№23 როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა და რა დარღვევაზე შეიძლება მიუთითეaბდეს მისი აგრესია
მშობლებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებს პერიოდულად უწევთ ბავშვის რთულ ქცევასთან გამკლავება. რთული ქცევა გულისხმობს ძლიერ ბრაზსა და იმეგაცრუებას, ამ დროს ბავშვი შეიძლება ტიროდეს, ხმამაღლა და ხანგრძლივად, კიოდეს, ურტყამდეს სხვას ან საკუთარ თავს, ისროდეს ნივთებს, წვებოდეს იატაკზე და ასე შემდეგ. რა არის ბავშვის რთული ქცევის მიზეზები და როგორ ვმართოთ ბავშვებში ისტერიკა, ამის შესახებ გვეასუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: რთული ქცევა სხვადასხვა სახით გამოვლინდება. ბავშვმა შეიძლება, დაიზიანოს თავი კბენით, კაწვრით ან სხვისკენ მიმართოს აგრესია, დააზიანოს ნივთები, მაგალითად, დახიოს ტანსაცმელი, წიგნები, გატეხოს რაიმე და ასე შემდეგ. მოაწყოს ტანტრუმი, რაც გულისხმობს პროტესტს ფეხების ბაკუნს, ყვირილს, იატაკზე დაცემას. ამის ბევრი მაგალითია: ბავშვი მაღაზიაში ითხოვს მისთვის სასურველ რაიმეს, უარის შემთხვევაში კი, ტირის, წვება ძირს და სასურველის მიღებას ასეთი გზით ცდილობს.
– რა შეიძლება იყოს ბავშვებში რთული ქცევის მიზეზი?
– რთული ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს დაღლილობა, შიმშილი, წყურვილი, ტკივილი. ზედმეტად მკვეთრი ხმაური, სინათლე და ასე შემდეგ. ზოგჯერ ბავშვის გაღიზიანებას იწვევს, თუ ის თავს მიტოვებულად გრძნობს, გადატანილი აქვს რაიმე ემოციური ტრავმა. ადრეულ ასაკში ჩვილი ტირის და ამ ფორმით ამცნობს მშობელს თავის სურვილს (ჭამა, საფენის გამოცვლა)... ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ბავშვი წყვეტს ტირილს. როდესაც ჩვილი იზრდება, ის სწავლობს თავისი მოთხოვნილება სხვა ფორმით გვამცნოს. თუმცა, ზოგ ბავშვს, ასაკის მატების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისად ჩამოყალიბებული საჭირო თვითკონტროლის უნარები. უჭირს, ისწავლოს საკუთარი მოთხოვნების გამოხატვა ტირილის გარეშე, არ აქვს საკმარისად განვითარებული დალოდების უნარი, ჯერ არ იცის, როგორ მოითხოვოს რაიმე თავაზიანად, წყნარად. ამიტომ ასეთი ბავშვი თავის საჭიროებებს გამოხატავს ქცევით, ტირის, ყვირის, შეიძლება დაარტყას სხვას და ასე შემდეგ.
– შეიძლება თუ არა, ბავშვის რთული ქცევა იყოს რაიმე დარღვევის გამომხატველი?
– რთული ქცევა ყოველთვის დამოუკიდებელი სახით არ ვლინდება. შეიძლება, იყოს რაიმე დარღვევის ნაწილი. მაგალითად, შეიძლება იყოს მეტყველების სირთულე. როდესაც ბავშვს უჭირს სხვისი გაგება და ასევე საუბარი, საკუთარი სურვილების სიტყვებით გამოხატვა, შესაბამისად მიმართავს დარტყმას, ტირილს და ასე შემდეგ. რთული ქცევა, ასევე, შეიძლება იყოს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის თანმდევი. ბავშვს შეიძლება, ახასიათებდეს აგრესიულობა და უჭირდეს ქცევის მართვა. ბავშვის რთულ ქცევას ყოველთვის აქვს წინაპირობა და გარკვეულ კონტექსტში ვლინდება. მაგალითად, ბავშვი სირთულეს ავლენს მხოლოდ სათამაშო მოედანზე ან მხოლოდ საბავშვო ბაღში – ურტყამს სხვას, რადგან უნდა მისი სათამაშოს აღება, ეს არ იქნება რაიმე განვითარების დარღვევა. ამ დროს ბავშვს, უბრალოდ, უჭირს თავისი სურვილების გამოხატვა მისაღები ფორმით.
– რა არის რთული ქცევის მიზანი?
