კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ გაიხსნა 50 მილიონის ღირებულების ბრილიანტების საქმე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ხანძარი
– ბოლოჯერ გეუბნები, პლატონიჩ. ორასი მანეთი მასესხე ერთი კვირით და დაგიბრუნებ, – კბილებში გამოსცრა ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა კაცმა და მის წინ მდგომ, ორმოცდაათ წელს გადაცილებულ, მელოტ მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა.
– არა, – თავი გააქნია მელოტმა და დაამატა, – წადი ჩემი სახლიდან და ფულზე არასდროს მომაკითხო.
ახალგაზრდა მელოტს ყელში ეცა, საწოლზე დააგდო და მაგრად წაუჭირა ხელები. მელოტმა ჯერ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ახროტინდა, გაწითლდა და ხელები ჩამოყარა. ახალგაზრდამ დადუმებულ მალოტს დახედა და ჩაილაპარაკა, – შემომაკვდა ეს კრიჟანი ნაბოზარიო. შემდეგ მელოტს მაჯიდან საათი მოხსნა და ჯიბეში ჩაიდო. მეორე სართულიდან პირველზე დაეშვა. საკუჭნაოდან ნავთით სავსე ბიდონი გამოიტანა და ოთახში დაასხა, შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. გარეთ გავიდა და ღამის სიბნელეში ლოტკინის დაღმართზე დაეშვა. თხუთმეტიოდე წუთი უკანმოუხედავად იარა. ბოლოს შედგა. ლოტკინის მთას ახედა და დაინახა, თუ როგორ იწვოდა პლატონიჩის, იგივე ზაქრო კერძევაძის, კერძო სახლი. ახალგაზრდა კაკო ბეჟაშვილი იყო – ზაქრო კერძევაძის სიძე, ანუ მისი ერთადერთი ქალიშვილის, ნონას ქმარი. კაკო კარტის მოთამაშე იყო. ვორონოცოველებთან თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი – ორასი მანეთი და სიმამრთან ფულის სასესხებლად მივიდა. მასთან შელაპარაკება მოუვიდა. მომხდარის შემდეგ პლატონიჩი გაძარცვა, საათი მოხსნა, რომ გაეყიდა და თავანის ფული ეშოვა. კვალის დაფარვის მიზნით კი ხანძარი გააჩინა, რადგან ეშინოდა, მილიციას არ ეპოვა.

მოულოდნელი გარემოება
ზაქრო კერძევაძის სახლი ლოტკინის მთაზე განცალკევებით იდგა. სანამ იქ მეზობლები დასახმარებლად მივიდნენ და სანამ სახანძრო დახმარება გამოცხადდა, სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციას კი გადაბუგული სახლი და შიგნით დანახშირებული ადამიანის ცხედარი დახვდა. თავდაპირველად საქმე სახანძრო ნორმების დარღვევისა და გაუფრთხილებლობის მუხლით აღიძრა. თუმცა, მას მერე, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცნობა დაიდო, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ სახლში აღმოჩენილი ცხედარი ძალადობრივად იყო მოკლული, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. მას ძარცვაც დაემატა, რადგან ნონა კერძევაძემ განაცხადა, რომ მოკლულს მარცხენა ხელზე ძალიან ძვირფასი ოქროს საათი ეკეთა, ბაჯაღლო ოქროს სამაჯურითო. მაღალი ხარისხის „პოლიოტი“ მოსკოვის მეორე საათების ქარხანაში იყო დამზადებული და ცხრაას ოთხმოცდაათი მანეთი და ოთხმოცი კაპიკი ღირდა.  ამ საქმეს თბილისის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი, მიხეილ თუშიშვილი იძიებდა, რომელიც ჩახლართული საქმეების გახსნით იყო ცნობილი. თუშიშვილმა მილიციის ოპერატიულ თანამშრომლებს დაავალა, ძვირად ღირებული „პოლიოტი“გადამყიდველებსა და ლომბარდებში მოეძიათ. და, მართლაც, ლესელიძის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევში მცხოვრებ საშა ჯანაშვილთან აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ის ზაქრო კერძევაძის ხელიდან იყო მოხსნილი. ეს ინფორმაციაა მილიციას კაკო ბეჟაშვილის მეგობარმა ივა კაკუამ შეატყობინა, რომელიც მილიციის ინფორმატორიც იყო. სწორედ კაკუასთან ერთად დაალომბარდა ბეჟაშვილმა ძვირფასი საათი და ჯანაშვილისგან ორას ორმოცდაათი მანეთი აიღო. ორასი მანეთით თავანი ჩააბარა, ხოლო ორმოცდაათი მანეთით ისევ კარტი ითამაშა და ისიც წააგო. ოპერებმა ჯანაშვილს ნაძარცვი საათი ჩამოართვეს და ზემოდან სამი ათასიც ააფცქვნეს. კაკო ბეჟაშვილი კი, დააკავეს და დაკითხვაზე მიხეილ თუშიშვილს მიუყვანეს პროკურატურაში. ბეჟაშვილმა იქვე აღიარა სიმამრის მკვლელობა და თავის ჩვენებაში თანამიმდევრული სიზუსტით აღწერა იმ საბედისწერო ღამეს მომხდარი მოვლენები. თუშიშვილმა რომ ჩვენება წაიკითხა, ბეჟაშვილს უთხრა:
– ეტყობა, ძალიან ღელავდით და აგერიათ. თქვენს ჩვენებაში წერია, რომ სიმამრი ყელში ხელის მოჭერით დაახრჩვეთ, რაც სიმართლეს არ შეეფერება, რადგან ექსპერტმა დაადგინა, რომ ზაქრო კერძევაძე მოკლულია მარცხენა საფეთქელში წაწვეტებული, მძიმე საგნის ჩარტყმით.
