№23 რა ტრაგედიას ემსხვერპლა ქეთი ხუციშვილის და საკუთარი ქორწილის დღეს და რა ოცნება აუხდინა მან გარდაცვლილს
„ჩემი ცოლის დაქალებში“ ლუნას გარშემო სკანდალური ამბები ვითარდება. ბიზნესმენი მამაკაცების შემდეგ, ამჯერად, მას რომანი თავად პრეზaიდენტთან აქვს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბოლო სერიებში ლუნასა და პრეზიდენტის კოცნის სცენას. ამ სიახლესა და ბევრ საინტერესო ამბავზე მსახიობ ქეთი ხუციშვილს ვესაუბრეთ.
– ქეთი, ახალ სეზონზე ახალი ვარცხნილობით გამოჩნდი.
– არავის მოუთხოვია, რომ მეორე სეზონისთვის თმა უნდა შემეჭრა. ჩემმა დამ შემომთავაზა – იქნებ შეიჭრაო. ჯერ არ ვეთანხმებოდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ახალ სეზონზე ახალი იმიჯით ვიქნებოდი. თმასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები არ მიყვარს და გულწრფელად რომ ვთქვა, ექსპერიმენტები საერთოდ არ მიყვარს. არ მიყვარს გარისკვა, თუმცა აქ რადიკალურ ცვლილებებს ვგულისხმობ. ოდნავ შეჭრას არა უშავს, მაგრამ ეს მართლა რადიკალური ცვლილება იყო, თან ჩემს ბუნებრივ ფერზე დავიყენე თმა. სერიალში შეჩვეულები იყვნენ, რომ სულ ერთ სტილზე მქონდა და ახალი ვარცხნილობა ძალიან მოეწონათ. მეც მომწონს, მაგრამ მოგრძო თმას იმდენად შეჩვეული ვარ, ჯერ კიდევ ვერ შევეგუე და ახლა ვიზრდი.
– ბევრს რომ ვარჯიშობ და არაჩვეულებრივი ფორმები დაიყენე, ამაზე გვისაუბრია, მაგრამ პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით მაინტერესებს შენი აზრი.
– მომხრე ვარ, მაგრამ პირადად მე არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არ ვიცი, რას ვიზამ. ადრე ვამბობდი, პლასტიკურ ოპერაციას არასდროს გავიკეთებ-მეთქი, მაგრამ ახლა არ ვიცი. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, არას რომ ვიტყვი, მეორე წუთში შეიძლება, შევცალო და კი ვთქვა.
– ქეთი, რა ხდება სერიალში შენ გარშემო – დიდ ამბებშია ლუნა.
– მე თვითონაც არ ვიცი, რა ხდება, ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია. საერთოდ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ლუნას ცხოვრების ამგვარად განვითარება. რას წარმოვიდგენდი, თუ პრეზიდენტთან მექნებოდა რომანი. ძალიან გახარებული და აჟიტირებული ვარ. (იცინის).
– ქმარს ღალატობს შენი ლუნა
– არანაირად არ ღალატობს, პირველად ქმარმა უღალატა (იცინის). მთელი ამბავია, გარჩევა მიდის – რომელმა უღალატა პირველი და ეს ხალხი აირია, მაგრამ სცენების მიხედვით, პირველად ნუგომ მიღალატა და ნაილასთან აღმოჩნდა საწოლში. ლუნას ნამდვილად არ უღალატია (იცინის).
– ამართლებ ლუნას?
– ყველას აქვს საკუთარი ცხოვრების უფლება. ვიტყოდი, რომ ლუნას ქმრისთვის პირველს არ უღალატია.
– კოცნის სცენაზე მომიყევი, რთული იყო შენთვის, რადგან დიდი სამსახიობო გამოცდილება არ გაქვს?
– რაღა დავამატო, ყველამ ნახეთ ეს კოცნა (იცინის). არ ვიცი, სხვისთვის ადვილია თუ რთული კოცნის სცენა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე პროფესიონალი მსახიობი არ ვარ, ჩემთვის ეს თამამი სცენა საერთოდ არ იყო რთული. არანაირად არ გამჭირვებია. ჩვეულებრივად მივიღე და ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია, ვაკოცებ თუ არა-მეთქი?! ამაში საგანგაშოსა და სასწაულს ვერ ვხედავ.
– არ გქონია მომენტი – რას იტყვიან შვილი, მშობლები და ასე შემდეგ?
– არანაირად. როცა მსახიობი ხარ და სერიალში საპასუხისმგებლო საქმე გაქვს, ეს შენი ვალდებულებაა. მე კი მინდა, ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე შევასრულო. ჩემი ყველა ახლობელი გაგებით მოეკიდა კოცნის სცენას. ჩემი შვილი ძალიან შეგნებული ადამიანია და იცის, რომ მსახიობის პროფესიისთვის კოცნის სცენა რაღაც სისასტიკე არაა, მაგრამ სკანდალური იყო (იცინის). ძალიან ჩახლართული და დაძაბული ამბები გელოდებათ, სანერვიულო თემებიც იქნება წინ.
