№23 როგორ მკურნალობს თამაზ გვილია დაჭრილებს აფრიკის ყველაზე კრიმინალურ რეგიონში და როგორ მოხვდა ის სამხრეთ აფრიკაში გასვენებაში, სადაც მღეროდნენ და ცეკვავდნენ
თამაზ გვილია სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ქირურგია. ვინაიდან, სამხრეთ აფრიკა ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყანაა, ის ოპერაციებს ყველაზე მძიმედ დაჭრილ პაციენტებს უკეთებს. თუ როგორ მოხვდა თამაზ გვილია სამხრეთ აფრიკაში და როგორია მისი აფრიკული ცხოვრება, თავად გვიამბობს.
თამაზ გვილია: ზოგადი ქირურგი ვარ. საქართველოში ვსწავლობდი, შემდეგ მოსკოვში წავედი და ორდინატურა გავიარე. ვმუშაობდი ქირურგიის ცენტრში და დისერტაციაც იქ დავიცავი. საქართველოში 2000 წელს ჩამოვედი, მაგრამ სულ მინდოდა სხვა ქვეყანაში წასვლა. ვისწავლე ინგლისური, უცხოური ლიტერატურა. სამხრეთ აფრიკაში ვიცნობდი რუს პროფესორს, განთქმული ონკოლოგი იყო და ვინაიდან სამხრეთ აფრიკის მედიცინა საკმაოდ ძლიერია, ორმოცი წლის ასაკში გადავწყვიტე, წავსულიყავი. იქაც გამოცდებით მიმიღეს. ყველაფრის გამოცდა ჩავაბარე, გარდა ქირურგიისა – ფსიქიატრია, გინეკოლოგია, პედიატრია, ნევროლოგია... ჩემი ქალიშვილი და ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად არიან, ვაჟიშვილი საქართველოშია, მაგრამ მინდა, რომ აქაც ისწავლოს და მერე დაბრუნდეს საქართველოში.
– მძიმე ოპერაციების ჩატარება გიწევთ?
– სამხრეთ აფრიკას თავისებური სპეციფიკა აქვს. როგორც კრიმინალური ქვეყანა, ძალიან ბევრი დაჭრილია. სტატისტიკით, ცეცხლსასროლი იარაღით წელიწადში 70 ათასი დაჭრილია. ეს, ფაქტობრივად, ომია. გარდა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში პირველი გულის გადანერგვა მოხდა, ძალიან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული ტრავმა-ქირურგია, რაც იგივე გადაუდებელი დახმარებაა. დაჭრილებზე, ტრავმებზე კვალიფიკაციის გასავლელად აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან: მე შემხვედრიან გერმანიიდან, ავსტრალიიდან, შვედეთიდან... ქირურგია, ამ მხრივ, მოწინავეა. თუმცა ექიმებიც არ ჰყავთ, არ არის დაკომპლექტებული. უცხოელი ექიმების მიღება მხოლოდ გამოცდების საშუალებით ხდება. მაგრამ ისე არ არის – ექიმი არ გვყავს და მოდი, მივიღოთო., თავიანთ პრესტიჟს უფრთხილდებიან, თუ არ ჩააბარე გამოცდები არ მიგიღებენ, თუნდაც ევროპის მოწინავე კლინიკიდან იყვნენ ჩამოსული, გამოცდები მათაც უნდა გაიარონ. აქ ყოველი დღე განსაკუთრებულია, იმიტომ რომ სულ ახალ-ახალი პაციენტები შემოდიან, განსხვავებული დაზიანებებით, თან ძალიან ბევრი. ახლა იოჰანესბურგში გადმოვედი. მანამდე აქედან, დაახლოებით, სამოც კილომეტრში ვმუშაობდი, სადაც მილიონიან მოსახლეობაზე ერთი საავადმყოფო იყო. შავკანიანებით დასახლებული ტერიტორიაა, არის სიღარიბე და კრიმინალი, შაბათ-კვირას ვერ დაისვენებდი, ხანდახან ღამეში ათი ოპერაციის ჩატარება მიწევდა, თანაც მხოლოდ სასწრაფო და გადაუდებლის, დანარჩენს ვერ ვასწრებდით. კრიმინალის 95 პროცენტი შავკანიანებს შორის ხდება – სიღარიბეა, უმუშევრობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გატაცება, ერთმანეთის შეურაცხყოფა. კრიმინალით რიო-დე-ჟანეიროს და სან-პაულოს გაასწრეს. ამათი კრიმინალი განსხვავებულია ჩვენი 90-იან წლების კრიმინალისგან. ეს ძირითადად შავკანიანებს შორის ხდება. მე ჩვეულებრივად დავდივარ ქუჩებში, მაგრამ იმ ადგილებში არ შევალ, სადაც საჭირო არ არის. მე ვარ ექიმი, სამედიცინო საზოგადოებაში ვმოძრაობ და რაიმე კრიმინალის ჩემ მიმართ აგრესია ან მსგავსი გამოვლინება არ მიგრძნია, მე უფრო პაციენტებთან მაქვს საქმე.
– როგორც ვიცი, აფრიკაში თავიანთი მკურნალებიც ჰყავთ...
