კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ დაიჭირეს მარიამ ხაჭვანის ოჯახის წევრები და როგორ შექმნა მან ფილმი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მარიამ ხაჭვანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი რეჟისორია, რომლის ფილმმა, „დედემ“, საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი აღიარება მოიპოვა და წელს „ოსკარებზეც“ აპირებს ძალების მოსინჯვას. „თბილისელები“ ამ ფილმის წარმატებების შესახებ რამდენიმე თვის წინ წერდა, მაგრამ მას შემდეგ „დედემ“ კიდევ ბევრი აღიარება მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით.
მარიამ ხაჭვანი: იანვრის შემდეგ სამი პრიზი მოვიპოვეთ: ავსტრიაში ხალხის რჩეულები გავხდით და მეორე დღეს პეკინში კიდევ ორი პრიზი ავიღეთ. პეკინის კინოფესტივალი აზიაში ძალიან სერიოზულ კინოფესტივალად მიიჩნევა – ამ დაჯილდოებას 250 მილიონი ადამიანი უყურებდა. სანამ ცერემონიაზე შევიდოდით, ერთი კაცი მომესალმა: თქვენ მარიამი არ ხართ? რატომ არ იყო წელს თქვენი ფილმი „ოსკარზეო“... როგორც მერე გავიგე, ეს იყო პოლონელი კომპოზიტორი, რომლის მუსიკასაც ამერიკული „ოსკარი“ აქვს მოგებული. ვუთხარი, რომ ახლა ვაპირებდით საქართველოს სახელით ფილმის „ოსკარზე“ წარდგენას და დამპირდა, მთავარია, როგორმე გააგზავნოთ ეს ფილმი „ოსკარზე“ და იქ მე ყველანაირად დაგიჭერთ მხარსო. შემდეგ შევხვდი ამერიკელ, ოსკაროსან პროდიუსერსა და რეჟისორს და იმანაც ზუსტად იგივე გამიმეორა. საოცრად მახარებს ასეთი მხარდაჭერა. თან, ვფიქრობ, რომ წელს უფრო დიდი შანსი მექნება „ოსკარზე“, იქიდან გამომდინარე, რომ წელს მთელ მსოფლიოში განგაშია ატეხილი ქალთა უფლებების თემაზე და ჩემი ფილმიც ზუსტად ამ თემას ეხება. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გამიმართლა.
– ახლახან, კანის ფესტივალის ფარგლებში, გარი ოლდმანსა და ჯონ ტრავოლტასთან შეხვედრა და მათი ჩატარებული მასტერკლასებიც გავიხსენოთ.
– მკითხეს, რომელ ჰოლივუდელ ვარსკვლავთან მინდოდა შეხვედრა და მე გარი ოლდმანი და ჯონ ტრავოლტა ავირჩიე. ძალიან საინტერესო იყო ამ დონის ვარსკვლავებთან შეხვედრა და მათგან მიღებული მასტერკლასი.
– ფინალურ ღონისძიებაზე დავაგვიანე და შესვლა ვერ მოვახერხეო, წერდით.
– გამორიცხულია კანის კინოფესტივალზე შეგიშვან, თუ დრესკოდს ზუსტად არ აკმაყოფილებ. ერთხელ მეც არ შემიშვეს. მაშინ კონკურსში ვლადიმერ კაჭარავას ფილმი მონაწილეობდა. დატვირთული დღე მქონდა და გიჟივით გავიქეცი, რომ არ დამეგვიანა და დროულად მივედი, მაგრამ არ შემიშვეს – კლასიკურად მეცვა, მაგრამ ფეხსაცმელი დაბალ ძირზე იყო და მითხრეს, ქუსლიანი არ გაცვიათ, ამიტომ ვერ შეგიშვებთო. მწარე გამოცდილების შემდეგ, წელს ძალიან შევეცადე, დიდხანს ვემზადებოდი და სანამ მე და ჩემი ჯგუფის წევრები მოვემზადეთ, ცერემონია დაიწყო. წარმოიდგინეთ, ბილეთები გვაქვს, მაგრამ არ გვიშვებენ, ვდგავართ გარეთ, წითელ ხალიჩაზე და ეკრანებიდან ვუყურებთ დაჯილდოების ცერემონიას. ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ როგორც კი ცერემონია დამთავრდა, უამრავი ვარსკვლავი – ქეით ბლანშეტი, ჯონ ტრავოლტა, ოლდმანი და კიდევ ბევრი, გარეთ გამოვიდნენ და ჩვენთან ერთად დადგნენ. საბოლოო ჯამში, ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიყავით.