– როგორია რომანი პრეზიდენტთან?
– ჩვეულებრივი. ლუნამ იცოდა, რომ ის უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი. სხვათა შორის, მეც ძალიან მაგარი ინტუიცია მაქვს. სანამ სერიალში მოვხვდებოდი, მსახიობობაზე არც მიფიქრია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ოდესღაც სადღაც კარგ ადგილას აღმოვჩნდებოდი, ჩემს თავს რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო, მაგრამ რა, როდის და კონკრეტულად სად, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. და აი, თურმე, რა მელოდა (იცინის). ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, მაგრამ ორი წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო.
– როგორ შეგცვალა ამ ორმა წელმა?
– ძალიან მომემატა პასუხისმგებლობა და უკეთესობისკენ შევიცვალე. კარგი რაღაცების გასაკეთებლად უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, მაგრამ ისევ ჩვეულებრივი ქეთი ვარ. თავში არაფერი ამვარდნია, მათ შორის, არც პრეზიდენტთან რომანი (იცინის).
– პრეზიდენტზე ვსაუბრობთ და პოლიტიკის ხაზს გავყვეთ. კობა სუბელიანთან რა გაკავშირებს?
– კობა სუბელიანი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. გადასარევი ადამიანია, უმაგრესი იუმორის გრძნობით. ერთმანეთი „ფეისბუქზე“ გავიცანით და ძალიან დავმეგობრდით. ლუნას დიდი გულშემატკივარია (იცინის). სხვა მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკოსებთან ახლო ურთიერთობა მაქვს.
– ლუნას მოსწონს ფულიანი კაცები, ქმრის გარდა სამივე მამაკაცი, რომელთანაც რაღაც ურთიერთობა ჰქონდა, ასეთია. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცის მატერიალური მდგომარეობა?
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ ფული ყველაფერია, გრძნობებიც აუცილებელია. მაგრამ თავი რომ კომფორტულად იგრძნო, ამისთვის ფულია საჭირო და მგონი, ამაში ყველა დამეთანხმება. თუმცა სოციალურ სტატუსს და თანამდებობას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანს იუმორის გრძნობა ჰქონდეს. ერთად ბევრი ვიცინოთ და ლაღი ადამიანი იყოს. თუ თანამდებობის პირი იქნება, არ მივიღებ-მეთქი, ეს რომ ვთქვა, ალბათ, ცოტა სასაცილო იქნება (იცინის).
– მზად ხარ კიდევ ერთხელ ოჯახის შესაქმნელად?
– ადამიანს ერთხელ რომ დაენგრევა ოჯახი მერე, რა თქმა უნდა, ისევ აქვს ბედნიერების უფლება. არ მიფიქრია, ავდგები და გავთხოვდები-მეთქი, მაგრამ თუ შემხვდება ისეთი ადამიანი... შეიძლება, გადავდგა ეს ნაბიჯი. ზუსტი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე საკუთარი თავისთვისაც არ შემიძლია. ახლა სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს.
– შენს ფეისბუქ-გვერდს ვათვალიერებდი და ვნახე პოსტი შენს გარდაცვლილ დასთან დაკავშირებით.
– 2008 წლის ორ იანვარს გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში, 24 წლის ძალიან ლამაზი გოგონა იყო. 23 მაისს დაბადების დღე ჰქონდა – 35 წლის ხდებოდა. იმ დღეს, როცა ეს ავარია მოხდა, თხოვდებოდა. თავის საქმროს გაჰყვა, მაგრამ სამწუხაროდ, დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდნენ, ეს ტრაგედია გზაში მოხდა. მეუღლე გადარჩა. ძალიან რთული გადასატანი იყო, მაგრამ მთელმა ჩემმა ოჯახმა ერთმანეთის გვერდში დგომით როგორღაც გადავლახეთ. ახლა ორი და ვართ. ჩემი და ჩემზე ორი წლით უფროსია, ლიკა ყველაზე პატარა იყო.
– როგორ მოახერხე ამ ტრაგედიის შემდეგ, სილაღისა და პოზიტივის შენარჩუნება?
– შინაგანად ძალიან ლაღი ვარ და ზუსტად ეს დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა, მთელი ოჯახი გონს მოვედით. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იქნებოდა. ძალიან უნდოდა, ამ სფეროში ვყოფილიყავი და აუსრულდა კიდეც. ყოველთვის მეუბნებოდა: ქეთი, ნეტავ მიკროფონთან იდგე და მე და ჩემი სამეგობრო მოვიდეთ შენი სიმღერების მოსასმენადო. ყველაფრი იმაზე უკეთ ახდა, ვიდრე მეუბნებოდა და ვფიქრობ ხოლმე, ამით რა ბედნიერი იქნებოდა.