– არა, ბატონო, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ჩვენებაში დავწერე და ჩემი სიმამრი, აი, ამ ხელებით გავგუდე, – უთხრა ბეჟაშვილმა გამომძიებელს, ხელები წინ გაიშვირა და დაამატა, როგორც ეტყობა, ექსპერტი ცდება.
– ექსპერტის შეცდომა გამორიცხულია, – მტკიცედ და თავდაჯერებულად თქვა თუშიშვილმა.
– რაც ჩვენებაში დავწერე, ყველაფერი ზუსტად ისე იყო. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, გავგუდე თუ რამე ჩავარტყი? მკვლელობას ხომ ვაღიარებ და ტყუილი რაში მჭირდება? – მხრები აიჩეჩა ბეჟაშვილმა.
– პრინციპში, მართალი ხართ, – დაეთანხმა თუშიშვილი ბრალდებულს და დააყოლა, – თქვენს ჩვენებაში ამოტივტივებული გარემოება ძალიან დამაფიქრებელია.
ბებერი მგელი
თუშიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ბეჟაშვილი სიმართლეს ამბობდა. აბსოლუტურად სწორი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. ამიტომ, გამოცდილმა გამომძიებელმა ივარაუდა, რომ მოკლული შესაძლოა, სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო. მართალია, ნონა კერძევაძემ დაადასტურა, რომ დამწვარი ცხედარი მამამისს ეკუთვნოდა, მაგრამ დანახშირებული გვამიდან პიროვნების ასი პროცენტით ამოცნობა შეუძლებელი იყო. თუშიშვილმა ხელქვეითებს ზაქრო კერძევაძის დოსიეს შესწავლა დაავალა, მისი სურათი კი მოსკოვში, ცენტრალურ არქივში გაგზავნა საიდენტიფიკაციოდ და სრულიად მოულოდნელი პასუხი მიიღო. იქ ეწერა, რომ სურათზე, სავარაუდოდ, გამოსახული იყო 27 წლის წინ გაუჩინარებული ვასო ბარამიძე, რომელიც ადრე ცენტრალური სახელმწიფო ბანკის დაცვაში მუშაობდა და 25 წლის ასაკში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მასზე კი ძებნა იყო გამოცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი გადაზიდვის დროს საინკასაციო მანქანას შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ თავს და ათასი ცალი ბრილიანტის თვალი გაიტაცეს, რომლებიც ერთი, ორი და სამკარატიანები იყო, მათი ღირებულება კი, ორმოცდაათ მილიონ მანეთს აღემატებოდა. თავდასხმის დროს დაიღუპა ორი ინკასატორი და ორი თავდამსხმელი, ორი თავდამსხმელი მიიმალა, ბარამიძე კი მსუბუქად დაიჭრა ფეხში და საავადმყოფოში მოათავსეს. იმავე ღამეს ბარამიძე პალატიდან აორთქლდა და მას მერე იძებნება, რადგან ძარცვაში თანამონაწილეობაში ედებოდა ბრალი. თუშიშვილმა მთელი ოპერატიული სამსახური დააყენა ფეხზე. „დაკარგულს“ გულმოდგინედ ეძებდნენ და ბოლოს მთიანი აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში მიაგნეს, სადაც იმ პერიოდში იმალებოდა. ბარამიძე-კერძევაძეს ნაძარცვი ბრილიანტებიც თან ჰქონდა. ბებერმა მგელმა, რომელსაც მილიცია ოცდაშვიდი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა, ასეთი ჩვენება დაწერა: „ჩემი სიძე რომ ფულისთვის მოვიდა, ბენო ქურხული უკვე მოკლული მყავდა და მას ტახტში ვმალავდი. ბენო სწორედ ის მესამე თავდამსხმელი იყო, ვისაც მილიცია ბანკის ძარცვის შემდეგ ეძებდა, თუმცა მისი ვინაობა არ იცოდნენ. საავადმყოფოდან რომ გავიპარე, ბენოსთან მივედი. ბრილიანტები მას ჰქონდა. ბენოსთან დავრჩი. სასმელში ძილის წამალი ჩავუყარე. ბრილიანტები მოვპარე და გამოვიპარე. მას მერე სხვადასხვა ადგილებში ვცხოვრობდი. დავოჯახდი და შვილი შემეძინა. ცოლი შარშან გარდამეცვალა. ბენო მთელი ამ წლების განმავლობაში მეძებდა და ბოლოს მომაგნო. იმ ღამეს ბრილიანტების ნაწილს მთხოვდა. მე ის წვეტიანი ჩაქუჩით მოვკალი. შემდეგ მოვიდა ჩემი სიძე და შელაპარაკება რომ მოგვივიდა, ყელში ხელი მომიჭირა და გამთიშა. ეგონა მომკლა. გამძარცვა, სახლს ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა. მე ამით ვისარგებლე და გაუჩინარება გადავწყვიტე. რომ არა ჩემი სულელი სიძე, ვერასდროს დამიჭერდით...“
კერძევაძე-ბარამიძეს სასამართლომ თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კაკო ბეჟაშვილს კი – ხუთი წელი.
скачать dle 11.3