– როგორი იყო გზა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ რეჟისორობამდე?
– საოცარი შეგრძნებაა, როცა თორმეტწლიანი წვალების და ბევრი შრომის შედეგად იმას მიიღებ, რაც გინდოდა. რაც დრო გადის, ვაანალიზებ, რომ ამქვეყნად მიუღწეველი არაფერია. ბევრი სირთულე, ენით აღუწერელი იმედგაცრუებები და ცრემლი მოვიტოვე უკან – მარტივად არაფერი გამოსულა. სტუდენტობისას ჩემი მშობლები ტანსაცმლისთვის რომ მაძლევდნენ ფულს, მე იმით ლენტას ვყიდულობდი, გადაღებებისთვის ვიყენებდი. თეატრალურში პირდაპირ უშგულიდან მოვხვდი და რომ ჩავაბარე, აბსოლუტურად არავის ვიცნობდი. ყველფერთან ერთად, ძალიან მორიდებული და მორცხვი ვიყავი. არც ახლა ვარ ძალიან თამამი (იცინის). „დედეს“ სცენარის წერა რომ დავიწყე, საკუთარი კომპიუტერიც არ მქონდა. სახლში მხოლოდ ერთი კომპიუტერი იყო და ხუთ საათზე ვდგებოდი, რომ მერე ხელი არ შეეშალათ. დღემდე ასეთი მონდომებული ვარ. მუშაობის დროს იმდენად ვარ პროცესში ჩართული, წყლის დასალევადაც არ ვიტოვებ ხოლმე დროს.
– იმედი არასდროს გაგცრუებიათ?
– უკან დახევაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ იმედგაცრუება ბევრი იყო. თუმცა, რამდენჯერაც წავაგე, მომატყუეს და ცუდი რაღაც მოხდა, იმდენჯერ გავიზარდე და უკეთესობისკენ შევიცვალე. დღეს ვხვდები, რომ უკვე ძალიან ძლიერი ვარ. მაგრამ ამ დროის განმავლობაში, სამწუხაროდ, ბევრი ცუდი რამ გადამხდა: იცით, რომ გადაღების დროს ჩემი ოჯახის წევრები დაიჭირეს, ამის შემდეგ გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი ბიძა, რაც ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. რაღაც პერიოდი მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. მაგრამ ამ სირთულეებს დღეს დადებითი კუთხით ვუყურებ და ვცდილობ, ცხოვრებისგან მიღებული ემოციები ფილმში გადავიტანო.
– პროფესიად რეჟისურა როგორ აირჩიეთ?