– მათ სჯერათ თავიანთი ჯადოქრების, რომელსაც სანგომას ეძახიან. ბევრი პაციენტი მოდის, რომელიც უკვე იყო ასეთ ჯადოქართან. ისინი ავადმყოფებს ბალახეულ წამლებსაც ასმევენ, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს პაციენტთა ჯანმრთელობაზე და ჩვენთან უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოჰყავთ – ღვიძლის უკმარისობით, გაუვალობით... რომ შევხედავ პაციენტს, უკვე ვიცი, რომ ამან ჯადოქართან იმკურნალა – მაინც გაუნათლებელი ხალხია და სჯერათ ასეთი რაღაცების. ისინი კი, ხალხს ძლიერმოქმედ წამლებს ასმევენ, ეტყობა შხამსაც ურევენ. ასევე, სულების განდევნის მიზნით, რაღაცით სხეულსაც უსერავენ. დასერვა არ არის ისე საშიში. ერთხელ მყავდა დაჭრილი პაციენტი, რომელსაც თვითონ სანგომა მოყვა და თქვა, რომ მე იმას დავწყევლი, ვინც ეს დაჭრაო. ამბობენ, რომ აქ ჰყავთ ყველაზე ძლიერი სანგომა, რომლის შელოცვები და წყევლა ყველაზე მეტად ჭრის.
– რამდენად არის რასისტული პრობლემები?
– მე პირადად არ მექმნება მსგავსი პრობლემა. შავკანიანები ძალიან აფასებენ ექიმებს, გვემადლიერებიან, ექიმი ამათთვის ღმერთია. აქაურები ამბობენ, რომ შავკანიან მოსახლეობას უფრო მეტი პრიორიტეტი აქვს. თეთრკანიანებისთვის სამუშაოს შოვნა, წინ წაწევა, თუნდაც უსაფრთხოება პრობლემაა. ტელევიზიითაც გადმოუციათ, თეთრკანიან ფერმერებზე თავდასხმების შემთხვევები.
– თქვენთვის, როგორც ექიმისთვის, რატომ არის სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობა საინტერესო?
– რატომ არის ამათთან მუშაობა კარგი? ჩვენთან მიღების საათები ორიდან ოთხ საათმდეა. სხვა დროს არავინ შეგაწუხებს, სახლში დარეკვაზე ზედმეტია ლაპარაკი. თუ პალატაში ხარ, არავინ შემოვა, მორჩილად დადგებიან გარეთ. მერე შევლენ პალატაში, დაიწყებენ სიმღერას, შემდეგ ერთად ჩამოივლიან საავადმყოფოს ირგვლივ ცეკვა-სიმღერით და ასე ამხნევებენ პაციენტს. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი გარდაცვლილა, მაგრამ მე არ მინახავს, რომ საავადმყოფოში ვინმეს პანიკა მოეწყო ამაზე.
– სამხრეთ აფრიკელების ყველაზე უცნაური და საინტერესო ტრადიცია, რაც თქვენ გინახავთ...
– აქ ტომობრივად არიან დაყოფილი, მრავალი დასახელების ხალხია. ვიყავი გასვენებაში და ეს იყო ამათთვის შოუ. გასვენებისთვის ესენი მთელი ცხოვრება ემზადებიან: ფულს გადადებენ, აგროვებენ, როგორც ჩვენთან იტყვიან კარგი ქორწილი გააკეთაო, ასეა ამათთვის გასვენება. ჩემი თანამშრომლის დედის გასვენებაში ვიყავი. ეს იყო იოჰანესბურგში, სოვეტოში, შავკანიანების ერთ-ერთ დიდ დასახლებაში, სადაც ნელსონ მანდელა ცხოვრობდა. მათ ეკლესიაში, სადაც ორას კაცამდე იმყოფებოდა, ჩატარდა რიტუალი, ორსაათიანი შოუს სახით, სადაც ყვებოდნენ ამ ადამიანის შესახებ. არ იყო არანაირი ტირილი. შიგადაშიგ მღეროდნენ. გუნდი ჰყავთ, რომელიც იწყებს სიმღერას და ამას აჰყვება ხალხი, შემდეგ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილები ცეკვავენ. თეთრკანიანი, ალბათ, მხოლოდ ათი კაცი ვიყავით, დიდ მადლობას გვიხდიდნენ, ხელს გვართმევდნენ.
– როგორ მოხვდნენ თქვენს სახლში ეგზოტიკური ცხოველები?
– ჩვენ სახლში წვერებიანი დრაკონები გვყავს. ავსტრალიამ უკვე აკრძალა მისი ქვეყნიდან გაყვანა, წითელ წიგნში შეიყვანეს. ზოომაღაზიაში რომ შევდიოდი, სადაც უამრავი ცხოველია, ეს დრაკონი ძალიან მომწონდა. ჩემი ქალიშვილი რომ ჩამოვიდა, ვიყიდეთ. ჩემმა მეუღლემ თავიდან რომ ნახა, ამბობდა, ეს რომ სახლში მენახა, ალბათ, ცოცხით გავაგდებდიო. პირველი ვიყიდეთ მოგვიკვდა. ცხოველების გამოფენებზე დავდივართ, სადაც გავიცანი ერთი ქალი, რომელსაც აღარ შეეძლო მოვლა და აბარებდა, გვითხრა, რომ ჩვენ ბევრი გვყავს და გვინდა გავაჩუქოთ, არ იყიდოთო. მოგვცა, იმან დადო კვერცხები და გააჩინა 12 დრაკონი, ყველა არ გვინდოდა, მივეცით იმ ქალბატონს და ახლა ოთხი გვყავს, ორი იმ ქალის მოცემული და ორიც – გამოჩეკილი. სამხრეთ აფრიკაში რამე ეგზოტიკური ცხოველი უნდა გყავდეს, ძაღლსა და კატას ყველგან ვერც გააჩერებ, მეზობლებიც არ გრთავენ ნებას.