეთქი, მაგრამ სად, არ ვიცი. ასეთი მომენტი მქონია, მაგრამ რეალობას არ ვუსწორებ თვალს, ვამბობ, რომ მოდუნების საშუალება არ მაქვს. ამ ეტაპზე ყველას ვჭირდები, ამიტომ ძალიან ვარ მობილიზებული. თან, ვერც ვიტყვი, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც არ მომწონს. ბავშვობიდან ასეთ გარემოში ვიზრდები, ძალიან აქტიური ვარ, ახლა რომ დამსვა და მხოლოდ ის საზრუნავი მქონდეს – გავისეირნო, გამოვისეირნო, შეიძლება, გავგიჟდე, ძალიან გამიჭირდება.
– ასეთი პერიოდი გქონია?
– ერთი პერიოდი მქონდა და გავსუქდი, მოვეშვი, ამიტომ თავს ვიიმედებ იმით, რომ აქტიური ცხოვრება გაცილებით უკეთესია. თან, როცა არ ხარ აქტიური, უფრო მეტი დრო გაქვს მინუსების საძებნელად, ადვილად პოულობ მიზეზს, რაზე იჩხუბო. ასეთი პერიოდი მქონდა, სანამ საბას გავაჩენდი. ახლა არასდროს მრჩება დრო ამბების განსახილველად, საჭორაოდ, ვიღაცებზე ბევრი რაღაც აღარ მაინტერესებს. ზოგჯერ მოვიწყობ ხოლმე ერთი-ორ დღეს, რომ განვიტვირთო, საკუთარ თავს რელაქსი მოვუწყო, ჩემს გოგონებთან ერთად გავიდე საღამოს სადმე. ერთადერთი, რაც მართლა მაკლია, ხინჯად მაქვს და მენატრება, ეს არის საღამოს დავჯდე და საინტერესო ფილმს ვუყურო ან წავიკითხო, რადგან ისეთ დროს იძინებენ, რომ მეც მათთან ერთად ვიძინებ.
– ქმარი გეხმარება?
– ხასიათის მიხედვით არის, შეიძლება, რაღაც მოუყვეს ან დააძინოს, მაგრამ ეს ყოველდღიურად არ ხდება.
– მასაც შვილებივით მუდმივად სჭირდება მზრუნველობა?
– ყურადღება ყველას სჭირდება – ქალსაც, კაცსაც. ხან ვახერხებ, ხან – ვერა, იდეალურად არასდროს არაფერი ხდება. არც არის ისეთი ტიპი, ბევრი მოთხოვნები რომ ჰქონდეს.
– ასეთი რომ ყოფილიყო, შეძლებდი მის გვერდით ყოფნას?
– ვერა. დამიუთოებია, სადილიც მომიმზადებია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნის თემა. ხან თვითონ აკეთებს, ხან – მე, ხან – ერთად, არ ვწვრილმანდებით. სახლში არაცერთი არ ვართ უფროსი – გენდერულ თანასწორობას კარგად ვიცავთ. ისე არ არის, ვიღაცა ვიღაცაზე მეტი რომ იყოს.
– რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში წლების შემდეგ?
– ბევრი რამ. დასაწყისში რასაც აქცევ ყურადღებას, ამახვილებ, მერე ასე აღარ არის. ყოფით ცხოვრებაში ურთიერთობა სულ სხვანაირია. ამ ურთიერთობას მუდმივად სჭირდება გაფრთხილება, სული უნდა უბერო, რადგან მარადიული არ არის. ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ არ მოაბეზრონ ერთმანეთს თავი და თუნდაც, ყოფითი რაღაცებისგან პრობლემა არ უნდა შექმნა.
– კრიზისებიც იყო ურთიერთობაში?
– უფრო დასაწყისშია კრიზისი, როცა ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებთ. ამიტომაც ამბობენ, რომ ჯობია ადამიანები ქორწილამდე, ჯვრისწერამდე, რაღაც ეტაპი ერთად იყვნენ, პრობლემები ერთად გაიარონ, რომ თანაცხოვრების შემდეგ აღარ დაინგრეს ოჯახი. ეს ეტაპი არის დასაწყისში – ორი სხვადასხვა ტიპის, სხვაგან გაზრდილი ადამიანი იწყებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. როცა ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, წესით, ყველაფერი ლაგდება. დასაწყისში იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ მაშინ ერთმანეთს უფრო ვერ ვხედავდით და ჩვენი პრობლემების მიზეზიც ეს იყო.