– არასდროს მიფიქრია, რომ რეჟისორი უნდა ვყოფილიყავი. საერთოდ, ფილმების ყურება არ მიყვარს. თავიდან ბოლომდე სულ ორმოცდაათი ფილმი მექნება ნანახი. შესაბამისად, არც რეჟისორებს ვიცნობ. ამასთან დაკავშირებით, ჩინეთში სასაცილო ისტორია გადამხდა. პრესკონფერენციის ბოლოს ჟურნალისტები კითხვებს მისვამდნენ. ერთ-ერთმა იფიქრა, რომ მე ერთი ჩინელი რეჟისორი მომწონდა და გარკვეული ელემენტები მისგან მქონდა აღებული. საკუთარი ვარაუდი ასე პირდაპირ ვერ მითხრა და მეკითხება: მარიამ, რომელი ჩინელი რეჟისორის მიმდევარი ხარო? ჩინელი რეჟისორის ერთი ფილმიც არ მაქვს  ნანახი და არავისი-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ, რომელი ჩინელი რეჟისორის ფილმები გიყვარსო – არ მეშვება. ვფიქრობ: ვაიმე, ახლა რა გავაკეთო-მეთქი?! გარშემო უამრავი ჟურნალისტი და კამერაა, მოკლედ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. ვცდილობ, რომელიმე მათგანი გავიხსენო, მაგრამ რას გავიხსენებ, არ ვიცი (იცინის). მერე ქართველმა თარჯიმანმა მიხსნა, ჯეკი ჩანი უყვარსო, – განაცხადა და მართალია ამ პასუხით ყველა გაოცებული იყო, ჩემი ჩათვლით, მაგრამ ამ ხუმრობით მდგომარეობიდან გამომიყვანა (იცინის). რაც შეეხება პროფესიის არჩევას – ჩემს ძმასთან ერთად იურიდიულზე ვაბარებდი. რამდენიმე თვე ვემზადებოდი ამისთვის და მერე აკაკი გელოვანის „სვანეთის თეთრი ქუდი“ წავიკითხე. უცებ მომინდა, რომ ამაზე კინო გადამეღო. მახსოვს, მამაჩემს რომ ვუთხარი, რეჟისორობას ვაპირებ-მეთქი, სიხარულისგან გადაირია – მას ძალიან უყვარს ფილმები და თითქმის ყველა რეჟისორი იცის. ისეთი ბედნიერი იყო ჩემი გადაწყვეტილებით, ვიფიქრე, ეტყობა, მართლა ძალიან კარგია რეჟისორობა-მეთქი და წავედი (იცინის).
– მეუღლეც ყოველთვის გვერდით გიდგათ.
– ძალიან მეხმარება. ხანდახან რომ ვიღლები და რამის გაკეთება მეზარება, ყველანაირად ცდილობს, სტიმული მომცეს. ყველაფერს აკეთებს ჩემთვის, მართლა ძალიან ძნელია რეჟისორის ქმრობა (იცინის). ცოტა ხნის წინ, ძალიან დავიღალე და ვფიქრობდი, სახლში მინდა-მეთქი. მერე დავფიქრდი – სად სახლში, რამდენი წელია, ორი კვირის განმავლობაში ერთ საწოლზე არ ვწოლილვარ და სად არის ჩემი სახლი?! (იცინის). სამი თვეა, პარიზში ვარ და კიდევ კარგა ხანს უნდა ვიყო. ამდენი დრო საკუთარ სახლში არ გამიტარებია. ეს ყველაფერი მარტივი არაა, მაგრამ ქმარი ყველაფერში მეხმარება. ძალიან მინდა, ახალ სრულმეტრაჟიან ფილმში, მთავარ როლში გადავიღო, მაგრამ ჯერჯერობით უარზეა. მე და პროდიუსერი უკვე ორი წელია, „ვკერავთ“ და იმედია, ბოლოს და ბოლოს დავითანხმებთ (იცინის). თვითონ სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ იმდენად მოეწონა კინოინდუსტრია, ჩემსავით ჩართულია და ყველაფერში ერკვევა.
– თქვენი რომანტიკული ისტორია როგორია?
– ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ კვირიკობის დღესასწაულზე შევხვდით. ქასთინგი მქონდა „დედეს“ გადაღებისთვის და მთელი ჩემი ოჯახი და ნათესავები მეხმარებოდნენ. მინდოდა, ფილმში სვანები გადამეღო, მაგრამ ქასთინგზე არ მოდიოდნენ. ამიტომ კვირიკობას ბიძაშვილს ვუთხარი, კარგი ბიჭი ან გოგო თუ მოგხვდა თვალში, მითხარი, რადგან ქასთინგზე არ მოდიან აქ მაინც დაველაპარაკები-მეთქი. ცოტა ხანში მითხრა, ერთი ძალიან კარგი ბიჭი ვნახეო. წამიყვანა სანახავად, შორიდან კარგად დავათვალიერე და დავიწუნე, ისეთი არაა, როგორც ჩემი ფილმისთვის მინდა-მეთქი. იმ საღამოს შემთხვევით ისევ შევხვდით ამ ბიჭს, რომელიც დღეს ჩემი ქმარია.
скачать dle 11.3