– როგორც წესი, ასეთი ტიპის ქცევის მოტივი, რაიმეს მიღების, მიღწევის სურვილია ან პირიქით, რაიმესთვის თავის არიდების სურვილი. როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, ამ დროს მშობელი რას აკეთებს? თავის ყურადღებას მიმართავს მისკენ, საყვედურობს, ტუქსავს. აქედან გამომდინარე, თუ ბავშვი ზოგადად ყურადღების ნაკლებობას განიცდის, ის შეეცდება მოიქცეს „ცუდად“ და ამ ფორმით მიიღოს მშობლისაგან ყურადღება. ზოგჯერ ბავშვებს ახასიათებთ გამომწვევი ქცევა – ცდილობენ, აჩვენონ მშობლებს, რომ ისინი არიან „უფროსები“ და შეასრულებინონ თავიანთი მოთხოვნები. ასეთი სახის „ძალაუფლება“ ბავშვს ეხმარება, თავი იგრძნოს მნიშვნელოვნად. თუ მშობელი ზედმეტად ზრუნავს ბავშვზე, არიდებს მას ყველა პასუხისმგებლობას, ბავშვი ხდება უმწეო, უინიციატივო, ფიქრობს, რომ არაფერი გამოუვა, შესაბამისად, ცდილობს, თავიდან აიცილოს ყველა დავალება, აქტივობა და ამისთვის რთულ ქცევას მიმართოს. მაგალითად, ბავშვს სთხოვენ სწავლას, თუმცა, ის ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, ამიტომ შეიძლება გაკვეთილზე „ცუდად“ მოიქცეს და მასწავლებელმა გარეთ გაუშვას, ამით ის თავიდან იცილებს იმედგაცრუებას, ცუდ შეფასებას.
– მიზანშეწონილია თუ არა ბავშვის რთული ქცევის დროს მშობლისგან სიმკაცრის გამოჩენა?
– რთული და ისტერიკული ქცევისას დაუშვებელია დასჯა, ყვირილი, კუთხეში დაყენება, დარტყმა და მსგავსი სტრატეგიები. ამ დროს ბავშვს რჩება უსამართლობის განცდა, უარყოფითი ემოციები. ვიღებთ საპირისპირო რეაქციას, ხდებიან უფრო ჯიუტები, დაუმორჩილებლები, თავადაც სწავლობენ პრობლემის მოგვარების ამ გზას – დარტყმას. თავი უნდა ავარიდოთ მსგავს დამოკიდებულებას: „არ შემიძლია ბავშვის ტირილის მოსმენა, მეცოდება. რა ვქნა ვაძლევ უფლებას, ის გააკეთოს რაც უნდა“. ამ დროს ჩვენ ვაჯილდოვებთ ბავშვის რთულ ქცევას, ტირილს, კივილს და ვასწავლით, რომ ასე შეუძლია, მიზანს მიაღწიოს. ასაკის მატებასთან ერთად, სიტუაცია უფრო გართულდება, ბავშვს უფრო მეტი მოთხოვნები ექნება და მისი რთული ქცევის სიხშირეც გაიზრდება. ეს სირთულეს ქმნის საბავშვო ბაღშიც და შემდგომ – სკოლაშიც. ასევე, არ არის სწორი ბავშვთან გარიგების დადება: „თუ ტირილს შეწყვეტ, ტელეფონს მოგცემ”. ამით ვასწავლით, რომ სასურველის მიღებისათვის, ჯერ ტირილის დაწყებაა საჭირო. უმჯობესია, წინასწარ იცოდეს ბავშვმა წესები, მაგალითად, როდის იღებს ტელეფონს, როდის – ნაყინს, როდის უნდა აალაგოს სათამაშოები და რა მოხდება, თუ არ აალაგებს.
– როგორ ვმართოთ ბავშვის ქცევა, ისტერიკა?
– ბავშვს სჭირდება დისციპლინა. მას ადრეული ასაკიდანვე უნდა შევთავაზოთ ქცევის წესები და ნორმები, ვასწავლოთ, რა არის მისაღები და რა – არა. ზოგადად, ოჯახს დაგეგმილი უნდა ჰქონდეს რეჟიმი: როდის არის ბავშვის ჭამის დრო, დადგენილი უნდა იყოს თამაშის, კომპიუტერის გამოყენების დრო და ხანგრძლივობა და ასე შემდეგ. ბავშვმა უნდა იცოდეს, წინასწარ რას ელოდოს გარემოსგან. უნდა იცოდეს, რომ ტკბილს ჭამს ყოველთვის სადილის მერე, კომპიუტერთან ჯდება მხოლოდ საღამოს, თანაც, ერთი საათი, ეს უნდა იყოს მუდმივი წესი, არა მშობლის ხასიათსა და განწყობაზე დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია იგნორი. სიტუაციაში, როდესაც ბავშვი ითხოვს მისთვის რაიმე სასურველს, ტირის, კივის, ძირს წვება, ამ დროს აზრს კარგავს შენიშვნა, ჩხუბი, უმჯობესია ბავშვის ქცევის დაიგნორება. იგნორით ბავშვი სწავლობს, რომ მსგავსი ქცევით ვერ მიაღწევს მიზანს. დაუშვებელია იმ მოთხოვნის შესრულება, რომელსაც ბავშვი ასეთი ფორმით ითხოვს. თუმცა, ხშირი შექება დაეხმარება, მიხვდეს, რა არის მისაღები ქცევა – ბავშვს სჭირდება ყურადღება, დადებითი ემოციები. შექება შეიძლება იყოს სიტყვიერი, ჩახუტება, მოფერება, რაიმე ჯილდოს მიცემა და ასე შემდეგ. აუცილებელი არ არის, შევაქოთ რაიმეს სრულყოფილად შესრულებისთვის, ეფექტურია წახალისება და მისი შრომის აღნიშვნა: „ვხედავ, რომ ბევრს მეცადინეობ; მომწონს, რომ ცდილობ სათამაშოების ალაგებას; მშვიდად რომ ხარ, ამით ძალიან მეხმარები.”