– ახლა?
– ახლა ძალიან დიდი დოზით არის.
– ლადო წლების წინ საკმაოდ აქტიური იყო. ეს მისთვის არ იქნებოდა ადვილი და შენ, როგორც მეუღლე, როგორ დაუდექი მას გვერდში?
– ჩვენ რაღაც ისეთი ცხოვრების რეჟიმი გვაქვს, რომ მივყვებით ამ რიტმს. მე, მით უმეტეს, ამაზე საფიქრელად დროც არ მქონდა, რადგან ცოტა უფრო მეტი მოვალეობები შემეხო. ვერ გეტყვი, რომ რთული იყო, რადგან არ ვარ ისეთი ტიპი – მე ქალი ვარ, სუსტი სქესი... ძლიერი ადამიანი ვარ და თუ საჭიროა, ქმარს ძმაკაცივით დავუდგები გვვერდში და დავდგომივარ კიდეც. როლებისა და მოვალეობების გადანაწილების დროსაც არ მიფიქრია: მე ქალი ვარ და ვერ ვიზამ-მეთქი. ხანდახან იმხელა რაღაცები ამომითრევია სახლში. სხვები შეიძლება, ფიქრობენ, როგორი საწყალი ვარ, მაგრამ მე საკუთარ თავს არ მივიჩნევ საწყლად. ვერ დაველოდები, თუნდაც, ლადოს ან ვინმეს, რომ რამე გამიკეთოს, მაშინ, როცა ამის კეთება მეც შემიძლია. ლადო ოჯახის მოყვარული ადამიანია, უყვარს ოჯახური იდილია, მომზადება, ბევრი ხალხი რომ ტრიალებს. ჩემგან განსხვავებით, ბევრად გემრიელ რაღაცებს აკეთებს. ერთი პერიოდი შედარებით დათრგუნული იყო, მაგრამ ახლა დაიწყო რაღაცების კეთება. ჩვენც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. მეც და ლადოც უკომფლიქტო ადამიანები ვართ. თუ არ ჩავთვლით სამსახურს, როცა დიდ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი და უთქვამთ, რომ იჩხუბა, გაჭედა, მაგრამ ესეც ზომიერების ფარგლებში.
– ისე პოლიტიკოსი მეუღლე უფრო კარგი იყო თუ არაპოლიტიკოსი?
– რთულია ძალიან, თუმცა მისი სფერო შედარებით ნაკლებად მძიმე იყო, თუმცა საპასუხისმგებლო. ალბათ, არ ვისურვებდი, ისევ პოლიტიკოსი რომ იყოს.
– როგორია ორი ბიჭის დედობა?
– საბას სურვილი იყო, ძმა ჰყოლოდა და ძალიან გახარებულია. ეჭვიანობის შეგრძნება არასდროს ჰქონია. დათუნას ცოტა ქოთქოთით რომ ვეტყვი ხოლმე: ახლა დაიძინე, საბა იცავს: როგორ ეუბნები დათუნას – კონტროლიორი მყავს. ორი შვილი უკვე ძალიან რთულია. თან, ბავშვები რაც იზრდებიან, უფრო მეტი რამ სჭირდებათ. მათ გამო ხშირად ბევრ რამეზე ვამბობ ხოლმე უარს – წასვლაზე, მოსვლაზე. საღამოს სულ ვფიქრობ: როგორ მომენატრნენ, ახლა მივალ, ჩავეხუტები. თუ არაფერი აწუხებთ, არც არაფერი გძაბავს. როცა სიცხე აქვთ, განადგურებული ვარ. საბამ იმდენი რამ მასწავლა, რომ ვამბობ ხოლმე: უდიპლომი პედიატრი ვარ-მეთქი. ყველა კბილი თითო გათენებული ღამეა. როცა ბავშვებს რამე სჭირდებათ, არასდროს არავის ველოდები, არც ლადოს. ყველაზე უკეთესად მე ვიცი ჩემს შვილებს რა როდის სჭირდებათ. ბავშვებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ლადო არასდროს აპროტესტებს ამას. ზოგჯერ მინდა, რჩევის სახით ჩაერთოს ხოლმე, მაგრამ ძალიან განსხვავებული აზრები გვაქვს. მე მომწონს, რომ მენდობა, ისეთ ხარისხში ვყავარ აყვანილი, რომ არასდროს შეეპარება ეჭვი, ბავშვები რომელ ექიმთან მიმყავს, რომელ სკოლაში შემყავს...